QronikaPlus
ვინ მდიდრდება დედაქალაქის საკრებულოს დამლაგებლების ხარჯზე?!

ვინ მდიდრდება დედაქალაქის საკრებულოს დამლაგებლების ხარჯზე?!

2015-12-13 09:23:25

დედაქალაქის მკვიდრმა, მაია ცირეკიძემ, თბილისის საკრებულოს დასუფთავების სამსახურში თითქმის 10 წელი იმუშავა, მიზერული ხელფასის მომატების მოთხოვნა კი მისი განთავისუფლების მიზეზი გახდა. როგორც ცირეკიძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, „ნაციონალებმა“ მათი მმართველობის დროს საკრებულოსა და მერიის შენობის დასუფთავებაზე ტენდერების სისტემა დაამკვიდრეს, სადაც ყოველთვის მათი საძმაკაცო იმარჯვებდა და თვითონაც წილში ისხდნენ. ყოფილი ხელისუფლების მავნე ტრადიციას დღევანდელი ჩინოვნიკები აქტიურად აგრძელებენ. რა სქემით მუშაობს დასუფთავების სამსახური და ვინ მდიდრდება დამლაგებლების ხარჯზე? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-მაია ცირეკიძე ესაუბრება: _ პროფესიით ინჟინერ-დამპროექტებელ-მელიორატორი ვარ. წლების მანძილზე საპროექტო სამინისტროში მელიორაციის სისტემაში ვმუშაობდი, მაგრამ გაჭირვების გამო ისე მოხდა, რომ 2005 წელს დედაქალაქის საკრებულოს დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა. დამლაგებლები, ჩვეულებრივ, შტატიანი თანამშრომლები ვიყავით, გვეძლეოდა პრემია, კვარტალური ხელფასი და ა. შ. შემდეგ დასუფთავებაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყეს. შემოდიოდნენ გამარჯვებული კომპანიები და უკვე იმათთან გვიწევდა მუშაობა. თავიდან ხელფასი 380 ლარი გვქონდა, ტენდერების დროს კი 250 ლარზე ჩამოგვიყვანეს. კომპანიები ყოველწლიურად იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებდა ტენდერში. ჯერ იყო „სუფთა სამყარო“, მერე „აკა“ და მერე „სხივი“. რადგან ხელფასები ასე დაგვაკლდა, პრეტენზია გვქონდა, სხვებს რომ ვუყურებდით, ათასებს იღებდნენ ხელფასებს, პრემიებს და ჩვენ გვაკლებდნენ, თან ხელშეკრულებას გვიდებდნენ 3 თვის ვადით. ვადის ამოწურვის შემდეგ  განცხადებას ჯერ განთავისუფლებაზე გვაწერინებდნენ, მერე _ მიღებაზე. მოკლედ, ხელფასის ოდენობის გამო მუდმივად გვქონდა პრეტენზია და მე პირადად სულ ვაპროტესტებდი. როდესაც ტენდერი „სუფთა სამყარომ“ მოიგო, მენეჯერი დაგვინიშნეს, რომელიც ყოველ მეორე დღეს ვითომ გვამოწმებდა, მოვდიოდით თუ არა 7-ის ნახევარზე, მაგრამ თვითონ 9 საათზე მობრძანდებოდა, 10 საათამდე იქიდან ფეხი არ უნდა გამოგვედგა, ამ დროს 9 საათზე საკრებულოში მუშაობა იწყებოდა. ჰიგიენის საშუალებებს ვითხოვდით, მაგრამ არ გვაძლევდნენ. 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლისას, აპარატის უფროსად ახალი კადრი დაინიშნა, ელენე დუმბაძე, მის მოადგილედ ისევ ისინი დარჩნენ, ვინც ადრე იყვნენ და ახლაც ისინი არიან. მათთან შევდიოდით და ვთხოვდით, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი უკიდურესი გაჭირვება და რაიმე ზომები მიეღოთ ხელფასებთან მიმართებით. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ ნუგზარ მალაღურაძე დაინიშნა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. მეც ვარ „ქართული ოცნების“ აქტივისტი და მას პირადად ვიცნობდი. შევხვდით და შეგვპირდა, ახალ შენობაში რომ გადავალთ, პირობები გაგიუმჯობესდებათო. ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ ხელფასი ძალიან მიზერული გვქონდა, ახალ შენობაში რომ გადავიდოდით, ბუნებრივი იყო, უკეთეს პირობებში მოგვიწევდა მუშაობა. გვეუბნებოდნენ, რომ ხელფასის რაოდენობაც შეიცვლებოდა, მაგრამ არავინ ამბობდა, რამდენით. 2014 წლის დეკემბერში ახალ შენობაში გადავედით, აპარატის უფროსთან და მის მოადგილეებთან ვისაუბრეთ, რომ ტენდერი „დაბალი ფენისთვის“ ძალიან მიუღებელია, რადგან არავინ ითვალისწინებს ხელფასებს, პირობების გაუმჯობესებას და ვთხოვეთ, ეს საკითხი მოწესრიგებულიყო და ასევე გაზრდილიყო თანამშრომელთა რაოდენობა, რადგან ახალ შენობაში გაცილებით დიდი ფართობის დასუფთავება მოგვიწევდა. ვითხოვდით, რომ თუნდაც შტატგარეშე თანამშრომლები ვყოფილიყავით, სახელმწიფო სამსახურზე დამოკიდებულნი და არა ტენდერში გამარჯვებულ სხვადასხვა ფირმაზე. რა თქმა უნდა, ისინი გადაწყვეტილ პასუხს ვერ გვაძლევდნენ, მაგრამ რომ ვესაუბრებოდით, ადამიანურად ძალიან წუხდებოდნენ. პირადად მე შესული ვარ რიმა ბერაძესთან, ელენე დუმბაძესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან. როგორც მოქალაქე, რიგითობით ისე ჩავეწერე და შევხვდი, ისინიც შეწუხდნენ, მაგრამ, საბოლოო, ჯამში აღმოჩნდა, რომ ისევ ტენდერების სისტემა დარჩა. ტენდერში გაიმარჯვა ფირმა „სხივმა“, რომელსაც კახა ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. მათაც იგივე ხელფასი დაგვიტოვეს. როდესაც ეს კომპანია შემოვიდა, უკვე ახალ შენობაში ვიყავით და 9 ადამიანი ვალაგებდით 9000 კვ.მ-ის ფართს. ამ კომპანიის შემოსვლისთანავე ვითხოვდით ხელშეკრულებას და ინფორმაციას _ რა ოდენობის ხელფასი გვექნებოდა. ერთი თვე ისე გავიდა, გვეუბნებოდნენ, როცა ხელფასი დაგერიცხებათ, მაშინ გაიგებთ რამდენიაო და თვის ბოლოს ისევ 250 ლარი დაგვერიცხა. ეს ფაქტი კვლავ გავაპროტესტეთ, აპარატის უფროსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კიდევ შევედით. განა არ ვიცოდით, რომ ალიბეგაშვილს ეს საკითხი არ ეხებოდა, მაგრამ როგორც საკრებულოს პირველი პირი, იქნებ, დაგვხმარებოდა. შემდეგ მარტომ ვცადე კიდევ შეხვედრა, მაგრამ აღარ მიმიღო, მითხრა, აპარატის უფროსს გადავეცი თქვენი საკითხიო. აპარატის უფროსს კაბინეტთან თითქმის 2 საათი ველოდე, ბოლოს მოთმინება აღარ მეყო და პირდაპირ შევეჭერი კაბინეტში. სიტუაცია კი ასეთი დამხვდა _ რამდენიმე ადამიანთან ერთად ყავას სვამდა. ერთ-ერთი მათ შორის მისი მოადგილე, ელენე კაპანაძე გახლდათ. ელენე დუმბაძეს ვესაუბრე და ასე მიპასუხა: ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ხელფასის მომატებაზე ვილაპარაკოთ, რადგან ტენდერში გამარჯვებული კომპანია მეტს არ იხდისო. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ფირმას ყოველთვიურად დასუფთავებისთვის 4500 ლარი ერიცხებოდა, აქედან 9 დამლაგებლის ხელფასი 2150 ლარი იყო, დანარჩენი სად მიდიოდა, არავინ იცის. ჰიგიენური საშუალებებიც იშვიათად მოჰქონდათ. ვუთხარი, თუ ხელსაყრელია, რომ ფირმა მოგემსახუროთ, არ შეგედავებით, მაგრამ თუ არ არის ხელსაყრელი, რატომ აცხადებთ ამ ტენდერებს-მეთქი? 9 დამლაგებელზე შეიძლება 2150 ლარი გაიცეს, 1000 ლარი დასჭირდებოდა ჰიგიენურ საშუალებებს, დანარჩენ 1350 ლარს რაში ყრიდნენ? ხომ შეიძლებოდა ჩვენთვის გადაენაწილებინათ, მადლიერნი და კმაყოფილნი მაინც ვიქნებოდით. ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გვცემდნენ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს თანხა კერძო პიროვნების ჯიბეში მიდიოდა და შუაზე იყოფოდა. როდესაც გავიგეთ, რომ ისევ 250 ლარი გვქონდა ხელფასი, კომპანია „სხივის“ დირექტორთან შეხვედრა მოვითხოვეთ. ერთი თვე მოუნდა მოსვლას. კახა ცერცვაძე 27 თებერვალს მოვიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემმა კოლეგებმა ხმა აღარ ამოიღეს არც ხელფასებზე და არც ჰიგიენურ საშუალებებზე. მარტო მე შევრჩი და მითხრა, _ ხვალიდან სამსახურში აღარ იქნებიო! ისე მივიღე, თითქოს, შემაშინა. ორშაბათს სამსახურში რომ მივედი, შენობაში აღარ შემიშვეს, 2015 წლის 2 მარტი იყო. ბრძანება მოვითხოვე, 27 თებერვლის თარიღით არის დაწერილი, დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანება ერთ დღეს მივიღე, ორივე ერთ დღეს არის გაცემული. _ არ გაასაჩივრეთ? _ მინდოდა გასაჩვრება, მაგრამ ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართე და მითხრეს, რომ გასაჩივრების უფლება არ მქონდა, რადგან ხელშეკრულება 2-თვიანი ვადით იყო დადებული. მიზერული ხელფასის მომატებას ვითხოვდით, ყველამ აიცილა და მე შევეწირე. როგორი აქტიური ვიყავი და როგორ ვიბრძოდი, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ყოფილიყო, ამას დამიდასტურებენ ჩვენი რაიონის დეპუტატები ია მაკასარაშვილი და ლია ჯახველაძე, მაგრამ არავინ შეიწუხა ჩემთვის თავი. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივეს მივმართე, ასევე თედო კობახიძესთან ვიყავი, რომელიც საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსია. ალეკო ელისაშვილსაც მივმართე, ძალიან შეწუხდა, მაგრამ ვერავინ დამეხმარა. ყველა მიმითითებდა, რომ საკრებულოს არ ეკუთვნიო. არადა, ამას თავიდანვე ვაპროტესტებდით, ყველას საქმის კურსში ვაყენებდით და ვთხოვდით, ტენდერს ნუ აცხადებთ, ხალხო, გაითვალისწინეთ ჩვენი მდგომარეობა, რას გიშავებთ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობაო?! პასუხი ასეთი იყო, რომ, თურმე, საფინანსო სამსახურს იმდენი სამუშაო ჰქონდა, ჩვენი ხელფასები რომ დაეთვლა, ძალიან გადაიტვირთებოდა და ამიტომ გადასცეს ფირმებს. საფინანსო სამსახურის უფროსი მაშინაც და ახლაც დათო გამცემლიძე იყო. მან ასეთი პასუხი გაგვცა, _ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ტენდერი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ფორმააო. ჩვენ რომ წლების წინათ ამ კომპანიებში გადაგვიყვანეს, მაშინ მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსად მუშაობდა ვახტანგ თორთლაძე, სამადაშვილის კაცი იყო, იმან გვითხრა, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი და დურგალი მეყოლება შტატში, თქვენ არ მჭირდებითო. ჩვენ გადაგვაგდეს, რათა პრემია, დანამატი და ა.შ. არ მოეცათ, იმათ კი ყველაფერი ეძლეოდათ. პირველად ეს წინადადება ერთ-ერთ სხდომაზე მაშინდელმა კადრების განყოფილების უფროსმა, ნინო თევდორაძემ წამოაყენა, ჩვენი ყურით გავქვს გაგონილი, მოდით, ეკონომია გავაკეთოთ, დამლაგებლებს არ მივცეთ არც პრემია და არც მეცამეტე ხელფასი, ეს ჩვენს შემოსავალს გაზრდისო. ჩვენზე გააკეთეს ეკონომია და ასე გადაგვისროლეს. ხელშეკრულებაში, რომელიც საკრებულოსთან „სხივმა“ დადო, შავით თეთრზე წერია, რომ უნდა ემუშავა არანაკლებ 24 დამლაგებელს. სინამდვილეში 18 ვმუშაობდით. ჩემი პროტესტით მხოლოდ ის შევძელი, რომ ერთი თვით აიყვანეს 6 დამლაგებელი, რომ ოფიციალურად 24 ადამიანი ყოფილიყო, რომელთაც 100 ლარს უხდიდნენ და კაბინეტების გარეთ ალაგებინებდნენ ტერიტორიებს, არც მორიგეობაში ითვლებოდნენ და არც არაფერში. შემდეგ ისინიც გაათავისუფლეს. არ ყოფილა შემთხვევა, სამსახურში დამეგვიანებინა ან გამეცდინა, ან თუნდაც სიტყვიერი შენიშვნა მოეცა ვინმეს, მაგრამ ასე უმოწყალოდ გამომიშვეს! უბედურება ის არის, რომ ეს კომპანიები ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ იყო და ამ ტენდერებში ყოველთვის მათი საძმაკაცო იმარჯვებდა. ბრძანებულების აღება რომ მინდოდა, ინტერნეტში კომპანია „სხივის“ მისამართი აღმოვაჩინე. თურმე კომპანიას ოფისი არ გააჩნდა და მითითებულია საცხოვრებელი სახლის მისამართი. შეიძლება ამის იურიდიული უფლება აქვთ, მაგრამ თუ ასეთი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში, რომელ კეთილმოწყობაზეა ლაპარაკი?! ჩემი განთავისუფლების ბრძანება ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე მომიტანეს და ქუჩაში მომაწერინეს ხელი მის ჩაბარებაზე. _ დღეს რას ითხოვთ? _ დღესაც ვაპროტესტებ, ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მხოლოდ იურიდიული მისამართები აქვთ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან, ჯიბეს ისქელებენ თუ იმ სამსახურთან თანხმდებიან, რომელთანაც ეს ხელშეკრულებები იდება. ბევრი ადამიანი იმ 2 კაპიკის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებს. 18 ადამიანიდან ერთადერთი აღმოვჩნდი, რომელმაც გავაპროტესტე და კიდეც გამომიშვეს სამსახურიდან. ჩემი უფლბები დარღვეულია, ვითხოვ მის აღდგენას, სამსახურში დაბრუნებას და ისეთ ხელფასს, რომელიც ღირსებას არ შემილახავს. ამ დროს საკრებულოში შტატები ისეა გაბერილი, ლამის მორიგეობით სხდებიან სკამებზე, ჩემისთანა ადამიანებს კი ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს. 2016 წლის არჩევნებზე ამ მთავრობას ჩემნაირი ადამიანების იმედი ნუ ექნება, მათ ეს იმედები უკვე გაგვიცრუეს!   „ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის ოფიციალურ საიტზე მითითებული ტელეფონის ნომრების მეშვეობით დედაქალაქის საკრებულოსთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ არავინ გვიპასუხა. მათ ასევე საიტზე მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დავუკავშირდით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.    

თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება