QronikaPlus
წერილები ციხიდან - „დამეხმარეთ, რომ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური დღეები!“

წერილები ციხიდან - „დამეხმარეთ, რომ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური დღეები!“

2015-12-06 09:32:34

სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან „ქრონიკა+“ ხშირად იღებს უამრავ წერილს. პატიმრების ნაწილი ფიქრობს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ზოგი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივის და პატიმრობის ვადის მოხდას ღირსეულ პირობებში ითხოვს. იმ წერილების ავტორები, რომლებსაც დღეს „ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ, ხელისუფლებისგან ყურადღების მიპყრობას გაზეთის მეშვეობით ცდილობენ. „ქრონიკა+“ გთავაზობთ ფრაგმენტებს პატიმართა წერილებიდან. თენგიზ ყანჩაშვილი _ #8 დაწესებულება: _ ამჟამად ვიმყოფები გლდანის #8 დაწესებულებაში, ვშიმშილობ, რადგან უკანონოდ ვარ დაკავებული. დაკავებისთანავე პროკურატურა მპირდებოდა საპროცესო შეთანხმებას, თუ დანაშაულს ვაღიარებდი მაქსიმალურ სასჯელს ერთ წელს მომცემდნენ. მყავს 10 თვის შვილი და ონკოლოგიური ავადმყოფი დედა, აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმებას დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემმა ოჯახმა ასევე აანაზღაურა ზარალი 1400 ლარამდე, რაც ნოტარიულადაა დამოწმებული. აღნიშნული სიტუაციის მიუხედავად, სასამართლომ 6 წელი პატიმრობა მომისაჯა. პროკურატურამ მომატყუა, სასამართლოზე კი მიზეზად დაასახელეს, თითქოს საპროცესო გარიგებაზე ვერ შევთანხმდით. ამჟამად საქმე გასაჩივრებული მაქვს სააპელაციო სასამართლოში. არაერთხელ მივწერე ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მაგრამ არათუ მომინახულეს, წერილობითაც არ უცნობებიათ არაფერი. გთხოვთ, ჩემი განცხადება გამოაქვეყნოთ და თქვენ მაინც დამეხმაროთ ხმის მიწვდენაში იმ პიროვნებებთან, ვისთანაც შეხვედრას ვითხოვ. წარსულში არაერთხელ ვარ ციხეში ნაწამები, მქონდა ტუბერკულოზი. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. თქვენი დახმარების იმედი მაქვს, რადგან სამომავლოდ ვაპირებ, პირი და თვალები ამოვიკერო, მეტი გზა აღარ დამიტოვეს. სანამ ცოცხალი ვარ, შიმშილს არ შევწყვეტ. გიორგი ოქროპირიძე _ #6 დაწესებულება: _ მოგმართავთ თხოვნით სასწრაფო რეაგირებისთვის, ვინაიდან ჩემზე განხორციელებული სისტემური დანაშაულებანი ყოველგვარ ზღვარს სცდება და არის დიქტატორული ქვეყნის მსგავსი ქმედებები. რაც ყველაზე სამწუხაროა, მოძალადე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ძალადობაში ჩართო სასამართლოც, კერძოდ, ხელისუფლების მიერ მართული, ცნობილი ზონდერ-მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა. მან ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წამართვა. იგი იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ. ისინი აღარც მალავენ, რომ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს და გარიგებებს, რაც დამტკიცდა 2015 წლის 17-18 სექტემბრის ურთიერთშეთანხმებული უკანონო მოქმედებებით, როდესაც მამუკა ახვლედიანმა შვებულებაში მყოფი ზონდერ-მოსამართლე სპეციალურად გამოიყვანა სასამართლოში, რათა პოლიტიკური დაკვეთა შეესრულებინა და სწორედ ხათუნა ხარჩილავას ხელით დაარღვიეს კონსტიტუცია და 18 სექტემბერს ტყვეობა დააკანონეს. სულგაყიდულმა ხარჩილავამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იგნორირება გაუკეთა და 15 თვე წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ დამტოვა. გთხოვთ, მკაცრი რეაგირება მოახდინოთ ჩემს საჩივარზე და გვერდში ამომიდგეთ მრავალი უსამართლობის გადამტანს. ამ ყველაფერზე ოფიციალური დასკვნებიც არსებობს. გთხოვთ, გაემიჯნოთ მოძალადე პრემიერს და დამეხმაროთ მძიმე სიტუაციაში. გიორგი ჩიმაკაძე _ #8 დაწესებულება: _ მსურს მოგიყვეთ ჩემს გაჭირვებაზე, იმ უკანონობებზე და გადაცდომებზე, რომელიც ჩაიდინეს გამომძიებელმა უჩა ტატანაშვილმა, პროკურორმა მარინე ლომიძემ, უფლებადამცველმა თინათინ გეორხელიძემ და მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ. მოკლედ მოგახსენებთ ჩემი საქმის შესახებ: გასული წლის 4 ნოემბერს, როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი, გლდანის აგრარულ ბაზარში შევიარე საკვები პროდუქტების შესაძენად. შემდეგ იქვე მდებარე ლუდის ბარში შვედი, მაგიდასთან განმარტოებით დავჯექი და ლუდს ვსვამდი. დაახლოებით 10 წუთში ჩემს მაგიდასთან ჩემთვის უცხო პიროვნება დაჯდა, რომელიც როინ ბასიაშვილად გამეცნო და ერთად განვაგრძეთ ლუდის სმა. 10-15 წუთში ბასიაშვილმა ჩემთვის უცნობ ახალგაზრდას დაუძახა და იმანაც ჩვენთან ერთად დაიწყო ლუდის სმა. ეს ახალგაზრდა გახლდათ მიხეილ ყოჩიშვილი, რომელთანაც მცირე დაძაბულობა წარმომეშვა. იგი იმყოფებოდა ჭარბი ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ჩემ მიმართ აგრესიას გამოხატავდა და მთხოვდა, მისთვის ძვირადღირებული სიგარეტი და ლუდი მეყიდა, რადგან მას არ ჰქონდა თანხა. ასევე მე და ბასიაშვილს გვეუბნებოდა, რომ გლდანის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მუშაობდა გოგონა, რომელიც უყვარდა და მის მოტაცებაში დახმარებას გვთხოვდა, რაზედაც ჩვენგან მტკიცე უარი მიიღო. ამის შემდეგ გვითხრა, რომ ის პატივს სცემდა ე. წ. ქურდებს და ქურდულ სამყაროს. გამიჩნდა ეჭვი, რომ ყოჩიშვილი იყო ე. წ. კუკლა, ანუ მოგზავნილი. რამდენჯერმე ვკითხე, სად მუშაობდა, მაგრამ შეკითხვას თავი აარიდა. დაჟინებული შეკითხვის შემდეგ კი თქვა, რომ იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელი და დააყოლა, მერე რა, ფორმით კი არ დავბადებულვარო. ვუთხარი, რომ ამ თემაზე საუბარი ჩემთვის საინტერესო არ იყო, რადგან არც ერთ სამყაროს არ მივეკუთვნებოდი. ტონს აუწია, _ როგორ თუ ქურდებს არაფრად თვლიო?! ქუჩაში გადავინაცვლეთ, დაახლოებით 70-80 მ გავიარეთ და აგრარულ ბაზარში შევედით. მისვლისთანავე შეურაცხყოფა მომაყენა და ერთმანეთს ფიზიკურად დავუპირისპირდით. რამდენიმე წამში ყოჩიშვილმა ბასიაშვილს მძიმე საგანი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა. ეს რომ დავინახე, ნერვებმა მიმტყუნა და ფიზიკურად გავუსწორდი. ამის შემდეგ სახლისკენ წავედი. დაახლოებით 100 მეტრი მქონდა გავლილი, რომ პოლიციამ შემაჩერა. ჩაატარეს ჩხრეკა და რამე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოუჩენიათ. შემდეგ მე და ბასიაშვილი ორთაჭალის განყოფილებაში გადაგვიყვანეს. შეგვიყვანეს შენობაში, დაახლოებით ერთი წუთი გაგვაჩერეს და გარეთ გამოგვიყვანეს. 20-25 წუთში პოლიციის თანამშრომელს დაურეკეს, მან რაღაც მითითება მიიღო, ავტომობილიდან გადმოგვიყვანეს და ჩხრეკა ახლიდან ჩამიტარეს, ამომიღეს ჩემი კუთვნილი საფულე და 10-ლარიანი კუპიურა. ერთ-ერთი პოლიციელი წავიდა და შენობაში შევიდა, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოჩიშვილი იმყოფებოდა. დილის 3:30 საათი იქნებოდა, გადაგვიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, რაც ჩემთვის გაურკვეველი იყო, რადგან ჩვენი დაკითხვა არ მომხდარა. მეორე დღეს შემოვიდა გამომძიებელი უჩა ტატანაშვილი და ბრალი წამიყენა სსსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც უკანონოა. მან ჩემ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. მეუბნებოდა, არ დამვიწყებოდა, რომ მყავდა ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც მარტო იყო დატოვებული. მითხრა, შენგან ტყუილად კი არ ავიღეთ 10-ლარიანი კუპიურა, აღიარე, თუ გინდა საპროცესო გაგიკეთოთო. შემდეგ პროკურორს დაურეკა, რომლის საუბარი კარგად მესმოდა. ის ეუბნებოდა, რომ ჩემთვის ყველაფერი ეკადრებინა, ყოველ მიზეზგარეშე სჭირდებოდა ჩემგან აღიარება და ყველა დოკუმენტზე ხელი უნდა მომეწერა. როცა დარწმუნდა, რომ აღიარებას ვერ მიიღებდა, ხელები დამიბრახუნა, შემაგინა და მითხრა, ოჯახით გაგამწარებო. აღკვეთის ღონისძიების შემდეგ #8 დაწესებულებაში შეგვასახლეს და დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება. კერძოდ, ბასიაშვილის ოჯახმა ადვოკატად აიყვანა თინათინ გეორხელიძე, რომელიც ჩემთანაც შემოდიოდა და პროკურატურის მითითებებით მოქმედებდა. ის ითხოვდა აღიარებით ჩვენებას, სანაცვლოდ კი საპროცესო შეთანხმების გაკეთებას მთავაზობდა. თან მახსენებდა, რომ მცირეწლოვანი გოგონა და ფეხმძიმე მეუღლე მყავდა. სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ვუთხარი, რომ უკანონო პატიმარი ვიყავი და საქმის ვითარება განვუმარტე. ადვოკატი მომიტრიალდა და ჩემი გამტყუნება დაიწყო, ვითომ დანაშაული ვაღიარე, ახლა კი გადავთქვი. მას აჰყვა პროკურორი და ორივე ჩემ წინააღმდეგ მოქმედებდა. ამას მოსამართლის მხრიდან რეაგირება მოჰყვა და უთხრა, რომ ისინი ჩემ მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევდნენ, რომ მე არანაირი აღიარება არ მაქვს გაკეთებული და არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია. ამ ყველაფრის შემდეგ მივმართე შიმშილობას. მარცხენა ხელი დუბელის ლურსმნით დავიჭედე და ვენები გადავიჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ შემოვიდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. დამპირდნენ, რომ ადვოკატს გამოაგზავიდნენ და უშუალოდ დააკვირდებოდნენ პროცესებს, მაგრამ, როგორც სჩვევიათ, მომატყუეს. მოსამართლეს შუამდგომლობით მივმართე, რომ ჩემთვის სახაზინო წესით დაენიშნათ ადვოკატი, დაკითხულიყვნენ ლუდის ბარის თანამშრომლები, ამოეღოთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ყოჩიშვილის ნივთებს ჩატარებოდა ექსპერტიზა, მაგრამ მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ჩემი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, რაც არაკანონიერია. გთხოვთ, საკუთარ თავზე წარმოიდგინოთ ეს მდგომარეობა და ანალიზი გააკეთოთ. დამეხმარეთ, თქვენზე ბევრია დამოკიდებული. მარტო ვარ ამხელა მონსტრ პროკურატურასთან. გთხოვთ დახმარებას, რომ დასრულდეს ეს ჯოჯოხეთური დღეები და დავუბრუნდე ჩემს ოჯახს. ბესარიონ კულუმბეგოვი: _ 2014 წლის 14 მარტს ფსიქოაქტიური ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს. ვინაიდან არჩადენილი დანაშაული არ ვაღიარე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. 2015 წლის 15 მარტს ეს ნარკოტიკი შეიტანეს კანონში, რომელიც დასჯას ითვალისწინებს და სააფთიაქო გაყიდვიდან ამოღებულია. ვსვამ კითხვას, _ თუ 2014 წლის 15 მარტს მიიღეს კანონი, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდა, მე რატომ დამაკავეს 2014 წლის 14 მარტს ამ ბრალდებით? აგრეთვე კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე ითვალისწინებს. ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 წლამდე. არ ვარ ნასამართლები, არ ვარ მომხმარებელი, ამ კანონის თანახმად, მომიყენეს 5-დან 8 წლამდე და დამიტოვეს 6 წელი. ვფიქრობ, რომ ჩემ მიმართ ეთნიკური დევნა მიმდინარეობს, ვინაიდან ოსი ვარ. გთხოვთ, ეს წერილი „ქრონიკა+“-ში გამომიქვეყნოთ.

გაზიარება