QronikaPlus
ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

2015-12-06 09:30:48

ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამის გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პაციენტებსა და ექიმებს მიმართავს. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკს. ამასთან, სერგეენკო ექიმებს აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: „მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება, ვინ მოკლას და ვინ _ არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას. მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, იმისათვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ, თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება“, _ აცხადებს დავით სერგეენკო. ჯანდაცვის მინისტრმა ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოეწყო და მას ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე მედიკოსები დაესწრნენ. კვირეული გაიმართა სლოგანით: „გამოიყენე ანტიობიოტიკები ფრთხილად“. „ქრონიკა+“ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტ მანანა სოლოღაშვილს ესაუბრება: _ ქალბატონო მანანა, რატომ გახდა საჭირო ამ საკითხზე მინისტრის მოწოდება-გაფრთხილება? ამ მხრივ რა რეალობა გვაქვს ქვეყანაში? _ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიმართა. ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. აღნიშნული მედიკამენტი ცოტა არარაციონალურად და ისეთ შემთხვევებში ინიშნება, როცა შესაძლებელია პრობლემა ამ ანტიბიოტიკის გარეშე ავიცილოთ. ვიცით, რომ ანტიბიოტიკი პათოლოგიურ მიკლოფლორასთან ერთად საპროფიტულსაც ანადგურებას, ანუ ისეთ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელია; ორგანიზმში ის უნდა სახლობდეს. და ამით იმუნიტეტი რეალურად ქვეითდება და ნადგურდება. ორგანიზმის თვისება, რომ თავად ებრძოლოს ამა თუ იმ, გარემოდან შეჭრილ პათოგენურ მიკროფლორას, კიდევ უფრო ქვეითდება. ამიტომ ქმნის ანტიბიოტიკი პრობლემას. სავსებით შესაძლებელია, რომ პროცესი უფრო მსუბუქი ანტიბიოტიკით დავიწყოთ. როცა ძალიან ძლიერი საშუალებით იწყებენ ისეთ გაურთულებელ პათოლოგიებზე, როგორიცაა მწვავე ოტიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი _ მსგავსი ანტიბიოტიკებით არ არის სასურველი მკურნალობა. შეიძლება ის თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ გვერდითი მოვლენა ისაა, რომ იმუნიტეტს აქვეითებს და, ამასთან ერთად, დისბაქტერიოზსაც იწვევს. _ ასეთ დამოკიდებულებას პერსპექტივაში რა შედეგებამდე მივყავართ? _ უპირველესად, იმუნიტეტის დაქვეითებამდე და დისბაქტერიოზამდე. ამ შემთხვევაში, მარტო ნაწლავური ფლორის დისბაქტერიოზზე არ არის საუბარი. შეიძლება ადამიანს ზემო სასუნთქი გზების დისბაქტერიოზიც დაემართოს. ახლა, განსაკუთრებით ბავშვებზე არის ყურადღება გამახვილებული, რადგან ბავშვები უფრო მგრძნობიარე არიან ნებისმიერი პრეპარატის მიმართ. ეს განსაკუთრებით ძლიერ ანტიბიოტიკებს შეეხება. დისბაქტერიოზი, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ორგანიზმში საპროფიტული მიკლოფლორის არარსებობაა, რომელიც ადამიანის ორგანოებისა და ორგანოთა სისტემის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ანუ მათ ეს ძლიერი ანტიბიოტიკი ანადგურებს. განსაკუთრებით ვირუსების შემთხვევაში, საერთოდ არ არის სასურველი, რომ ანტიბიოტიკი ვიხმაროთ, თუ რაიმე ანთებითი გართულება არ არის. _ რატომ მიდიან ექიმები ხშირად ასეთ გადაწყვეტილებამდე, სხვა შემთხვევაში მინისტრის მოწოდება საჭირო ხომ არ გახდებოდა? ეს პაციენტის მოთხოვნიდან გამომდინარეობს? _ პაციენტები ხშირად კი არ ითხოვენ მის დანიშვნას, არამედ თვითმკურნალობას ეწევიან. და საჭიროა თუ არა, სიცხე თუ აქვს, მაშინვე ანტიბიოტიკს ღებულობენ. ნაკლებად მეგულებიან ისეთი ექიმები, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები ამ ანტიბიოტიკების არასათანადოდ გამოყენების შესახებ _ გვერდითი მოვლენებისა და გართულებების თაობაზე. როგორც ჩანს, არის ასეთი შემთხვევებიც, რაკი ექიმები საჭიროებენ მსგავსი ტიპის მოწოდებას. _ პაციენტის მიერ თვითნებურად ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად დაუშვებელია? _ კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება, პაციენტმა თვითონ გადაწყვიტოს და მიიღოს ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკი და ეს სწორი ნაბიჯი იყოს? _ მოყვება თუ არა ამ მოწოდებას შედეგი და სხვა ტიპის ღონისძიებებიც ხომ არ არის აქ ჩასატარებელი, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და ა.შ.? _ სასურველია, რომ ამ მოწოდებას თან ახლდეს საჯარო ლექციები, გარკვეული ტრენინგები და სემინარები. ალბათ, ასეც ხდება... დიდი ყურადღება ექცევა ბოლო პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების, ტრენიგებისა და სემინარების სახით მიწოდებას. აქ მთავარია, რომ ანტიბიოტიკი სიცხის დამწევ საშუალებად არ ჩაითვალოს. ანტიბიოტიკი  რომელიმე ანთებითი პროცესის სამკურნალო საშუალებაა. _ მაშინ საიდან მოდის მის მიმართ ასეთი მცდარი დამოკიდებულება? _ დამტკიცებული ჰიპოთეზაა, რომ როდესაც ორგანიზმში ანთებითი პროცესია, მას, ძირითადად, სიცხეც ახლავს. აქედან გამომდინარე, სიცხით მიმდინარე ნებისმიერი დაავადების დროს ანტიბიოტიკის დანიშვნა მცდარი მიდგომაა. ასევე პაციენტმა იცის, რომ მისმა მეზობელმა, ოჯახის წევრმა, მეგობარმა სიცხისას გამოიყენა და შეიძლება თვითონაც აუცილებლად ანტიბიოტიკს მიმართოს. ამიტომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის თვითნებური გამოყენება.

გელა მამულაშვილი

გაზიარება