QronikaPlus
ჩატარდება თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი კანონმდებლობით?!

ჩატარდება თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი კანონმდებლობით?!

2015-12-06 09:28:17

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა, წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს შეეხო. გადაწყდა, რომ ამ თემაზე დისკუსია სამაგიდო ფორმატში გაგრძელდება. კონკრეტულად, რა ცვლილებებზეა საუბარი და ჩატარდება თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი კანონმდებლობით? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე ესაუბრება: _ „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნები, რომლის გამო შიმშილობის აქცია მიმდინარეობდა, შემდეგი იყო: პირველი _ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა; საარჩევნო სისტემის შეცვლა და სრულად საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ პუნქტებს: პირველი _ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალურად შეზღუდვა, რომელიც თავის თავში თვითონ მოიცავდა შემდეგ ფორმულირებას, რომ მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის, აგრეთვე თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის აკრძალული ყოფილიყო წინასაარჩევნოდ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ჩართვა მათ მხარდასაჭერად, გარდა მედიასაშუალებების გამოყენებისა. მხედველობაში გვაქვს პრესკონფერენციები, ბრიფინგები, ტოქშოუები, მიცემული ინტერვიუები თუ სხვ. კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებში იყო, ეს არის საარჩევნო სუბიექტებისათვის წინასაარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნა, რომელიც ითვალისწინებდა თანაბარ წარმომადგენლობას, საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებას, ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიები, საოლქო საარჩევნო კომისიები და ცენტრალური საარჩევნო კომისია. ჩვენ ვითხოვდით, რომ საარჩევნო კომისიაში წევრი ჰყოლოდა არა მარტო „ქართულ ოცნებას“ და ორ კვალიფიციურ სუბიექტს, არამედ, ყველა კვალიფიციურ სუბიექტს, მათ შორის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. საქართველოში ეს ორი კვალიფიციური სუბიექტია დარჩენილი, რომელსაც საარჩევნო კომისიაში წევრი არ ჰყავს. აგრეთვე ვითხოვდით თანაბარ ხელმისაწვდომობას პოლიტიკური პარტიების მიერ საეთერო დროზე, სარეკლამო მაქვს მხედველობაში, კვალიფიციური სუბიექტებისათვის საბაზო დაფინანსების თანაბრობას. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ პარტიებს კვალიფიციური სუბიქეტი ჰქვია, ერთს იმის გამო, რომ ცოტა დიდი პროცენტი აიღო, რომლის კომპენსაციაც უკვე აღებული აქვს, რომ პარლამენტში ჰყავს დიდი წარმომადგენლობა, მიუხედავად ამისა, ფინანსდება ათჯერ უფრო მეტად, ვიდრე მეორე კვალიფიციური სუბიექტი. ამის გარდა, ვითხოვდით, რომ ჩვენთვის შენარჩუნებული ყოფილიყო საარჩევნო ნომერი, რადგან უკვე ამ შუალედურ არჩევნებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმის მცდელობა ჰქონდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომრით არ გამოვსულიყავით არჩევნებზე. ძალიან პარადოქსულ სიტუაციასთან მიდიოდნენ კონკრეტულად საგარეჯოში. ჩვენ ჩაილურის თემში გვყავდა საკრებულოს წევრობის კანდიდატი და ამავდროულად გვყავდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია გვეუბნებოდა, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატს მივანიჭოთ #8, მაგრამ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ნომერი კენჭისყრით ამოიღოსო. ე. ი. ერთი პარტია მონაწილეობს ერთ არჩევნებში, ერთ ოლქში, ერთ საგარეჯოში და მის ორ სხვადასხვა წარმომადგენელს არჩევნებში სხვადასხვა ნომერი ექნებოდა. ეს თავისთავად ამომრჩეველსაც აბნევდა და პარტიისთვის წინასაარჩევნო ხარჯებსაც ზრდიდა. რადგან ასეთი მცდელობა იყო, ამიტომ ვითხოვთ, რომ საარჩევნო ნომერი პოლიტიკურ სუბიექტს იმის მიხედვით შეუნარჩუნდეს, თუ წინა საერთო არჩევნებში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მიენიჭა. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებდით: იმისათვის, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობა გავზარდოთ, ბოლო არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, არჩევნებზე ამომრჩევლის დაახლოებით 30-35% მოდის. მაგალითად, მაჟორიტარული სისტემის არჩევნებს ამომრჩევლის 30% ჰყოფნიდა და ამდენად, მოსახლეობის 9%-ით შეიძლება არჩეული იყოს ესა თუ ის კანდიდატი სხვადასხვა დონეზე. ეს რომ მაქსიმალურად დავწიოთ, მიგვაჩნია, რომ სავალდებულოდ უნდა გამოცხადდეს არჩევნებში მონაწილეობა, ვგულისხმობთ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის მონაწილეობას; არასაპატიო მიზეზით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ადმინისტრაციული სახდელით ისჯებოდეს. ყველა ამ მოთხოვნას ფორმა მივეცით, საკანონმდებლო წინადადების სახით ჩამოვაყალიბეთ, სადაც მივანიშნებდით შესაბამისად ამ პუნქტების შესასრულებლად საარჩევნო კოდექსში რომელ მუხლში როგორი ცვლილება უნდა შესულიყო, რომელი მუხლი უნდა დამატებოდა თუ გაუქმებულიყო. ამავდროულად, მივანიშნებდით თანმდევ კანონპროექტებში ეს რა ცვლილებებს იწვევდა. ვთქვთ, ამომრჩეველთა მონაწილეობაზე რომ ვამბობთ და ადმინისტრაციული სახდელი უნდა დაწესდეს, ეს არ მოხდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება. ამავდროულად, როდესაც ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საჯარო მოხელეების ჩართულობა წინასაარჩევნოდ რომელიმე კანდიდატის სასარგელოდ, ამის შეცვლა ჩვენ გვინდა ისე, რომ ასეთი ქმედება დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, თორემ ჯარიმას აქამდეც ითვალისწინებდა, მაგრამ არავინ დაგიდევდათ. ამიტომ ესა თუ ის ცვლილება რომ მოხდეს, მარტო საარჩევნო კოდექსით ვერ განისაზღვრება, ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებს იწვევს. _ თქვენი პარტიის ლიდერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეხვედრის შემდეგ შიმშილობის აქცია შეწყდა. კონკრეტულად რა დაპირებები მიიღეთ? _ რადგან ჩვენ პარლამენტთან გვქონდა ურთიერთობა, კონკრეტულად ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან, ის მოთხოვბნები წარვუდგინეთ, რომლებიც კანონმდებლობის შეცვლით უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი უკვე გამოსაძიებელია ჯერ ძალოვანი სტრუქტურების მიერ, ამ განცხადებით პროკურატურას მივმართავთ და ეს საკითხი იქ შესწავლილი იქნება. გაყალბებასთან დაკავშირებით პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას. როგორც აღვნიშნე, ამ ჩვენი მოთხოვნების გამიჯვნა მოხდა, ერთ შემთხევვაში პარლამენტი, მეორე შემთხვევაში, პროკურატურა ერთვება. როცა ვიცე-სპიკერთან შეხვედრა გვქონდა ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანსა და მე, ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს გაეცნენ, შემდეგ კომენტარიც გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით ირმა ინაშვილთან ერთად. აღნიშნა, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები და ხარვეზები იყო კანონმდებლობიდან გამომდინარე და ამან შუალედურ არჩევნებში ჰპოვა ასახვა. 2016 წლის არჩევნებში ეს ხარვეზები რომ არ განმეორდეს, ამისათვის საჭიროა ჩვენი საკანონმდებლო წინადადებების განხილვა პარლამენტში. აღგვითქვა, რომ ის გადაეცემოდა საპარლამენტო უმრავლესობას, ყველა ფრაქციას, კომიტეტებსა და პარლამენტში ჩვენი წინადადებების განხილვა დაიწყებოდა, ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ თუნდაც ვიცე-სპიკერს, სპიკერს, ან კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია დამოუკიდებლად კანონი შეცვალოს, ამის შეცვლას პარლამენტის უმრავლესობა და კენჭისყრა სჭირდება, აქ პროცედურებია გასავლელი, ვიდრე კენჭისყრამდე საკითხი მივა. რადგან აღგვითქვეს, რომ ამის განხილვა და კენჭისყრამდე მიტანა დაიწყებოდა, შესაბამისად, ჩვენც შევწყვიტეთ შიმშილობა. ამჟამად მოლოდინის რეჟიმში ვართ. ხელისუფლების ნაბიჯებს ველოდებით, მათგან დანაპირები გვაქვს, რომ პარლამენტში ეს კანონპროეტი  შესაბამისი ფრაქციებისა თუ წამყვანი კომიტეტების მიერ განიხილება და კენჭისყრამდე მივა. _ თქვენს პარტიასა და პარლამენტს შორის ამ საკითხზე რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა, თუ მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებასთან გვაქვს საქმე? _ ოფიციალური წერილით მივმართეთ, რეესტრში გატარების შესაბამისი ნომერიც არსებობს. როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მივმართეთ, ოფიციალური შეხვედრა ჯერ მასთან შედგა, შემდეგ უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეს შეხვედრები იყო და ამდენად, ამას ოფიციალური სახე აქვს. ისეთი შეთანხმება, რომ ჩვენსა და ქალბატონ მანანა კობახიძეს შორის ოფიციალური დოკუმენტი ყოფილიყო გაფორმებული, რომ აუცილებლად იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული, არ ყოფილა. ამას ვერავინ გააკეთებს იმიტომ, რომ კანონპროექტს კენჭისყრა სჭირდება და, მინიმუმ, 76 დეპუტატის ნება უნდა იყოს გამოხატული. თავისთავად ცხადია, რომ წერილობით ასეთი შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ შეთანხმება იმისა, რომ პარლამენტში ამ საკითხის განხილვა დაიწყება, მივიღეთ. _ თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რას აპირებთ? _ თუ ასე არ მოხდება და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი გაგრძელება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. როგორც ინფორმაცია გვაქვს, ჩვენი კანონპროექტი დაუყოვნებლივ, იმ დღესვე გადაეცა უმრავლესობას. პირველ რიგში, უმრავლესობის გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. მიგვაჩნია, რომ პროცედურა უკვე დაიწყო და რამდენიმე თვე თავისთავად დასჭირდება, იმიტომ, რომ კანონპროექტი პარლამენტში სამი მოსმენით და იმის გათვალისწინებით მიიღება, რომ დეკემბერში ეს ვერ მოესწრება, თან დეკემბერში პარლამენტი ერთთვიან შესვენებაზე გადის, მომავალი წლის გაზაფხულამდე ეს ცვლილებები უნდა იყოს მიღებული.

თამარ ბატიაშვილი

გაზიარება