საქართველოს მთავარი პროკურორი უკვე დანიშნულია. ირაკლი შოთაძემ იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე არჩევნებიც და საკანონმდებლო ორგანოში „პულტების ომიც“ აშკარა უპირატესობით მოიგო. იმ ცნობილი „ფეოლასთვის“ რომ ეხარებინათ უმრავლესობის წევრებს ეს გამარჯვება, პასუხსაც ადეკვატურს მიიღებდნენ: „ოჰ, გაგიჭირდებოდათ...“
მერე რა, თუ სექტორში გადაბარგებულმა ბრძენკაცმა პირველივე კომენტარში თქვა: „უნიკალური ვერავინ ვერ იქნება და უმწიკვლოც ვერავინ ვერ იქნება, ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება, მთავარია, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ“. ჩაანალიზების დიდოსტატისთვის არავის უკითხავს, რა სახის რეფორმებზეა საუბარი, როგორ მუშაობს პროკურატურა, რა ტემპით მიმდინარეობს გამოძიებები, ვისთვის აღდგა სამართლიანობა და ა. შ. ჩამონათვალი იმ საქმეების, რომლებსაც წლების მანძილზე მხოლოდ თაროებს უცვლიდნენ და დღემდე უცვლიან, ძალიან დიდია! პრინციპში, „რეფორმის არსიც“ აქ იმალება ლოგიკასთან ერთად: თივის ზვინში, აბა, როგორ უნდა იპოვო ნემსი“? სამაგიეროდ, იმავე ზვინის ზედაპირზე ჩანს იმ უხსენებელი 9 წლის, თუ ამ გასახსენებელი 3 წლის მანძილზე „ნაკერი საქმეები“, დაუსჯელობის კონკრეტული ფაქტები და დაზარალებულთა მთელი არმია, რომელიც ზარმაცი მოსწავლესავით ყოველ ორშაბათს ელოდება, იქნებ, ამ კვირაში მაინც გადმოხედონ წყალობის თვალით.
„ნემსი“, „ნაკერი საქმეები“ და „თერძი-ძალოვნები“ ტყუილად არ გვიხსენებია, ცნობიერების ნაკადთან მუდმივად მოკირკიტე „სოლოლაკის ბრძენკაცს“, წესით, არ უნდა გაუჭირდეს პარალელის დანახვა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ივანიშვილი შოთაძის გაპროკურორებით თავსაც იმშვიდებს და კოალიციასაც ამხნევებს: „მთავარი გახლავთ ის, რომ ის არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ ვერ შეეხება“. აქ უკვე ლოგიკას მეორე ცნობილი გმირი, „კუჭკუჭი“ შემოჰყავს, არანაკლები ცნობილი ფრაზით: „ახლა ჩვენ ვინ გაგვასამართლებს?!“
სამართლიანობამდე რომ ბევრი უკლია ქვეყანას, მოსახლეობა შეჩვეულია. საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების წევრებს ვიცვლით და ცხოვრება უცვლელია. აქამდე ურმით მოსიარულე სამართალი, ახლა უკვე ფეხოსანთა რიგებშია იმ უბრალო მოკვდავებისთვის, რომლებსაც არც მილიარდებით გატენილი მუთაქები აქვთ და არც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ხალხის ხარჯზე! ასეთი გათანამედროვებული „დიმიტრი გელოვანი“ _ მილიარდერიც და პოლიტიკოსიც, ერთი იცის ქვეყანამ _ „გასოლოლაკებული ჭორვილელი ბრძენკაცი“, რომელიც უახლოეს ისტორიაში უნიკალურ ეგზემპლარად შევა, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ პირობებში _ სამართლიანობა აღდგა, ქონებაც დაიბრუნა და წინა რეჟიმის დროს „დაზარალებულის“ სტატუსიც მიიღო! მერე რა, თუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უსამართლობას უჩივის, მერე რა, თუ მეორე ნახევარს „შეკერილი საქმეები“ „ქუდბედივით“ მთელი ცხოვრება სატარებელი აქვს _ მთავარია, რეფორმები ტარდება... უმთავრესი კი _ ოცნებების ახდენა მეოთხე წელს იწყება!
* * *
მთავარი პროკურორის არჩევამ, რომელსაც ამ პოსტზე 6-წლიანი იმუნიტეტი იცავს, რატომღაც, მისი წინამორბედი, ახლო მეგობარი ოთარ ფარცხალაძე გაგვახსენა _ ე. წ. ბოტასების სკანდალს მაშინაც გამოეხმაურა „ბრძენკაცი“: „ბრალდებული პროკურორი იყო ოთარი? არასწორად ამბობთ. იურიდიულად არავითარი პროცედურა არ იყო დარღვეული, მას შეეძლო, ყოფილიყო მთავარ პროკურორად!“ ალბათ, დღევანდელი მოცემულობაც მისცემს ივანიშვილს, საკუთარი ფავორიტი ირაკლი შოთაძე, ფარცხალაძის მსგავსად, საჭირო დრომდე, ქოლგის ქვეშ მოიქციოს და დაივიწყოს, როგორ შეძლო შოთაძემ „გვიჩიანი-ჩემიას საქმეში“ „სამართლიანობის აღდგენა“. მეტი დამაჯერებლობისთვის ახლო წარსულს გავიხსენებთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდა ირმა ჭკადუა და რატომ მოუწოდებდა კოლეგებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ირაკლი შოთაძის მსგავსი პირები პროკურატურას არ უნდა წარმოადგენდნენ: „პრემიერმა განაცხადა, რომ ბატონი შოთაძე ამ საქმეში ჩართული იყო, როგორც სტაჟიორი. ვფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრი შეგნებულად არის შეყვანილი შეცდომაში. პრემიერის ოფიციალურ გვერდზე ჩვენ უკვე ავტვირთეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შოთაძის, როგორც უშუალოდ პროკურორის მონაწლეობას ამ სისხლის სამართლის საქმეში. საბრალდებო სიტყვაში, რომელიც საქმეზე წარმოადგინეს, შოთაძე ითხოვს გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას მიმართ თავისუფლების უვადო აღკვეთას. ამასთან, ის უშუალოდ მონაწილეობდა პროცესებში, რომელსაც კავშირი აქვს ამ საქმესთან, მან დამალა ყველაზე მნიშვნელოვანი და გამამართლებელი დოკუმენტი _ დნმ-ის ანალიზი, რომელიც აშშ-ში ჩატარდა და რომელიც გვიჩიანისა და ჩემიას უდანაშაულობას ადასტურებდა“.
ცხადია, ადვოკატებისგან „ბრალდებაწაყენებულ“ შოთაძეს მთავარი პროკურორის სავარძელში მოკალათებამდე უწყების სახელდახელო განცხადებაც გზაში დაეწია: „მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, გადადგა და პროკურატურის კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება ბატონ ირაკლი შოთაძეს დაევალა, მასზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც გარკვეული პირები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამის მაგალითია გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებები. განვმარტავთ, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორად 2006 წლის აპრილში დაინიშნა და აღნიშნულ საქმეში პირველ ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო, როდესაც ამავე წლის აგვისტოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ამ დროს ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორი იყო.
მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვაში. ამ დროისთვის ის უკვე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პროკურორად. იმაზე მითითება, რომ ირაკლი შოთაძემ რამე დასკვნა დამალა და საქმეში არ ჩადო, სრული აბსურდია და არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას წინასწარ გამოძიებასთან არ ჰქონია არანაირი შეხება და საქმეზე არ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას. ასევე, ის განცხადება, რომ ირაკლი შოთაძე თურმე ზეწოლას ახდენს სააპელაციო სასამართლოზე, სრული აბსურდია“, _ აღნიშნავდა პროკურატურა საკუთარ განცხადებაში.
ნათქვამი ერთია, სამხილები _ მეორე, უმთავრესი კი მესამე _ მიუხედავად ხმაურიანი დაპირისპირებისა, ქვეყნის მთავარი პროკურორი დღეს ირაკლი შოთაძეა. ალბათ, ყველაზე მიამიტი ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ ფარცხალაძის ახლო მეგობარი და ივანიშვილის ფავორიტი პირველი პროკურორი იმ ადამიანებს გაწირავს, რომლებიც მასთან ერთად „საქმეებს კერავდნენ“, ფინანსურ პოლიციაში კი ადამიანებს ატერორებდნენ და ქონებებს ართმევდნენ... ქვეყნის პირველი ბრალმდებელი, აბა, თავს როგორ დაისჯის?!
თუმცა არსებობს ამბის მეორე მხარეც, ლოგიკასთან ახლოს მდგომი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში აქტუალურია _ სამართლიანობასთან მწყრალად მყოფ ხელისუფლებას სჭირდება კი „უმწიკვლო და უნაკლო“ მთავარი პროკურორი? გაცილებით ადვილი კომპრომეტირებული პერსონის მართვაა და ყველაფერზე წამსვლელი „თერძი-ძალოვნების“ სისტემაში დატოვება, რადგან „საქმეების კერვა“ ყველა ხელისუფლების პირობებში ის შავი სამუშაოა, მოხალისეთა რიგები სულ რომ იზრდება...
საპროკურორო ზენიტში ასულ ირაკლი შოთაძეს (იმ დრომდე, ვიდრე „ბრძენკაცი“ აითვალწუნებს, ან თავად დაუშვებს საკრალურ შეცდომას) „ქრონიკა+“-მა „საპატიო საჩუქარი“ მოუმზადა. ახალმოსახლეობას მთავარ პროკურატურაში სავარძელსჩაფრენილი შოთაძე გაზეთის ფურცლებზე იმ ადამიანს შეხვდება, წლების წინ მასთან ერთად რომ მუშაობდა და დღეს გაურბის. რა გზა განვლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, იყო თუ არა გამორჩეული კადრი და ვისი დამსახურებაა, რომ ორბიტას დღემდე შემორჩა ირაკლი შოთაძის ფენომენი? ეს და სხვა კითხვები იმ ინტერვიუში, რომელიც „ქრონიკა+“-მა ბერდია ბალიაურთან ჩაწერა:
_ 2005 წელს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრში იურიდიული განყოფილების უფროსად ვმუშაობდი. თუმცა მომდევნო წლიდან გადაწყვეტილი იყო ცენტრის ლიკვიდაცია და მეც სამსახურის ძებნა დავიწყე.
2005 წლის ბოლოს ზოგად უნარებსა და სისხლის სამართალში გამოცდა ჩავაბარე, გასაუბრება გავიარე და, ჯერ კიდევ ზურაბ ადეიშვილის დროს, დავინიშნე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტრობში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად. დეპარტამენტი სამი სამმართველოსგან შედგებოდა, რომლის უფროსი გოჩა ფარულავა იყო. სულ შვიდი სტაჟიორი ვიყავით, მათგან ასაკით ყველაზე უფროსი მე გახლდით, 26-27 წლის. სტაჟირებისას, როგორც გამომძიებელს, რაღაც რაოდენობა საქმეების უნდა გქონოდა გამოძიებული, უნდა მოგეხდინა საპროკურორო ხელმძღვანელობა და ასევე სასამართლოში უნდა დაგეყენებინა განაჩენი. მოხდა ისე, რომ ყველაზე მეტი საქმე მე მქონდა გაკეთებული და შესაბამისად, მეტ დავალებასაც მე მაძლევდნენ.
ირაკლი შოთაძეც ჩემთან ერთად იყო, ისიც სტაჟირებას გადიოდა. ვიცოდით, რომ მისი ძმა „სოდში“ გამომძიებლად მუშაობდა, მაგრამ სიტყვა არასოდეს დასცდენია ჩვენი დეპარტამენტის უფროსთან _ გოჩა ფარულავასთან ნათესავობის შესახებ. თუმცა იმ სამმართველოში, რომელიც სამხედრო პოლიციის გამოძიების კუთხით მუშაობდა, იყო ასეთი პიროვნება, ქუთაისელი ალექსანდრე შოთაძე, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. ერთხელაც მითხრა, _ ფარულავამ დამიბარა, ჩემი ნათესავი დეპარტამენტში მუშაობს, კარგი ბიჭია, შენი მოგვარეა, შოთაძეა და უნდა გაგაცნოო. დაუძახეო, _ მე მთხოვა. რადგან ქუთაისელი პროკურორი ყველას არ იცნობდა, უფრო ჩემთან ჰქონდა კონტაქტი. ასე შევახვედრე ერთმანეთს ალექსანდრე შოთაძე და ირაკლი შოთაძე. მათი საუბრიდან გავიგე, რომ ირაკლი გოჩა ფარულავას ცოლის ნათესავი იყო, რაც მართლა სიურპრიზი აღმოჩნდა. რატომღაც, შოთაძე სულ მალავდა ამ ფაქტს, თუ ვისი პროტექციით სარგებლობდა, მაგრამ ყველაფერი შემდეგ გახდა გასაგები...
_ ანუ რა მოხდა?
_ უკვე სტაჟირების ვადა სრულდებოდა, რომელიც ან 6-თვიან პერიოდს მოიცავდა, ან ერთწლიანს. შესაბამისად, რომელ სტაჟიორსაც მეტი საქმე ჰქონდა შეგროვებული, მეტი ნამუშევარი, ის უნდა წარდგენილიყო და შტატში ჩამჯდარიყო. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე კიდეც, რომ იმ შვიდ სტაჟიორს შორის გამორჩეული პოზიცია მეკავა, რადგან თავდაუზოგავად ვმუშაობდი, მეტი შედეგიც მე მქონდა დადებული. უცებ ირკვევა, რომ, თურმე, ვიღაც ადვოკატისგან მომითხოვია ქრთამი, ოფიციალური შუამდგომლობა სასამართლოშიც შეუტანიათ, რომ ტელეფონზე მომისმინონ და დამიწესონ გარე მეთვალყურეობა. წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა: ვმუშაობ გენერალურ პროკურატურაში და თან აყვანილი ვარ თვალთვალზე. გავარკვიე, რომ საქმეც აღძრულია, დასახელებულია ადვოკატი, რომელსაც ქრთამის სახით 2000 თუ 3000 ლარი მოვთხოვე, რომ არ გავასაჩივრო ერთ-ერთი საქმე.
_ ვინ იყო ის ადვოკატი, რომლის მეშვეობითაც თქვენ წინააღმდეგ საქმე „შეკერეს“?
_ ვიტალი ბიწაძე, ის კაცი ციხეში ჩაჯდა, თან ორჯერ. ვვარაუდობ, რომ ის ცრუ მოწმე იყო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჩემგან ქრთამის აღება არ დადასტურდა და ეს ადვოკატი, თუ არ ვცდები, თაღლითობაზე დააკავეს. მოგვიანებით, ისიც გავარკვიე, რომ ვიტალი ბიწაძე არც ადვოკატი ყოფილა, გამოცდაც არ ჰქონია ჩაბარებული. ერთი სიტყვით, ამ თემით ჩემი მქუბუქი კომპრომეტირება მოხდა, რადგან დანიშვნის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ვიყავი. სხვათა შორის, ამ საქმემ ისე ჩაიარა, ქაღალდზე დაწერილი საყვედურიც კი არ მოუცია ჩემთვის არავის, მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ მე კორუფციულ რაღაცებში ვარ გარეული.
_ როგორ დამთავრდა ეს ამბავი?
_ მითხრეს, _ რაღა შენ დაგემართა ეს ამბავი, მეორედ რომ მოხდეს რამე, შენ აღარავინ დაგიჯერებსო. წარმოიდგინეთ, საყვედურიც კი არ მიმიღია, პრემიაც ავიღე ამაში, ატყდა ქარიშხალი და დამთავრდა.
გადის დრო, 2006 წლის აგვისტოს ბოლოა. სამხედრო პოლიციის თბილისი-მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში მე მარტო ვახდენდი საპროცესო ხელმძღვანელობას (შტატში მომუშავე პროკურორი კუჭავა შვებულებაში იყო). უნდა შემომსვლოდა 5-6 საქმე, რომელიც დასრულებული იყო, დასაწერი მქონდა მხოლოდ საბრალდებო დასკვნა და უნდა წარმედგინა სასამართლოში. რატომღაც, საქმეების გადმოცემა იგვიანებს, არადა, ვიცი, რომ დეპარტამენტის კანცელარიაში შემოსულია, თან გარკვეული ვადა გაქვს, 5 დღეში უნდა დაწერო დასკვნა, თორემ პასუხისმგებლობას დაგაკისრებენ. დავიწყე საქმეების ძებნა, შევხვდი სამმართველოს უფროსებს და შევიტყვე _ გოჩა ფარულავას ჩემი დასრულებული საქმეები ადეიშვილის მოადგილე კახა კობერიძისთვის შეუტანია და, სხვა სტაჟიორებთან ერთად, ირაკლი შოთაძისთვის ვითომ გამოსაძიებლად დაუწერია, რომ ამათ ჩათვლოდათ შესრულებულ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმაც დასრულებულ საქმეებს მხოლოდ ხელი მოაწერეს და სასამართლოში წარადგინეს. დაახლოებით ისე მომექცნენ _ თქვენ რომ ყველაფერი დაამზადოთ და იარლიყი სხვას დააკრევინონ. მოგვიანებით, მითხრეს, _ ბიჭები ხართ, ერთად უნდა იმუშაოთ და ხმას ნუ ამოიღებო, ისედაც თავზე საყრელად გაქვს საქმეები გაკეთებული, მაგათ არ აქვთ ნამუშევარი და ხომ უნდა შევავსოთ სტატისტიკაო.
სხვათა შორის, თუ ვინმე გააპროტესტებს ამ ფაქტს, აღნიშნული საქმეების ამოღებაც შემიძლია კანცელარიიდან. თარიღებითა და გამომძიებლებით დავადსტურებ, რომელი საქმეები მიიწერეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საქმე არ უკეთებიათ, დავალებების უსიტყვო შესრულება და ჩემს ხარჯზე იოლად ფონს გასვლა ისწავლეს. მე კი, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, მუდმივად სამიზნე ობიექტი და არასასურველი მოწმე ვიყავი.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაინტრესებს ერთი საკითხი, რის გამოც გადაწყვიტა „ქრონიკა+“-მა თქვენი მოძიება და მოვახერხეთ კიდეც, კონტაქტზე გამოვსულიყავით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა „გვიჩიანი-ლომინაძის საქმეში“, რასაც ადვოკატებიც ამტკიცებენ, თუმცა თქვენ იმ დეტალზე საუბრობთ, რაც ბევრმა არ იცის...
_ მარიამობა მოდიოდა და როგორც ხდება ხოლმე, სამსახურში პრემიებზე საუბარი დაიწყო. 2006 წლამდე ჩვენ პრემია აღებული არ გვქონდა. ზოგმა ნახევარი აიღო, ზოგმა მთელი, ერთ დღესაც ოთახში ამაზე ვსაუბრობთ და აღმოჩნდა, რომ ირაკლი შოთაძემ 200%-იანი პრემია აიღო. როცა ამ თემით დავინტერესდი, შოთაძემ მიპასუხა, _ მე სხვა სიტუაციაში ავიღე, ეს ლომინაძის მკვლელობის საქმეა, გოჩა ფარულავამ მოხსენებითი ბარათი დაწერა და მე და ანზორას მოგვცეს პრემიებიო! ისიც თავად მომიყვა, როგორ დაკარგა ეს პრემია...
_ რა მოხდა?
_ თანხას ბანკომატიდან ვიღებდიო, სულ 5-ლარიანები იყო და ჯიბიდან გადმომიცვივდა და დავკარგეო. ოღონდ ამაზე ამბავი არ ატეხილა, მითხრა მე ჩუმად. მანამდეც ვიცოდი, რომ ეს გახმაურებული საქმე იყო, ვიღაც დაიჭირეს. ნანახიც მქონდა ანზორ ხვადაგიანთან ერთად როგორ დადიოდა შოთაძე პროცესებზე, მთლიანად საქმის დამუშავებაში მონაწილეობდა, მტკიცებულებებს რასაც იღებდნენ, ექსპერტიზის დასკვნები იყო თუ რა, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ირაკლი შოთაძე ვერ იტყვის, რომ მე ამ ყველაფერს ვიგონებ. მანდ ყველაზე უხერხული რა არის, იცით? გვიჩიანის საქმე არ არის გამართული, ვერ უმტკიცდება ბრალდება, ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია, მთელი პროცესების განმავლობაში რაც მიჰყავდათ ხვადაგიანსა და შოთაძეს, ამერიკიდან მოსული დასკვნა გადამალეს. ახლა, როდესაც ეს თემა წამოტივტივდა და შოთაძეს უხერხულად შეეხო, თითქოს მის გამართლებას ცდილობენ. არ გამოვა ეს საქმე, რადგან ძალიან ზედაპირზეა ყველაფერი _ თუ გვიჩიანი დამნაშავეა და რეალურად შეუკვეთა მკვლელობა, ხომ უნდა იჯდეს? თუ არ არის დამნაშავე, როგორც „შეაპარეს“ ციხეში, ისევე „გამოპარება“ ერთი გზით მოხდება _ უნდა აღიარონ, რომ მტკიცებულებები გაყალბებული იყო და უდანაშაულო კაცი ჩასვეს ციხეში, მაგრამ ეს რომ თქვან, ისევ ირაკლი შოთაძემდე მივლენ. დიდუბის პროკურორად დანიშვნაც არაა მთლად სახარბიელო მოგონება მისთვის. და საერთოდ, მე და ირაკლი ერთმანეთთან ახლოს ვიყავით, ერთ სეიფში გვეწყო სისხლის სამართლის საქმეები, ერთ ოთახში ვისხედით და ყველაფერი ვიცი. დღეს რომ ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, გვიჩიანის საქმე მას არ ეხებაო, მე ვეუბნები და ირაკლი შოთაძემაც კარგად იცის, რომ ეხებოდა, ეხებოდა! ბოლო-ბოლო, ამ საქმეზე პრემიაც აქვს აღებული თავისი ბიცოლის, თუ მამიდის ქმრის, დეპარტამენტის უფროსის, გოჩა ფარულავას ხელმოწერით გაცემული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
_ როგორ გაგრძელდა თქვენი და შოთაძის ურთიერთობა?
_ ერთწლიანი სტაჟირება დამთავრდა და, რა თქმა უნდა, ჩემი წარდგენაც მთავარ პროკურატურაში გამოირიცხა. მერე ქალაქის პროკურატურაში გავაგრძელე სტაჟირება, თუმცა არც იქ დამნიშნეს. მოგვიანებით, შოთაძე ფინანსურ პოლიციაში გადავიდა და აქ მოხდა ჩვენი გადაკვეთა. მე საწარმოთა მართვის სააგენტოში სამმართველოს უფროსი ვიყავი, ჩემს თანამშრომელს კერძო ბინა ჰქონდა გაქირავებული საბურთალოზე, იქ ფინანსურმა პოლიციამ ვიღაცები დააკავა და ბინას ლუქი დაადო. ჩემმა თანამშრომელმა მთხოვა, თუ გყავს ნაცნობი ფინანსურში, იქნებ, დამეხმარო, ფული არ მაქვს, ბავშვი მყავს გასაზრდელი, ბინის გაქირავება მინდა და ლუქს არ ხსნიან თვეების მანძილზეო.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ირაკლი შოთაძე ფინანსურში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ავიღე ტელეფონი და დავურეკე, მოვიკითხე ირაკლი, რატომ წახვედი-მეთქი ფინანსურში და მიპასუხა, _ ასე გადაწყდაო. რომ ჩავეძიე, ვინ გადაწყვიტა-მეთქი, იმანო, ანუ ადეიშვილმაო. რომ მახსოვდა ჩვენი ურთიერთობა, საუბრისას ცოტა გაცივებული მეჩვენა, აღარ იყო ისეთი გულითადი მოსაუბრე, ძალიან ოფიციალურად მპასუხობდა. ვუთხარი, რა თემაზეც ვურეკავდი. მოკლედ, ამბავი ჰქონდათ ასეთი _ ჩემი მეგობრის კერძო სახლი მდებარეობდა საბურთალოზე და მისი წართმევა უნდოდათ. ჩემი ზარიდან დრო რომ გავიდა და არაფერი შეიცვლა, მეორედ დავურეკე. შოთაძემ უკვე აღარ მიპასუხა და მესიჯი მივწერე ტელეფონზე, _ ეგ სახლი არ შეგრჩება-მეთქი, ვიცი, რაზეც არის საუბარი და ამიტომ არ ხსნით ლუქს-მეთქი!
რაღაც დროის შემდეგ ვიტყობ, რომ ჩემი თანამშრომელი ძველ საქმეზე დაიბარეს პროკურატურაში, ისევ ფინანსურმა პოლიციამ და იმ დეპარტამენტმა, რომელსაც გვარად ვინმე ლეპერტი ხელმძღვანელობდა. პირდაპირ მოითხოვეს მისგან საბურთალოს სახლის დათმობა, მაგრამ ამ საქმეში ბევრი ვინმე ჩავერიეთ, მე პირადად მივედი პროკურატურაში და საქმის ხელმძღვანელ პროურორს ვესაუბრე, თუ არ ვცდები, ბექა ბასილია იყო და ფინანსურმა პოლიციამ ვეღარ შეძლო ქონების ჩამორთმევა. ასე დამთავრდა ჩემი ურთიერთობა შოთაძესთან. შემდგომ, როდესაც უკვე გენპროკურატურაში მოვიდა ფარცხალაძის მოადგილედ, მე უკვე თელავის გამგეობაში ვმუშაობდი და წერილი მივწერე, რომელზედაც არ მიპასუხა. გასაოცარი ის არის, რომ ვინც ჩემს დროს მუშაობდა მთავარ პროკურატურაში, რაღაცნაირად ახალ ხელისუფლებასთან დაპორტირდნენ და დაავიწყდათ, რა დავალებებს ასრულებდნენ. მაგათ შესახებ ყველაფერი ვიცი და ესაა მთავარი მიზეზიც, რომ ჩემთვის საგამოძიებო უწყებების კარი ყოველთვის იკეტება.
_ რატომ ჩამოგაცილეს სისტემას, რა იცით ამ ადამიანების შესახებ ასეთი, ან ვინ არიან ისინი, ვისზეც ყველაფერი იცით?
_ იქ ჩვეულებრივი კორუფცია იყო, ფული, პროტექცია, არაადამიანური მოპყრობა, ზომბებად მუშაობდნენ ადამიანები წლების განმავლობაში და ახლა ამ კონკრეტულ ფაქტებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ყველაფერი ვიცი. დამკვიდრებული პრაქტიკა იყო თანამდებობის პირების სხვების დასანახად დაცინვა და დამცირება, მეტსახელების შერქმევა, რითაც პირადად ადეიშვილი ერთობოდა და გვყავდა ოლქის პროკურორები: „პირუტყვი“, „ჭიჭიკია“, „ნეტარი“, ასევე დეპარტამენტის უფროსის ერთი მოადგილე „ბნელი“ და ა. შ. რას საქმიანობდნენ მაშინ და სად არიან დღეს... მე ვიცი, რა სამარცხვინო პირობებში იყვნენ და ამიტომ არ აწყობთ ჩემი არსებობა სისტემაში. დღეს მე რომ დამნიშნონ პროკურატურაში დიდ, ან პატარა თანამდებობაზე, შოთაძე შეძლებს ჩემს ხელმძღვანელობას? დამავალებს რამეს? კაცმა სტაჟიორობის დროს ვერ გამოიძია საქმეები _ ჩემი შესრულებული დაიწერა, მეტიც, აღებული პრემია ჯიბიდან დაკარგა. შეძლებს ოდესმე შოთაძე, რამე დამავალოს? ვერ შეძლებს, რადგან ყველაზე კარგად თავად იცის, რომ არაპროფესიონალია, საქმე არასდროს უკეთებია და არაფერი იცის! გზა კი გოჩა ფარულავას ლობირებით სულ მოსუფთავებული ჰქონდა ადეიშვილის დროს, აიღეს და ნივთივით დადეს შტატში მაშინაც... ახლაც ნივთივით დადეს იგივე გოჩა ფარულავას ლობირებით, რომლის ნათესავობასაც უარყოფს, მაგრამ მისი ხმა საპროკურორო საბჭოში არჩევნების დღეს წაადგა...“
აქ სრულდება „ქრონიკა+“-ის რესპონდენტის, ბერდია ბალიაურის ინტერვიუ, რომელიც სათქმელს, თან გაცილებით ბევრს, საჭირო დროისთვის იტოვებს. დღეს მხოლოდ რამდენიმე დეტალზე საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დადგება დრო, როცა მისი რესურსიც და ის ინფორმაციაც, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს, სამართლიან ქვეყანას აუცილებლად დასჭირდება.
ჩვენ ვცდილობდით, აქ მოყვანილი ფაქტები კონკრეტულ ადრესატებთან გადაგვემოწმებინა, მაგრამ სატელეფონო კავშირი შეუძლებელი აღმოჩნდა _ აბონენტები ან გასული იყვნენ მომსახურების ზონიდან, ან ავტომოპასუხე გვატყობინებდა, რომ ჩვენ მიერ აკრეფილი ნომერი რეგისტრირებული არ იყო.
„ქრონიკა+“-მა ოფიციალური წერილით მთავარ პროკურატურას მიმართა და კანონით დადგენილ ვადებში მათგან პასუხს ველოდებით.
ნანა თვალაბეიშვილი