QronikaPlus
„ქართველ მუსლიმანებს სხვა ენა, გარდა ქართულისა, არ გაგვაჩნია!“

„ქართველ მუსლიმანებს სხვა ენა, გარდა ქართულისა, არ გაგვაჩნია!“

2015-12-05 08:52:42

ისლამური სახელმწიფოს ქართველი მებრძოლის, თამაზ ჭაღალიძის მუქარის შემდეგ, გიორგობა დღეს, მორიგი ვიდეომიმართვა გავრცელდა. ამჯერად, ხვიჩა გობაძე თანამებრძოლებთან ერთად უფრო ამძაფრებს მუქარას და, არც მეტი არც ნაკლები, თავის მოჭრით ემუქრება არა მარტო ქრისტიანებს, არამედ იმ მუსლიმებს და განსაკუთრებით მის წინამძღვრებს, რომელთაც, მათი თქმით, შეცდომაში შეჰყავთ მიმდევრები. ეს ვიდეომიმართვა პანიკის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ უდავოდ საყურადღებოა და აქ, სახელმწიფოსთან ერთად, ქართველ მუსლიმთა წინამძღვრების როლი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ამას სრულად აცნობიერებს ქართველი მუსლიმების სულიერი ლიდერები, რაც იმის იმედს აჩენს, რომ სიტუაციის ესკალაცია მოსალოდნელი არ არის, თუმცა ეს მოდუნების უფლებას არავის გვაძლევს. „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს უფროსს, ბეგლარ ქამაშიძეს: _ ბატონო ბეგლარ, ელოდით ქართველი მუსლიმანების ასეთ განცხადებას? _ არა! ეს ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც სხვისთვის. უპრობლემო არავინაა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისლამს იმ სახის პრობლემა არ აქვს, რომ მსგავსი განცხადებები და მუქარები გაჟღერებულიყო. და საერთოდ, რაც მოვისმინეთ, ამის გაცხადება ისლამის სახელით მკრეხელობაა. ისლამი სიყვარულის, მშვიდობის რელიგიაა და ის ემიჯნება იმას, რასაც ისლამის სახელით ტერორისტები აკეთებენ. _ ეს ბიჭები თქვენი მრევლი იყო. რა გამოგეპარათ მათთან მიმართებით, რატომ უნდა ეფიქრათ და ეთქვათ ეს? _ ეს ბიჭები ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, ზრდილი, თავაზიანი. მათი ასეთი ტრანსფორმაცია ჩვენთვისაც გასაკვირია. მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი არ ქადაგებს ძალადობას, სისატიკეს და იქ წერია, რომ გზა ნათლადაა არჩეული ცდომილებისაგან. მკვლელსა და ტერორისტს არც სარწმუნოება აქვს და არც ეროვნება. რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა, ყველა მუსლიმი ემიჯნება და მიაჩნია, რომ ამას იმ ღირებულებებთან, რასაც ისლამი ქადაგებს, საერთო არ აქვს. ეს ბიჭები, როგორც ჩანს, სხვების ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. ამის ფონზე კი ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოზარდებსა და ახალგაზრდებში გავავრცელოთ ის, რაც ისლამის ჭეშმარიტი არსია. _ ბატონო მუფთო, ეს ბავშვები ძირითად სასულიერო განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და მათზე ზეგავლენის საფრთხე გაცილებით მაღალია. ამის მაგალითიც უკვე გვაქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ უკვე დროა ისლამის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა მსურველთათვის არა საზღვარგარეთ, არამედ ჩვენთან, ქართულ გარემოში მოხდეს? _ იცით, ყველაფერი ინდივიდუალურია. ჩვენც და იმათაც, ვინც დღეს ისლამის სამსახურით ქართულ საქმეს ვაკეთებთ, რელიგიური განათლება უცხოეთში მივიღეთ, მაგრამ ამას ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის ხელი არ შეუშლია. სახელმწიფომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა მუსლიმებისთვის: შეგვიძინეს და გადმოგვცეს სამმართველოსა და მედრესეს შენობები, მალე გადმოგვცემენ აღმოსავლეთ საქართველოშიც. ამ მედრესეში სწავლება ყურანისა და სუნეთის ჭეშმარიტი გაგებით, ქართული სულისკვეთებით წარიმართება. ჯერჯერობით ცოტა, მაგრამ კვალიფიციური კადრები გვყავს. პირველ ეტაპზე საუბარია თეოლოგიური ფაკულტეტის გახსნაზე, მერე ვნახოთ. აუცილებლად ხაზგასასმელია და გამაღიზიანებელი, როცა განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო, თათრებს გვეძახიან. ჩვენ, ქართველ მუსლიმანებს სხვა ენა, გარდა ქართულისა, არ გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, ამ მხრივ, თავისი პოზიცია სხვა რელიგიებმა თავინათ მრევლთან უნდა დააფიქსირონ. რწმენით განსხვავება არ ნიშნავს ეროვნებით განსხვავებულობას. მე, როგორც ქართველს, რომელსაც სარწმუნების გამო მეორეხარისხოვნად მთვლიან, ეს ყველაფერი გულს მტკენს. რახან მუსლიმანი ვარ, არ მგონია, რომ ჩემზე მეტად უყვარდეს და გული შესტკიოდეს ჩემს ქვეყანაზე ვინმეს. _ მსოფლიოს მუსლიმთა ლიდერებს გაქვთ კოორდინაცია, რათა ისლამის ასე არასასურველად გამოყენებას ებრძოლოთ? _ კავშირები გვაქვს, მაგრამ ამ პროცესის მართვა უკვე ძალიან ძნელია. საქმეს პოლიტიკოსთა ორმაგი სტანდარტიც ართულებს. ვთანხმდებით და ვგმობთ პარიზში დატრიალებულ ტრაგედიას, მაგრამ არანაკლები ტრაგედიები ხდება ყოველდღიურად სირიაში, ლიბიაში, პაკისტანში, აფრიკის ქვეყნებში, პალესტინაში. თუმცა მათ გამო აჟიტირება არასათანადოა. ჩვენ კი, თავის მხრივ, მცდელობას არ ვაკლებთ საქმეს. მწირი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, ისლამის ქართულ ტერმინოლოგიაზე, ქართულენოვან განმარტებებზე, ქადაგებებზე ვმუშაობთ. ვუშვებთ გაზეთს. ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ მორწმუნე მუსლიმმა იცოდეს, რა სწამს, რა უნდა დაიჯეროს და რა როგორ გაიგოს. და სერთოდ, მიმაჩნია, ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან, სხვას კი არა, პირველ რიგში, ისლამს ებრძვის, მის დისკრედიტაციას ახდენს და ისლამის ნამდვილ არსს უარყოფს. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ვალს ქვეყნის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კატაკლიზმები აშორდეს მას.   ტარიელ ნაკაიძე _ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე: _ თქვენ როგორ შეაფასებდით ამ  მიმართვას? _ სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ამიტომ ჩვენი საქმიანობა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს. საგულისხმოა, რომ იქ დასმულ აქცენტებს მივაქციოთ ყურადღება და საერთოდ დიდი მუშაობა გავწიოთ იმისთვის, რომ ყურანის განმარტება სწორად მივიტანოთ მრევლამდე. ვიდეომიმართვების სერიულობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მათ. _ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ მათ? _ ბევრჯერ მითქვამს ამის შესახებ. მთავარი პრობლემა არის ისლამის სწავლების ხელმისაწვდომობა. ეს არ ნიშნავს, რომ ხელს გვიშლის, ან გვზღუდავს ვინმე, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობაა საჭირო. ამ პროცესის თავის ნებაზე მიშვება ბევრ პრობლემას შექმნის. ბევრი უნდა გაკეთდეს სათანადო კადრების მოსამზადებლად, სწორედ მათ უნდა მიიტანონ ისლამის ჭეშმარიტი იდეოლოგია მორწმუნეებამდე. _ საქართველოდან ისლამის აღმსარებლობის სხვა მოქალაქეებიც იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში. თუ ვიდეომიმართვის შინაარსი მხოლოდ რელიგიურია, რატომ არ თქვა ეს სხვამ და თქვა ქართველმა? როგორ ახსნით ამას? _ ალბათ, ენობრივი თვალსარისითაც და თან ქართველ მუსლიმანზე ზემოქმედებას მათივე თანამემამულეებით ცდილობენ. სხვისი მიმართვის შემთხვევაში არა მგონია, ასე ეფექტური ყოფილიყო. საერთოდ, მიმართვა ძალიან მზაკვრულადაა გაკეთებული და ის იმ დალექილ პრობლემებზე აქცენტირებს, რომელიც სწორედ ქართველ მუსლიმანებს აქვთ. სწორედ ეს არის დიდი საფრთხე. ესაა მოხის მეჩეთის, ქობულეთის პანსიონისა და სხვა საკითხები, რომელიც მოგვარებადია. მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველოში სამოთხეა და ამის დაუნახაობა არ შეიძლება. საქართველოში რელიგიას საკანონმდებლო პრობლემები არ აქვს, არის ცალკეული გაუგებრობები და ვინც ამის გაბუქებას ცდილობს, ჩვენც ვცდილობთ მათთან მუშაობას. საქართველოში 300 მეჩეთამდეა, თითოეულს 2 წინამძღვარი ჰყავს. ეს 600 კაცი, მათი განათლება და კომპეტენცია იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაკვეთების სწორი ინტერპრეტირება მოვახდინოთ და მრევლამდე ისე მივიტანოთ. თუ ასე ვიმუშავებთ, იმათ ნაკლები შანსი ექნებათ ვინმეს გადასაბირებლად. საქართველოში მუსლიმი თემი ძალიან ლიბერალია. ამიტომ ვაქტიურობთ ჩვენ, შეიძლება ზოგჯერ მძაფრადაც, რომ რადიკალიზმმა ვერ იაქტიუროს. _ ბატონო ტარიელ, ეს ბიჭები საწყის რელიგიურ განათლებას აქაურ პანსიონებში იღებენ, ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ აქაა პრობლემების სათავე? _ არა, რადგან პანსიონების მთავარი დანიშნულებაა მუსლიმანი მოსწავლეებისათვის საჯარო განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ელემენტარული რელიგიური დოგმების სწავლება, როგორ და როდის უნდა ილოცონ, როგორ იმარხულონ და ა. შ. სხვათა შორის, ხვიჩა გობაძემ ისწავლა არა თურქეთში, არამედ ეგვიპტეში. ამ კატეგორიის ხალხი არც ჩვენ გვთვლის მუსლიმანებად და მათი მუქარის მეტი წილი სწორედ ჩვენზე მოდიოდა. იმათი შეშინება უნდოდათ, ვინც დღეს მუსლიმანი თემის იდეური წინამძღოლია. ჩვენი წასვლისა და გაჩუმების შემთხვევაში კი ისინი უთუოდ გაძლიერდებიან და ყველას შეუქმნიან საფრთხეს. მათი მთავარი პრეტენზია ჩვენ მიმართ ეგაა, თქვენ მხოლოდ ლოცულობთ, სხვას არაფერს აკეთებთო. ეს თქვენი წინამძღოლები არ დგანან ჭეშმარიტ გზაზე და შემოგვიერთდითო. სწორედ ესაა მათი მთავარი გზავნილი და სწორედ მათი ნეიტრალიზება უნდა მოხდეს. ამაში კი სულიერ ლიდერებთან ერთად თავისი სიტყვა სახელმწიფომაც უნდა თქვას. _ თქვენი აზრით, რატომ წავიდნენ ის ბიჭები? _ არა მგონია, მხოლოდ მატერიალური მხარის გამო, რადგან იქ იმ ქვეყნებიდანაც ჩადიან, სადაც ეს პრობლემები არ არის. აქ უფრო იდეოლოგიის ამბავია. სწორედ ჩვენი ნიშა დაიჭირა ვიღაცამ და ამიტომ გადაიბირეს ბიჭები, მომავალში კი ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად კონტაქტში ვიყოთ მრევლთან, რადგან მას არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ პრობლემებთან მარტო არიან და მხადაჭერა სხვაგან არ მოძებნონ. _ თქვენი აზრით, ქობულეთის, მოხის პრობლემების მოგვარების შემთხვევაში მუსლიმანებს პრობლემები არ ექნებათ? _ დღეს ეს თემებია აქტუალური და აჟიტირებული და უნდა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში კი ქმედებათა კოორდინაცია უნდა მოხდეს გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. იყო პრობლემები, რომელიც აჟიოტაჟის გარეშე მოგვარებულა და ასეც უნდა გაგრძელდეს. მრევლს სულ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მის ინტერესს სახელმწიფო იცავს და ამ შემთხვევაში სხვა ძალებს მათით მანიპულირების საშუალება არ ექნებათ. ყველაზე კარგი პრევენცია კი სწორედ ესაა. _ იმავე ქობულეთის შემთხვევაში ქალაქში არსებობს ერთი პანსიონი, რომლის ფუნქციონირებისათვს არავის შეუშლია ხელი. იქ იმხელა ტერიტორიაა, მისი გაფართოება თავისუფლად იყო შესაძლებელი. რაღა მაინცადამაინც იქ უნდოდათ აშენება, სადაც წინააღმდეგობა შეხვდათ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგჯერ ყურადღების მისაქცევად ხელოვნურად ხდება დაძაბულობა? _ ზოგჯერ შესაძლებელია, გათვლებში რამე გამოგრჩეთ, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ხელს არ უშლის და არც შეუშლის ქვეყნის განვითარებას. ეს მოზაიკა ქვეყანას მეტს ხიბლსა და ინტერესს ჰმატებს. _ როგორ ფიქრობთ, ხვიჩა გობაძე შეძლებს მხოლოდ იმიტომ მომჭრას თავი, რომ ქრისტიანი ვარ? _ ვერ გეტყვით, ისინი არ მალავენ, რასაც აპირებენ. თუმცა გიმეორებთ, ისინი გემუქრებიან არა მხოლოდ თქვენ, არამედ ჩვენ, მუსლიმანებსაც. თქვეს, მაგრამ ამისთვის მზად არიან თუ არა, ძნელი სათქმელია. მათ სხვებისთვის უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მაგარი ბიჭები არიან და მათ რელიგიურ გრძნობებზე ითამაშონ. _ ვიდეომიმართვები რას შეცვლის ქართველ მუსლიმანებში? _ ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ. ეს რომ არა, გამორიცხული არ არის, უფრო მეტი ყოფილიყო წასვლის მსურველი. თუმცა სამუშაოს რა გამოლევს? ჩვენ მივეხმარებით სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაში. ზოგჯერ ჩვენი პრინციპული მიდგომები სახელმწიფოს აფხიზლებს და ეს კარგია. _ დაბოლოს, ბათუმის მეჩეთის ამბავი. საზოგადოებაში არის განცდა, რომ ეს მეჩეთი უნდა აშენდეს სხვა ქვეყნების თანხებით და სწორედ ეს იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ. _ აქ თავიდანვე დაუშვეს შეცდომა. თურქეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აგებას დასთანხმდნენ. ამით, ფაქტობრივად, ყველა ის ჯამე, რომელიც ჩვენმა წინაპარმა ააგო და არა თურქმა, მათ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს. ჩვენ მაშინვე გავემიჯნეთ ამას და განვაცხადეთ, რომ სახელმწიფომ რაც უნდა, ის ააგებინოს თურქეთს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენ არ გვჭირდება თურქული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში. ჩვენ, ადგილობრივ მორწმუნეებს, სხვაგან, ქალაქში გვინდოდა მეჩეთი. ჩვენივე თანხებით, შემოწირულობებით დაფინანსებული და აგებული. სხვათა შორის, ამაში ბევრი ქრისტიანიც გვიჭერს მხარს და მზად არის, მატერიალურადაც დაგვეხმაროს. ამ შეთანხმებაში ჩვენ, ქართველი მუსლიმანები, არ ვყოფილვართ მხარე და ჩვენ არ მოგვითხოვია აზიზიეს მეჩეთის აგება. ჩვენთვის არასოდეს ყოფილა ეს პოლიტიკური საკითხი და მას ყოველთვის რელიგიისა და რწმენის ჭრილში განვიხილავდით.  

ნატო ქათამაძე

   

გაზიარება