QronikaPlus
ზუგდიდის მერის ნათესავი ნარკოტიკებისთვის დააკავეს?!

ზუგდიდის მერის ნათესავი ნარკოტიკებისთვის დააკავეს?!

2015-11-28 08:26:29

ზუგდიდის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, როცა ქალაქის მთავარ ბულვარში წამებისა და ძალადობის ამსახველი „კასრის ვიდეოების“ სახალხო ჩვენებას დაესწრო, თავისი დამოკიდებულება საჯარო ჩვენებისადმი ასე გამოხატა, _ კარგია, საჯაროდ რომ უჩვენებენ, ყველამ უნდა ნახოს ეს კადრები და ყველამ უნდა იცოდეს, საიდან მოვდივართო. ეტყობა, აქ იმასთან გვაქვს საქმე, რასაც მეცნიერები და ფსიქოანალიზის სპეციალისტები „წამოცდენას“ უწოდებენ. ზუგდიდის მერმა კარგად იცის, საიდან მოდის ხელისუფლება _ სწორედ ამ კადრებიდან და კადრებში ხშირად ნაჩვენები ერთი ადგილიდან, რომლის დაცვა, ლამისაა, მათი ღირსების საქმედ იქცა. მაგრამ კიდევ ერთი გარემოება არსებობს: მაინცდამაინც გადასარევად `ოცნების~ ხელისუფლებას საქართველოს არც ერთ ქალაქში არ გრძნობს თავს, მაგრამ ზუგდიდში მთლად იმ ადგილისკენ აქვს საქმე, საიდან წარმომავლობასაც ქალაქის მერი ქვეცნობიერად მიანიშნებდა... შეიძლება, გახსოვთ კიდეც, „ქრონიკა+“-ის წინანდელ ნომრებში, როცა იმის შესახებ გამოქვეყნდა მასალა, თუ რა კადრებით დაკომპლექტდა ზუგდიდის მერია და გამგეობა, სხვადასხვა დროს ორ სხვადასხვა ფაქტზე გავამახვილეთ ყურადღება _ ერთგან იუმორით, ხოლო მეორეგან _ მშრალი ფაქტის წარმოდგენით. მშრალი ფაქტი ის გახლდათ, რომ ზუგდიდის მერიისა და მასში შემავალი სტრუქტურების თანამშრომელთა შემოწმება-ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ თითქმის ყოველ მესამე შემოწმებულ მამაკაცს „ცე ჰეპატიტი“ აღმოაჩნდა, ამ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი საჯარო სამსახურის უმრავლესობაში დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, რადგან გონივრული ეჭვი ნარკოტიკზე ჩნდება, თუკი პირი ვერ წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტს, რომ ინფიცირება სხვა, ყოფით სიტუაციაში მოხდა. ამის გარდა, საჯარო სამსახურში დასაქმების დროს პირი ყველა შემთხვევაში ვალდებულია, ნარკოდისპანსერში, მისი ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, შემოწმება გაიაროს _ როგორც ვიზუალური, ასევე ლაბორატორიული. ორივე ეტაპი საჯარო მოხელეებს გავლილი ჰქონდათ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უკანა ფანჯრის ქვეშ, პარკინგზე, ავტომანქანების მფლობელები მაინც ხშირად აწყდებოდნენ ფანჯრიდან გადმოგდებულ ერთჯერად შპრიცებს... რაც შეეხება იუმორით აღწერილ სიტუაციას, ეს ეხებოდა ყოფილ მსჯავრდადებულს, რომელსაც ერთ დღეს მერიის ცნობა დასჭირდა, შესაბამის კაბინეტს ეძებდა და როცა კიდევ ერთი კარი შეაღო, რამდენიმე ყოფილი თანასაკნელი იმ კაბინეტში ერთად დაინახა და უთხრა, _ ბიჭებო, ცოტა ხნით არ დაიშალოთ, ჩავალ, ჩეფირს ამოვიტან და ვიბაზროთო... მოკლედ, რატომ დამჭირდა ახლა ან მერის, ან ჩეფირისტი მერიელების გახსენება _ ეტყობა, მერიის ეს უსაქმურები ზუგდიდის პოლიციასაც ამოუვიდა ყელში, ან გომელაურის ბრძანებაა, არავინ დაინდონ: გასულ კვირას ზუგდიდის ცენტრში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით ჯიბეში ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ზუგდიდის მერის ნათესავი დააკავეს. თუმცა დაკავებული მერის მთლად ნათესავიც არ არის, თუ ღარიბაშვილის კლასიფიკაციას გავიხსენებთ, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის _ ის მერის მეუღლის მოგვარე და ბიძაშვილია. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ ზუგდიდის მერმა ამ დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადა, უფრო სწორად, მოატყუა, მოგვიანებით დამიკავშირდითო და ტელეფონი გათიშა. კაცმა რომ თქვას, მართალია კაცი _ რა ვალდებულია, არანათესავ ნარკოტიკების მომხმარებელზე კომენტარები აკეთოს? სამაგიეროდ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ იყო აღრიცხვაზე, როგორც წამალდამოკიდებული, განაცხადა, რომ დაკავებული „მერის ნათესავი კი არა, მერის ცოლის რაღაც ნათესავია“, ანუ მანაც ღარიბაშვილის კალკი გამოიყენა და დაამატა, _ ამ კაცს, სანამ სამსახურში ავიყვანდით, ნარკოდისპანსერიდან შემოწმების საბუთები წარმოდგენილი ჰქონდაო... ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახური რომ ყველა ჯურის უსაქმურთა თავყრილობის ადგილია, „ქრონიკა+“ ამაზეც წერდა _ სწორედ ამ სამსახურში მოუძებნეს ადგილი „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე ყველაფერს აკეთებდნენ დედაპარტიის გამარჯვებისთვის. ასე რომ, სულაც ვერ გაამტყუნებ ნარკოტიკებისთვის დაკავებულს, რადგან, „ქრონიკა+“-ის ვერსიით, წინასწარი დაკავების საკნიდან ასე შემოთვალა, _ თუ არ გინდათ ავლაპარაკდე და აქაურ საკნებს თქვენც შეემატოთ, გირჩევნიათ, აქედან გამიყვანოთო. ჰოდა, მერის გასულ კვირას დაკავებული ნათესავის გასათავისუფლებლად ახლა მთელი თბილისური კოჰორტაა ჩაბმული _ „ქრონიკა+“ აუცილებლად მიადევნებს თვალს ამ პროცესს და გაცნობებთ, როგორ დასრულდება გიორგი ც.-იას დაკავებასთან დაკავშირებული ამბები, ჯერჯერობით კი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ედება ბრალი, რაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასა და შენახვას გულისხმობს. არ ვიცი, კონკრეტულად ამ დაკავებულს დაკავებამდე გამოუწერეს თუ არა პრემია, ან ელოდა თუ არა გიორგობის დღესასწაულისთვის, მაგრამ ზუგდიდის ხელისუფლების წარმომადგენლები რომ პრემიების ნაკლებობას არ უჩივიან, ფაქტი სახეზეა. თუმცა, ჰო _ პრემიებს არა, დანამატებს... და მაინც, მოდი, ვნახოთ ზუგდიდელი ჩინოვნიკების მადა, რომელმაც ბოლო სამ თვეში გაცემული პრემიების სახით 75 950 ლარი შეადგინა. თანაც, ეს მხოლოდ მერია _ საკრებულო და აიპი ორგანიზაციები ამ თანხაში არ შედიან. 2015 წლის დასაწყისში უფრო დიდი მადა ჰქონდათ, მაშინ არ იყო გამოცხადებული „ქამრების შემოჭერა“ _ პირველ სამ თვეში 315 190 (სამას თხუთხმეტი ათას ას ოთხმოცდაათი) ლარის პრემიები ჩაიჯიბეს. ამ პრემიებში სამ თვეში ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსზე გაცემული 8.000 ლარის პრემიაც შედის. და ეს მაშინ, როცა ბოტანიკური ბაღი, ბულვარი და ქალაქის სხვა ცენტრალური ადგილები საქონლითაა სავსე. პარადოქსია, მაგრამ რას იზამ? _ ზუგდიდი დიდი ქალაქია. სხვა პარადოქსებითაც სავსეა ეს ქალაქი: პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანების მორალიც გაგაოცებთ. კახა მიქაია, ალბათ, გახსოვთ _ არის ასეთი ფიგურა ზუგდიდში _ „გრეჩიხას“ „დაიცავი საქართველოს“ წევრი იყო, სააკაშვილის ყოველ ჩასვლას რესტორან „დიარონთან“ „უსადკავებდა“, ბულვარში, ასწლოვან ხეებზე გაბმულ ჰამაკში შიმშილობდა და დათო ბაქრაძესაც ესროდა ქვებს ზუგდიდის თეატრში, მანამდე კი სამხარეო ადმინისტრაციის წინ პერფორმანსი „მიშა კუბოში“ ჩაატარა და სააკაშვილი მეგრული მოთქმით „დაატირებინა“ ქალებს. მაშინ პერფორმანსისთვის ნისიად აღებული ნამდვილი კუბო გამოიყენა და მერე მეკუბოვე სახლში აკითხავდა, _ კუბოს ფული გადაიხადეო, მგონი, ჯერაც არ გადაუხდია... ჰოდა, ეს კახა მიქაია „ოცნების“ პროპორციული სიით ზუგდიდის საკრებულოში მოხვდა, მერე იქ ოპოზიციონერობა და „ოცნების“ ლანძღვა დაიწყო, ქუჩაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ეჩხუბა და საკრებულოს სხდომაც პროტესტის ნიშნად დატოვა. რადგან სხდომებზე არ დადიოდა, ძველმა თანამებრძოლებმა საკრებულოდან გარიცხეს. განრისხდა კახა მიქაია, ქოში უკუღმა ყარა, მაგრამ რაღას იზამდა? ადგა და ჟურნალისტებს უთხრა, _ ეს ჩემი გარიცხვა სულ იმის ბრალია, რომ „ოცნებას“ უნდა, ტრიბუნა წამართვასო. როცა მედიელებმა მოკრძალებით შეახსენეს, _ თქვენც ხომ მაგ სიით მოხვდით საკრებულოშიო? „ქვევრი“ გაიხსენა და თქვა, _ მაგ ფილმში რომ ეკითხებიან, როგორ მოხვდი მანდაო, ეგრე მომივიდა, _ არ ვიცი, როგორ მოვხვდიო და მერე, ჰოი, საოცრებავ, დაამატა, _ წლების განმავლობაში წართმეული მქონდა „რუსთავი 2“-ის ტრიბუნა და იმედი მაქვს, ახლა მაინც დავიბრუნებო... ანუ ადამიანი 2007 წლიდან „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ ჟურნალისტს ბოიკოტს უცხადებდა, ათას სიბინძურეში ადანაშაულებდა, ზოგადად, „რუსთავი 2“-ს „სიცრუის მანქანას“ უწოდებდა და ახლა, როცა „ოცნებამ“ გადააგდო, „რუსთავი 2“-ზე ტრიბუნა მოუნდა... აი, ასე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში, ის მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრებითაა დაკავებული _ დადიან სოფლებში, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიაზე და არც კვერცხებს ესვრიან, არც ცოცხებს ახვედრებენ _ უსმენენ და მათთან ერთად განიხილავენ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, „ნაციონალებმა“ ზუგდიდში თბილისიდან ათამდე კარავი გაგზავნეს _ შესაძლოა, ქალაქის ცენტრში საპროტესტო ღამის თევები დაიწყოს. ეს აქცია, სავარაუდოდ, მალე დაიწყება, თუკი ქალაქის არქიტექტურის სამსახური თავის განზრახვაზე ხელს არ აიღებს, ქალაქის ცენტრში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლი აიღოს და სხვა ადგილას გადაიტანოს, ის ტერიტორია კი გაყიდოს. საუბარია არც ისე დიდი მოცულობის ფართობზე, რომლის გაყიდვაზე საუბრები, ოპოზიციის მტკიცებით, კულუარულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რის აშენებას გეგმავს იქ ზუგდიდის მერია, მაგრამ ცნობილია, რომ ახალგაზრდების ნაწილი და ოპოზიცია კარვებს გაშლის იმ შემთხვევაში, თუ ილიას ბიუსტის გადატანა აქტუალურად დადგება დღის წერიგში. ოპოზიცია პროტესტს იმით ხსნის, რომ ილიას ძეგლი ის ადგილია, სადაც ეროვნული მოძრაობის დასაწყისში მთავარი შეკრებები იმართებოდა და ქვეყნის, რეგიონის ბედზე ბჭობა მიდიოდა. მართლაც, ამ ადგილს ახსოვს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, სხვათა და სხვათა ომახიანი შეძახილები და მტრისთვის მუშტის მოღერება, ნამდვილი მუხტი ახსოვს _ ზუგდიდი ერთადერთი ქალაქი იყო საქართველოში, სადაც 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტა 9 აპრილს, დილითვე გააპროტესტეს და სწორედ ამ ადგილას გადმოინაცვლეს იმ დღეს ბულვარიდან წამოსულებმა, იქ ცოტა ხნით შეჩერდნენ და ეკლესიისკენ დაიძრნენ. შემდგომშიც თითქმის ყველა საინფორმაციო მიტინგი სწორედ ამ ძეგლთან ტარდებოდა და მხოლოდ განსაკუთრებული ხალხმრავლობის დროს ინაცვლებდნენ მომიტინგეები თავისუფლების მოედანზე.   „არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეგობრებს, არამეგობრებს, თითოეულ თქვენგანს! როგორც მითხრეს, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნული საკითხი განიხილა. სამსახურის უფროსის თქმით, ქალაქის იერსახის ზრუნვის მიზეზით, ილიას ძეგლი სხვაგან უნდა გადაიტანონ და ეს ადგილი გაყიდვას დაექვემდებარება! არ ვიცი. ეს შეეფერება თუ არა სინამდვილეს. შეიძლება ჭორია. ხშირად ასეც ხდება. თუ ეს სიმართლეა, ე. ი. ქალაქის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება. ვინც ეს იფიქრა, პირადად მე დაგიმტკიცებთ, რომ ასე არ არის. დარწმუნებული იყავით, რომ ქალაქის დიდი ნაწილი დაგიპირისპირდებათ.   გპირდებით, რომ არაფრით, არაფრის ფასად არ გაგაყიდინებთ ამ ადგილს! ეს არის ჩემი ქალაქის ისტორიის ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სულის და ყოფის ნაწილი“, _ წერს საკრებულოს წევრი, ანი წითლიძე. მართალია, მას მერიის პრესსამსახურის უფროსი იქვე ეხმიანება და ამშვიდებს, რომ ეს ინფორმაცია ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია, მაგრამ მასე, მერია იმასაც უარყოფდა, რომ ზუგდიდში ერთ დღეს ბიძინა იყო ჩასული, გუბერნატორს შეხვდა და ბოტანიკურ ბაღში გაისეირნეს, სანამ თვითონ მილიარდერმა არ დაადასტურა, კი ბატონო, ვიყავიო...  

                                                                                                       დოროთე გითოლენდია

 

გაზიარება