ებრაელებს ასეთი წყევლა აქვთ: არც შენი იცოდე და არც სხვისი დაიჯეროო
ორი ბრიყვი
არც ლადო ბედუკაძემ შეისმინა პრემიერის სიმამრის შეგონება, _ მაინც ვერ უქაჩავ ლაპარაკს და სჯობია, ელისო კილაძეს თავი დაანებოო და არც ქეთევან ზარნაძემ დამიჯერა, _ წერას შეეშვი, ისევ ჯადოების კეთებას მიაწექი-მეთქი, რომ ვურჩიე.
ერთადერთი პოზიტივი, რაც ამ სულელურმა პასკვილებმა მოიტანეს, არის ის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დაინახა _ ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომელსაც მე გამომიქვეყნებენ და ჩემს პრინციპებზე უარის თქმას მაიძულებენ!!! მორიგ ბოდვაში, მართალია, ზარნაძე, რატომღაც, ისევ ედპ-ს თემას ატირაჟებს და 23 წლის გარდაცვლილ გია ჭანტურიას იმოწმებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, _ არც პიკანტური და არც არაპიკანტური შეხება ამ ორგანიზაციასთან არ მქონია. თან არ ხართ, ქეთევან, თქვენ ის ხალხი, ჩემზე რამე კომპრომატი გქონდეთ და იმის გამოქვეყნებას მოერიდოთ, სინდისი არ გაწუხებთ და შუბლზე ძარღვი კარგა ხნის გაწყვეტილი გაქვთ. მართალია, ქალების ზონაში საკუთარი აგენტობის თემა ქეთევან ზარნაძემ დედის რძესავით შეირგო და არ შეიმჩნია, მხოლოდ ის „ჩააზუსტა“, სოსო თოფურიძე ჩემი კლასელი იყო, ამიტომ მისი აგენტი ვერ ვიქნებოდიო, მაგრამ იმ კლასში, მინიმუმ, 27 მოსწავლე კიდევ იქნებოდა და ზონაში მყოფი „ბარიგა~ რაღა, მაინცდამაინც, თოფურიძეს უხმობდა დასახმარებლად? არადა, ქალი ნამდვილად ყიდდა ნარკოტიკებს, ეს იმ უბანში ყველამ იცოდა. მართალია, ახლა თავს იმით იმართლებს, რომ ერეკლე კოდუას პირადი პატიმარი ვიყავიო და ჩემს სართულზე ლიფტი არ ამოდისო, მაგრამ რაკი ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ დავუზუსტებთ: ქეთევან ზარნაძე მყარი მტკიცებულებებით დააკავეს, ერთი ვიდეოკამერა ლიფტში იმიტომ იყო დამონტაჟებული, რომ ამსვლელები ეკონტროლებინათ, მეორე კი სწორედ მის საცხოვრებელ ბინასთან, რომელმაც ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი დააფიქსირა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული კი სწორედ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. მართალია, გვიმტკიცებს, რომ ბრალი არ მიღიარებიაო, მაგრამ ის, რომ ზარნაძე ზონაზე ნამდვილად აგენტობდა, ალბათ, საჭიროა ზარნაძის აგენტურულ ისტორიას რამდენიმე დამატებითი შტრიხი შევმატოთ.
პირველი დღეებიდანვე მისი პერსონალური მფარველი გაგა მკურნალიძე იყო. თავიდან ქ-ნი აგენტი `სანჩასტში” გაამწესეს, რადგან იქ რამდენიმე ჩეჩენი მკურნალობდა, მაგრამ გაშიფრული აგენტი ახლოს არავინ მიიკარა. ამიტომ გადაინაცვლა `მალალეტკებში” მოტივით, - ნერვები არ მივარგა და ცალკე მინდა ყოფნაო.
ფაქტია ისიც, რომ `შმონის” დროს ქეთევან ზარნაძეს ოთხჯერ უპოვეს მობილური ტელეფონი, მაგრამ გაგა მკურნალიძის ჩარევის მერე, სასჯელი ერთხელაც არ დაუმატეს, ერთხანს ისიც მოიგონა ტუბერკულოზით ვარ დაავადებული, მარტო ყოფნა მინდაო.
რამაზ გაბისონიას დაკავების მერე, რომელიც ბაჩო ახალაიას მეგობარი იყო, სოსო თოფურიძემ ზარნაძეს პრივილეგიები და თანხის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუზღუდა, ამიტომაც, ქეთინო დეიდა ასლარიან მომსახურეობაზე გადავიდა (აქ ვსვამთ წერტილს და პიკანტურ დეტალებზე არ დავკონკრეტდებით). ქალს, რომელიც მედიკო ალანიას აპარტამენტებში ცხოვრობდა, ადმინისტრაციას გიტარით ართობდა და სადილებსაც კი აგზავნიდა სახლში, იმის არ შერცხვა, ციხის დირექტორი წამებაში დაედანაშაულებინა და მე, სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც არც კი მიცნობს, ცილი რომ დამწამოს, მისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ სიბინძურის დიდი ნაწილი ჩემს ოჯახზე მოდის, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ გაუგებარ დავასთან, მხოლოდ ერთ დეტალს დავაზუსტებ _ ჩემს მეუღლეს ფოტოებით კი არ ურბენია მინისტრთან, არამედ სწორედ ვანო მერაბიშვილს უთხრა უარი მისი დავალების შესრულებაზე, _ შენი მეუღლის არქივიდან ერთი ვიდეოკასეტა მომიტანეო და ამის გამო სამსახურიდანაც წამოვიდა. ეს გახმაურებული ისტორია ბევრმა იცის და თუ მაინცდამაინც დეტალები გაინტერესებთ, ქ-ნო აგენტო, ნანა ლეჟავას ჰკითხეთ, იმედია, დეტალებს გაიხსენებს, როგორ მოამზადა სრულიად გაუგებარი სიუჟეტი „რუსთავი 2“-ზე, რომელსაც მერე ეს პერიპეტიები მოყვა.
დროში ხართ ჩარჩენილი, ქ-ნო აგენტო, და წყაროებშიც მაგრად მოიკოჭლებთ _ რა ქალები, რის სახარშავი, მეზობლები მხოლოდ ერთხელ შევაწუხეთ ხმაურით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა ჩემი ოფისი ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრებს, ჩემს მეგობრებს ეხმარებოდა ხელმოწერების შესაგროვებლად, რამდენიმე ღამე მეც ოფისის თანამშრომლებთან ერთად გავათიე. მინდა იცოდეთ, რომ ჩემს ბიჭებს არ აქვთ პრობლემები, რომ ქალები ოფისში ატარონ, რაც შეეხება სახარშავს, გასაოცარი არაა, წამლის ბარიგას და თან ნარკოტიკების მომხმარებელს, ყველგან თქვენი პროდუქტი გელანდებათ, მაგრამ ამ ფრონტზეც მაგრად ჩამორჩით _ იმდენი სინთეტიკური და არასინთეტიკური ნარკოტიკია ბაზარზე, სახარშავების მოწყობა საჭირო ნამდვილად აღარ არის. ნურც თავს დაიღლით ჩემი ოფისის ამბების ძებნით, ჯერ ერთი, რომ წყაროს ვერ იპოვით, მეორეც, თქვენზე ბევრად უფრო კომპეტენტური ორგანოების დაკვირვების ქვეშ ვმუშაობთ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მათ არაფერი გამოეპარებათ. მაინცდამაინც ნარკოტიკების ძებნა თუ გინდათ, ახლო-მახლო მიმოიხედეთ და თქვენი ერთი დაქალოჩკის პოლიციელი ძმის წარსული და აწმყო მოიკითხეთ _ აუცილებლად აღმოაჩენთ როგორც ამოღებული ნარკოტიკების მოხმარების, ისე რეალიზაციის ფაქტებს.
კარგია, რომ შვილები გაგახსენდათ, _ ვაიდა, ჩემი და იმ კაცის შვილებს რაიმე რეაქცია ჰქონდეთ კილაძის პასუხების წაკითხვაზეო. მეც მყავს შვილები, რომლებზეც ამდენ სიბინძურეს ანთხევთ, მეც მყავს მეუღლე, რომლის წარსულში არც ერთი ლაქა არაა და ის თქვენი ბინძური ენით სახსენებელი არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, მათ თქვენს ბოდვებზე რეაქცია არ აქვთ, იმიტომ რომ სხვა ფასეულობებით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, ყველა გასაჭირი ერთად გადავიტანეთ და ჩემი უფროსი შვილი, რომელმაც ამდენ რამეს სწორედ ჩემი საქმიანობისა და პრინციპების გამო გაუძლო, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ჰო, ფოტო, რომლის გამოც, თურმე, თქვენმა მეგობრებმა უნდა მიჩივლონ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნდა და ეტყობა, არ იცით, რომ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ფოტოების გაზეთში გადატანა დანაშაული არ არის. (სხვა თემაა ფოტოზე ხელმარცხნივ აღბეჭდილი ქალბატონი მაია წოწორია, რომელიც ყოფილი პატიმარია და ჩვენს არქივში პრემიერის სიმამრთან პიკნიკების ფოტოებიც ინახება (სხვა პიკანტურ დეტალებზე არც ამჯერად შევჩრდებით).
ახლა ორიოდე სიტყვა „ოცნების“ „გმირ“ ლადო ბედუკაძეზეც, რომელიც, თურმე, „საერთო გაზეთს“ ინტერვიუსთვის რედაქციაში ეწვია (ამ დღეებში მეც აუცილებლად ვეწვევი რედაქციას და თქვენ ვალდებული ხართ, ჩემი პასუხებიც გამოაქვეყნოთ), მაგრამ ამ „შერლოკ ჰოლმსის“ მორალზე მარტივი ფაქტიც მეტყველებს, _ ის მატყუარაა, ცრუობს, როცა ამბობს, რომ თითქოს მე დავუკავშირდი. მადლობა ღმერთს, თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს, რომ ფეისბუქის მიმოწერა დავაკოპიროთ და შევინახოთ. ლადო ბედუკაძისა და ჩემი ყველა მიმოწერა შენახული მაქვს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ლადო ბედუკაძესთან კავშირები არასოდეს მიძებნია, ის თავად დამიკავშირდა და მიკავშირდებოდა სისტემატურად. ამასთან, ის იწერდა ყველა იმ პირს, რომელიც მას ბელგიაში „სკაიპით“ ეკონტაქტებოდა. ჩანაწერებს შორის, რომელიც ჩემთან ინახება, არის როგორც საუბრები პირად თემებზე, ასევე საუბრები ჟურნალისტებთან, მათ შორის, მეც უკანონოდ ვყავარ ჩაწერილი. ბედუკაძის ამორალობის უმაღლესი გამოვლინებაა სკაიპის ჩანაწერი საკუთარ მეუღლესთან, რომლის ერთი ფრაგმენტიც (აუდიო) „ქრონიკა+“-ის საიტზე უკვე გამოქვეყნდა.
რა უნდა ველაპარაკო მორალზე კაცს, რომელსაც ფსიქიკა ისე აქვს დაზიანებული, რომ საკუთარი მეუღლის სკაიპით საუბარს არა მხოლოდ იწერს, არამედ ინახავს კიდეც?! სხვათა შორის, ამ საუბრის ბოლოს ბედუკაძე მეუღლეს ეუბნება, რომ ინტერნეტკაფეშია, ამიტომ ავტომატური, ან სპეცსამსახურების მიერ ჩაწერა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
ლადო ბედუკაძის ბოდვები იმდენად არარეალურია, აბსოლუტური უმრავლესობა პასუხის ღირსადაც არ ღირს. ვერც დათო სილაგაძის მოშველიებაა დიდად საინტერესო, იმიტომ რომ ჩემს არქივში ჩემი და დათო სილაგაძის მიმოწერა ინახება, სადაც ის მწერს, რომ ბედუკაძე ბელგიაში განარკომანდა და ის ვანო მერაბიშვილის აგენტია.
ლადო ბედუკაძემ დაიჯერა, რომ ის ნამდვილად გმირია, მაგრამ რომ არა გიორგი ლომია, ვერც ციხის სკანდალური კადრები იხილავდა დღის სინათლეს, არც კარანტინის დაშლის კადრები იარსებებდა და ბედუკაძეც შეიძლებოდა ცოცხალი აღარ ყოფილიყო.
რაკი ლადო შერლოკმა ძალიან გაუტია და შეთქმულების თეორიებში გადაიჭრა, თითქოს „ქრონიკა+“-ის ოფისში მას „ოცნების~ საწინააღმდეგო ამბებში მონაწილეობას აიძულებდნენ, მარტივად ვეტყვი: ბედუკაძე, რა ბრიყვიც იყავი, იმ ბრიყვად დარჩი! ეს შენ გგონია, რომ ჩემი ინიციატივა იყო ჩვენს ოფისში შენი შეკედლება. ვიცოდი რა „კუ და მორიელის“ ამბავი, ერთი ფეხის ნაბიჯზე არ გენდობოდი, მაგრამ მინდა იცოდე _ „ქრონიკა+“-მა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის თხოვნით შეგიკედლა, გამომდინარე იქიდან, რომ კარგად მოგვეხსენებოდა, რაზე იყავი წამსვლელი და ხელის მომწერი, ოფისში ყოფნის ყველა შენი დღე ჩაწერილია, ისევე როგორც კონტროლდება ჩვენი დაცვის სამსახურის მიერ ოფისის გარე პერიმეტრი, ამიტომ ხარ ბრიყვი, როცა შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკობ _ ჩემთვის ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი იყავი, ამიტომ ვერც გეგმებს დავაწყობდი შენთან ერთად და არც საიდუმლო ლაპარაკი მექნებოდა მარტივი მიზეზის გამო _ არც გენდობოდი და თან ჩემი მეგობრების დახმარებით შენს ყოველ ნაბიჯს იქით ვაკონტროლებდით.
გამომდინარე აქედან, შენი შეთქმულების თეორია, რაც უნდა ახალი დეტალებით შეკაზმო, ერთ ადგილას გაიკეთე, ყველა აუდიო მასალა შენახულია, სისტემატიზაციისა და სრულად დაარქივების მერე, დაპირებისამებრ, მკითხველს რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს აუცილებლად შევთავაზებთ, მათ შორის იმას, როგორ ეძახი სოზარ სუბარს ლოთს და რა სიტყვებით ამკობ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. და ამ აუდიო მასალების გასაჯაროების მერე, რომელიც ჩემ მიერ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია მოპოვებული, აუცილებლად მოგიწევს პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე, _ რას ნიშნავდა შენი ფრაზები: „ვანომ იცოდა“, რომელსაც მუდმივად იმეორებდი?
კონვერტებზე და ფულზე თუ მიდგება საქმე, იქნებ ის გაიხსენო შერლოკ-ლადო, თავად რა თანხას იღებდი კონვერტით ჩემგან?!
ახლა კი სრულიად სერიოზულად:
ვებ-გვერდი TB24.ge 20015 წლის 1 აპრილს დაარსდა. მისი რედაქტორის გოჩა ნაჭყებიას ინფორმაციით, დასაქმებულია 2 ჟურნალისტი და 1 კონსულტანტი. ამ დრომდე `თბილისი 24”-ს არც სარეკლამო და არც სხვა რაიმე ტიპის შემოსავალი არ გააჩნია. შპს `თბილისი 24”- ის დამფუძნებლები არიან გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%), გოჩა ნაჭყებია ასევე ლადო ბედუკაძის არასამთავრობო ორგანიზაცია `საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის” გამგეობის წევრია. შეკითხვა არის ძალიან მარტივი – რა სახსრებით არსებობს და ფინანსდება შპს `თბილისი 24”, რომლის ვებ-გვერდი ასევე აქტიურადაა ჩართული `ქრონიკა+”-ის საწინააღმდეგო ბინძურ კამპანიაში?!
P.S. რაც შეეხება ლადო ბედუკაძის საჩივარს, რომელიც მან თბილისის პროკურატურაში მისი დიდი გულშემატკივრის, ნინო ჯღარკავას რჩევით შეიტანა _ სიამოვნებით მივალ დაკითხვაზე, თუ ამის საჭიროება იქნება და აუცილებლად წარვადგენ იმ უკანონო ჩანაწერს, რომელიც ლადო ბედუკაძემ ბელგიაში `სკაიპით” ჩემთან საუბრისას გააკეთა, ასევე მის მიერ ჩაწერილ გრიფით საიდუმლო მისსავე სასამართლო პროცესს, რომლის მასალების გაუხმაურებლობაზე ის გაფრთხილებულია და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებაც იცოდა.
ეს არის ბოლო პასუხი აგენტი ქეთინოს, მოხუცი მწერლისა და „გმირი“ ლადოს, ამირან მესხელის აგენტ დარეჯან მეფარიშვილის და სხვების ყველა იმ პასკვილზე, რომელსაც მომავალშიც დაწერენ. `ქრონიკა+“ სამართლებრივ სიბრტყეში გადადის. უკვე მომზადებულია და ამ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლოში შევა ორი სარჩელი: ერთი „საერთო გაზეთის“ და მეორეც „თბილისი 24“-ის წინააღმდეგ.
ჩვენ არ გვაქვს იმის დრო და სურვილი, გაუწონასწორებელი და უსაქმური ადამიანების ბოდვებზე პასუხები ვწეროთ!!!
ელისო კილაძე