QronikaPlus
შეღონებული ევროკომისარი და ბათუმის გარღვეული ბიუჯეტი?!

შეღონებული ევროკომისარი და ბათუმის გარღვეული ბიუჯეტი?!

2015-11-23 06:36:09

საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საყოველთაო განხილვა ბათუმიდან დაიწყეს. როგორც მოგვახსენეს, ბიუჯეტი 9 მილიარდ 920 მილიონი ლარი იქნება. აქედან 280 მილიონი ლარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდზე მოდის. თუმცა რას მიიღებს აჭარა, ალბათ, ნოდარ ხადური ციკნის გემოს გასინჯვის მერე განსაზღვრავს. მუნიციპალიტეტების ტრანსფერი 620 მილიონი ლარია, აქედან რამდენია ბათუმის წილი, ქალაქის მერმაც კი არ იცის, მაგრამ იცის, რომ როცა ფულს მიიღებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოანდომებს. ბიუჯეტში არც ქალაქ ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებია გათვალისწინებული. სარფიდან მოვყვებით და იმ ხუთწლედში ჩამოვაღწევთო, ბრძანეს ზემოდან. მანამდე კი ზღვას შეშინებულის ლოცვა ულოცეთ და არ აღელდებაო. ამ შეკრებაზე ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პრეზიდიუმში ნამდვილი კოჰაბიტაცია ვიხილეთ, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ კი არა, თავად ამ იდეის თავსმომხვევლებსაც რომ ვერ წარმოედგინათ. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ მურმან დუმბაძე, ავთანდილ ბერიძე და არჩილ ხაბაძე. გულში რას ფიქრობდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ გარეგნულად სახელმწიფო მამებს ჰგავდნენ. მალე აჭარაში მანდარინის კრეფა იწყება და თან წელს უხვ მოსავალს ვარაუდობენ. ხელისუფლებას არც გასაღების ბაზრების მოძიებაზე მოუკლავს დიდად თავი და არც აჭარელი გლეხების დახმარებაზე. პროცესი ალალბედზეა მიშვებული. სუბსიდირებაც სასაცილოა. არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო მხოლოდ 10 თეთრს იხდის, მაშინ როცა კახეთში ყურძენში 30 იხდიდნენ. არავინ იცის, აჭარლები მადას უჩივიან თუ გემოვნებას?! თბილისის არ იყოს, ბათუმის ქუჩები საშინელ დღეშია. ის ადგილები, სადაც თავად დაბრძანდებიან, მოკირწყლულ-მოგვირისტებულია, ხოლო ის, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, სავალალო ვითარებაში. ამიტომაც პერმანენტულად ბათუმის მცხოვრებთა სამართლიანი გულისწყრომა ისმის. ამჯერად სულაბერიძის ქუჩის მცხოვრებნი ითხოვენ, ორი წლის წინათ არჩევნებისას რომ დაგვპირდა გიორგი ერმაკოვი, ბავშვების სათამაშო მოედანს და ქუჩას მოვაწესრიგებ, რა იქნა ის პირობაო? ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის სრული რეკონსტრუქციისათვის 16 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას 18 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეაბილიტაცია ერთ თვეში დასრულდება. თვენახევარზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა. ბათუმელები ძალად არჩეულ-დანიშნულ მერს ბათუმში მწვანე საფრის განადგურებაშიც სდებენ ბრალს. ჯერ იყო და თაყაიშვილის 52/56 ნომრის მიმდებარედ ათობით ხის მოჭრის ნებართვა გასცა მშენებლობისთვის, მოგვიანებით კი ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში პარკი გაასხვისა. ხეები აქაც კორპუსების მშენებლობას შეეწირა. ამიტომ ქალაქში ხშირად გაიგონებთ ერმაკოვის მეტსახელსაც _ როგორც ბათუმელები ხუმრობენ, მათ მერქანჭამია მერი ჰყავთ. ჭამასა და მადაზე ლოგიკას სცდება ის გარემოებაც, რომ ბათუმის მერია ბიუჯეტის ათვისებას ვერ ახერხებს. ეშმაკი დეტალებშია, რაც ადგილობრივებმა ყველაზე კარგად იციან. კერძოდ: ვერ დაასრულეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერ მოამზადეს საპროექტო დოკუმენტაცია, ვერ დაიწყეს მშენებლობები, ვერ განათავსეს შუქნიშნები, ვერ იზრუნეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ა. შ. სამაგიეროდ, ისევ გაირღვა ბათუმის ბიუჯეტი და სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ნაშთის სახით დარჩენილ თანხას, კიდევ 11 მილიონი დაემატება და 31 მილიონი გახდება. ქალაქის დაგეგმარებაში აქტივების რუკის შესაქმნელად გამოყოფილი 26 ათასი ლარიდან, მხოლოდ 3219 ლარი დაიხარჯა და რუკა ისევ არ გაუკეთებიათ. მხოლოდ 53%-ით შესრულდა ქალაქის ისტორიული უბნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის  გათვალისწინებული თანხის ათვისებაც. აჭარაში არმაზ ახვლედიანთან ერთად, „ოცნების“ დამაქცევარი თამაზ თურმანიძე საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. გულუბრყვილოებს ჰგონიათ, რომ ეს პარტიული წმენდაა და მსგავი კატეგორიის ხალხზე „ოცნება“ უარს იტყვის. რეალურად კი, თურმე, საქმე ბიზნესწილებს ეხება. თამაზ თურმანიძე ბაგრატ მანველიძის, ნუკრი დოლიძისა და მისი ძმის სამშენებლო კომპანიებს პატრონობს, რაც რეგიონის „ტანდემის“ ბიზნესინტერესებს და მომავალი არჩევნებისათვის მყარად ფეხზე დგომას ეწინააღმდეგება. ამასობაში ბოლო კვირის სტიქიამ აჭარას გადაუარა და რეგიონს საგრძნობი მატერიალური ზარალიც მიადგა. ხალხში ითქვა კიდეც, რომ ამ პერიოდში ხაბაძე თავის ბიზნესმენ ძმაკაცებთან ერთად მორიგ „ტუსოვკაზე“ ყოფილა ევროპაში, მაგრამ მეორე დღესვე გამოჩნდა. როგორც „ქრონიკა+“-ს ადგილობრივები კულუარულად უმხელენ, თურმე, ხშირად სცოდნია ხაბაძეს საზღვარგარეთ „გაპარვა“. ისე, ამ უკანასკნელს ბათუმში ჩამოსული ევროკომისარიც გაუოცებია, შეხვედრის შემდეგ სტუმარს დაუჩივლია: ეს რამდენი ლაპარაკი სცოდნიაო? მეორე სახუმარო თემაც იქვე გაუჩნდათ ადგილობრივებს: ნეტა, ეს ევროკომისარი ხაბაძეს ხომ შეახვედრეს ნამდვილადო?! თუმცა არც მთლად ასე სახუმაროდ აქვს საქმე აჭარას... ესეც ადგილობრივების გადასახედიდან, თორემ „მეოცნებეები“  იმ ბრძენი კაცის არ იყოს, ფიქრობენ, _ ქვეყანაში დიდებულადაა ყველაფერი! არადა, ცოტამ თუ იცის, რომ იმავე ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკას _ ხულოს რაიონის სოფელი დიაკონიძეები ეწირება. შუახევჰესზე აფეთქებების შედეგად სოფელში აღარც გზა ვარგა, წყალიც დაშრა და სახლები ისე დაიბზარა, სამი ოჯახი უკვე გაარიდეს საფრთხის ზონას.  

                                                                                                               ნატო ქათამაძე

გაზიარება