რთულია, რამე დაწერო იმ საშინელი ტერაქტების სერიაზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელდა. შეუძლებელია, არ შეგძრას ამ ყოველივემ. ეს არის სამყაროს ძალადობრივი ნაწილის შემოქმედება. ეს არის ახალი ომის სახე, რომელიც უსწორდება მშვიდობიან მოსახლეობას, ადამიანებს, რომელთაც არაფერში მიუძღვით ბრალი, მაგრამ ისინი იღუპებიან სხვა კონტექსტით.
ვინ ამარაგებს ტერორისტებს ფულით, იარაღით, იდეოლოგიით და ამ ადამიანებს რა ღირებულებები აერთიანებს? რატომ არის მათი არსებობისთვის მთავარი მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობა, შემდეგ ამ სისასტიკის ჩვენება მასობრივად? რას გვეუბნებიან ისინი ამით? რა ენაზე უნდა ვესაუბროთ მათ? ძალიან რთულია, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს? ვფიქრობთ, რომ არა, ვინაიდან ეს სისასტიკე მოქცეული არის წესრიგში, ორგანიზებულია ფინანსურად, იარაღით, იდეოლოგიით. თუ არსებობს წესრიგი, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ საფრანგეთის ტერაქტები არის სწორედ ამ წესრიგის შემადგენელი ნაწილი. მასში დევს პოლიტიკური დისკურსი, მოიაზრება გლობალურად ევროპაში არეულობის შეტანის დისკურსი და მსოფლიოში დიდი ხანძრის დანთების დისკურსი.
თუ მივიჩნევთ, რომ დღეს ეს ტერორისტული ძალები მსოფლიო წესრიგის დამანგრევლები არიან, მაშინ საფრანგეთის ტერაქტები ნაწილია იმ საშინელი ომისა, რომელიც 2008 წელს დაიწყო საქართველოში, შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში და გაგრძელდა სირიაში. საფრანგეთში ამ ომმა სხვა სახე მიიღო, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა არც უკრაინაში და საქართველოში იყო უცხო. ამიტომ მსოფლიო წესრიგის მოწინააღმდეგე ძალებს აქვთ ერთი მთლიანი კონტექსტი. ეს არის გამარგინალებული რუსეთის ველური იმპერიული ძალის დღის წესრიგი, რომელშიც შედის საქართველოს ოკუპაცია, ყირიმის ანექსია, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ოკუპაციის მსოფლიო დღის წესრიგად ქცევა და შემდეგ ამაზე შეთანხმება; ზოგადად, რუსული ახალი იმპერიის დაკანონება, მისი დღის წესრიგის მსოფლიო დღის წესრიგში ჩართვა.
სინამდვილეში ყველაფერი არის სხვაგვარად. მთელი ეს ტერორისტული არმია მარაგდება რუსული იარაღით. ის არის ორგანიზებული ძალა, რომელიც გამოიზარდა სწორედ ბაშარ ასადის უბეში. მსოფლიო თანამეგობრობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ასადის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში. ჯერ კიდევ 2013 წელს ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაცხადა: `სირიის მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკუთარი მარაგების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ახლა საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი რეზოლუცია, რათა ასადის რეჟიმმა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. და იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. თუკი ჩვენ ამას არ დავთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ გაეროს არ შესწევს უნარი, საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმები დაიცვას. მეორე მხრივ, თუ ამას მივაღწიეთ, ეს ძლიერი გზავნილი იქნება, რომ 21-ე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია. წარმოდგენა იმაზე, რომ სირია შეიძლება ომამდელ სტატუსს დაუბრუნდეს, ფანტაზიაა. დროა, რუსეთმა და ირანმა გაიგონ, რომ ასადის მმართველობის გაგრძელება იმ შედეგს მოიტანს, რისაც მათ ასე ეშინიათ _ ექსტრემისტების სისასტიკის ზრდას“. ასადის მიერ 2013 წლის 21 აგვისტოს დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 1429 ადამიანი, მათ შორის, 26 ბავშვი. ქიმიური იარაღის გამოყენების გამო აშშ სირიაში სადამსჯელო სამხედრო ოპერაციას გეგმავდა. რუსეთი იყო ის სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს შეჰპირდა, რომ ის სირიაში ბაშარ ასადის საკითხს მოაგვარებდა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის 21 აგვისტოს ასადისვე ბრძანებით მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
აი, აქ დაშვებულმა შეცდომამ შექმნა ის რეალობა, რომ დღეს რუსული ფლოტისა და ავიაციის მიერ, პრაქტიკულად, სირიის თავზე სრული საჰაერო კონტროლის ქოლგა აღიმართა. საუბარია იმაზე, რომ, რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა სირიის თავზე NO FLY ზონის შექმნა, ოღონდ აშშ-ს პატრონაჟით, რათა ასადს არ გამოეყენებინა თავისი ავიაცია ბრძოლებში, ახლა რეალურად რუსეთმა დაასწრო მათ და აბსოლუტურად იგივე იდეა, ოღონდ საპირისპირო მიზნებით, განახორციელა. დღეს რუსეთის ამოცანა ამ მიმართულებით არის ის, რომ უკრაინით გამარგინალებული რუსული პოლიტიკა როგორმე დაუბრუნდეს კონიუნქტურული პოლიტიკის ჩარჩოებს. რუსეთი ყველა ხერხით ეცდება, დასავლეთი დაიყოლიოს ერთობლივ ქმედებებზე ტერორიზმის წინააღმდეგ და ვფიქრობთ, ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ საფრანგეთში განხორციელებული ტერორიზმის სერიები. ეს არის სწორედ ზეწოლის მექანიზმი დასავლეთზე და მასში აშკარად ჩანს რუსული ხელი. თუ რუსეთის სირიაში შეჭრის თემას კარგად გავაანალიზებთ, ის ძალიან იოლად მიებმება საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ იმ შედეგების დადგომის სურვილს, რაც სირიის კონფლიქტში მონაწილეობას უნდა მოჰყოლოდა.
რუსეთს სირიაში შეჭრისას ჰქონდა შემდეგი მიზნები:
1. ეს არის უკრაინის მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და ახალი ცხელი წერტილის შექმნა, სადაც რესურსები კონცენტრირდება;
2. გარდა საერთაშორისო ყურადღების კონცენტრირებისა, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა თანმიმდევრულად მიდის რუსეთის იზოლაციისაკენ, ეს არის მოსკოვის მცდელობა, რომ შექმნას საკუთარი თავის საჭიროება, როგორც ვითომ ტერორიზმთან მებრძოლი აქტორის, რაც იქნება პოპულარული ნაბიჯი იმ მხრივ, რომ ISIS დღეს ყველასთვის უდიდესი გამოწვევაა. თუ რუსეთს საკუთარი თავის საჭიროების შექმნის პროცესი გაუვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ მასთან უნდა დასხდნენ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები და ელაპარაკონ იმაზე, როგორ ებრძოლონ ISIS -ს. ეს უკვე, ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის თემაზე რუსეთის იზოლაციის პროცესი წყდება და, მეორე მხრივ, რუსეთი ხდება მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რეგიონის პრობლემის გადაჭრის მონაწილე;
3. ყველაზე დიდი ამოცანა შეიძლება იყოს რუსეთის სურვილი ლიდერობის აღების თვალსაზრისით იმ ვაკუუმში, რომელიც შექმნილია ამ რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა მკვეთრ მოქმედებებს, მეტ-ნაკლებად, ერიდება და რუსეთი ეცდება, თავისი გავლენის გაძლიერებას ირანზე, ერაყსა და იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფრონტაციაში იმყოფებიან.
საფრანგეთის ტერაქტების შემდეგ თავის Fაცებოოკ გვერდზე რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი მარკოვი, პუნქტებად ჩამოთვლის იმ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა განახორციელოს დასავლეთის სახელმწიფოებმა და ერთ-ერთი არის, რომ „სასწრაფოდ დასრულდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტი უკრაინის საკითხზე. უკრაინის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ტექნიკური მთავრობით, შეიცვალოს კონსტიტუცია, განადგურდეს ნეონაცისტები უკრაინაში, ჩატარდეს ახალი არჩევნები უკრაინაში. კიევის ხელისუფლებაა ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობა, რომ რუსეთი და დასავლეთი ერთად ებრძოლოს ტერორიზმს, ანუ ISIS -ს“. ფაქტობრივად რუსეთმა აღიარა, რისთვის მოხდა ტერაქტი საფრანგეთში _ უკრაინაში მთავრობის ცვლილებისთვის და რუსეთის ევროპულ თანამეგობრობაში სრულუფლებიან პარტნიორად დაბრუნებისთვის. ხოლო რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე პუშკოვი, ტვიტერზე პარიზის ტერაქტებს ეხმიანება და ევროპას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში უმოქმედობაში ადანაშაულებს. „ეს უკვე ტერაქტი არაა. ეს უკვე ნამდვილი ტერორისტული ომია, რომელიც ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან მოვიდა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ უნდა მოხდეს ერაყის ოკუპაცია და ომი სირიასა და ლიბიაში. დასავლეთი, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ფიქციური ომის ნაცვლად, რეალურ საომარ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს ერაყში და სირიაში. საჭიროა საომარი და პოლიტიკური კოორდინაცია რუსეთთან. რუსეთი სირიაში ებრძვის მათ, ვინც პარიზში აფეთქებები მოაწყო და ომი გამოუცხადა ევროპას. დროა, დასავლეთმა შეწყვიტოს მოსკოვის კრიტიკა და შექმნას საერთო კოალიცია. დასავლეთი გაუკეთებს მობილიზებას ნატოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის? თუ ალიანსი უსაქმურობისგან ბოდვებს იქამდე გააგრძელებს, სანამ „ისლამური სახელმწიფო“ ევროპას ააფეთქებს?“
ალ. პუშკოვისა და ს. მარკოვის განცხადებები ავსებს ერთმანეთს. რუსეთი ნამდვილად მოიაზრებს თავის პოლიტიკაში საფრანგეთის ტერაქტების შედეგებს, რომელიც გულისხმობს რუსეთის დაბრუნებას მსოფლიო თანამეგობრობაში, იმ პრობლემებით, რომელიც შექმნილია უკრაინაში, საქართველოში და რომელსაც ის ქმნის სირიაში. რუსეთს სურს დაბრუნდეს მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლიდანაც ის გარიყულ იქნა უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო. მიუხედავად ამ სურვილისა, მას ერთი წამით არ სურს დათმოს უკრაინის ან საქართველოს პრობლემებში ჩარევა. მისი სურვილია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მიიღონ თავისი დღის წესრიგით. ისევე როგორც ეს მიზანი ჰქონდა რუსეთს, როდესაც სირიაში შეიჭრა, რათა მსოფლიო პოლიტიკის ცხოვრებაში დაბრუნებულიყო.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პოლიტიკა ზუსტად ისევეა ამოვარდნილი მსოფლიო დღის წესრიგიდან, როგორც ISIS -ი. არც ისაა უცხო მსოფლიოსთვის, თუ როგორ მოხდა რუსეთში ტერაქტების სერია და დაიწყო მეორე ომი ჩეჩნეთში, რომლის გამმჟღავნებელი ლიტვინენკო პოლონიუმის ჩაით გამოასალმეს სიცოცხლეს. როგორც იტყვიან, ყველა ტექსტი დაწერილია და ახლა მხოლოდ გადაწერა მიმდინარეობს. გადაწერა იმისი, რაც რუსეთმა არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს, დაწყებული ევროპის ჟანდარმობიდან, ბოლშევიკური ტერორიზმით და ბოროტების იმპერიის სახელის დამკვიდრებით, სადაც არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლეს, განსხვავებით ევროპული ღირებულებებიდან, სადაც უმაღლეს ღირებულებას ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ძალიან ემთხვევა ერთმანეთს ISIS -ის ღირებულებები და რუსეთის ღირებულებები.ISIS -ი ახდენს მსოფლიო წესრიგის რღვევას, ისევე როგორც ამას ახდენს რუსეთის ფედერაცია. მაგალითად, 15 ოქტომბრის G20-ის შეხვედრაზე რუსეთი წინააღმდეგია, განხილულ იქნეს უკრაინის საკითხი. უკრაინაში შეჭრით მან განახორციელა იგივე, რაც ISIS -მა პარიზში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის სირიის კონფლიქტში ჩართვა მოინათლა როგორც „ავღანეთი ორი“, რუსეთს გაუჭირდება ამ კონფლიქტის თავის სასურველად დასრულება, ვინაიდან „ავღანეთი ორის“ შემთხვევაში დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხეც მოსალოდნელია და ამ ტერაქტების შემდეგ ამის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება. ყველაფერი, რასაც რუსეთი ჩვენს თუ სხვა რეგიონებში აკეთებს, ლიმიტირებულია, ის პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში დასავლეთთან ვერ შევა. სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში რუსეთს განუზომლად ნაკლები რესურსი აქვს. ამიტომ რუსეთის ქმედებები უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ დასავლეთი აიძულოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. კრემლის ამოცანაა, დეიზოლაცია და არა სამხედრო დაპირისპირება დასავლეთთან. ამიტომაა, რომ საფრანგეთის ტერაქტებში რუსი პოლიტიკოსები სწორედ ამ შედეგების დადგომას ელიან. დასავლეთმა მოსაზღვრა წითელი ხაზები რუსეთისათვის და ეს არის უკრაინა. ამიტომ, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ საფრანგეთის ტერაქტები იმის მცდელობაც არის, რომ ეს წითელი ხაზები მოიშალოს, რომ რუსეთი დაბრუნდეს მსოფლიო პოლიტიკის ცხოვრებაში. ამიტომ რუსეთის ინტერესი იკვეთება ამ ტერაქტებით. ამიტომ კიდევ არ არის გამორიცხული სიტუაციის დამძიმება, რათა მიღწეულ იქნას მთავარი მიზანი.
ამ ტერაქტების შემდეგ ევროპულ საზოგადოებაში, საშუალო სტატისტიკურ ევროპელში,ISIS -ის პრობლემის სიმწვავე იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა იმუშაოს გზავნილმა: „პუტინი ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს“ და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, მაგალითად, იმის გარკვევა, ასადი უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, თუ არა? ამიტომ ეს არის ფონი, რომლის გამოყენებასაც რუსეთი ეცდება და ის კიდევ უფრო გაძლიერდება ამ ტერაქტების შემდეგ.
დღეს დასავლეთის ამოცანაა, რეალურად დაანახვოს თავის მოსახლეობას, რომ პუტინთან კავშირი კი არ არის პრიორიტეტი, არამედ მისგან დისტანცირება, ვინაიდან სწორედ რუსეთია ის სახელმწიფო, რომელიც არღვევს მსოფლიო წესრიგსა და ქმნის საერთაშორისო პრობლემებს. რუსეთის ჩართულობა სირიის კონფლიქტში რეალურად ISIS-სთან ბრძოლა კი არ არის, არამედ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის განადგურებაა. ეს რუსეთს იმისთვის სჭირდება, რომ ასადის დარჩენის შემთხვევაში ის დაბლოკავს ახლო აღმოსავლეთის ენერგოდერეფნებს ევროპისკენ და „გაზპრომის“ მონოპოლიას შეინარჩუნებს, რითაც ის კვლავ ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო იქნება და თავის იმპერიულ მიზნებსაც განახორციელებს. ასადის დაცემით რუსეთი იღებს გარიყულობას მსოფლიო პოლიტიკიდან და მასზე სანქცირებული ზეწოლა აიძულებს, დატოვოს უკრაინა, ყირიმი, რაც პუტინის მთელი მითოლოგიის _ „ახალი დიდი რუსეთის“ მარცხი და კატასტროფაა. სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგება ვლადიმირ პუტინი. ამიტომ აბსოლუტურად არაა გამორიცხული, რომ მის მიერ სიტუაციის შენარჩუნებისთვის კიდევ მეტის დაშვება მოხდეს, ვიდრე ტერაქტებია და ეს განახორციელა საქართველოში 2008 წელს და ახორციელებს უკრაინაში დღეს. ხვალ შესაძლოა ეს გააკეთოს ბალტიისპირეთში. სწორედ ამიტომ იყო, რომ აშშ-ს სარდლობამ რუსეთი გააფრთხილა მოკავშირეების დაცვის შესახებ, თუმცა რუსეთისგან რაიმის გამორიცხვა შეუძლებელია.
დღევანდელი მსოფლიო დიდი გამოცდის წინაშე დგას _ ან დამარცხდება მსოფლიო ტერორიზმი, რომელსაც ერთი და იგივე დისკურსი აქვს რუსეთთან, ან მსოფლიოს მომავალი ჩათრეულ იქნება ამ ახალი ტიპის მესამე მსოფლიო ომში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ცივილიზებული კაცობრიობა უნდა შეთანხმდეს ერთ რაიმეზე, რაც უფრო მალე მოხდება რუსული იმპერიის დემონტაჟი, მით მალე დაისადგურებს მსოფლიოში მშვიდობა.
ირაკლი მარგველაშვილი