QronikaPlus
 მამუკა ნოზაძე: „ასეთ მოსამართლეებზე არ ოცნებობდა ხალხი“

მამუკა ნოზაძე: „ასეთ მოსამართლეებზე არ ოცნებობდა ხალხი“

2015-11-21 08:27:41

  ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოსამართლეების მხრიდან უკანონობების ახალ ფაქტებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებში კვლავ არიან ზონდერ მოსამართლეები, რომლებიც ობიექტურ სამართალწარმოებას აფერხებენ. მამუკა ნოზაძე: _ მოსამართლეები დანაშაულს კონკრეტული ადამიანების მიმართ სჩადიან. ახლა ერთ საქმეზე უნდა გესაუბროთ, რომელიც თელავის რაიონული სასამართლოს ზონდერ-მოსამართლე მარინა ცერცვაძემ 2015 წლის 26 ოქტომბერს განიხილა და უდანაშაულო პიროვნებას 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ცერცვაძის მსხვერპლი ამჯერად გიორგი ჩუგოშვილი გახლავთ. ზონდერ-მოსამართლეა ის მოსამართლე, რომელიც შეგნებულად და მიზანმიმართულად სჩადის დანაშაულს, თუმცა დარწმუნებულია განსასჯელი პირის უდანაშაულობაში. თუნდაც არ იყოს დარწმუნებული, როცა საქმის მასალები არ იძლევა შესაბამის მტკიცებულებას, მან არ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი და არ უნდა ჩაიდინოს როგორც დანაშაული, ასევე უფლის წინაშე უღვთო საქციელი. პროკურატურის მიერ ასეთი საქმის სასამართლოში გადაგზავნა და იქ მისი მხარდაჭერა სამარცხვინოა და დანაშაულებრივი. _ მოგვიყევით, რატომ დააკავეს ჩუგოშვილი, რა დააშავა მან? _ საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ბრალდებულის, პირის პასუხისგებაში მიცემის დადგენილება და ნებისმიერი შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას. ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მოსწონს თუ არა ვინმეს, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან არის კონსტიტუციის მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები არ ითვალისწინებენ, არღვევენ მას და შინაგანი რწმენით იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც დაუშვებელია. შინაგანი რწმენა განმტკიცებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. მოსამართლე მარინა ცერცვაძეს, რომელიც `ნაციონალური მოძრაობის~ დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი  იყო და თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოსამართლეო საქმიანობას ასრულებდა, ამ პერიოდში ერთი გამამართლებელი განაჩენიც არ გამოუტანია და ერთ-ერთ დამსჯელ მოსამართლედ ითვლებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ რამდენიმე საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ისიც უმნიშვნელო საქმეებზე და დღესაც განაგრძობს ხელისუფლების დაკვეთების შესრულებას. მონა მოსამართლის ფსიქოლოგია ასეთია: მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ყოველთვის ორიენტირებულია დაკვეთის შესრულებაზე. მან განაჩენი დააფუძნა არასრულფასოვან საქმეში მტკიცებულებების არმქონე გარემოებებზე და გიორგი ჩუგოშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, ასევე მე-19, 109-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და, როგორც გითხარით, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს უპირველესი მოვალეობა ის არის, რომ უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემა არ დაუშვას და სამართალშემოქმედებითი უნარი იმისთვის გამოიყენოს, რომ დასაბუთებული განაჩენი გამოიტანოს და არა სასამართლოს მიერ კალკირებული ბრალდების ფორმულირება, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. _ იქნებ, ჯერ ის ამბავი მოგვიყვეთ, რაც ჩუგოშვილს გადახდა და რის გამოც ის დღეს ციხეში ზის? _ ეს ინციდენტი გაზაფხულზე მოხდა, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. გიორგი ჩუგოშვილი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი მამა-შვილ ელიზბარაშვილებისგან და მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში ეს დადგენილია, მოსამართლემ მხოლოდ კალკირებით გადაიტანა ჩიგოშვილის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილი ბრალდებულის დადგენილებაში მითითებული გარემოებები. ამ ფორმულირებაში მითითებულია, რომ თითქოს ჩუგოშვილმა როცა ჯაბა ელიზბარაშვილის ხმა გაიგო, რომელიც შემდგომ გარდაიცვალა, მისდამი შურისძიების გრძნობით განიმსჭვალა და მისი მოკვლა განიზრახა. ეს არის სიცრუე. გაუგებარია, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს ასეთ რამეს მოსამართლე ცერცვაძე, რადგან მსგავსი რამ სასამართლო გამოძიების დროს არ დადგენილა. სასამართლო გამოძებამ დადგინა, რომ გიორგი ჩუგოშვილი, ღამის საათებში, მეგობრიდან ნაქეიფარი, სიმღერით ბრუნდებოდა სახლში. გზაზე მას ჯაბა ელიზბარაშვილი დახვდა და ყოვლად უსაფუძვლოდ შეურაცხყოფა მიაყენა. სანამ სახლამდე მივიდოდა, ჩუგოშვილს  ელიზბარაშვილების სახლი უნდა გაევლო. მანამდე ამ ადამიანებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ არსებობოდა, ამიტომ საკვირველია, რატომ უნდა გამოეწვია ელიზბარაშვილში ჩუგოშვილის დანახვას და მის სიმღერას აღშფოთება? დადგენილია, რომ ჯაბა ელიზბარაშვილმა ჩუგოშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ამაზე სასამართლოს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. გიორგი კარგად ნავარჯიშები სპირტსმენია, მას შეეძლო ადეკვატური პასუხი გაეცა შეურაცხყოფაზე მამა-შვილ ელიზაბარაშვილებისთვის, მაგრამ შეურაცხყოფა დიდი რუდუნებით მოითმინა და მხოლოდ ხელის კვრით მოიცილა ჯაბა ელიზბარაშვილი, შემდეგ კი სახლისკენ გაემართა. მე ახლა დავსვამ იმ კრიტიკულ კითხვებს, რომელიც მოსამართლეს საქმის ობიექტურად განხილვის შედეგად უნდა გასჩენოდა, მაგრამ მას ასეთი კითხვები არ გაუჩნდა და მხოლოდ ფორმალობით შემოიფარგლა. მოსამართლეს უნდა ეკითხა: რატომ არ მოიმოქმედა არაფერი ნოდარ ელიზბარაშვილმა, როცა მისი შვილი დაუმსახურებელ შეურაცხყოფას აყენებდა გიორგი ჩუგოშვილს და ამცირებდა? მას, როგორც მამას, შეეძლო გაენეიტრალებინა შვილი, დაეწყნარებინა და უდანაშაულო ადამიანისთვის მოეცილებინა, რაც არ გააკეთა. ნებისმიერ ობიექტურ ადამიანს გაუჩნდებოდა ეს კითხვა, თუმცა მოსამართლე ცერცვაძეს არ გასჩენია. მოსამართლემ განაჩენში მიუთითა, რომ, თითქოს, ამის შემდგომ ჩუგოშვილი განაწყენებული წავიდა სახლში. ასეთი რამ სასამართლო გამოძიების დროს არ არის დადგენილი და ეს მოსამართლის ტყუილია. მას შემდეგ, რაც ჯაბა ელიზბარაშვილი ჩუგოშვილს არამართლზომიერად მოექცა და არაფრით არ დაოკდა, თავად განიზრახა დამატებითი ანგარიშსწორება ჩუგოშვილის მიმართ და მიზანმიმართული მოქმედებებიც განახორციელა. მან დაჟინებით სთხოვა საკუთარ მამას, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე იყო, წაჰყოლოდა ჩუგოშვილებთან. მამა- შვილი იქ შურისძიების განზრახვით წავიდა. მამამ ყველა ღონე არ იხმარა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შვილი ისეთ საქმეზე არ გაეშვა, სადაც შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა. არც ის უთხრა, რომ ასეთ დროს არ შეიძლებოდა უცხო ოჯახის შეწუხება, იქ მივარდნა და აწიოკება. განაჩენში სიცრუე და შეუსაბამო ბევრი ფაქტია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ნოდარ ელიზბარაშვილის ჩვენებას ემყარება და გიორგი ჩუგოშვილის ჩვენება არ არის გათვალისწინებული. _ თქვენი აზრით, მოსამართლე ასე რატომ მოიქცა? _ ცხადია, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება ბევრი რამიდან იკვეთება. არ არის ამოღებული დანა, რომლითაც ჯაბა ელიზბარაშვილი გარდაიცვალა და რომელიც მას თან ჰქონდა. თუმცა მოსამართლე ყოველგვარი მტკიცებულებისა და მოწმის გარეშე აღნიშნულ დანას ჩუგოშვილს მიაწერს. ის ამბობს, რომ დანა მას ჰქონდა. ვიმეორებ: სასამართლოს განაჩენში ასევე წერია, რომ თითქოს გიორგი ჩუგოშვილმა, როცა ელიზბარაშვილის ხმა გაიგო, მისდამი შურისძიებით განიმსჭვალა და მისი მოკვლა განიზრახა. საინტერესოა, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნას მოსამართლე, მაშინ როცა არათუ ამის უტყუარი  მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არამედ მიმანიშნებელი მტკიცებულებაც კი არ არის. ჩუგოშვოლი თავად არის მსხვერპლი თავდასხმის, რადგან მას სახლში ორი ადამიანი მიუვარდა და ანგარიშსწორება დაიწყო. ჯაბა ელიზბარაშვილს თან ჰქონდა დანა, რაც გიორგი ჩუგოშვილისთვის საფრთხის შემცველი იყო. მათი თავდასხმის შედეგად მის სიცოცხლეს არათუ საფრთხე ემუქრებოდა, არამედ რეალური საფრთხის ქვეშ იყო.  ჩუგოშვილს შურისძიების გრძნობა რომ ჰქონოდა, საკუთარი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა პირველად შეხვდა ელიზბარაშვილებს და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.  ეს არ გააკეთა ჩუგოშვილმა, რადგან ასეთი განზრახვა არ ჰქონია. მეორედ მას საშუალება ჰქონდა, ანალოგიურად მოქცეულიყო, როცა მასთან სახლში მივიდნენ. მას ეს რომ სდომებოდა, სახლში მისვლისთანავე აიღებდა დანას, უკან გაბრუნდებოდა და განახორციელებდა, რაც გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია, ასეთი რამ არ მომხდარა. მერე აქეთ დაესხნენ თავს მამა-შვილი ელიზბარაშვილები ანგარიშსწორების მიზნით, რომელთაც განზრახვა ჰქონდათ, ჩუგოშვილის სიცოცხლე ლეტალურად დასრულებულიყო. ჯაბა ელიზბარაშვილს თან რომ არ ჰქონოდა დანა, ჩუგოშვილი ადვილად გაუმკლავდებოდა მათ თავდასხმას და ასეთი შედეგიც არ დადგებოდა. ის შეეცადა, თავი დაეცვა და ხელიდან გამოგლიჯა დანა, რა დროსაც ელიზბარაშვილმა დაზიანებები მიიღო. მასობრივი საშუალებებით მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის ან გადაწყვეტილების კრიტიკა არ შეიძლება, ის არც დაცვის მხარემ უნდა შეაფასოსო. დაცვის მხარემ უნდა ისარგებლოს მხოლოდ გასაჩივრების ინსტიტუტით ზემდგომ სასამართლოში, რომლის თანახმადაც განაჩენი უნდა გადაისინჯოსო. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვეთანხმები, გასაჩივრების შესაძლებლობა რომ არსებობს, ამის შესახებაც კარგად ვიცი და ვიყენებ კიდევაც, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: საზოგადოება ყოველთვის უნდა იყოს საქმის კურში, რადგან თითოეული ადამიანი დგას იმ საშიშროების წინაშე, რომ შეიძლება მარინა ცერცვაძისნაირი ზონდერ მოსამართლეების მსხვერპლი გახდეს, ამიტომაც გვჭირდება საჯაროობა. მოსამართლეები, რომლებიც უკანონობებს სჩადიან, უნდა ვაკრიტიკოთ და ისინი უნდა იყვნენ საზოგადოების მუდმივი ინტერესის ქვეშ. საზოგადოება და ჟურნალისტები უნდა იყვნენ მოდარაჯის როლში, რათა მათ აღარ ჰქონდეთ გასაქანი ასეთი ქმედებებისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ სახელის და გვარის ადამიანი საშიშროებას წარმოადგენს საზოგადოებისთვის. მოსამართლემ უნდა აღასრულოს სამართალი, მან უნდა გამოიტანოს კანონიერი განაჩენი და არა ის, რაც პროკურატურას სურს. ამ დილემის წინაშე დგას დღეს ქართული საზოგადოება და როცა ვამბობთ, რომ უკანონო განაჩენები გამოდის, ამას ზემდგომმა ინსტანციებმა ყურადღება უნდა მიაქციოს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კომენტარი უნდა გააკეთოს და არ უნდა ჩაიკეტოს ვიწრო ნაჭუჭში. გიორგი ჩუგოშვილს რომ ხელისუფლების რომელიმე შტოში გავლენიანი მფარველი ჰყოლოდა, ბუნებრივია, მარინა ცერცვაძე ვერ გაბედავდა ასეთი უკანონო განაჩენის გამოტანას მისთვის. ცერცვაძე ამჯერად განზოგადებული სახელი და გვარია, რადგან ასეთი მოსამართლე აქამდეც უამრავი დავასახელეთ და, ალბათ, კიდევ მოგვიწევს სხვების დასახელებაც. უნდა დასრულდეს საქართველოში მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანა და უსამართლო მოსამართლეების პარპაში. ისინი სახელმწიფოებრიობის განვითარებას უშლიან ხელს, რადგან საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც სასამართლო განხილვის დროს დარბაზში ზის, საუკეთესო შემფასებელია იმისა, თუ საით მიდის ქვეყნის განვითარება. სასამართლო არის ლაკმუსის ქაღალდი ხელისუფლების პოლიტიკის სისწორეზე, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, გამოდის თუ არა ობიექტური გადაწყვეტილებები. არაკანონიერი გადაწყვეტილებების დროს ხალხს უჩნდება აგრესია, კანონის, სამართლისადმი უპატივცემულობა და ეს ცუდის მომტანია. არ მოქმედებს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და ასეთი მოსამართლეების მიმართ არ იწყება სამართალწარმოება. თქვენს გაზეთში გორის რაიონის სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძის მიერ ჩადენილ ქმედებებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, ის განაჩენს არ წერს. გამოცხადებიდან ერთ თვეში განაჩენი უნდა ჩაბარდეს პირს, თუმცა ის ამას არ აკეთებს. ერთ-ერთ საქმეზე, სანამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მივმართე და მედიით არ გავაშუქე, იქამდე არ დაწერა განაჩენი, მაგრამ ამჯერად მეორე უკიდურესობასთან გვქონდა საქმე. სამ თვეზე მეტია, არ გზავნის საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. კუკური ნოზაძემ არაერთი საჩივარი შეიტანა ამის თაობაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლის დასჯა მოითხოვა, მაგრამ ბედის ირონიაა ის, რომ თავად კაკაურიძე გახლავთ სადისციპლინო საბჭოს კოლეგიის წევრი და საჩივარი, რომელიც მასზეა შეტანილი, ისევ მის ხელში უნდა მოხვდეს. ირღვევა კუკური ნოზაძის უფლება სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან მიმართებით, მაგრამ განმკითხავი არავინაა. კუკური ნოზაძემ სახალხო დამცველსაც მიმართა, მან კი, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის საბჭოს მოსწერა, რომ კაკაურიძე არც წერს განაჩენს და არ გზავნის მას ზედა ისტანციაში, რასაც აქვს სისტემატურ ხასიათი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც ჩაატარა სხდომა აღნიშნულზე, მაგრამ მან შედეგი არ გამოიღო. საქმე კვლავ არ იგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში! ეს არ არის ის, რისკენაც მივილტვოდით, ან როგორი სასამართლოც უნდოდა ხალხს.  

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება