დაახლოებით ერთი წლის წინ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავარ პროკურატურას მოთხოვნით მიმართა, წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერების დროს არსებული დარღვევები შეესწავლა. ამ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი „ახალი თაობა _ დემოკრატიული საქართველო“ იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატალია ხოხიაშვილმა, „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ ისინი წალკაში ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს დიდი ხანია ახორციელებდნენ, აღმოჩენილი დანაშაულებრივი ფაქტები კი პროკურატურას მიაწოდეს. დიდი იმედი არ ჰქონიათ, რომ გამოძიება მართლაც დაიწყებოდა, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, საქმე 180-ე მუხლით აღიძრა.
ნატალია ხოხიაშვილი:
_ დაკითხვაზეც დაგვიბარეს და ჩემს ხელთ არსებული მასალებიც გადავეცით გამოძიებას. სხვადასხვა სახის ტენდერზე იყო საუბარი _ წყლის რეაბილიტაციაზე, გზის საფრის აღდგენით სამუშაოებზე, ერთ-ერთი ტენდერით შემოვლით გზებზე მოხრეშვითი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ჩვენმა წარმომადგენელმა ამ გზაზე დაყრილი ხრეში ვერ იპოვა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და გამგეობამ იმით გაიმართლეს თავი, რომ ხრეში წვიმამ ჩარეცხა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომით გზებზე ხრეშის დაყრით და ასფალტის გაკეთებით უნდა იყვნენ დაკავებულნი? ხრეშის დაყრამდე, ალბათ, ეს ადგილი ისე უნდა მოაწყონ, რომ წყალმა ის ვეღარ ჩარეცხოს, რასაც, რატომღაც, არ აკეთებენ. 2 წლის განმავლობაში მოხრეშვასა და წყლის რეაბილიტაციაში 3 მილიონი ლარი გადაიყარა, მაგრამ არც გზა არის გაკეთებული, არც წყალი და არც პარკები.
ახლა ერთ საინტერესო ფაქტზე უნდა მოგიყვეთ: რამდენიმე დღის წინათ წალკის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს ხელმძღვანელმა შეხვედრა მთხოვა და მითხრა, ტენდერებთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები უნდა მოგაწოდოთო. აღმოჩნდა, რომ დაკითხვაზე ისიც დაუბარებიათ და ჩვენებაც მიუცია. ლევან ჩაგელიშვილმა საკმაოდ საინტერესო მასალები მომაწოდა.
_ იმედია, ჩვენც გაგვაცნობთ ამ მასალებს, რადგან ამ შეხვედრის შესახებ გვიყვებით...
_ ჩაგელიშვილის შპს-ს „მეორე საგზაო სამმართველო“ ჰქვია. მან 2013 წელს წალკის რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ, 25 მაისის ქუჩაზე, ასფალტი დააგო, მაგრამ 2014 წელს იგივე გზის დასაგებად კვლავ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც უკვე სხვა ფირმამ მიიღო მონაწილეობა. მას უკვე ორმაგი თანხა გადაუხადეს, ანუ იმაზე ძვირი, რაც წინა წელს ჩაგელიშვილის ტენდერში იყო განსაზღვრული. ალბათ, საინტერესოა, ერთი წლის წინათ დაგებულ ასფალტს ხელმეორედ დაგება რატომ დასჭირდა, თანაც უფრო გაზრდილ ფასებში? მეც ზუსტად ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ.
ლევან ჩაგელიშვილის ფირმა `ნაციონალური მოძრაობის~ დროსაც იგებდა ტენდერებს ბოლნისისა და დმანისის რეგიონებში. როგორც თავად ბატონმა ლევანმა მითხრა, წალკაში, გზის დაგებაში იმ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. არსებობს ფირმა „ბედეკი“, რომლის წარმომადგენელიც რამაზ ყორანაშვილია. მასთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობები მქონდა და, აქედან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი. ყორანაშვილი დამიკავშირდა და შემომთავაზა, წალკის ტენდერში მიმეღო მონაწილეობა. მერე კი აღმოჩნდა, რომ ის გამგეობასთან დაახლოებული იყო და ტენდერში ნაცნობი პიროვნების საწარმოს გამარჯვება უნდოდა.
_ რატომ იყო ამით დაინტერესებული, ესეც გეცოდინებათ?
_ ამ ინტერესის მიზანი მოგვიანებით გამოჩნდა. ეს იყო სურვილი, მას გარიგებოდნენ და ტენდერის თანხიდან, „ატკატის“ სახით, ფული უკან დაბრუნებოდათ, ამიტომაც ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ შპს „მეორე საგზაო სამმართველოს“ ტენდერში კონკურენტის გარეშე მიეღო მონაწილეობა. ტენდერის თანხა, დაახლოებით, 360 ათასი ლარი იყო. ჩაგელიშვილმა ტენდერში ისე გაიმარჯვა, პროექტი ნანახი არ ჰქონდა და არც ის იცოდა, რა სახის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. როგორც თავად ამბობს, როცა ის ადგილი ნახა, სადაც ასფალტი უნდა დაეგო, მიხვდა, რომ გამოყოფილი თანხა იმაზე გაცილებით მეტი იყო, რაც მისი ფირმის მიერ ამ საქმის შესრულებას სჭირდებოდა. ამ საქმისთვის 120 ათასზე მეტი რეალურად საჭირო არ იყოო. მან ეს მდგომარეობა გამგეობის შესაბამისი სამსახურის უფროსს აუხსნა, თუმცა რადგან შესასრულებელი სამუშაოების პროექტი არ ვარგოდა და ზედმეტი ფულიც გაწერილი იყო, გადაწყვიტა, პროექტი შეეცვალა და ყველაფერი ისე გაეკეთებინა, მის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ხარისხიანი ყოფილიყო. მართლაც, მის ფირმას გაცილებით მეტი ასფალტი აქვს დაგებული ამ ობიექტზე და მეტი სამუშაო აქვს შესრულებული ამ თანხაში, ვიდრე ეს გამგეობის პროექტით იყო გათვალისწინებული.
მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტების მიზანი ის არის, რომ მოსახლეობას ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდეს. ამიტომ იხარჯება ბიუჯეტიდან ფული და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვას, გზა ხომ დავაგეთო და ამით პიარი გაიკეთოს. გამგეობის მიერ შედგენილი პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რომ ასფალტი გზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჭიშკრებამდე მისულიყო; ამ ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანებული იყო, რომელიც უნდა გაკეთებული, რადგან ის ასფალტს დააზიანებდა. გამგეობის პროექტის მიხედვით გზის ნაპირებამდეც არ უნდა დაგებულიყო და ვიწრო ზოლზე უნდა დაესვათ ასფალტი, მაგრამ გვერდებზე დარჩენილი გზის დაზიანებული ნაწილი შემდგომ ასფალტს დააზიანებდა და ამხელა თანხა წყალში გადაიყრებოდა.
_ გინდათ, მითხრათ, რომ გამგეობამ ასეთი პროექტი განგებ შეადგინა, ტენდერის ფულიდან თანხა რომ დარჩენოდა?
_ ლევან ჩაგელიშვილი 45 წელია, ამ საქმეშია და ყველა ნიუანსს კარგად ხვდება. სხვაც ბევრი დეტალია, რომელიც სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. ტენდერი გამოცხადდა 15 აგვისტოდან 15 დეკემბრამდე. დეკემბერში გზის დაგება შეიძლება უფრო თბილ რეგიონში არ გაგვიკვირდეს, თუმცა, წესით, 10 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის დროს ამ სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება, ამიტომ ასფალტს, ხშირად, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდებში აგებენ. დეკემბერში წაკლაში ასფალტის დაგების სამუშაოების დაგეგმვა უკვე მიგვანიშნებს, რომ ეს ტენდერი რეალურად ხარისხიანი გზის საფრის გაკეთებისთვის არ იყო გათვლილი და ის უნდა „გაკეთებულიყო“ მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად გამოწერილი თანხა გზის დაგებას არ დასჭირდებოდა და „ატკატის“ სახით უკან დაბრუნებოდათ. ჩაგელიშვილი ამბობს კიდეც, უამრავი ადამიანი მომიგზავნეს, ეს რომ გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთეო.
_ ვინ მიუგზავნეს „ატკატის“ დასაბრუნებლად, იმასაც ამბობს?
_ სატენდერო ხელშეკრულება უშუალოდ გამგებელთან ჰქონდა გაფორმებული. მან ზუსტად არ იცის, ეს ფული გამგეობაში ერთ ადამიანს უნდა მიეღო, სხვებიც ინაწილებდნენ, თუ „ზემოთ“ აგზავნიდნენ? ფაქტია, რომ ფირმამ იმაზე მეტი სამუშაო შეასრულა, ვიდრე გამგეობის პროექტით იყო დაგეგმილი, მაგრამ გადასაცემი ფულიდან მისთვის დღემდე არ გადაურიცხავთ 147 ათასი ლარი, რაც მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანი მათთან გარიგებაზე არ წავიდა. ჩაგელიშვილმა ამ თანხის დღგ _ 18 ათასი ლარიც უკვე გადაიხადა. ჩემი აზრი ასეთია და ლევან ჩაგელიშვილიც ამბობს, რომ 147 ათასი ლარი არის ის თანხა, რომლის უკან დაბრუნებაც გამგეობას და გამგებელს უნდოდათ.
ჩაგელიშვილის თქმით, გამგეობაში, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ვინმე ფანგანი აწარმოებდა მილაპარაკებას ბატონ ლევანთან და მან პირად საუბარშიც უთხრა ფულის დაბრუნებაზე, შემდეგ ეს ყორანაშვილმაც გაუმეორა, მაგრამ მათი ნათქვამი არ შეასრულა და დღეს დაზარალებულია. ასფალტი იმაზე მეტი აქვს დაგებული, რაც უნდა დაეგო, რადგან მოსახლეობას ეზოს ჭიშკრებამდე მიუყვანა გზა. ამ ტერიტორიაზე პოლიციის განყოფილებაა. მათ, თურმე, სთხოვეს, იქნებ, აქაც დაგვიგოთო და მათ ეზოშიც მოაპირკეთეს გზა.
გამგეობის მხრიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო ჩაგელიშვილმა სასამართლოში იჩივლა და პროცესი ახლაც მიმდინარეობს. წალკაში გზის დაგების პარალელურად, მისი ფირმა გზის დაგების საექსპლუატაციო სამუშაოებზე დმანისში მუშაობდა. „სოკარის“ ფირმას ასფალტის ქარხანა აქვს და ჩაგელიშვილი ამბობს, რომ ასფალტი მას იქიდან მოჰქონდა: რასაც დმანისში ვაგებდი, წალკის რაიონშიც ზუსტად ის დავაგე, წალკის გამგეობამ სამხარაულის ექსპერტიზის სამსახურს ექსპერტიზა ჩაატარებინა წალკაშიც და დმანისშიც და ექსპერტმა ერთი და იგივე ქარხნიდან წამოღებულ ასფალტზე დმანისში დაწერა ხარისხიანია, წალკაში კი, უხარისხოაო. ჩაგელიშვილი ვარაუდობს, რომ წალკის გამგეობა ექსპერტიზის ბიუროსთან არის შეკრული. ამის მერე მანაც მიიყვანა დამოუკიდებელი ექსპერტი და წალკაში მის მიერ ჩატარებული სამუშაო შეაფასებინა. მისი დასკვნით, იქ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო.
წალკის რაიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 3 მილიონია დახარჯული, არადა, ეს ფული რეალურად რომ დახარჯულიყო, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა _ წყალი, გზა, პარკები, ნაგავსაყრელი, სასაფლაო, ანუ რაზედაც სატენდერო თანხებია გაცემული. ეს ყველაფერი პირადად ვნახე და ვიცი, რომ გაკეთებული არაფერია. კიდევ ერთი მომენტია საგულისხმო: მოსამართლე, რომელმაც ჩაგელიშვილის ფირმა დააყადაღა, რუსთავის სასამართლოდან თეთრი წყაროში ორი კვირით გადმოიყვანეს და მხოლოდ ეს საქმე დააწერეს. ამ ადამიანმა ჩაგელიშვილის ფირმის ქონება დააყადაღა, რის შემდეგაც ისევ უკან დააბრუნეს. უკვე არავისთვის არის დაფარული, რომ ხელისუფლებას ჰყავს საკუთარი, ყველაფერზე ხელის მომწერი მოსამართლეები, რომლებიც სადაც სჭირდებათ, იქ გადაჰყავთ და გადმოჰყავთ.
ახლა რასაც ვიტყვი, კონკრეტულად ამ ფაქტს არ ეხება, მაგრამ ზოგად მდგომარეობას ფარდას ხდის: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, როცა გურიაში ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე მივიდა, მის შესახვედრად მიიწვიეს გურიის სამივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მერი. სხდომა დახურული იყო და მას ამ რეგიონის სუს-ის თანამშრომელი უძღვებოდა. სხდომიდან ხმა გამოვიდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა გუბერნატორი და გამგებლები მკაცრად გააფრთხილა, რომ როცა ტენდერებს ჩაატარებდნენ, მათ წინასწარ უნდა შეთანხმებოდნენ. იქ ღიად იყო საუბარი იმაზე, რომ ტენდერში არ უნდა გაემარჯვათ „შავ სიაში“ შეყვანილ ფირმებს.
_ „შავი სია“ ვის აქვს და იქ რომელი ფირმები იყვნენ?
_ პირადად ამ სიას არ ვიცნობ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ „შავ სიაში“ შეყვანილია ისეთი ფირმები, რომლებიდანაც „ატკატს“ ვერ წამოიღებენ. როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ტენდერების საქმეს შეეწირა, მაგრამ ახალ მინისტრს თითქმის არაფერი შეუცვლია. ცვლილება არც გამგეობებისა და მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებთან მიმართებით ხდება. როგორც ჩაგელიშვილი აცხადებს, მას ვერაფერი შეაჩერებს და რაც ეკუთვნის, იმის დაბრუნებას ყოველთვის მოითხოვს, თუმცა ის უკვე გააფრთხილეს: თუ არ გაჩერდები და თანხის მოთხოვნას კიდევ გააგრძელებ, პრობლემები შეგექმნებაო. მერე მის ფირმაში ფინანსური პოლიცია შეუშვეს, ერთ-ერთ ანგარიშში 1 ლარის სხვაობა აღმოუჩინეს და ამის გამო ფირმა 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ჩაგელიშვილი ამტკიცებს, რომ ილია საბაძემ მასზე შური იძია და ყველაფერი გააკეთა, რათა მის ფირმას ტენდერში ვერასდროს ვეღარ გაემარჯვა. მან წერილი სატენდერო სააგენტოსაც კი მისწერაო.
როგორც გითხარით, იგივე გზის შეკეთებისთვის, ერთი წლის მერე, კვლავ გამოცხადდა ტენდერი და, ამჯერად, ტენდერის ფასი 642 ათასი ლარი იყო, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ჩაგელიშვილის ფირმის მოგებული ტენდერის დროს. ამჯერად ტენდერი შპს „ნიუ კომპანიმ“ მოიგო, რომლის ხელმძღვანელიც ალექსანდრე მანველიძეა. ეს პიროვნება გახლავთ საბაძის მეგობარი, რითაც ბევრი რამ უკვე ნათქვამია. ამ ფირმას გასაკეთებელი იქ თითქმის არაფერი ჰქონდა, ამიტომ „ატკატის“ სახით თანხასაც ორჯერ მეტს ამოიღებდნენ. შპს „ნიუ კომპანის“ 5 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო. ორიდან ერთი ეს ტენდერია, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ფირმა ცნობილი და რამით გამორჩეულია და ამიტომ შეარჩიეს. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, გამგებლის მეგობრობით მოგებული ტენდერი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქედან საკმაოდ დიდი „ატკატი“ გაკეთდა. ცოდვას ვერ დავიდებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველა ეს თანხა მხოლოდ საბაძის ჯიბეში მიდის. იქ არის რევაზ შავლოხაშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობიდან“ იყო დეპუტატი, მაგრამ როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, მაშინვე იქით დაპორტირდა და დღეს ფრაქცია კონსერვატორების წევრია. ამ კლანში ასევე მოიაზრება წალკის ყოფილი გამგებელი მიშა ცქიტიშვილი, რომელსაც დღეს ბიზნესები აქვს და საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა წაკლაში. მის გარეშე იქ თითქმის არაფერი კეთდება. ასეთ „ატკატებში“, ჩემი აზრით, ალბათ, ხელისუფლების „ზედა“ ეშელონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ასეთია ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული და აპრობირებული სქემები და მე პირველი არ ვარ, რომელიც ამაზე ვლაპარაკობ. დიახ, აქედან ძალიან დიდი ფული იჭრება.
ახლახან წალკაში ნახევარ მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. წალკის შუაგულში არის პარკი, სადაც ვერხვებია გაშენებული. 2013 წელს ამ პარკის მოსაწყობად 50 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მხოლოდ ღობე შეღებეს მწვანედ და მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ახლა უნდათ, ეს ბაღი საერთოდ გაანადგურონ და ვერხვები მოჭრან. როგორც გამგეობაში ამბობენ, მათ აქვთ დასკვნა, რომ ეს ხეები საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და ამიტომ ექვემდებარება განადგურებას.
_ ხეები მოქალაქეებს საფრთხეს როგორ უნდა უქმნიდეს?
_ ეს მეც არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს, რომელმა ექსპერტმა დაწერა ასეთი დასკვნა, რასაც აუცილებლად გავარკვევ. რაც შეეხება წალკაში ჩატარებულ ტენდერებს, იმედი მაქვს, რომ ამ საქმეების გამოძიებას პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ამბებზე გაჩერებას არ ვაპირებ და როგორც ვიცი, გამოძიებაც გრძელდება. რადგან გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სიმართლის თქმა გაბედა, ეს უკვე კარგია. ლევან ჩაგელიშვილმა ღიად დააფიქსირა სიმართლე და იმედია, მას სხვებიც მიბაძავენ.
„ქრონიკა+“, პირველ რიგში, ლევან ჩაგელიშვილს დაუკავშირდა:
_ დიახ, ნატალიას მე მოვუყევი ის ამბები, რაც გამოძიებასაც ვუთხარი. ამის ირგვლივ პროცესები წალკის სასამართლოში მიმდინარეობს. ვადასტურებ, რომ პროექტი თავიდანვე ფულის საკეთებლად იყო შედგენილი. ასეთი შემთხვევები სხვაგანაც მქონია, მაგრამ ახლა სხვაგან ვერ ბედავენ ფულის მოთხოვნას. ჩემი აზრით, ამათ იმიტომ გაბედეს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და გამგებელი ისევ ძველი კადრია და ისინი არ შეუცვლიათ. 10 წელი საპროექტო ინსტიტუტში ვიმუშავე და კარგად ვიცი, ხარისხიანი გზა რომ დააგო, პირველ რიგში, უნდა მოიცილო წყალი და წყალგამტარი მილები ჩააწყო, მაგრამ ეს ამათ პროექტში არ ჩანდა. ტენდერის თანხა აშკარად ზედმეტობით იყო მითითებული, ხარისხიანი გზის გასაკეთებლად კი საჭირო სამუშაოები არ ეწერა. მერე ირიბად მითხრეს, რომ ეს თანხა უკან უნდა დაბრუნებულიყო.
ჩემსა და მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რაიმე პრეტენზია თუ ექნებოდათ, ჯერ მე უნდა დამლაპარაკებოდნენ, მერე წერილობით მოემართათ და თუ არ გამოვასწორებდი, სასამართლოში წასულიყვნენ. ხარისხზე დავის შემთხვევაში კი თანხის 5%-ზე უნდა ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ამათ 40% თვითნებურად აიღეს.
რაც ეს ასფალტი დავაგე, მას შემდეგ სულ ნიაღვარი მოდის, მაგრამ ძალიან მცირე მონაკვეთზე დაზიანდა. ახლომახლო რაიონებს ყველას აცნობეს, რომ ჩემს ფირმასთან ურთიერთობა არ დაამყარონ. ამ ფორმით დაიწყეს ჩემი შანტაჟი. „მაიტა ნასოსის“ ვარიანტია, რადგან მთხოვენ, ასფალტი ავიღო და მეორედ დავაგო. თუ რამე მართლაც დავაშავე, ასეთ დროს სასამართლოსთვის უნდა მიემართათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ჩემს დისკრედიტაციას სხვა ფორმით ცდილობენ. ისევ მე ვუჩივლე სასამართლოში. იქ გავარკვიე, რომ მათ, ჩემ გარდა, სხვა მომჩივნებიც ჰყავთ და უამრავი პროცესია ჩანიშნული მათ წინააღმდეგ, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ხალხს ხელისუფლებამ დროულად უნდა მიქციოს ყურადღება.
„ქრონიკა+“ წალკის გამგებელს, ილია საბაძესაც დაუკავშირდა:
„როცა ლევან ჩაგელიშვილის ფირმისგან ტენდერით შესრულებული სამუშაოები უნდა ჩაგვებარებინა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი მოვიყვანეთ და მან დასკვნა დადო, რომ სამუშაო უხარისხოდ ჩატარდა. ასფალტი ტალღოვანი იყო და მე ვუთხარი, ეს გამოესწორებინა, მაგრამ არ გააკეთა. ამბობდა, კარგად არისო. ამ ტენდერიდან ბიუჯეტში147 ათასი დარჩა. ეს მე არ წამიღია, ახლაც ბიუჯეტშია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა და ეს ადამიანი ყველგან იმას ლაპარაკობდა, რაც თქვენ გითხრათ, მაგრამ არსად გაამართლეს. ახლა ნატალია ხოხიაშვილთან და თქვენს გაზეთში მოსულან. არც ერთი ინსტანცია არ დატოვა და თუ მე რამეში ვტყუი, ის მართალია, რატომ ვერ დაადასტურა?“
ნელი ვარდიაშვილი