სამართლიანობის აღდგენის დაპირებამ და იმედმა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ციხეებში პატიმრებს წამებით სულს ხდიდნენ დაისჯებოდნენ, ფიასკო განიცადა. ადვოკატი ნათია კორკოტაძე „ქრონიკა+“-ს იმ ზონდერებზე ესაუბრა, რომლებიც დღეს დაწინაურებულები არიან და არავის მოუთხოვია მათთვის პასუხი.
ნათია კორკოტაძე _ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი:
_ სამართლიანობის აღდგენაზე საუბარიც კი უკვე აღარ შეიძლება, რადგან ის ადამიანები, რომლებიც პატიმრებზე ზეწოლას ახდენდნენ, დაწინაურებულები არიან. თავდაპირველად ვახტანგ მაისაიას საქმეზე მოგახსენებთ: იგი 2009 წლის 5 მაისს დააკავეს, მუხროვანის ამბების დროს. რატომღაც, ყველას გვეგონა, რომ მუხროვანის საქმის სასამართლო პროცესი ისტორიული აღმოჩნდებოდა, მაგრამ დაპატიმრებულებს ისე ჩამოურიგეს 20-30 წლები, გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარით. მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დიდი სიბინძურეები ჩაიდინა ქართულ მართლმსაჯულებაში, მაგრამ მას მხოლოდ ახლა შეუწყდა მოსამართლეობის უფლებამოსილება. იგივეს ვიტყვი ზვიად ესებუაზეც, რომელსაც წელიწადი და ცხრა თვის წინათ უფლებამოსილება შეუწყდა, მაგრამ იგი მოსამართლეობიდან მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს. მას შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება, მაგრამ რადგან სჭირდებოდათ, მოსამართლედ მაინც ამუშავებდნენ. ასეთი რამ დაუშვებელია, მაგრამ რომელ კანონებზეა საუბარი, როცა დღეს ის ადამიანები არიან დაწინაურებულები, რომელთაც სიკვდილამდე მიჰყავდათ პატიმრები, ისე აწამებდნენ?!! მოსამართლეებზე სამართალი არ აღმდგარა და მართლმსაჯულება დღეს ნულის ტოლფასია. როცა ხელისუფლებაში `ნაციონალური მოძრაობა~ იყო, ვიცოდი, რომ ფაშისტურ მანქანას ვებრძოდი, მაგრამ დღეს რა ხდება საქართველოში, ვერ ვგებულობ.
_ იქნებ, დავაკონკრეტოთ, რომელი ზონდერი სად მუშაობს ამჟამად და სად დააწინაურეს?
_ პროფესორი ვახტანგ მაიასაია სტუდენტების თვალწინ დააკავეს. ის უნიჭიერესი ადამიანია და საკმაოდ კვალიფიციური ექსპერტი. რატომ არ იყენებს ჩვენი ხელისუფლება მას და მისნაირ ჭკვიან პიროვნებებს? რატომ არიან ისინი დატოვებული თამაშგარე მდგომარეობაში? ამას ვერ გეტყვით, თორემ თავად ბატონ ვახტანგს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში მიწვევები აქვს და საკმაოდ დატვირთულ რეჟიმშიც მუშაობს. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებში ეს ადამიანი არ უნდათ, რადგან ძალიან ჭკვიანია.
იმ დღეს, როცა მუხროვანის მოვლენები განვითარადა, მას ბრიუსელიდან დაურეკეს და ჰკითხეს, რა ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაისაიამ უპასუხა, _ ახლა ლექციაზე ვიმყოფები, 5 საათისთვის სახლში ვიქნები და აუცილებლად გეტყვიო. მას საკუთარი პოზიცია მანამდეც ჰქონდა დაფიქსირებული, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი. ეს იყო მისი, როგორც ექსპერტის მოსაზრება და ამის თქმის უფლება მას ჰქონდა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების ნება და ამის გამო არ შეიძლება, ვინმემ დააკავოს. მიუხედავად ამისა, ვახტანგ მაისაია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მაინც დააკავეს, რომლის კვალიფიკაციაც არის ჯაშუშობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქოს მაიასაია აგროვებდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებს, ცნობებს, ან სხვაგვარ მონაცემებს და უცხოურ ორგანიზაციებს, ან მათ წარმომადგენლობებს გადასცემდა; ასევე თითქოს ჯაშუშობა ჩადენილი იყო ომიანობის, ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რამაც საქართველოში მძიმე შედეგები გამოიწვია. იმ დროისთვის საპროცესო კანონმდებლობა შეკრებითობის პრინციპს ითვალისწინებდა. რადგან პირველი ნაწილით გათვალისწინებული იყო 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მეორე ნაწილი კი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ორივე შეუკრიბეს და 20 წელი მიუსაჯეს. როდესაც ეს განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაისაია ისევ ციხეში იჯდა. მას მეორე ნაწილი მოუხსნეს, მაგრამ შედეგი ნული იყო. ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შექმნილიყო და აღნიშნული განაჩენები უნდა გადასინჯულიყო და გაუქმებულიყო, მაგრამ რაც დღემდე ხდება, თქვენც კარგად ხედავთ.
მაისაია კონტრდაზვერვის ჯგუფმა დააკავა, რომლის საგამოძიებო ჯგუფის უფროსიც ვლადიმერ დათაშვილი იყო, გამომძიებელი კი _ ზუმბაძე. დათაშვილი კვლავ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობს. როცა ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ზუმბაძე მან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა. მეც და ვახტანგ მაისაიაც ამას მედიასაშუალებებით ვაპროტესტებდით. შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან ვიღაც მომიგზავნეს და მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი და მაისაიაც გამეჩუმებინა, რასაც ჩემგან დიდი პროტესტი მოჰყვა. ის პიროვნება, რომელიც ჩემთან მოვიდა, გავაფრთხილე, _ სასტიკი წინააღმდეგი ვარ, მეორედ არ გაბედოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან მოსვლა, ამას არ გავაკეთებ და თუ ვახტანგ მაიასაია უკან დაიხევს, მიბრძანდით და მას დაელაპარაკეთ-მეთქი. ბატონ ვახტანგსაც ანალოგიური რეაქციები ჰქონდა.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ მოგიგზანეს და კონკრეტულად ვინ გთხოვდათ ამას?
_ მე არ მაქვს მისგან ნებართვა, რომ დავასახელო, თუმცა რასაც გეუბნებით, ზუსტია. ჯერ სატელეფონო ზარი განხორციელდა და მერე პირადად შევხვდი. რადგან ზუმბაძესთან დაკავშირებით უკან არ ვიხევდით და მის გადაყვანას თავდაცვის სამინისტროში მაინც ვაპროტესტებდით, მერე გადაწყვიტეს, ცოტა ხნით გვერდით გაეწიათ, მაგრამ ვიცოდით, რომ ის კვლავ იგივე საქმეს ასრულებდა. შემდეგ ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროდან გადაიყვანეს და მან ზუმბაძეც გადაიყვანა. ისინი დღემდე ერთად მუშაობენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ აზრი არ აქვს არაფრის დაწერას, გაპროტესტებას. მგონი, ეს ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს ხალხის გასაღიზიანებელ ქმედებებს. იმის მტკიცებას, რომ ჩანერგილები ახდენენ ასეთ შანტაჟებს, მე ვერ დავეთანხმები. როცა ხელისუფლებაში ხარ და მართვის ბერკეტებიც შენზეა, ვინც მიუღებელია და მასზე საჩივრებია პროკურატურაში შესული, სახელმწიფოს უფლება აქვს, დაკავებულ თანამდებობას ჩამოაცილოს. ამ ხალხს თუ პასუხისგებაში არ მისცემდნენ, სამსახურიდან მაინც გაეთავისუფლებინათ, მაგრამ დღეს ისინი მუშაობას აგრძელებენ.
არ ვიცი, რას აკეთებს გომელაური. მგონი, ის თავად „კრიშავს“ ამ ხალხს. ჩვენთვის ცნობილია, რომ გია კრიალაშვილი 2009 წლის 5 მაისს ჩაცხრილეს. მანამდე ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ 2 გვამი სჭირდებოდა. ერთი გვამი მართლაც მიუტანეს მას. ორი ადამიანი სიკვდილს საოცრად გადაურჩა _ ამირიძე და ოთანაძე. კრიალაშვილი ჩაცხრილა ხარაზიშვილმა, რომელიც მაშინ გორის სპეცრაზმის უფროსი იყო, მაგრამ რა გინდა? _, „სუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო, გომელაური ამ უწყების უფროსად გადავიდა, გორიდან მაშინვე წამოიყვანა ხარაზიშვილი და დღეს ის „სუსის“ სპეცდანიშნულების უფროსია, ანუ დააწინაურა.
_ ხელისუფლების ასეთ ქმედებებს რა სახელი უნდა ვუწოდოთ?
_ ეს არის ცინიზმი! კრიალაშვილის დაზარალებული ოჯახის ადვოკატი მე ვარ და ხელი მაქვს მოწერილი, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებს არ გავამჟღავნებ, მაგრამ იქ ბევრი მტკიცებულებაა, სადაც ხარაზიშვილს ასახელებენ, იხსენიებენ, მაგრამ გამოძიება მაინც ამბობს, რა ვქნათ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ამისი ნება უნდა იყოსო.
_ ვისი ნება უნდა იყოსო?
_ მე არ ვიცი, ვის ნებაზე საუბრობენ, მაგრამ ყველაფერი, რაც ტელევიზიით ხდება, თუნდაც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო საქმეზე სასამართლოში. მე არ ვიცი, ყველაფერზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ ხელს. მესმის ისიც, რომ ის ამბობს, მე სამოქალაქი სექტორიდან ვერევი საქმეებშიო, მაგრამ მეც და თქვენც ხომ სამოქალაქო სექტორიდან ვართ, ჩვენ გვაქვს იმის უფლება, ვინმეს დირექტივა მივცეთ და ვინმემ ჩვენი აზრი გაითვალისწინოს? როდესაც ოფიციალურად სამართლებრივად შეგვაქვს საჩივრები პროკურატურაში, სასამართლოში, რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს? თვითონაც ამბობს ეს ადამიანი, მე მაქვს უფლება, ჩავერიოო და ხომ არ იცით, რატომ აქვს უფლება? თუ ჩარევის უფლება აქვს, უნდა, რომ აკონტროლოს. დარჩენილიყო მაშინ პრემიერ-მინისტრად, ყველაფერი გაეკეთებინა სამართლებრივად და ამაზე არავინ ილაპარაკებდა.
_ ვთქვათ, რომ ივანიშვილის ნება არ არის, ყოფილი მწამებლებისა და ზონდერების დასჯა. საინტერესოა, მას ამის გაკეთება რატომ უნდა სჭირდებოდეს, ამით ხომ მისი რეპუტაციაც ეცემა?
_ „ქართული ოცნების“ წამომადგენლები და პარლამენტის წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ამბობენ, რომ საბოტაჟს აქვს ადგილი და სამართლიანობის აღდგენა ამიტომ არ ხდება. ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია გომელაური, რომელიც მისი პირადი დაცვის უფროსი იყო. თუ ასეა და მართლაც არის საბოტაჟი, ე. ი. გომელაურია მისი მოღალატე? გომელაური ამას ვერ გაბედავს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შუშის სასახლეში ზის, აბსოლუტურდ ყველაფერი იცის. ხარაზიშვილი უშიშროებაშია და ამიტომ ლოგიკურად ვამბობ, რადგან გომელაური ივანიშვილის კაცია და ხარაზიშვილიც მან დააწინაურა, ეს ყველაფერი ივანიშვილის ბრალია. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ამის თქმის უფლებაც მაქვს.
მაისაია „მოდულის“ შენობაში აწამეს. მას ცელოფანი ჩამოაცვეს, საფეთქელთან იარაღი მიადეს და იმიტაცია გაუკეთეს, ვითომ კლავდნენ. უთხრეს, ახლა გესვრით და მერე ვიტყვით, რომ თავი მოიკალიო. ფანჯარა გახსნეს და ეუბნებოდნენ, ახლა გადაგაგდებთ და ვიტყვით, რომ თავად გადახტიო... მერე მისი ადვოკატი დაავერბოვკეს და ასე ცდილბდნენ მის გატეხას, მაგრამ ვერ მოახერხეს. ყაჭეიშვილი, რომელიც დღეს მატროსოვის ციხეზე იმყოფება, მითვლიდა, გოგლიჩიძესა და მაისაიასთან დაკავშირებით თუ არ გაჩერდები, დაგიჭერენო. მე რომ ეს გავიგე, შევედი და ვუთხარი, _ მე ვერ დამიჭერენ, მაგრამ თქვენ მართლა დაგიჭერენ-მეთქი და ახლა ის დაჭერილია. ანალოგოიური ვუთხარი მუხაძესაც, „ქილერას“რომ ეძახიან და ის გაქცეულია.
მეცნიერი კაცი, მაისაია, 4-ჯერ იმყოფებოდა კარცერში. მერე რაღაცები მოუწყვეს, ვითომ რუსული წარწერა გააკეთა კედელზეო და საშინლად სცემეს. სტრასბურგმა ეს საქმე წარმოებაში მიიღო. როცა ბატონი ვახტანგი ნაცემი ვნახე, აღშფოთებულმა დიმიტრი ლორთქიფანიძესთან დავრეკე, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო. მან იმწუთშივე გააკეთა განცხადება და იცით, რა მითხრეს? _ ვახტანგ მაისაია ჩვენ არ გვიცემია, თვითდაზიანება მიიყენაო. დღემდე კაცი დაზარალებულად არის ცნობილი, სტრასბურგმა აღიარა, რომ მაისაიას აწამებდნენ და ესენი დაზარალებულადაც არ ცნობენ. სხვათა შორის, მაისიაიათი, გოგლიჩიძეებით და სხვა პოლიტპატიმრების მეშვეობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამ ხალხს საქმეების გადასიჯვასა და გამამართლებელ განაჩენებს ჰპირდებოდნენ, მაგრამ სად არის ეს განაჩენები? ხალხი მოატყუეს, მაგრამ 2016 წელი მოდის, ავიწყდებათ, რომ ისევ დასჭირდებათ საარჩევნოდ ეს ადამიანები და ძალიან მაინტერესებს, რა ბერკეტებს გამოიყენებენ, ამჯერად ხალხის ნდობა რომ დაიმსახურონ?
კიდევ ერთ ფაქტზე გეტყვით: გიორგი-გიზო გოგლიჩიძე არის წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მსხვერპლი. ეს არის კაცი, რომელიც უდანაშაულოა, მაგრამ 2011-12 წლებში საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იჯდა, რომ დემურ გადელიას ხელი არ დაადო, რომელიც სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ეს ის პერიოდია, როცა სვანეთში ახალი პოლიციის შენობა ააშენეს და როგორც მე ვიცი, თანხის ჩამოწერა უნდოდათ. სურდათ, გიორგი გოგლიჩიძეს გადელიასთვის ხელი დაედო და ის თანხა არ გადაეხადათ. საუბარი იყო 2 მილიონ ლარზე თუ დოლარზე. გადელიას ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა აქვს სენაკში და გოგლიჩიძეც ამ ბიზნესში იყო. კაცი ოფიციალურად დაიჭირეს იმიტომ, რომ მას ხელი არ დაადო. გიორგი არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული. მთელი 8 თვე ციხის მე-8, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა, მაგრამ ის სამკურნალო კი არა, სასიკვდილო დაწესებულება იყო. ადამიანებს ისეთ მედიკამენტებს უკეთებდნენ, როცა ერთ დღეს გადაადგილება უჭირდათ, მეორე დღეს უფრო მეტად მძიმდებოდნენ და ბოლოს სავარძელს ეჯაჭვებოდნენ. გიორგი იტალიაშიც წაიყვანა ოჯახმა, მაგრამ ვერ გაიგეს, რა აქვს გაკეთებული. გიზო ჩემთან არ ამბობოს, მაგრამ, ეტყობა, თავის არეშიც ურტყამდნენ და მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლაც მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მწამებელი იყო მისი საქმეების მწარმოებელი გამომძიებელი, ჯარჯი წიკლაური, მეორე _ ალექსანდრე მგელაძე. ის ამჟამად ადვოკატურაში მუშაობს და სხვის უფლებებს იცავს. როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა ვინმეს უფლებები დაიცვას? წიკლაური კი დააწინაურეს და პროკურორად გადაიყვანეს. ახლა სპიკერ-პროკურორია. ის ტელევიზიით რაღაცებს აცხადებს. გიორგი გაგიჟებულია, კაცს შეიძლება გული გაუსკდეს, ისეთ დღეშია. ამიტომაც ვამბობ, ვერ ვხვდები, რა ხდება?! არაფრის იმედი აღარ მაქვს.
_ თქვენ 2 ფაქტზე მოგვიყევით და ასეთი ფაქტები, როგორც ვიცი, ხშირია, არა?
_ ძალიან ბევრია. ფაქტობრივად, სამართლებრივი კუთხით არაფერი შეცვლილა. თოფურიძე და მიქაძე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იყვნენ. ისინი სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც მუხროვანის ამბების დროს იქ იმყოფებოდნენ და დააკავეს. საწყალი თოფურიძე როგორც კი ამნისტიით 2012 წლის 28 დეკემბერს განთავისუფლდა, 15 იანვარს გარდაიცვალა. როცა საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, ეს ადამიანი უკვე ცუდად იყო, მაგრამ კაციშვილმა ყურადღება არ მიაქცია, გამოვიდა და გულით დაიღუპა. მასაც აწამებდნენ და ამიტომ დაემართა ასე. ჩემს პატიმრებთან თითქიმის ყოველღე შევდიოდი, რადგან ვიცოდი, რა სიტუციაშიც იყვნენ. ყველა ერთნაირად ხომ ვერ აღიქვამს წამებას?
_ ახლა ამბობენ, რომ ციხეებში წამება აღარ არის. „ოცნება“ ყველას მაგას ახსნებს, _ სხვა თუ არაფერი, ცოცხით ხომ არავის აუპატიურებენო. თუ ჯალათებისა და ზინდერების უმეტესი ნაწილი მართლაც სისტემაშია დატოვებული, და ზოგი დააწინაურეს კიდევაც, დასაჯერებელია, რომ ციხეში მშვიდობამ დაისადგურა? პატიმრის ცემა-ტყეპას მიჩვეული ხალხი ახლა ანგელოზებივით იქცევა?
_ როცა პენიტენციურ სისტემაში ვადამდელი განთავისუფლება ხდებოდა, `ნაცმოძრაობის~ დროს ტენდენცია იყო, რომ ამ პატიმრებს დარღვევებს უგონებდნენ, რათა უდო არ შეხებოდათ. ახლაც იგივე ხდება. სმჯავრდადებულს ჰგონია, რომ დარღვევა არ აქვს, მაგრამ მერე უწერენ, რომ აქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისელი თემურ შალიკიანი ქრთამის აღებაზე დააკავეს. ახლა მისი საქმე უზენაესშია გასაჩივრებული. ამ ადამიანმა არ აღიარა დანაშაული. როცა მე-17 დაწესებულებაში შევდივარ, იქ არანაირ ნივთს შიგნით არ მატანინებენ, პასტაც კი ვერ შემაქვს. მას კი იმიტომ დაუმატეს სასჯელზე 6 თვე, რომ საკანში აკრძალული პრეპარატი ფენაზეპამი დალიეს. საიდან ჰქონდათ მათ ეს პრეპარატი, ვერ გეტყვით, ამიტომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. `ნაცების~ დროს ხდებოდა, პროვოცირებას გაუკეთებდნენ და სასჯელს ამატებდნენ, ახლაც ანალოგიური ხდება. დიაზეპამს ვინ შეუტანდა მსჯავრდადებულს, ისევ თვითონ, მერე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ასეთი რამეები კიდევ ხდება.
ჩემს ერთ-ერთ პატიმარს საკანში რამდენჯერმე ნასამართლები და 17 წელმისჯილი პატიმარი კაცი ჰყავდა. ის ამ ბიჭს ფულს სძალავდა, არადა, მისი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. მერე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, მითხრა, თუ არ გადამიყვან, შეიძლება სასჯელი დავიმატო, ისეთი რამე გავაკეთოო. ეს ხდებოდა გლდანის მერვე დაწესებულებაში. ხელმძღვანელობასთან ჩავედი და ვუთხარი, _ ან გადაიყვანეთ, ან წავალ და საჩივარს დავწერ-მეთქი! და გადაიყვანეს. ახლახან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იყვნენ შესულები და თქვეს, წამების ფაქტს ჰქონდა ადგილი, სისხლი გამოდიოდა საკნიდანო. უჩა ნანუაშვილი ტყუილს ნამდვილად არ დაწერდა. ასე რომ, ახლაც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ცოცხები თუ არ არის, წამების სხვა მექნიზმები აქვთ.
_ კახი კახიშვილმა ეს იცის და რეაგირებას არ ახდენს, ამის თქმა გინდათ?
_ კახიშვილი იქ არასამთავრობო სექტორიდან მივიდა, უფლებადამცველია. მას, როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ. თუ მის ყურამდე მივა, რეაგირება აუცილებლად მოხდება, მაგრამ ყველაფერზე ხომ ვერ გაიქცევი მასთან? ჩემი ორი პატიმარი ახლახან შიმშილობდა და უფროსთანაც ვიყავი. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებას და მედიკამენტების მიცემას ითხოვენ და არ აძლევენ. შეიძლება სისტემატური არ არის, მაგრამ ვინმეს თუ ჰგონია, პენიტენციურ სისტემაში ყველაფერი გამოსწორდა, ძალიან ცდება.
9 წელი იმიტომ ვიდექით ქუჩაში, რომ ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო. იცით, დღესაც რამდენი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში? პირველი ნაკადი გამოუშვეს, რადგან ამათ კვალზე და ნიადაგზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, თორემ განთავისუფლება ყველა უდანაშაულოს ნამდვილად არ შეეხო და სამართალი ჯერაც ვერ უპოვიათ. წამებით და დამცირებით მომაყენებ ტკივილს თუ ცოცხით, რა მნიშვნელობა აქვს? ყველამ იცის ჩემი პოზიცია. „ნაციონალების“ ისეთი წინაღმდეგი ვიყავი, რომ დღე და ღამე ქუაში გავატარე. რაც არ მომწონდა იმ რეჟიმის, ცხადია, არც ამათგან მომეწონება. ვერ გავჩერდები და გავჩუმდები ამაზე და ახლა გინდა „ნაციონალი“ დამარქვან და გინდა, სხვა პარტიის მიმდევარი.
„ქრონიკა+“-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურმა უპასუხა:
„თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ პატიმრებისთვის რაიმე დარღვევების შეგნებულად მოგონება და პირობით ვადამდე განთავისუფლების კომისიაზე გასვლის წინ საქმის გაფუჭება არ ხდება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პირობით ვადამდე განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს საბჭო და ამ გადაწყვეტილებასთან მინისტრი კავშირში არ არის.
რაც შეეხება პირობით ვადამდე განთავისუფლების კომისიას, მისი მუშაობა, გარკვეულწილად, ხარვეზიანია და ამიტომაც მის დასახვეწად სამუშაო ჯგუფი უკვე ინტენსიურად საქმიანობს. აღნიშნული თემა განხილვის პროცესშია და შესაძლოა, პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი სასამართლოებს გადაეცეს.
რაც შეეხება მსჯავრდადებულებზე ზეწოლის თემას, თუკი ასეთი რამ ხდება და არსებობს ოპერატიული ინფორმაცია ერთი პატიმრის მიერ მეორზე ზეწოლის შესახებ, მყისიერი რეაგირება ხდება და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს. ასევე, ფაქტია ისიც, რომ დაწესებულებებში ფული არ ტრიალებს. აქედან გამომდინარე, ფულის გამოძალვაზე ლაპარაკს არარეალურად მივიჩნევთ“.
„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა, კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ნელი ვარდიაშვილი