QronikaPlus
განადგურებული სპორტული მოედნები

განადგურებული სპორტული მოედნები

2015-11-15 11:17:17

  ერის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანაღი წესის დაცვა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ეს რომ რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, ეჭვგარეშეა. რას ვაკეთებდით ამ მხრივ ბოლო 25 წლის განმავლობაში? რას და დაუნდობლად, მართლაც რომ ბარბაროსულად ვანგრევდით დიდ თუ პატარა მოედნებსა თუ სხვა სტრატეგიულ სპორტულ ობიექტებს. "ქრონიკა+" ამ პრობლემაზე ესაუბრება ვეტერან სპორტსმენს, არმაზ ბაკურაძეს:   _ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ქვეყნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას არ სწყალობს. პირიქით, სპორტული მოედნები ისეთი ტემპით ინგრევა და აღიგავება მიწისგან პირისა, რომ სრული კატასტროფა შორს არ არის. იმით დავიწყოთ, რომ წინა ხელისუფლებამ თბილისში გაყიდა, დაანგრია და გააუქმა 10 საერთაშორისო სტანდარტული ზომის სტადიონი (სიგრძე _ 100 მეტრი, სიგანე _ 68 მეტრი). აგრეთვე ვაკეში 8 მაღალი რანგის სპორტული ობიექტი; ბათუმისა და ზუგდიდის ცენტრალური სტადიონები, რომლებიც, თავის დროზე, სტალინის ბრძანებით, ჯერ კიდევ, 1922-1925-1930-1950-იან წლებში აშენდა. მაშინ შენდებოდა მთელ საქართველოში. მარტო თბილისში 26 სტადიონი იყო, რომელთაგან 15-ის ირგვლივ მოწყობილი გახლდათ სავარჯიშო ბილიკები. რაც შეეხება თბილისს, ასე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში 20 სპორტული ობიექტის დაუნდობლად დანგრევა იგივეა, რაც ატომური ბომბის ჩამოგდება იაპონიის ქალაქებში, ხიროსიმასა და ნაგასაკიში. ეს დივერსია ჩადენილია, თავის დროზე, საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის, ეკონომიკის, სპორტის, განათლების, სამინისტროების, სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით და გადაწყვეტილებით. ასევე ამ დივერსიაში მონაწილეობა აქვს მიღებული სპორტულ ჟურნალისტთა კავშირს; ვეტერან სპორტსმენთა კავშირს, აგრეთვე სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს. ეს გამოიხატებოდა მათი მლიქვნელური დამოკიდებულებით სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. ეს სპორტული ფედერაციებია: ფეხბურთის, მძლეოსნობის, რაგბის, ჭიდაობის, ფარიკაობის, კრივისა და ძალოსნობის. სპორტულ ფედერაციებს შეეძლოთ მიემართათ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისათვის, ევროკავშირის მისიებისათვის. ისინი მიუღებელი რეჟიმის პოლიტიკას დაბლოკავდნენ. ასევე დაიბლოკებოდა ქართული სპორტი საერთაშორისო არენაზე; ამით განადგურებას გადარჩებოდა 20 მაღალი დონის სპორტული ობიექტი. _ იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ სხვადასხვა დროს სპორტული ობიექტების ბედის შესახებ? _ პირველ ეტაპზე გააუქმეს სპორტის აკადემია, მიმდებარე ტერიტორიაზე დაანგრიეს სტადიონის სავარჯიშო ბილიკები. ასევე დაანგრიეს საერთაშორისო სტანდარტული ზომების მძლეოსნური მანეჟი; ძიუდოს, კრივის, ფარიკაობის დარბაზები; გააუქმენ ჩოგბურთის ორი კორტი; ავლაბარში ყიდიან და ანგრევენ ქართული არმიის შესანიშნავ სტადიონს უზარმაზარი ტერიტორიით. ბაზრობის ტერიტორიად გადააქციეს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ძველი, 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონი. აუქმებენ მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე "ნორჩი დინამოელის" სტადიონს, ექვს სათამაშო მოედანთან ერთად; გააქრეს თბილისის ცენტრალური უბნების კიდევ ერთი უნიკალური სავარჯიშო სტადიონი; აუქმებენ ეროვნული სტადიონის გვერდით მდებარე სტადიონსაც, სადაც ავტოსადგომი მოაწყვეს; ხოლო ეროვნული სტადიონის ირგვლივ გააჩაღეს საკუთარი ბაზრობა. ყიდიან და აუქმებენ ნაძალადევში "ბერის" სტადიონს, ასევე დიდუბეში ცნობილ "სუკონის" სტადიონს. გლდანში აუქმებენ ცნობილი სპორტული სკოლა-ინტერნატის სტადიონს; ასევე აუქმებენ "მეტრომშენის" დასახლებაში არსებულ და ვარკეთილში მდებარე სტადიონებს. ოლიმპიური კომიტეტი, სპორტული ფედერაციები, მათი პრეზიდენტები, განსაკუთრებით ფეხბურთის, რაგბისა და მძლეოსნობის, ამ ობიექტებს ისე უნდა გაფრთხილებოდნენ, როგორც ეს ერთ დროს ღირსეულმა ქართველმა ექვთიმე თაყაიშვილმა გააკეთა, რომელმაც საქართველოს მიბარებული საგანძური შემოუნახა. მომავალი თაობების, ქართული სპორტის წინაშე დანაშაული ჩადენილია და ფაქტები სახეზეა. ერთი ხელის მოსმით გაქრა უნიკალური სტადიონები და სპორტული ობიექტები. დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლების მმართველი ძალის მიერ მეტად მძიმე დანაშაულია ჩადენილი. სხვა ქვეყნებში ასეთი დივერსიის გამო ადამიანებს სათანადოდ დასჯიდნენ. _ ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას? _ საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს მსგავს დივერსიას, რათა მომავალ თაობებს შევუნახოთ და გადავცეთ დარჩენილი სტადიონები და სპორტული ობიექტები. ამ ფონზე, სპორტული ფედერაციების ნდობა აღარ შეიძლება. საჭიროა შემთხვევით გადარჩენილი სტადიონების სრული აღდგენა. ამას მომავალი თაობები ითხოვენ; ამას თბილისის, აჭარისა და სამეგრელოს ღირსეული სპორტული წარსული ითხოვს; ამას ის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ითხოვენ, რომლებიც ოდესღაც ამ სპორტულ ობიექტებზე ვარჯიშობდნენ. ბოლოს, 20 დანგრეული სპორტული ობიექტის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებებთან ერთი კითხვა აქვთ: _ რა დაგიშავეთ? დანარჩენი სამართალდამცავებმა გაარკვიონ.   „ქრონიკა+" დაუკავშირდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.  

                                                                                                              გიორგი მეფარიძე

გაზიარება