სექტემბერში ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილი ჩავიდა. ჩავიდა ისე, როგორც თავისი მმართველობის ზენიტში მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა ხოლმე _ გახსოვთ, ალბათ, ხან მშენებლებს დაადგებოდა ანაკლიაში, ხან, კიდევ, უკვე დაღლილის გასამასპინძლებლად ღამის სამ საათზე იღებოდა მრავალჭირნახული „დიარონი“.
მაგრამ ბიძინას „დიარონისთვის“ არ ეცალა, მან ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. დაათვალიერა ისე, რომ მისი მთავარი პირობა _ არც ერთი ჟურნალისტი არ ყოფილიყო შორიახლოს, შესრულდა. არა, ჟურნალისტები არავის შეუზღუდავს, უბრალოდ, მათ ბოლოს გაიგეს, რომ ზუგდიდში ივანიშვილი იყო ჩასული _ მას შემდეგ, რაც წავიდა.
როგორც მაშინ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა, ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა და წავიდა. ეს ჩვეულებრივი, არაფორმალური ვიზიტი იყოო, _ დაამატეს პრესსამსახურში.
რასაკვირველია, ბიძინას მარტო არ უბორიალია ბოტანიკური ბაღის ხეების მწკრივში _ მას გუბერნატორი ლევან შონია ახლდა თან. რაზე მოილაპარაკეს და რაზე შეთანხმდნენ გუბერნატორი და მილიარდერი, მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ გახმაურდა _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბიძინა ივანიშვილი დიდი სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებს და ამისთვის საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიას დაადგა თვალი _ ზუგდიდის სტადიონთან, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება.
ეტყობა, ბიძინამ ამ მიწის ნაკვეთს უფრო ადრევე დაადგა თვალი, რადგან ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწუნა წინა ხელისუფლების დროს დამტკიცებული პროექტი, რომელიც რაფიელ ერისთავის სახელობის ხეივნის განახლებას, სტადიონის ქალაქგარეთ გადატანას და ღია სივრცის მოწყობას ისახავდა მიზნად. ამ პროექტით დადიანების სასახლე და მისი წინა სივრცე, რომელიც, უდავოდ, ყველაზე ლამაზი წერტილია ქალაქში, შორიდანვე უნდა გამოჩენილიყო. ამისთვის ამაღლებული ხიდი, ხიდქვეშ ხელოვნური ტბა და ირგვლივ გამწვანება იყო შეტანილი პროექტში, რომელიც მალევე დაიწუნეს.
სამაგიეროდ, მზადდება ახალი პროექტი და ახლა უკვე სამუშაოები მაგ გეგმაზე უნდა გადაეწყოს - დადიანების სასახლეთა კომპლექსსა და ხეივანს შორის იქნება ბიძინა ივანიშვილის ასევე კომპლექსური ნაგებობები _ სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი და ა. შ. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, „პანორამა ზუგდიდი“.
მაშინ, როცა ზუგდიდელებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული უამრავი პირობა შეუსრულებელია, მაშინ, როცა ჯერ არსად ჩანს ის სამედიცინო ცენტრი, რომელიც, ჯერ კიდევ, 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, როცა ზუგდიდის განვითარებისთვის წინასაარჩევნოდ დაპირებული რამდენიმე მილიონი არ ჩადებულა, მილიარდერის გეგმებმა ადგილობრივებში გულისწყრომა გამოიწვია.
მაგალითად, უხუცესი ზუგდიდელი კოკი დამენია, რომლის სახლიც ზუგდიდში უკანა მხრიდან უყურებს ბოტანიკურ ბაღსაც და დადიანების სასახლესაც, ამბობს, რომ ისეთი თავხედი შეძლებული, როგორიც ივანიშვილია, არც წიგნებში შეხვედრია და არც ფილმებში:
_ ეს კაცი ნაწილ-ნაწილ ყიდულობს მთელ საქართველოს და მერე ამას ხალხზე ზრუნვად ასაღებს. ასეთი არაფერი მსმენია _ ის კი არა, რომ თქვას, ბიზნესმენი ვარ და ვყიდულობო, არა, _ შენზე ვზრუნავო, _ მიმტკიცებს, კაცო! ჩემზე რანაირად ზრუნავ, როცა ფასიანს გახდი ბოტანიკურ ბაღს და ჩემი შვილიშვილი რომ ღობიდან გადაძვრეს, დაიჭერ? რანაირად ზრუნავ ჩემზე, ის სასტუმრო, რომელსაც ააშენებ, ჩემთვის იქნება?
_ მაგრამ ჩამოვლენ ტურისტები, შესახლდებიან, გადაიხდიან ფულს და იმ ფულის ნაწილი ზუგდიდის ბიუჯეტსაც დარჩება...
_ კაი, ერთი, თუ კაცი ხარ... ძალიან კარგად ვიცი მე, რა აინტერესებს ტურისტს, რომელიც აქ ჩამოდის. აქ მაგას შენი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ აინტერესებს, ის აინტერესებს, რითაც საქართველო განსხვავდება იმისგან, საიდანაც ჩამოვიდა. ანუ ველური ბუნება, მარტვილის კანიონები, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორია, სად რა შენობა იყო, ეკატერინემ საიდან ჩამოიყვანა მებაღეები და ა. შ. რატომ ადიან სვანეთში ტურისტები? სავაჭრო ცენტრები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებია მანდ? აინტერესებთ მთა, ველური ბუნება და იმიტომ... აქაც იმიტომ ჩამოვლენ, თუ ჩამოვლენ, რომ დადიანის სასახლე ნახონ, ბოტანიკური ბაღი ნახონ...
შე მამამაცხონებულო, ამხელა შენობებს რომ ააფარებ თვალზე, რა უნდა ნახონ? ან რად უნდა ამ კაცს, ყველაფერს რომ ყიდულობს? მაგრამ საყდრისი არ დაინდო და შენი დადიანების ისტორია ახლა მაგას რაში აინტერესებს? ჩამოსული ყოფილა აქ და ზარზეიმით დახვედრია გუბერნატორი, მოატარა ბოტანიკური ბაღი, თურმე, და მერე ის ადგილიც უნახავთ, სადაც ის კომპლექსი უნდა ააშენოს...
ეგ ყველაფერი რას ჰგავს, იცი? არ გეხსომება შენ, ფიდელ კასტრო იყო ჩამოსული სამეგრელოში და როცა მიდიოდა, სენაკიდან იყო გამგზავრების ამბები, აეროპორტი იყო იქ და ხელისუფლებამ ბრძანება გასცა, დატვირთეს მანქანები სიმინდით, ჩურჩხელებით, შებოლილი სულგუნით და ისე თეთრი სულგუნით, ღვინით, შენ ხარ ჩემი ბატონი და დამშვიდობებისას რომ დაიძახა მაგ კასტრომ: „ვივა, კუბა!“ აქედან ბანი მისცა სენაკელმა გლეხმა, შემოირტყა ხელი შუბლში და ჩაილაპარაკა: „ვავა, ცხაკაია“ _ სენაკს ცხაკაია ერქვა მაშინ... აი, ეს სიტუაციაა ახლაც ზუსტად: ის იძახის: „ვივა, ბიძინა!“ ჩვენ უნდა ვიძახოთ: „ვავა, ზუგდიდი!..
კოკი დამენიას პათოსს არ იზიარებენ ქალაქ ზუგდიდის მერიაში. ზუგდიდელებს ძალიან კარგად ახსოვთ, წინასაარჩევნო დებატების დროს მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ ირაკლი გოგოხია როგორ ამბობდა, რომ ბოტანიკური ბაღი, რომელიც მოუვლელია, მიხედვას საჭიროებს და მას აუცილებლად მიხედავენ.
არადა, ჩამოწერილ-შემუშავებული გეგმა არსებობდა, წარადგინეს, დააპრეზენტეს და ფოტოსლაიდებიც აჩვენეს, როგორი უნდა ყოფილიყო ბოტანიკური ბაღი უკვე წელს. იაფი პროექტი არ გეგონოთ, საკმაოდ მსუყეა: ამ პროექტის მიხედვით, იგეგმება ბოტანიკური ბაღის სრული რეკონსტრუქცია, ტბის იმ სახით აღდგენა, რა სახითაც ის იყო ისტორიულად, ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო სამუშაოების წარმოება. მეორე სართულზე ადმინისტრაცია განთავსდება, იქნება ასევე საკონფერენციო-საგამოფენო დარბაზიც. რაც შეეხება დენდროლოგიურ სამუშაოებს, პროექტით დაგეგმილია ასამდე სხვადასხვა მცენარის დარგვა, რომელიც გავრცელებულია და პოპულარობით სარგებლობს არაერთ ბოტანიკურ ბაღში. გათვალისწინებულია კაფეტერიის, საინფორმაციო ჯიხურების, საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც. რეკონსტრუირდება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობაც, რომელსაც ადრე საჯინიბო ნაგებობის დანიშნულება ჰქონდა.
„გვინდოდა აქ განთავსებულიყო ზამთრის ბაღი, მაგრამ შემდეგ არქეოლოგიური და სხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სეისმური მდგრადობა ამ შენობის არის ძალიან დაბალი. ამიტომ მოხდა მისი კონსერვაცია“, _ აცხადებდნენ გამგეობაში.
პროექტის შედგენაში მონაწილეობდნენ არქეოლოგები, დენდროლოგები, დიზაინერები, არქიტექტორები.
თავდაპირველი გაანგარიშებით დაგეგმილი სამუშაოები 3 მილიონ 500-600 ათასი ლარის იყო, თუმცა მოგვიანებით, შენიშვნების გათვალისწინებით, მასში ცვლილებები შევიდა და დღეს მისი სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 600-700 ათას ლარს შეადგენს.
მერისვე თქმით, რეკონსტრუქციის მერე მათ უკვე ბოტანიკური ბაღი საკუთრებაში გადმოეცემათ. მის სამომავლო ფორმაზე, თუ რა სახით უნდა იარსებოს, იფიქრებენ. შესაძლოა იფუნქციონიროს, როგორც ააიპ-მა, სადაც შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული, დილის 07:00-09:00 საათებში უფასოც იყოს.
„ბოტანიკურ ბაღს უკვე თავისი თავის შენახვა შეუძლია, 500 ათასი ლარის ნარგავები რომ გაყიდოს, რომელიც აქვს. სანერგე მეურნეობა 4 000 კვადრატზე განთავსდება. პროექტის განხორციელებისას 20% თანადაფინანსება ქალაქის მერიის იქნება, 30% _ გრანტი, 50% კი კრედიტი, რომელსაც მერია 10 წლის განმავლოაში დაფარავს“, _ აღნიშნავდა ირაკლი გოგოხია და დასძენდა, რომ რადგან სამუშაოების ღირებულებამ 4 მილიონს გადააჭარბა, გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და უცხოურ კომპანიებსაც მიეცემათ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღი ატარებს სამეცნიერო-კვლევით დანიშნულებას, ასევე მას აქვს ისტორიული ფუნქციაც, რის გამოც ბევრ ტურისტს იზიდავს, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინება და მათი ჩართვა პროექტის საბოლოო ფორმირების პროცესში. მანვე განმარტა, რომ, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება პროექტის დეტალებზე მუშაობა, ამის შემდეგ ტექნიკური ვადების გათვალისწინებით გამოცხადდება ტენდრი და დაიწყება პირველი სამუშაოები.
კეთილი და პატიოსანი. მიილია სექტემბერიც და საცაა, ეს წელიც ჩამთავრდება. რა სიტუაციაა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, დადიანების სასახლეთა ბაღში, ფოტოებზე ჩანს. ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის დროსაც ბოტანიკური ბაღი არ ყოფილა ყურადღებით განებივრებული, თუმცა პატრულს მკაცრი მითითება ჰქონდა, რომ იქ ყოველგვარი „შავი“ თავყრილობა და მსგავსი გამოხტომები აღეკვეთა, ხოლო უბნის ინსპექტორებს ევალებოდათ, ადგილობრივი მოსახლეობა მკაცრად გაეფრთხილებინათ, თუკი ბაღში საქონელს აძოვებდნენ, ან საბალახოდ უშვებდნენ. მაშინ ეს ჭრიდა, ახლა კი საუკონოვან ხეებსა და უნიკალურ ნარგავებს შორის საქონელი დაჯლიგინობს, ხოლო ხელოვნურ ტბაში, რომელშიც ერთ დროს ულამაზესი გედები დაცურავდნენ, ერთჯერადი გამოყენების საინექციო საშუალებები ყრია, რაც იმას მიანიშნებს, რომ თვით ნარკომომხმარებლებიც კი ამ გაუკაცრიელებულ ბაღში თავისუფლად გრძნობენ თავს _ მათ არც პატრულის დარდი აქვთ და არც გამვლელ-გამომვლელის, რადგან ირგვლივ არც ერთია და არც _ მეორე.
დოროთე გითოლენდია