QronikaPlus
ვინ არის სისასტიკით გამორჩეული ირაკლი შაქარიშვილი და რას ნიშნავს „ქობულეთის სასაკლაო?!“

ვინ არის სისასტიკით გამორჩეული ირაკლი შაქარიშვილი და რას ნიშნავს „ქობულეთის სასაკლაო?!“

2015-11-14 11:20:58

მართალია, პოლიციაში სისტემური დანაშაული აღარ ხდება და მინისტრი გვამებს აღარ ითხოვს, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიციის ძირეული ცვლილება არ მომხდარა. ეს კი აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მთავარი გარანტის ხვალინდელი დღე არა მთავრობისა და მინისტრის გულკეთილობა, არამედ კანონი უნდა იყოს. ჯერჯერობით კი პოლიციაში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ მთავრობის კეთილი ნებაა და არა კანონით გამყარებული რეალობა, რომელიც არასოდეს შეიცვლება. პოლიციაში ამ ბოლო პერიოდში იმატა ძალადობის ფაქტებმა, ცემამ, ნარკოტიკების ჩადებამ. ეს უკანასკნელი კი თითქმის ყოველდღიურად ხდება და თავის მასშტაბებით მერაბიშვილის დროინდელს უტოლდება. ამ მხრივ რეგიონში უპირობო ლიდერია შსს-ს ქობულეთის რაიონული სამმართველო. იქ მოკალათებული რამდენიმე პოლიციელი სისასტიკისა და ჯალათის სინონიმად იქცა. წამლის ჩადება და განსაკუთრებით სასტიკი ცემა-ტყეპა ქობულეთის განყოფილებაში თითქმის ყოველდღიურობად იქცა. ბოლო ათი დღის შუალედით ქობულეთში ორი გახმაურებული ყაჩაღობა მოხდა. ჯერ იყო და გვარას გზაზე მდებარე გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს, ხოლო მერე _ რკინიგზის სადგურში მდებარე სავალუტო ჯიხური, საიდანაც დიდძალი თანხა გაიტაცეს. პოლიციამ ამ საქმის გახსნა მუნდირის ღირსებად მიიჩნია და ქობულეთში ახალგაზრდა არ დაუტოვებიათ, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად არ ეცემათ. 29 ოქტომბერს პოლიციის შენობაში ჯოჯოხეთის ცეცხლი ენთო და თუ დაუნდობლად ნაცემი ახალგაზრდის სიტყვებს გავიმეორებთ, რომელიც მისთვის ერთ-ერთ პოლიციელს და სისასტიკით გამორჩეულ ირაკლი შაქარიშვილს უთქვამს `ქობულეთის სასაკლაოზე~, უდანაშაულო ახალგაზრდები ისე სცემეს, რომ ერთი დღემდე საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო მეორე _ ძლივს დადის.   რევაზ ტაკიძე: _ 29 ოქტომბერს თურქეთში სამუშაოდ გადავდიოდი. სარფის საბაჟოზე დამაკავეს და ქობულეთის განყოფილებაში მიმიყვანეს. ერთ-ერთ კაბინეტში შემიყვანეს. იქ მჯდომმა პოლიციელმა მკითხა, _ თუ მიცნობო? მე დავუდასტურე, _ კი, ირაკლი შაქარიშვილი ხარ-მეთქი. _ რა, მიცნობო? და ცემა დამიწყო, თან მითხრა, _ ხომ იცი, აქ „ქობულეთის სასაკლაოზე“ ხარ მოყვანილიო. აზრზე არ ვიყავი, რატომ მცემდნენ, ან საერთოდ რატომ ვიყავი დაკავებული? ცემით გული რომ იჯერეს, მერე მითხრეს, რომ ყაჩაღობა უნდა მეღიარებინა და მეთქვა, რომ ეს დანაშაული მე ჩავიდინე, რაზედაც უარი განვაცხადე. ამის გამო რვა პოლიციელი დაუნდობლად, სასტიკად მცემდა მთელი ოთხი საათის განმავლობაში. მუხაესტატეს განყოფილების უფროსმა, მურად ანთაძემ, შარვალი გამხადა და გაუპატიურებით დამემუქრა. ასე შიშველი ვეგდე იატაკზე მთელი ამ ხნის მანძილზე და მირტყამდნენ, წყლით სავსე პლასტმასის ბოთლით ყურში ყინულს მაყრიდნენ და თავზე ცივ წყალს მასხამდნენ, ფეხებზე და ხელებზე პოლიციელები ფეხებით მედგნენ. არ ვიცნობ, მაგრამ ამოცნობა შემიძლია. შაქარიშვილმა სახეში შემაფურთხა და ძირს დაგდებულს სახეზე ფურთხი `ტუფლიანი~ ფეხით მომწმინდა და ფეხი პირში ჩამიდო, _ ამის ღირსი ხარ შენო. ერთ-ერთი ხერხემალზე მუხლებით შემდგა და ხტუნვა დაიწყო, მისი ამოცნობაც შემიძლია. საშინალად მცემდნენ პოლიციის უფროსის მოადგილე პაატა ირემაძე და არჩილ დევრიშაძე. დანარჩენებსაც ამოვიცნობ. ისეთ დღეში შემიყვანეს, ვიფიქრე, ვაღიარებ დანაშაულს-მეთქი. ვერაფერს რომ მიაღწიეს, ირაკლი შაქარიშვილმა, _ შენ `უსროკოდ~ ვინ გაგიშვებსო და იმ ოთახში ყველაფერი დაამტვრია. ჯონდო თხილაიშვილმა სახეზე ქუდი ჩამომაფხატა, სწორედ მას უთხრა შაქარიშვილმა, აეფარეო. ამის შემდეგ მის ორ თანამშრომელს დაუძახა, მათ პოლიციის ფორმა შეამოახია და მითხრა, _ ესეც შენ ჩაიდინეო. მერე უწყება მაჩვენეს, რომელზედაც თითქოს ჩემი ხელწერაა. არადა, უწყება თითქოსდა 10-ის ნახევარზე ჩამბარდა. მე კი 9-ის ნახევარზე სარფის საბაჟოზე ვიყავი და უკვე დაკავებული მოვყავდი ქობულეთში. იმ უწყებაზე ჩემი ხელწერა გაყალბებულია და მის ექსპერტიზას მოვითხოვ. „კაპეზეში“ ჩამიყვანეს, მაგრამ იმდენად ცუდად ვიყავი, „კაპეზემ“ არ მიმიღო, სასწარფო გამოიძახეს, მომასულიერეს, მაგრამ საავადმყოფოში ჩემი გადაყვანის საშუალება არ მისცეს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ჩემ მიმართ საქმე აღძრეს. სასამართლომ გირაოდ 3 ათასი ლარი შემიფარდა და თუ 42 დღის განმავლობაში ვერ გადავიხდი, ჩამაჯენენ. არაფრის გამო სასჯელი უნდა მოვიხადო, _ მთელი ოთხი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, იატაკზე ვეგდე, მხოლოდ `კაპეზეში~ წასვლისას ჩამაცვეს ტანსაცმელი და მე მომიხერხებია რვა-ათი პოლიციელის თვალწინ კომპიუტერების დამტვრევა და ორი პოლიციელისთვის ტანსაცმლის შემოხევა! აი, ეს სამართალია ჩვენს ქვეყანაში! მქონდა და მაქვს სხეულის დაზიანებები, თუმცა სიარული ახლაც მიჭირს და ხერხემალი ძალიან მტკივა. ტაკიძის მსგავსად სასტიკადაა ნაცემი ბესიკ მახარაძე, რომელიც ხერხემლის ტრავმის გამო დღემდე სტაციონარში რჩება. მისი თქმით, პლასტმასის ბოთლებს თავში ურტყამდნენ, ცივ წყალს ასხამდნენ, შარვალი გახადეს და გაყვანისას სხვა შარვალი ჩააცვეს. ისიც ამავე პოლიციელებს ასახელებს: შაქარიშვილს, ირემაძეს, დევრიშაძეს, ანთაძეს. დანარჩენის ამოცნობას ისიც შეძლებს. რადგან რევაზ ტაკიძეს კომპიუტერები დამტვრეული „ჰქონდა“, მხოლოდ პერანგშემოხეული პოლიციელები წარუდგინეს, მასაც განუცხადეს, დანა ამოგიღეთ ჯიბიდანო, ეს შენ ქენიო და ბესიკ მახარაძეც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გირაოთია გამოშვებული. ხელწერა იდენტურია. საინტერესოა, მოსამართლემ ვერ დაინახა, რა დღეში იყვნენ ბრალდებულები? და თუნდაც წინააღმდეგობა გაუწიეს, ისე უნდა ეცემათ, რომ ფეხზე ვერ დამდგარიყო ადამიანი? ირაკლი შაქარიშვილს დევნასა და ძალადობაში 45 წლის ელგუჯა ხინიკაძეც ამხელს. მისი თქმით, ის ნასამართლებია. ირაკლი შაქარიშვილმა დევნა დაუწყო და მისგან მოითხოვდა, ვიღაცებზე ამბები მოგვიტანე და დაგვაჭერინეო, რაზედაც უარი განაცხადა. ამის მერე მუდმივად აკავებდნენ და ნარკოტესტზე გადაჰყავდათ, მაგრამ ყოველთვის სუფთა იყო. ერთ-ერთი ასეთი გადაყვანის შემდეგ პოლიციის სამმართველოში სასტიკად გაუსწორდნენ. სწორედ შაქარიშვილი მთელი 4 საათის განმავლობაში ხელებშეკრულსა და ძირს გაგდებულს დაუნდობლად სცემდა. „მერე წინ დამიდეს ქაღალდში შეხვეული რაღაც იარაღი და მითხრეს, აირჩიე, რომელიც გინდაო. 5-6 თვის შემდეგ მუცლის არეში ტკივილები დამეწყო, გამოკვლევისას მითხრეს, რომ ტრავმის გამო დაზიანებული მაქვს მარცხენა თირკმელი და ელენთა. ორივე მათგანის ამოკვეთა დამჭირდა. მივმართე გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას, მაგრამ შედეგი _ არაფერი! ახლაც მემუქრება ამის გამო. დამეხმარეთ, თორემ, უკიდურეს ზღვარს ვარ მისული!“ ირაკლი შაქარიშვილს ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პოლიციელის სახელი აქვს. და თუ მის მიერ დასახიჩრებული და ნაცემი ადამიანების მონაყოლით ვიმსჯელებთ, ის ტიპური ჯალათის სახეა. სწორედ ასე დაიწყო სააკაშვილის დროს. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შერჩათ ყველაფერი და მივიღეთ ადამიანთა მასობრივი წამება. მარტო შაქარიშვილის მისამართით გენინსპექციასა და პროკურატურაში 11 საჩივარია შესული. შედეგი, _ ნული. სწორედ ეს ახალისებს მსგავს ჯალათებს. „ოცნების“ გამარჯვების ერთ-ერთი პირობა სამართალდამცველებში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომისა და სისასტიკის აღმოფხვრა იყო. იგივე მეორდება თანდათან... ჩვენი ინფორმაციით, შაქარიშვილი, ირემაძე და ანთაძე `ოცნების~ აქტივისტების მიმართაც არ გამოირჩეოდნენ ლოიალობით, ხოლო დევრიშაძე საერთოდ გაგდებული იყო პოლიციიდან გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მაგრამ სწორედ შაქარიშვილმა დააბრუნა პოლიციაში. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი არათუ გაუშვეს სამართალდამცველთა რიგებიდან, არამედ დააწინაურეს. ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა: `შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება. გამოძიების პროცესში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საჭირო გახდა რევაზ ტ.-ს მოწმის სახით დაკითხვა. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ რევაზ ტ. იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში და აპირებდა საზღვრის გადაკვეთას. მას კანონის სრული დაცვით ჩაბარდა უწყება მოწმის სახით პირის გამოძახების შესახებ. რევაზ ტ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონულ პოლიციაში მიიყვანეს. პოლიციაში მისვლის შემდეგ, კანონის თანახმად, გამომძიებელმა მას განუმარტა მისი უფლებების შესახებ. მოწმის სტატუსით დაკითხვის პროცესის დაწყებისთანავე რევაზ ტ. აგრესიული გახდა იმ გამომძიებლის მიმართ, რომელიც მას ჰკითხავდა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გამომძიებლის კუთვნილი კომპიუტერი დაამტვრია. ხმაურზე ოთახში შემოსულ პოლიციის ორ თანამშრომელს რევაზ ტ.-მ ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი სსკ-ს 353-ე და 187-ე მუხლების თანახმად დააკავეს. რევაზ ტ.-ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი. კანონის თანახმად, მას და ორ სამართალდამცველს ასევე ჩაუტარდათ სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგ დადგინდება მიღებული დაზიანების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ ის პირები, რომლებსაც ბრალდებული და მისი ადვოკატი ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებენ, მოცემულ დროს პოლიციის შენობაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. ისინი სხვა სამსახურებრივ დავალებას ასრულებდნენ, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. იმის მიუხედვად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რევაზ ტ. ადვოკატთან ერთად, მათ მიერვე შერჩეული დროის თანახმად, 5 ოქტომბერს გამოცხადა შსს გენერალურ ინსპექციაში, სადაც მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. რაც შეეხება ბესიკ მ.-ს, რომელიც დაკავებისას პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ბრალი აქვს წაყენებული სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 238-ე პრიმა მუხლით. დანარჩენ ორ პირთან ერთად, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ქობულეთში 2015 წლის 26-27 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობების ფაქტზე დააკავეს. დაკავებისას ბესიკ მ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. ყაჩაღობაში ბესიკ მ.-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით დანიშნულია დნმ-ის ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ბესიკ მ.-ს მიმართვის საფუძველზეც სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს. ელგუჯა ხ. არაერთგზის ნასამართლებია ნარკოტიკის მოხმარებაზე. 2007 წელს იგი დაკავებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკის (ჰეროინი) უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. 2014 წელს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა ნარკოტიკების (ბუპრენორფინის) მოხმარება და დაჯარიმდა 45-ე მუხლით. ამავე წელს, მორიგი ნარკოლოგიური შემოწმებისას, ელგუჯა ხ.-მ პოლიციაში ყოფნის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმის კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა რაიმე ძალადობას ადგილი, ელგუჯა ხ.-მ წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და სისხლში შაქრის დონე ნერვიულობის ნიადაგზე აეწია. ამის მიუხედავად, მან გარკვეული დროის შემდეგ შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა და განაცხადა, რომ ქობულეთის პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში ელგუჯა ხ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება (სტილი დაცულია)~. თუ შსს-ს კომენტარს კარგად წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ ბრალდებები, რომელსაც პოლიციელების მიმართ გამოთქვამენ, მართალია... როგორც „ქრონიკა+“-ს აცნობეს, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მოძალადე პოლიციელებს ქობულეთელი არჩილ გვიანიძე მფარველობდა. ის გენინსპექციის უფროსის შვილის ნათლია ყოფილა. ქრონიკა+არჩილ გვიანიძეს დაუკავშირდა: _ ბატონო არჩილ, გენინპექციის უფროსის ნათელ-მირონი ხართ? _ ახლანდელის? არა. _ ძველის? _ ვიცნობ, მაგრამ ნათელ-მირონი არ ვარ. _ ამბობენ, რომ თქვენ გენინსპექციაში მოძალადე პოლიციელებს პატრონობთ. _ ეგ ჭორია, თუნდაც ერთი ფაქტი დამისახელეთ. _ შაქარიშვილი... _ ირაკლი? არა, არ არის მართალი.  

                                                                                                            ნატო ქათამაძე

   

გაზიარება