QronikaPlus
თამარ ტაბატაძე: „გუბერნატორმა მითხრა – შენ რა უნდა დაგეხმარო, თავად ოთხი შვილი მყავსო!“

თამარ ტაბატაძე: „გუბერნატორმა მითხრა – შენ რა უნდა დაგეხმარო, თავად ოთხი შვილი მყავსო!“

2015-11-14 11:18:21

„ქრონიკა+“ აგრძელებს გურიაში ჩვენი მოგზაურობის ისტორიების გამოქვეყნებას. წინა ნომრებში მკითხველმა უკვე შეიტყო წვერმაღალა-ნატანების მარშრუტზე, ისევე როგორც ოზურგეთელების მერის, ბეგლარ სიორიძის ანგარიშის შესახებ, რომელიც ადგილობრივებს ჩააბარა. არ ვიცით, ვის რა მოეწონა, ან არა, მაგრამ ფაქტია - `ქრონიკა+”-ის გურიაში ჩასვლა, ნამდვილად გახდა დაპირისპირების მიზეზი. გარკვეულმა სუბიექტებმა რატომღაც საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე ამოიღეს მიზანში, რომელსაც სატელეფონო და პირად საუბრებში საყვედურსაც ეუბნებოდნენ - `რატომ ჩამოიყვანე ეს გაზეთი, ააქოთეს ყველაფერიო!” `ქრონიკა+”-ს ადრეც დაუწერია გურიის თემებზე და მომავალშიც დაწერს, თან ისე რომ არც საკრებულოს რომელიმე დეპუტატის მიწვევა დასჭირდეს. ეს ისე, ცნობისთვის, ახლა კი მთავარი თემა გურიის ქრონიკებიდან. ოზურგეთის მერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, როდესაც თეატრის დარბაზში ტაში არ ცხრებოდა, გადავწყვიტეთ, მისი ზოგიერთი ნათქვამი გადაგვემოწმებინა და ხალხში გავედით. სოფელ-სოფელ სიარულის დრო რომ გვქონოდა, ალბათ, ზღვა მასალას მოვაგროვებდით და უკეთ მოგაწვდიდით გურულების ხმას, თუმცა აზრის შესაქმნელად ოზურგეთის ერთ ქუჩაზე მოპოვებული ინფორმაციის გაცნობაც საკმარისი აღმოჩდა. ქალაქის ცენტრში ჩვენ ვნახეთ სახლი, რომლის ირგვლივ შექმნილმა შთაბეჭდილებებმაც საუკუნეების უკან გადაგვისროლა, იქ მცხოვრებლების მდგომარობამ კი შეგვძრა და ბეგლარ სიორიძის „ქებაი და დიდებაის“ სიტყვები მწარედ მოგვაგონა, _ ყველა გაჭირვებულს ვეხმარებით და ამ მიზნით უამრავი თანხა დავხარჯეთო. სანამ იმის მოკვლევას დავიწყებთ, კონკრეტულად ვის, ან რა სახის გაჭირვების გამო მოახმარეს ოზურგეთის ბიუჯეტიდან იმ ოდენობის თანხა, რაც მერმა დაასახელა და წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, მანამ ჩვენი მასპინძელი ოჯახის სიდუხჭირეზე მოგიყვებით: ქალბატონი თამარ ტაბატაძე შვილიშვილთან _ პატარა გოგონასთან და ფსიქიკური პრობლემების მქონე 20 წლის შვილთან ერთად მიწურში ცხოვრობს. ამ საცხოვრებელს სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, რადგან იატაკი მთლიანად მიწის აქვს, კედლები კი ისეთი ნესტიანი და ძველი, იტყოდით, აქ შესვლას ვერ გავბედავ, თავზე არ ჩამომენგრესო. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ე. წ. სამზარეულო ღია ცისქვეშ აქვს მოწყობილი და მასზე ცელოფნის პარკი აქვს შემოფარებული, წვიმასა და თოვლს თავი ცოტათი მაინც რომ აარიდონ.   თამარ ტაბატაძე: _ ასეთ დამპალ სახლში ვცხოვრობთ. ვითომ შეშა მომიტანეს, მაგრამ ისეთია, ვერ ვანთებთ. ჩემი შვილიშვილი სკოლაში დადის. შიგნით შემოდით და განახებთ, სად მყავს ბაღანა. ვთხოვე ხელისუფლებას, ერთი ოთახი მომეცით სადმე, ბაღანა გადავიყვანო, რომ არ დამიავადმყოფდეს-მეთქი. პირადად გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან  ვიყავი და იცით, რა მითხრა? _ შენ რა უნდა მიგეხმარო, მე თვითონ 4 შვილი მყავსო. _ ასე გითხრათ სალუქვაძემ? კონკრეტულად რას სთხოვდი მას? _ ზუსტად ასე მითხრა, თუ გინდათ, პირზეც დავადგები. არადა, ბავშვის გამო წავედი და ვთხოვე, დამიხურეთ მაინც სახლი, რომ ბავშვი არ დამიავადმყოფდეს-მეთქი. ჩემი შვილიშვილი მეოთხე კლასშია და ცხოვრების არანაირი პირობები არ გააჩნია. ასეთი სახლი თან დაყადაღებულიც მაქვს, 14 ათასი ვალი მაქვს. ეს გამგეობამაც იცის, მაგრამ მაინც არ მეხმარებიან. ჩემს სახლზე რაც არის, ყველაფერს ყადაღა აქვს და არც ვმუშაობ. _ აბა, რით ირჩენთ თავს? _ მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზე ვართ, რომელიც რაში გვეყოფა? ნახევარზე მშიერი მყავს ბავშვი. ცოტა ხნის წინათ ეს დახმარებაც შეგვიჩერდა. საშინელ დღეში აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა ისევ მოგვივიდა. ჩემი ბიჭი, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ცუდ მდგომარეობაში მყავს. როცა სიგარეტს მოითხოვს, რომ არ წავიდე და არ მოვუტანო, მომკლავს, ამიტომ ამ ფულიდან მისთვის სიგარეტიც მომაქვს. ეს ყველაფერი იცის ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ, მოვიდნენ, გადაიღეს ფოტოებიც, მაგრამ მაინც არ მეხმარებიან. _ დღეს ოზურგეთის მერს ანგარიშის წარდგენა ჰქონდა და თუ ასეა, რატომ არ მიხვედით? მან თქვა, რომ ყველას დაეხმარა ან ეხმარება. რამდენიმე მოქალაქე იყო დარბაზში და მადლობებს უხდიდა _ ასეთი გულისხმიერი და მზრუნველი ხართ ოზურგეთელებისთვისო ე. ი. ეს სინამდვილე არ არის? _ მის მოადგილეს ვთხოვე შეშა და ხის ძირები მომიტანა. გაჩვენებთ, იმას ცეცხლი როგორ უნდა მოეკიდოს? არც ეკიდება. სახლს წესიერი კარიც არ აქვს და წვიმის დროს წყლით ივსება. როცა სახლიდან წყალი ვედროებით გამქონდა და ვაქცევდი, შეშა მაშინ მომიტანა და თან სურათებს უღებდა, მერე რომ ეთქვა, ხომ მოგიტანეთო. რატომ იმ წყალსაც არ გადაუღეს სურათები, სახლში რომ შემომივარდა? ჩემზე გაჭირვებული ვინ არის, მაჩვენონ, ვის დაეხმარნენ ჩემზე უბედურს და საცოდავს. ამ მდგომარეობაში მყოფს 14 ათასი ვალი მაქვს კისერზე. ჩემმა ქმარმა აიღო ერთ-ერთი მოქალაქისგან წლების წინათ, მეუღლე გარდაიცვალა, მე კი ეს საშინელი სახლიც დამიყადაღეს. ახლა მე გადმომეწერა მისი ვალი. აღმასრულებელი მეუბნება, არაფერი გეშველებაო. შეიძლება უცებ მოვიდნენ და აქედანაც გარეთ გამოგვრეკონ. არ ვიცოდი, მერის გამოსვლა რომ იყო, თორემ მოვიდოდი და პირში ვეტყოდი, რაში დამეხმარე-მეთქი? რომ მივდივარ, ხმას არ მცემენ და მარტო თავს იქნევენ. შვილიშვილი მიწაზე მიწევს, სახლში არც იატაკი გვაქვს და არც არაფერი. სოციალურიდან თამარა(?) მოვიდა და მასაც ვთხოვე, ერთი ოთახი სადღაც მიშოვეთ, რომ ჩემი ბიჭი მძიმე მდგომარეობაშია და მეშინია, შვილიშვილი არ მომიკლას-მეთქი, მაგრამ არც მან მომცა არაფერი. ღუმელიც კი არ გვქონდა, მაგრამ ბაზარში მომუშავე ხალხმა შემიგროვა ფული და იმათ მიყიდეს. სულ იმის შიში მაქვს, შვილიშვილს არაფერი დაემართოს და არ მომიკვდეს. კარი სულ დალეწილია და ისიც არ ემეტებათ, სხვა რაზე ვილაპარაკო? რად უნდა სიტყვაში გამოსვლა ამ ყველაფერს, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშიც მყავს 8 წლის ბავშვი? ავადმყოფზე აღარაფერს ვამბობ. მეზობელიც წამომყვა, როცა სათხოვნელად რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ წავედი. ერთ ოთახს და ცხოვრების ელემენტარულ პირობებს ვითხოვ, ფიზიკურად რომ გადავარჩინო ბავშვი და იმასაც ვერ იმეტებენ.   თამარ ტაბატაძის საცხოვრებლის ნახვის შემდგომ ცხადია, ლოგიკური კითხვა გაგვიჩნდა, ვინ არიან და როგორც ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც სიორიძის ნათქვამ სიტყვაში _ „ყველას დავეხმარეთ“ _ იგულისხმებოდნენ და დარბაზში, პარლამენტარი სტუმრების თვალწინ, მადლობებითა და დაფნის გვირგვინით შეამკეს? არა გვგონია, ოზურგეთში, ტაბატაძეებზე გაჭირვებით კიდევ ვინმე ცხოვრობდეს და თუ ვინმეს დასახმარებლად ქალაქის ბიუჯეტში თანხები მოიძებნა, ამ ოჯახმა რა დააშავა? შერჩევითი დახმარება არა გვგონია, იმ მქუხარე ტაშის ღირსი იყოს, რომელიც იმ დღეს ოზურგეთში, თეატრის შენობაში მივისმინეთ. როდესაც ოზურგეთში მიმავლებმა ნაღობილევი-ნატანების გზის ნაპირებზე  პლასტმასის დიდი მილები შევნიშნეთ და დავინტერედით, რის გაკეთებას აპირებდნენ ამით, იქაური მოსახლეობისგან რაც გავარკვიეთ არის ის, რომ მილები იქ ზაფხულში მიიტანეს, დაყარეს და მას მერე ასე ყრია. ეს მაღალი წნევაგამძლე პლასტმასის მილები, თურმე, ურეკის წყლის მომარაგებისთვის სჭირდებათ, მაგრამ ზაფხულის მერე ხელი არავის შეუვლია, ამიტომ წყლით და ტალახით ივსებაო. მასშიც, ცხადია, ბიუჯეტის თანხაა გადახდილი და როგორც ჩანს, ეს არავის ანაღვლებს. ადგილობრივებმა ისიც გვითხრეს, რომ ეს საქმე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის გასაკეთებელია, მაგრამ არ აკეთებსო. ეს ის ჭანუყვაძეა, რომელზედაც „ქრონიკა+“-ში ადრეც ვწერდით, თუმცა მაშინ მასზე ამბებს სხვები გვიყვებოდნენ, ახლა კი ეს ფაქტი საკუთარი თვალით ვნახეთ და ყურით მოვისმინეთ. მისი შემოქმედებაა დასასვენებელი პარკი ნატანებში, რომელშიც 81 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს თანხები სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოყოფილა და ნატანელების აზრით, უმიზნოდ დახარჯულა. პარკში მხოლოდ რამდენიმე სკამი დაგვხვდა და გაუგებარია, ამხელა თანხა მართლაც რას მოახმარეს?! პარკსაც გადავუღეთ ფოტო. გამგებლის შემოქმედება მოცეკვავე შადრევნის გაკეთება ყოფილა სოფელ შემოქმედში. ათხრილი ქუჩების, დანგრეული სახლებისა და გაჭირვებული ადგილობრივების ფონზე ძვირადღირებული შადრევანი მათ ნერვებზე უფრო ცეკვავს, ვიდრე  რაიმე სხვას აკეთებს. გამორიცხული არ არის, გზაზე დაყრილი მილებიც ამგვარ „საქმეს“ ემსახურებოდეს, რადგან ის როდემდე ეყრება, არავინ უწყისო.   ნათია შარაშენიძე, ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტიდეპუტატი: _ ნატანებში, იმ შენობას, სადაც წინათ სოფლის რწმუნებული იჯდა და მერე გადაიყვანეს, ძვირფასი ბაღი აქვს. თუ ნატანებში ბაღი იყო საჭირო და მას ამდენი თანხა სჭირდებოდა, იქვე, ყოფილი კოლმეურნეობის ბაღში რომ გაეკეთებინათ, ამხელა თანხა არ იქნებოდა საჭირო. წინათ იქ ბაღი იყო და ის გაესუფთავებინათ, სკამები დაედგათ, ნათურები დაემაგრებინათ... სოფლის ბიუჯეტიდან ამდენი ფული დაიხარჯა არამიზნობრივად და ორი სკამი დგას ე. წ. ბაღში, რომელშიც არავინ შედის. მერის საანგარიშო მოხსენებასაც უნდა შევეხო ორიოდე სიტყვით. მისი გამოსვლის დროს თქვენც კარგად ნახეთ, რომ დარბაზში ისეთი ამბავი იყო, ადმინისტრაციული რესურსის ისეთი მობილიზება გაკეთდა, კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ. ოზურგეთს მერმა _ ბეგლარ სიორიძემ, სამუშაო დღეს ქალაქს მთლიანად გაუკეთა პარალიზება, სამუშაო საათებში სამსახურიდან გამოიყვანა ყველა აიპ-ის თანამშრომელი და დარბაზი ამ ხალხით გაავსო. _ გინდათ მითხრათ, რომ რიგითი მოსახლეობა იქ არ ყოფილა? _ თუ დაინახეთ, რა სისტემითაც იყო აწყობილი დარბაზის მიკროფონის გადაცემა, ეჭვი თქვენც გაგიჩნდებოდათ, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო. ზუსტად იცოდნენ, რომ იქ მყოფ ადამიანებს დიაგონალურად უნდა ეპასუხათ. ამ დაქცეულ ოზურგეთში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანია და სოციალური მდგომარეობაც უმძიმესია, სიორიძე საათნახევრის განმავლობაში მადლობებს ისმენდა. ეს არის სამართლიანი ხელმძღვანელობა? დიახ, ეს ჩატარდა იმისთვის, რომ ბეგლარს თავი მოეწონებინა პარლამენტარების წინაშე. მერიის მუშაობა არ არის გამჭვირვალე, მაგრამ სიორიძემ მოიტყუა და თქვა, რომ გაჭვირვალეა. მე, როგორც საკრებულის წევრი, მეოთხე თვეა, დოკუმენტაციას ვითხოვ, რომელიც სოციალური დახმარების ბენეფიციარებს ეხება. მაინტერესებს,  ვისზე გაიცა ეს დახმარებები 2015 წელს, რამდენი გაიცა, მაგრამ არ მაძლევენ. სიორიძემ კი სიტყვა სწორედ ამით დაიწყო, რომ საჯარო ინფორმაციებს გავცემ და ამაზეუარს არავის ვეუბნებიო. ის, რომ მე ვერ განვახორციელე ჩემი უფლებამოსილება, როგორც საჭირო იყო და სათანადო კონტროლი ვერ გავუწიე მერის საქმიანობას, ჩემს წლიურ ანგარიშშიც ავხსენი, რომ ამის მიზეზი იყო საჯარო და საჭირო ინფორმაციების არქონა და არმოცემა მერის მიერ. სიორიძე ოზურგეთს არ დაჰპირებია ძვირადღირებული გზის გამყოფებს, ფეშენ მოსაცდელებს, საბილიარდოებს და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლის განხორციელებაც მას  გადაწყვეტილი აქვს ან უკვე განახორციელა. მის ასეთ საკუთარი ნების გადაწყვეტილებებს საკრებულო ამტკიცებს, თუმცა მისი უმრავლესობაც ჯიბეში ჰყავს და რა პროექტიც უნდა, იმას უკანონებს. საკრებულოში `ოცნებას~ უმცირესობა აქვს _ 4 წევრი ჰყავს, თუმცა უმრავლესობის ხმები მაინც ყოველთვის მისია. ასეთი უცნაურობაც ხდება ოზურგეთში. ასე რომ, გასაკრიტიკებელი და საგანგაშო ამ მუნიციპალიტეტში კვლავ ძალიან ბევრია და თავის საქებარი არც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და არც _ ადგილობრივს. ქრონიკა+“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურს დაუკავშირდა: „ნატანები-ნაღობილევის გზაზე არსებული პლასტმასის მილები არ არის მუნიციპალური საკუთრება, ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთვნის. დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს და აღნიშნული მილებიც სამშენებლო სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც   მუნიციპალური განვითარების ფონდი „აზია ბანკის“ დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 73 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარეობს წყალმომარაგების გარე ქსელისა და სატუმბი დანადგარების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ფერი“ ახორციელებს. დაბა ურეკის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება სოფელ ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის კეთილმოწყობას, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 83 431 ლარს. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ შესრულებული სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ი/მ გოჩა ერქომაიშვილს შორის დაიდო, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები: გრუნტის დამუშავება ექსკავატორით სკვერის ტერიტორიის საფუძვლის მოსაწყობად, არსებული ღობის დემონტაჟი, ქარგილის მოწყობა, კედლის ამოშენება, დეკორატიული შელესვა, რკინის ოთხკუთხა მილებით ღობის მოწყობა, საყრდენი ბოძების სახურავების მოწყობა, მოძრავი კარის მოწყობა, სკვერის მოედნის საფუძვლის მოწყობა ქვიშა-ღორღოვანი ნარევით, ბილიკების, ფანჩატურის, ხის კარკასისა და გარე განათების, ასევე, პანდუსების მონტაჟი. გზის საფრის მომზადება ასფალტის საფრის მოსაწყობად სკვერისა და იქვე არსებული სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოხდა  რკინა-ბეტონის ფილების მოწყობა; დამცავი მილების, რკინის კონსტრუქციების, ხის სკამების მონტაჟი. განხორციელდა არსებული სანიაღვრე არხის დემონტაჟი და ახალი სანიაღვრე არხების მშენებლობა, ასევე, ქვაფენილის დაგება და სხვა სამუშაოები,  რომელზედაც, ჯამში, 83 431 ლარი დაიხარჯა“. ქრონიკა+“-თან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს გურიის გუბერნატორი _ გია სალუქვაძე: „მოქალაქე თამარ ტაბატაძემ მიმდინარე წლის 25 მაისს ერთჯერადი ფინანსური დახმარების თხოვნით მომმართა (განცხადება თან ერთვის). მოქალაქეს ქალაქ ოზურგეთის მერიაში განცხადებით ვუშუამდგომლეთ, რის საფუძველზეც მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 27 სექტემბერს 200 ლარი ჩაერიცხა. მაისიდან სექტემბრამდე დახმარების გაწევა შეყოვნდა, ვინაიდან მას ქალაქ ოზურგეთის მერიისგან ადრეც ჰქონდა დახმარება მიღებული. როგორც მოგეხსენებათ, ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღება გარკვეულ პროცედურასა და ვადებს მოიცავს. რაც შეეხება იმას, რომ მოქალაქე თამარ ტაბატაძეს მე დახმარებაზე უარი განვუცხადე, ეს სრული სიცრუეა. ყოველ ოთხშაბათს მაქვს მიღების დღე. მოქალაქეებს მოადგილესა და აპარატის უფროსთან ერთად ვხვდები და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში თითოეულ ადამიანს ვუწევ დახმარებას. მოგახსენებთ, რომ ქალბატონ თამარს სხვადასხვა სახის დახმარება არაერთხელ გაეწია. კერძოდ, ტაბატაძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით 2014 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა. თუმცა 2009 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საცხოვრებელი სახლის შესაძენად მის პირად ანგარიშზე 5000 ლარი ჩაურიცხა, რითაც საცხოვრებელი სახლი შეიძინა ბარათაშვილის ქ. #8-ში და სახლი მეპატრონემ მალევე დატვირთა იპოთეკით.  2012 წელს სახლი 3000 ლარად მიჰყიდა სოფელ ძიმითში მცხოვრებ მოქალაქე მამუკა ჩავლეიშვილს, რომელიც ვერ ახერხებს იპოთეკით დატვირთული სახლის გაფორმებას. 2014 წლის ოქტომბერში განცხადების მიმართვის საფუძველზე ქალაქ მერიისგან თამარ ტაბატაძეს მეუღლისთვის სამკურნალოდ 100 ლარის ოდენობით თანხა  ჩაერიცხა. ასევე 2014 წლის ნოემბერში მერია საშეშე მერქნითაც დაეხმარა. ტაბატაძემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წელს კვლავ მიმართა და მას ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამიდან გაეწია. ამ პერიოდისთვის მას გარდაეცვალა მეუღლე, გიორგი ტაბატაძე, რომელიც იყო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი“.  

                                                                                                  ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება