QronikaPlus
დევნილების პროტესტი - „რა დროს რიტორიკაა, უპორტფელო სამინისტროს გვაქვს!“

დევნილების პროტესტი - „რა დროს რიტორიკაა, უპორტფელო სამინისტროს გვაქვს!“

2015-11-14 11:13:14

„დევნილთა პარტია“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია ზაქარეიშვილის უწყების პოლიტიკას არათანმიმდევრულსა და არასრულყოფილს უწოდებს. ამ პრობლემაზე „ქრონიკა+“ „დევნილთა პარტიის“ ლიდერს, ლელა გულედანს ესაუბრება: _ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, სამინისტრო ეწევა კონფლიქტების მოგვარების არათანმიმდევრულ და არასრულყოფილ პოლიტიკას, რაც აფხაზებისა და ოსების მხრიდან ეჭვებს იწვევს. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ძალიან კარგად ჩანს, რომ კონფლიქტების მოგვარება ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტი არ არის და ისევ დონორ ორგანიზაციებზე ვართ დამოკიდებულები, როდესაც „ნდობის ფონდში“ ნდობის აღდგენის პროექტების მხარდასაჭერად ერთი თეთრიც არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენი სამშვიდობო რიტორიკა საქმით არ არის განმტკიცებული. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ახალი ხელისუფლების პირობებში იგივე დარჩა, არ შეცვლილა მიდგომები და ხედვები კონფლიქტების დარეგულიებასთან დაკავშირებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას მილიონიანი ბიუჯეტით და 30 თანამშრომლით არ აპირებს და არ იჩენს ინიციატივას, კონფლიქტების დარეგულირების სხვა მეთოდებზე გადავიდეს, როდესაც რამდენი წელია, ჟენევის მოლაპარაკებებსა და შუამავლობას, სადაც მხოლოდ პოზიციები ფიქსირდება, არანაირი შედეგები არ მოუტანია. რადგან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა ავირჩიეთ, რაც პრობლემის გადაჭრის ერთობლივ მიდგომას გულისხმობს, პროცესი და მოლაპარაკებები თვითონ მხარეებმა უნდა ვაკონტროლოთ; სამინისტრო არ წარმართავს პირდაპირ დიალოგს აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, როდესაც „პოლიტიკური კონფლიქტების რეგულაციის გზების“ მიხედვით ასეთი მოლაპარაკების შემთხვევაში კონფლიქტის მხარეები ინარჩუნებენ კონტროლს შედეგზე და პროცესზე, შუამავლისა და არბიტრაჟის ჩარევის გარეშე არიან კომუნიკაციაში ჩართულნი და უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. სამინისტრომ ვერ მოძებნა საერთო ინტერესები, რათა კონფლიქტის მხარეებთან ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილებები მივიღოთ, არ იყენებს დიალოგის დასაწყებად „შერიგების ფილოსოფიას“, არ ელაპარაკება კონფლიქტის მხარეებს ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმებაზე. სამინისტრო არ იყენებს ფილიპინების გამოცდილებას და კონფლიქტოლოგ, პროფესორ ლედერახის სამუშაო ჩარჩოს, რის მიხედვითაც კონფლიქტის მოგვარებაში ადგილობრივი და საეკლესიო ავტორიტეტები ერთვებიან, სადაც საზოგადოება და უშუალოდ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, ანუ დევნილები ქმნიან კონფლიქტის დარეგულირების საკუთარ მოდელს. როდესაც განდის შერიგების ფილოსოფიის მიხედვით კონფლიქტიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა ადამიანის მიერ კაცობრიობის ფასეულობების აღმოჩენაა; როდესაც სახალხო ცნობიერების ამაღლება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე ხელს უწყობს მშვიდობის მშენებლობას და არ ხდება ამ ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება განათლებით, სახალხო ლექციებით, დიალოგითა და მასმედიით _ ტელევიზიით, რადიოთი, გაზეთებით; სამინისტრო არ მიმართავს ყურადღებას თანმიმდევრული და სისტემატური ღონისძიებებისკენ აფხაზური ენისა და იდენტობის გადასარჩენად. „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიზნების განხორციელების შვიდი დასახული ინსტრუმენტიდან არ მუშაობს ხუთი ინსტრუმენტი: ნდობის ფონდი, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი, თანამშრომლობის სააგენტო, ფინანსური ინსტიტუტი, ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა. სამინისტრო არ ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს სერიოზულ ფაქტორად აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესში, არ აქვს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებისა და დიალოგის წარმოების სტრატეგია და გეგმა. აფხაზურ საზოგადოებაში შესაფერისი დასკვნებისა და შეფასებების ჩამოსაყალიბებლად, სამინისტრო არ იყენებს პროპაგანდის, ანუ ფაქტების, არგუმენტებისა და სხვა ცნობათა სისტემატური გავრცელების მეთოდს, რომელიც ნაკლებ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სამინისტრო არ იზიარებს ებრაული დიასპორის გამოცდილებას და არ მუშაობს ქართულ-აფხაზური შერეული დიასპორების გამოყენებაზე შერიგების პროცესში. _ „ნდობის ფონდში“ პროექტების მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რატომ არ ირიცხება? _ „ნდობის ფონდს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო კურირებს. ეს შერიგების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტია. მისი საშუალებით სახალხო დიპლომატიის გასაძლიერებელი პროექტები ხორციელდება _ ადამიანზე ორიენტირებული, ჰუმანიტარული, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებები. სამწუხაროდ, ეს ფონდი მხოლოდ დონორ ორგანიზაციებზე არის დამოკიდებული. ერთი ორგანიზაცია კობერნის ფონდია, რომელიც ასეთ პროექტებს აფინანსებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არ შედის ნდობის ფონდში. ვამბობთ, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გვსურს. ჩვენი დოკუმენტები და რიტორიკა ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ეს საქმით არ არის განმტკიცებული. ჩანაფიქრი, სიტყვა და საქმე ერთმანეთს უნდა ესადაგებოდეს. როდესაც გაცხადებულ სამშვიდობო პრიორიტეტში თანხას არ დებ, ჯარს აძლიერებ, ამ დროს შენი რიტორიკა საქმით განმტკიცებული არ არის. _ ასე რატომ ხდება? _ ქვეყნისთვის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება პრიორიტეტი არ არის. ზოგადად ვიცით, რომ ეს არის უპორტფელო და დროებით შექმნილი სამინისტრო; კანონითაც კი არ არის გამყარებული მისი ფუნქციონირება. სამინისტროს, რომელსაც ამხელა პრობლემების მოგვარება აკისრია, სათანადო რესურსი არ გააჩნია. ჩვენი საზოგადოებაც იმდენად გადართულია ყოფით და სოციალურ პრობლემებზე, რომ მისი ძირითადი დაკვეთაც ამაში თანადგომაა. ამის გამო, დევნილების ჩართულობაც ნაკლებია ამ სამშვიდობო პროცესში. ძლიერი ინიციატივები საზოგადებიდან უნდა მოდიოდეს და სახელმწიფო პოლიტიკა ამას უნდა ასახავდეს. ყოველდღიურ პრობლემებზე გადართვის პირობებში მთავარი პრიორიტეტის უკანა პლანზე გადაწევა ხდება. სამომავლოდ სამინისტროს ბიუჯეტი იგივე რჩება და უწყების პრიორიტეტებში ეს პროცესი ისევ არ ჩანს. ასევე იყო მოსაზრება, რომ თბილისის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე აფხაზი არ წამოვიდოდა. თუკი ჯანდაცვის სერვისებს იყენებს, აქ ჩამოდის, მკურნალობს და ამაზე პრობლემა არ არის, განათლების, სახალხო დიპლომატიის კუთხითაც აფხაზები მზად არიან, ჩამოვიდნენ და პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ამით არის დაკავებული და ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ ეს ხალხი ჩამოიყვანოს. ისინი ითხოვენ, რომ ნდობის ფონდში რაღაც თანხა იყოს გამოყოფილი, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. შედეგად, ეს ხალხი ჩამოიყვანონ, ჩვენი ღირსშესანიშნაობა ანახონ, ასევე რა რეფორმები გატარდა აქ და ა. შ. მოკლედ, სურვილი არის, თანხები _ არა. ამიტომ არასამთავრობო სექტორიც ჩივის ამ ნდობის ფონდის მუშაობასთან დაკავშირებით და მის მხოლოდ დონორ ორგანიზაციებზე დამოკიდებულებას. _ ამ ფონზე ნდობის აღსადგენად შეხვედრები საერთოდ თუ ტარდება? _ ტარდება, მაგრამ, ვთქვათ, წელიწადში ორჯერ და ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს. ეს არის შეხვედრა შეხვედრებისთვის: ახალგაზრდები ხვდებიან, ექიმები გამოცდილებას ცვლიან, რაღაც დონეზე კომუნიკაცია მიმდინარეობს. მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს და პროცესში თავად დევნილები უნდა ჩაერთონ. ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში კონფლიქტით დაზარალებული ხალხი უნდა შერიგდეს. სახალხო დიპლომატია უნდა გაძლიერდეს, მათ შორის სოციალური ქსელებით შესაძლებელია სწორი გზავნილების გაგზავნა, რათა აფხაზებში შესაბამისი დასკვნები ჩამოყალიბდეს. საერთოდ, როგორ იწყება ეს შერიგების ფილოსოფია, მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებულ გზებს სამინისტრო რატომ არ იყენებს? თუკი სამშვიდობო პროცესსა და რიტორიკაზე ვსაუბრობთ, მეორე მხარესთან პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ და პროცესი ჩვენვე ვაკონტროლოთ ყოველგვარი შუამავლისა და დამატებითი არბიტრაჟის გარეშე. ჩვენ შორის ძალაუფლების გადანაწილებაზე უნდა იყოს საუბარი, ამის გზებია და ა. შ., ანუ კონფლიქტის მხარესთან უშუალო დიალოგში უნდა ვიმყოფებოდეთ. _ დევნილებს ამ პროცესში რატომ არ რთავენ? _ 23-წლიანი დევნილობის შემდეგ ჩვენი ხალხი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებულია. უღირს საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ და, ზოგადად, ჩვენი საზოგადოება დემორალიზებულია; იმდენად ჩაფლულია საკუთარ ყოფით პრობლემებში, რომ ვეღარ იცლის უფრო მაღალი იდეალებისთვის. სახელმწიფო სტრატეგია ორივე პრობლემას თითქოს ერთდროულად აგვარებს _ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს უქმნის დევნილებს და ასევე ცდილობს მათ დაბრუნებას, მაგრამ, ფაქტობრივად, არც ერთი მიმართულებით სასურველი წინსვლა არ გვაქვს. დევნილებიც სახელმწიფო პოლიტიკას ვერ ვქმნით, ანგარიშგასაწევ ძალას ვერ ვაყალიბებთ. ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის ხარისხი ისედაც დაბალია, ეს პრობლემა დევნილებშიც მტკივნეულად არის გამოხატული. რეალური პრობლემების ირგვლივ ვერ ხდება ჩვენი კონსოლიდაცია, ვერ ვახერხებთ უმთავრესი მიზნების გამოკვეთას და ერთობლივ ქმედებას. _ აფხაზეთის ლეგიტიური მთავრობა რას აკეთებს? _ ლეგიტიმური მთავრობაც არ არის ამ პრობლემებით დაკავებული. ძირითადად უმოქმედო ორგანოა და ამ პროცესებში მისი ჩართულობა ნულის ტოლია. არავინ არ გამოჩნდა, ვინც დევნილებთან ერთად იმუშავებდა, სამოქმედო გეგმას დადებდა და ამ პრობლემების ირგვლივ ხალხის კონსოლიდაციას მოახდენდა. სწორედ ამისთვის შეიქმნა დევნილების პარტია, რომ ჩვენი დაქსაქსული საზოგადოება გავაერთიანოთ. საჯარო გადაწყვეტილებებზე გავლენას ჯერ ვერ ვახდენთ, რადგან არ ვართ კონსოლიდირებული ძალა. არადა, 300 ათასი დევნილი ვართ და შეგვიძლია, ისეთი ძალა შევქმნათ, რომ სახელმწიფო პოლიტიკაზე რეალური გავლენა მოვახდინოთ; თავად აფხაზებთან ერთად დავგეგმოთ ეს პოლიტიკა, თუ როგორ შეიძლება ერთ სივრცეში ცხოვრება. _ ნდობის აღდგენის ღონისძიებებს რომ არ ვაფინანსებთ და ჯარის გაძლიერებას ვცდილობთ, დღევანდელ რეალობაში რა შანსები აქვს ქვეყანას, არასამშვიდობო გზით ტერიტორიები დაიბრუნოს? _ ძალისმიერი გზით ამ პრობლემების მოგვარება წარმოუდგენელია. იცით, ვინ არის ოკუპანტი და რომელი ქვეყნის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე. ამ ფონზე, ფაქტობრივად, მარტო ვართ. დასავლეთის მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ დიდწილად სიტყვიერი, საქმით არ გვქონია. ისტორიული გამოცდილებით, ხერხი სჯობია ღონესა და, უპირველესად, ამ გზას უნდა მივმართოთ. ვფიქრობ, ისევ დაახლოების ხერხები უნდა მოვიფიქოთ, რადგან დღეს სხვა ძალა ტერიტორიების დასაბრუნებლად არ შეგვწევს. როდესაც ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი სოციალურად დაუცველი, მშიერი და უსახლკარო გყავს, ვინ წავა ომში და რა მოტივაციით? თან წინასწარ ვიცით, რომ ეს ომი წაგებულია. ამიტომ ჩვენი მდებარეობა უნდა გამოვიყენოთ, ამისათვის მაქსიმალური დიპლომატია გვმართებს, რომ აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად სამშვიდობოს გავიდეთ. ამ გზაზე ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული და მერე _ სხვა სახელმწიფოების ინტერესები. _ დღევანდელ სიტუაციაში დე ფაქტო რეჟიმებთან თბილისის პირდაპირი დიალოგი როგორ წარმოგიდგენიათ? _ ჩვენს მთავრობას გაბედულება აკლია, რომ დე ფაქტო მმართველებთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს. ამ დროს, ეს დევნილი საზოგადოების ერთ-ერთი მოთხოვნაა. ჩვენ ამაზე კვლევაც ჩავატარეთ და ათასი ადამიანი გამოვკითხეთ. დაბრუნების სურვილის ასპროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს და კონფლიქტის მოგვარება ყველას მშვიდობიანად სურს. ყველას უნდა, რომ აფხაზეთის მთავრობა ჩაერთოს ამ პროცესში; ასევე კონფლიქტის მხარედ რუსეთს აღიარებენ და მასთან დიალოგს ითხოვენ. ჩვენ რომ ეს პროცესი დავიწყოთ და იქ სწორი, თანმიმდევრული გზავნილები გაიგზავნოს, ის ხალხი მოლაპარაკებაზე წამოვა. ამ მიმართულებით კონტაქტზე გასვლას ვაპირებთ. სოციალური ქსელით ყოველდღიურად 200-300 აფხაზი ემატება ჩვენს საიტებზე. ისინი ხედავენ ჩვენს აქტივობას და დადებითი გამოხმაურებაა. დაწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩვენთან პირდაპირ დიალოგზეც წამოვლენ. არ უნდა მოვეშვათ ამ საკითხს და პირველად გადავდგათ ეს ნაბიჯები. აქტიურდ უნდა გამოვიყენოტთ ყველა ხედვა, რაც გაგვაჩნია: შერიგების ფილოსოფია იქნება, ლედერახის პირამიდა, ებრაული დიასპორის გამოცდილება თუ სხვა. შევეცდებით, აფხაზეთში კეთილგანწყობა, ცნობადობა ავიმაღლოთ, რათა ეს ხალხი პირდაპირ დიალოგზე წამოვიყვანოთ. _ მიმდინარე პროცესების მიმართ თბილისში როგორი პოზიცია აქვთ? _ იცით, რაზეც აქვთ აქცენტი _ ისევ ომის დაწყების შიშია, ძირითადად, ნატოზე აქვთ გართულება, თორემ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ მათი მხრიდან სწრაფვაც აშკარად გამოხატულია. ისინი გვაბრალებენ, რომ ჩვენს პოლიტიკაში დამოუკიდებლები არ ვართ, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ მათ მართულობაზე. ამიტომ უნდა დავამტკიცოთ, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკას ვეწევით, რომ ევროპისკენ სწრაფვა ხალხის ნებაა. ამ ფონზე საერთო ინტერესები უნდა გამოვნახოთ. პრინციპში, ჩვენი, როგორც დევნილთა პარტიის მიმართ ანტიპათია არ გამოუხატავთ. იციან, რომ სოხუმელები ვართ და დადებითად არიან განწყობილი. ჯერჯერობით, გაცნობით სტადიაზე ვართ და დამეგობრებაზე უარს არ ამბობენ. სურთ მშვიდობა, მეგობრობა და შეხების წერტილებიც ჩნდება. _ აფხაზური ენისა და იდენტობის შენარჩუნების პრობლემებზე საუბრობთ... _ იქ საქმის წარმოება რუსულ ენაზეა და აფხაზური ენა საფრთხის ქვეშ დგას. ახალგაზრდების ნაწილმა მშობლიური ენა არც კი იცის და იქ ეს სერიოზული პრობლემაა. ამ მხრივ მათ, რაღაცნაირად, ხელი უნდა შევუწყოთ. აფხაზებს უნდა დავანახვოთ, რომ ვზრუნავთ მათ კულტურაზე, თვითმყოფადობაზე, ენაზე და ა. შ. თუნდაც უნივერსიტეტში აფხაზური ენის კათედრა მიტოვებულია. ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა გვმართებს. თუკი სახელმწიფო ენად ქართული და ასევე აფხაზეთში აფხაზურია, ღონისძიებები სისტემატურად უნდა ტარდებოდეს და ეს პროცესი თავად აფხაზებს ვაჩვენოთ, რომ მათ ენასა და კულტურას პატივს ვცემთ. _ ფედერაციული მოწყობის შესაძლებლობაზე არის თუ არა რამე გამოხმაურება აფხაზების მხრიდან? _ როგორც ვიცი, ადრე ამ წინადადების მიმართ აფხაზები კეთილგანწყობილი იყვნენ და მის  განსახილველად მოდიოდნენ. მერე როგორც გაგრძელდა მოვლენები, ეს ძალიან კარგად ვიცით. თუკი დღეს ამის რეალური შანსია მოსახლეობის სათანადო ინფორმირების გზით, რატომაც არა? ამ მხრივ შესასწავლია გერმანიის გამოცდილება, თუნდაც რუსეთის და ა. შ. გადავხედოთ, კარგად შევისწავლოთ ფედერალური მოწყობის ეს სხვადასხვა სისტემა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შეიძლება განსხვავებული მოდელი მოვიფიქროთ, რომელიც ადგილობრივ ყოფას შეესაბამება და სამომავლოდ დამატებით საფრთხეებს არ შეგვიქმნის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ამას ერთი ქვეყნის სივრცეში მოვაქცევთ, ვფიქრობ, რომ კარგი გამოსავალი იქნება. ამისთვის სახალხო კონსულტაციები და ცნობიერების ამაღლება აუცილებელი იქნება. საჭიროა მაგალითების მოყვანა, რათა ეჭვი არ იყოს და ნდობა წამოვიდეს. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუკი აფხაზები, ადრე თუ გვიან, ამ პროცესს დასთანხმდებიან. ოღონდ, ვიმეორებ, სერიოზული მუშაობაა საჭირო აფხაზებთან, სამოქალაქო სექტორთან და ა. შ. ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ. ეს არის, ალბათ, ჩვენი გამოსავალი და ამ პოზიციაში საერთო ნიადაგზე უნდა ვიდგეთ.  

                                                                                                        გელა მამულაშვილი

 

გაზიარება