ბოლო პერიოდში „ქრონიკა+“-მა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან უამრავი წერილი მიიღო. პატიმრების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ზოგი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივის და პატიმრობის ვადის მოხდას ღირსეულ პირობებში ითხოვს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ფრაგმენტებს პატიმართა წერილებიდან.
ქართველ მძღოლს, ავთანდილ მარტიაშვილს, 1 ტონა ნარკოტიკის შეძენა-გადატანისთვის პატიმრობა 17-წელი აქვს მისჯილი და სასჯელს ერევანში იხდის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი უკანონოდ იხდის სასჯელს. ამ საკითხზე „ქრონიკა+“-მა რამდენიმე თვის წინათ ვრცელი მასალა მოამზადა. მარტიაშვილი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, რომ სასჯელი საქართველოში მოიხადოს.
ავთანდილ მარტიაშვილი:
_ რამდენიმე თვის წინათ სომხეთის იუსტიციის მინისტრს მივწერე და ვთხოვე, საქართველოში ჩემი გადმოყვანის საკითხი განეხილათ. მივიღე პასუხი, რომ თქვენი გადაყვანა საქართველოში მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, რადგან ორგანიზატორების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და შეიძლება მოწმის სტატუსით ვიყო დაბარებული. ჩემს საკანში მჯდომ პატიმართან ადვოკატი მოვიდა, მას ვთხოვე, რომ ის წერილი, რომელიც სამინისტროდან მომივიდა, წაეღო და გაერკვია, _ რა იგულისხმებოდა ორგანიზატორების მიმართ გამოძიების დაწყებაში? ასეთი პასუხი მივიღე, _ არ ვიცი, რა არის ამ წერილის არსი, მაგრამ მთელმა სომხეთმა იცის ეს ამბავი და შენთვის კანონს კი არ მიუსჯია 17 წელი, არამედ ტვირთის მეპატრონემ მოგისაჯაო. მე თუ წამიყენეს ბრალდება 1 ტონა ნარკოტიკის შეძენისთვის, რომლის ღირებულებამ შავ ბაზარზე 200 მილიონი დოლარი შეადგინა და 17 წელი მომისაჯეს, რაღა მოწმის სტატუსით უნდა ვიყო გამოძახებული?! როდესაც დამაკავეს და წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მომისაჯეს, გამომძიებელი თავის დადგენილებაში წერს: 2 დღის განმავლობაში მან გამოარკვია, რომ უკანონოდ შევიძინე 1 ტონა ნარკოტიკი და დაიწყო გამოძიება, რომელიც 6 თვე ზერელედ მიმდინარეობდა. თუ გამომძიებელმა 2 დღეში დაადგინა, რომ მე შევიძინე ნარკოტიკი, 2 წლის განმავლობაში ვერ დაადგინა ამ საქმის ორგანიზატორები? მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ, რადგან ნარკოტიკით უშიშროება და შს სამინისტრო თვითონ ვაჭრობს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ ჩემი დაკავებისას 77 კგ ნარკოტიკი აორთქლდა. საქართველოში დაკავებული ნარკოტიკის 90% სომხეთიდან არის შემოსული. ვეკითხები საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, _ თუ არის გამოძიებული, ვინ არიან ამის ორგანიზატორები?! საქართველოს ხელისუფლება არაფერში მეხმარება, რომ სიმართლე გაირკვეს. ჩემმა მეუღლემ პროკურატურას განცხადებით რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღია. ცუდად გავხდი, მეუღლეს შევატყობინე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა და განცხადება დაწერა, რომ საელჩოსა და საკონსულოს მოეხედათ, პასუხი მიიღო, რომელსაც თათია ლოლაძე აწერს ხელს, სადაც აღნიშნულია _ თქვენს მეუღლეს მიეწოდება მედიკამენტები და დიეტური საკვებიო. ვთხოვ ლოლაძეს, ნუ აგზავნის მცდარ წერილებს, 2 წლის განმავლობაში არანაირი მედიკამენტი არ მიმიღია, დიეტურ საკვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვარ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც 25 კვ.მ-ში 11 საწოლი დგას და 18 პატიმარი ვართ, წყალს დღე-ღამეში 3 საათით გვაძლევენ, არ არის აბანო, გასეირნება კვირაში ერთხელ ან არის, ან _ არა. სამედიცინო მომსახურებაზე უარს მეუბნებიან. ხერხემლის პრობლემა მაქვს, გამოკვლევა რომ ჩამიტარონ, 200 დოლარი მოითხოვეს. ეს პირადად კონსულმა შორენა წიკლაურმა მოისმინა. ამ პირობებში ვარ. სომეხი სამართალდამცველები კი ამტკიცებენ, რომ მართლმსაჯულება სომხეთში უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოში.
ბათუმის #3 დაწესებულება
ზურაბ ხაჩიძე, თემურ შიხაშვილი, ნიკა მეგრელიშვილი, ბესარიონ ნიჟარაძე:
_ ბათუმის #3 დაწესებულებაში არასათანადო პირობებია. საკვები ძალიან ცუდად არის დამზადებული, წყალი გვეძლევა გრაფიკით, რომელსაც მოჰყვება ჭიები და გაურკვეველი ნივთიერებები. რომ ამბობენ, ევროსტანდარტებიო, ასე არ არის. სარკმელი ძალიან პატარაა. ჯანმრთელობა შერყეული გვაქვს, არ გვეძლევა სამკურნალო მედიკამენტები. გვეუბნებიან, რომ არ აქვთ, არადა, 2 თვის წინათ გააპიარეს ტელევიზიით, ვითომ ყველაფერი იყო აფთიაქში. სინამდვილეში, ციხის აფთიაქი არ უჩვენებიათ. ამ განცხადების შემდეგ თანამშრომლები ჩვენს გამოწვევას ცდილობენ. ამას უშუალოდ ავალებენ დირექტორი და მისი ქვეშევრდომები. გვითიშავენ ტელეფონს, რომ ვინმეს ხმა არ მივაწვდინოთ. ამას აბრალებენ ტელეფონის ხაზს და ინტერნეტს. ამ მთავრობის ვერაფერი გავიგეთ, ვითომ დემოკრატიაა. წინა მთავრობა თუ სპეცრაზმის დახმარებით სიკვდილამდე გვცემდა, ესენი ფსიქიკურად გვაგიჟებენ.
გიორგი მარსაგიშვილი, შოთა ჯოხაძე:
_ მოგმართავთ ბათუმის #3 დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პრობლემებთან დაკავშირებით. ვართ ძალიან მძიმედ დაავადებულნი, რაზედაც ყურადღება არ გვექცევა, შესაბამის გამოკვლევებს არ გვიტარებენ და არც სათანადო მკურნალობას გვიწევენ. 11 სექტემბერს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დავიწყეთ და ამოვიკერეთ პირი, მუცლისა და ხელების არეში მიყენებული გვაქვს მრავლობითი ჭრილობა. ჩვენს პრობლემებს ადმინისტრაციის თანამშრომლები გაეცნენ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. დაწესებულების მთავარი ექიმი, ზურაბ ორაგველიძე, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილია, რადგან დაახლოებით 3-4 თვის წინათ გვიყალბებდა ჯანმრთელობის ცნობებს და ჩვენ გამოვააშკარავეთ. ამის შემდეგ მას თანამდებობა დაატოვებინეს და ქეთევან მელიქაძე დანიშნეს. ქალბატონი ქეთევანი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და სათანადო ყურადღებას გვაქცევდა. ეს ქალბატონი გაათავისუფლეს და ისევ ორაგველიძე დანიშნეს. ეს ყველაფერი სამედიცინო დეპარტამენტში გადაწყდა, უშუალოდ თავმჯდომარის, თამთა დემურიშვილის დავალებით. ორაგველიძე მტრულად გვექცევა და გვიცხადებს, რომ მას ისეთი პატრონი ჰყავს, პატიმრები ვერაფერს მივაღწევთ და ტყუილად ვიკლავთ თავს ამგვარი პროტესტით. ჩამოგითვლით ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ ხედავენ ყველა ამ ფაქტს და ხელს აფარებენ, ან თვითონაც მონაწილეობენ უკანონო ქმედებებში: დირექტორის პირველი მოადგილე, სოსო მაზმიშვილი; უსაფრთხოების უფროსი, ბექა გაგნიძე; რეჟიმის უფროსი, დათო შატაკიშვილი; ციხის უფროსი, მიხეილ კანდელაკი. გადმოგვიყვანეს ცალკე საკანში და არ გვაძლევენ უფლებას, რომ ვიქონიოთ ჩვენი კუთვნილი ტელევიზორი, ან რადიომიმღები. საკანში ვიდეომეთვალყურეობაა, რომელიც ლახავს ჩვენს უფლებებს და ღირსებას. მოშიმშილეთა საკანი საშინლად დაბინძურებულია, არ გვაძლევენ ჰიგიენურ საშუალებებს, ჭრილობებიდან ჩირქი მოგვდის. ტელეფონს გვითიშავენ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მივაწოდოთ. 18 სექტემბერს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ და მხოლოდ ჯანმრთელი პატიმრები აჩვენეს, ჩვენთან არ შემოსულან, რადგან არ მოგვეყოლა ჩვენ შესახებ და საბუთებში არ დაფიქსირებულიყო. ეს ყველაფერი ზურაბ ორაგველიძისა და იმ პირების შეთანხმებით მოხდა, რომლებიც ზემოთ მოგახსენეთ.
კახა მეცხვარიშვილი:
_ მოგმართავთ თხოვნით დახმარებისათვის, ვარ ძალიან მძიმედ ავად სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით ინფიცირებული. დაწესებულების მთავარ ექიმს, მაკა გრიგალაშვილს, დახმარებას ვთხოვ, მაგრამ მარტო დაპირებებია. მთავარ ექიმს რომ შევხვედრილიყავი, კორპუსის კონტროლიორმა, _ ყვირიხარო, ერთი თვით გადამიკეტა ტელეფონით საუბარი და ერთი წლით _ გრძელვადიანი პაემანი. ეს არის ოჯახის დანგრევა. ტელეფონისა და გრძელვადიანი პაემნის აკრძალვა გავასაჩივრე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. უროლოგმა და ოტოლარინგოლოგმა წამლები დამინიშნეს, მაგრამ ჩემთვის უცნობია, როდის მომცემენ მედიკამენტებს და როდის დავიწყებ მკურნალობას. ფეხების, სახსრებისა და ხარხემლის არეში გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. დღეში სამჯერ მაწვეთებენ თვალში წამალს, მაგრამ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და ხელახალი კონსულტაცია მესაჭიროება. გთხოვთ, მიმართოთ თამთა დემურიშვილს, რომ დამეხმარონ და ხელი შემიწყონ მკურნალობაში. 41 წლის ვარ, წინ 2 წელი და 11 თვე მაქვს მოსახდელი, მინდა, ცოცხალი დავუბრუნდე ოჯახს. ვინც კი იყო დაწესებულებაში მთავარი ექიმი, თამთა დემურიშვილს ყველა ატყუებდა. თუ კარგი სპეციალისტები არიან, რატომ იცვლება მთავარი ექიმი ამ დაწესებულებაში ყოველ სამ თვეში ერთხელ? გთხოვთ, დაინტერესდეთ, გამოაგზავნოთ მონიტორინგის ჯგუფი, დაინტერესდნენ, ჯანმრთელი ვარ თუ ავადმყოფი. მაქვს როგორც ვირუსული ცე ჰეპატიტი, ასევე ოთხი ქრონიკული დაავადება. პატიმარი კი ვარ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც მაქვს ტკივილის გრძნობა. თქვენი გულისხმიერების დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას გულთან ახლოს მიიტანთ და სათანადო ზომებს მიიღებთ.
გიორგი გოგინავა:
_ მოგმართავთ თხოვნით ციხეში უკანონოდ ჩასმული მოქალაქე. პატიმრობა 2 წელი მაქვს მისჯილი. წელიწადი და 6 თვეა, უკანონოდ ვიხდი სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია. ვიყავი დაზარალებულ გოჩა ფაცურიას საქმეზე, სადაც განვმარტე, რომ მას არ ვიცნობდი და არც მის ხელში მინახავს დანა-მეთქი. ჩემ მიმართ გამომძიებლის მხრიდან იყო ზეწოლა, ასევე პროკურორ ქეთი ყიფიანისა და ვასილ სამხარაძისგან. მათ უნდოდათ, უდანაშაულო ადამიანისთვის, ფაცურიასთვის დამედო ხელი, მაგრამ უარი განვაცხადე და შედეგად ციხეში გამიშვეს. იმედია, გულთან ახლოს მიიტანთ ჩემს ამბავს და ჟურნალისტურ გამოძიებას ჩაატარებთ. მინდა, ყველამ გაიგოს ის ამბავი, რომ რეგიონებში არის კრიმინალი პოლიცია და პროკურატურა.
ედნარ ძნელაძე:
_ მე ვარ უკანონო პატიმარი, რომელსაც 12 წელი მაქვს მოსჯილი. პირველივე დღიდან უკანონობას ვებრძვი. ამ პერიოდში 2 ათასამდე წერილი გავგზავნე თითქმის ყველგან _ დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული საკრებულოს რიგით თანამშრომლებამდე. ალბათ, მთავარ პროკურატურაში არ არსებობს თანამშრომელი, რომელმაც ჩემი საქმე არ იცოდეს. ამ ბრძოლამ ძალიან დამაზარალა და ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა. მანამ არ ჩამიტარეს ონკოლოგიური გამოკვლევები, სანამ პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ მივმართე. ერთია გამოკვლევა და მეორე, _ წამლები. ამბობენ, რომ წამალი არ აქვთ, ოჯახიდან მოტანილზე კი უარს აცხადებენ და ვართ ასე გამიშვი-დამაკავეში. მამამ ნერვიულობისა და მუქარების ნიადაგზე ინსულტი მიიღო და პარალიზებულია. ჩემი შვილი ნაცჯალათებმა დააინვალიდეს და დღემდე სამკურნალოა 25 წლის ბიჭი. ერთადერთი მოხუცი დედაა, რომელიც მეხმარება, მაგრამ ისიც საოპერაციოა. მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა სასჯელაღსრულების სამინისტროს თავის მინისტრიანად, რომ გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა და ბათუმის დაწესებულებაში დამტოვა, ვინაიდან ის თბილისში ვერ ჩამოვა, აქ კი თვეში ერთხელ მაინც მნახულობს. ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს, ბევრი ფაქტი, ისეთები, რომლის თქმაც არ შემიძლია. ყველა საბუთი ხელთ მაქვს, ასევე ახალი გარემოება, რომელიც ფარდას ახდის მზაკვრულ გეგმას. თუ ჩემი საქმით დაინტერესდებით, ეს დიდი სიხარული იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის.
გლდანის #8 დაწესებულება
ბადრი სვანიშვილი:
_ ვარ წინა, ჯალათი ხელისუფლების მსხვერპლი. ნაძალადევის რაიონის #9 ქვეგანყოფილების პოლიციის მაღალჩინოსნებმა შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დამაკავეს, სასამართლომ კი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. დაკავების დღიდან, 2014 წლის დეკემბრამდე, სისტემატურად ვიმყოფებოდი ცემა-წამებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების პირობებში. დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელს ვიხდი 2005 წლის 15 აპრილიდან. ახალი ხელისუფლების პირობებშიც ვიმყოფები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების პირობებში. ამ ხელისუფლებამ ოფიციალურად დააკანონა უკანონობა, რაც იმით გამოიხატება, რომ სად-ის თანამშრომლები როცა უმიზეზოდ მაყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამას აკეთებენ ისე, რომ სათვალთვალო კამერამ არ დააფიქსიროს. მე რომ მათ ამაზე ვუჩივლო, შესაძლებელია, სიმართლით მოცული საჩივარი ჩემ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, როგორც ცრუ დასმენა. ასეთი ფაქტი არაერთხელ გახმაურებულა მედიის მეშვეობით. ვითხოვ დროულ დახმარებას, რადგან ეს რეჟიმი უკვე მიუახლოვდა წინა, ჯალათი რეჟიმის გადასულ ზღვარს. კერძოდ: რაც აწყობთ, იმას წერენ ჩემს პირად ისტორიაში და არასამართლებრივად ახორციელებენ ჩემ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს, რის გამოც, პროტესტის ნიშნად, მრავალჯერ მიმიყენებია სხეულზე თვითდაზიანებები. ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია!
გიორგი ჩიმაკაძე:
_ არ ვიცი, მერამდენედ ვწერ იგივე შინაარსის წერილს. უამრავჯერ მაქვს დაწერილი იმ უკანონობაზე, რომელიც პროკურატურამ, გამოძიებამ და მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ჩაიდინეს ჩემ წინააღმდეგ. რამდენი ტანჯვა-წამება გადავიტანე და კიდევ მიწევს გადატანა, კარგად მოგეხსენებათ, პროტესტის როგორი ფორმებისთვის მქონდა მიმართული, უმძიმეს უკიდურესობაში ვიყავი და ნუთუ, მარცვლისოდენა სიმართლის განცდა მაინც არ შეინიშნება, ნუთუ დამაჯერებელი არ არის, რომ 28 დღის განმავლობაში სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, გადავიჭერი ვენები, ხელი დავიჭედე დუბელის ლურსმნით, ამის შემდეგ 29 დღე ვიშიმშილე. მერე კიდევ ვიშიმშილე 53 დღე და 20 დღის განმავლობაში ხელი დაჭედებული მქონდა. არ არის საკმარისი?! ამ უკანონო ღონისძიებას ჩემი ოჯახის განადგურება მოჰყვა. კერძოდ, სანამ დამაკავებდნენ, 8 თვის ფეხმძიმე მეუღლე მყავდა და ნერვიულობის ნიადაგზე ჩვენი შვილი უმძიმესი სენით დაავადებული დაიბადა! ვინ აგებს ამ უსამართლობაზე პასუხს?! პროკურატურა არ უშვებს შეცდომას და ყოველთვის მართლები არიან? ამ ქვეყნის ისეთივე მოქალაქე ვარ, როგორც სხვა დანარჩენი. მეც მინდა სიცოცხლე და არსებობა ამ ქვეყანაში, მეც მაქვს ტკივილისა და სიყვარულის გრძნობა, მეც მინდა ისეთივე სრულფასოვანი წევრი ვიყო ამ ქვეყნის, როგორც სხვა დანარჩენი, მეც მაქვს სიხარულისა და წყენის განცდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება _ ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში. მეც მაქვს უფლება, მყავდეს შვილები და ოჯახი, რომელიც უკანონოდ წამართვეს. არ არის საკმარისი?! დამატებით მოგახსენებთ, რომ მყავს ძმა, სამაჩაბლო-აფხაზეთის ომის ვეტერანი, იყო დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, წოდებით კაპიტანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, აღმშენებლობისათვის, მაგრამ დღეს ყველასგან მიტოვებულია! რატომ, ნეტავ? მყავს 65 წლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული დედა, არ არის საკმარისი, მეტი რა უნდა მჭირდეს?! არ ვიცი, დედას და ძმას ცოცხალს მივუსწრებ თუ არა, ისიც ძალიან ცუდად არის. შვილი უმძიმეს მდგომარეობაში მყავს. რას ვითხოვ ასეთ სასწაულს და დაუხმარებელს ჩემი მთავრობისგან, ასეთი მიტოვებული და სრულიად დაუცველი რომ ვარ ყველასგან და ყველაფრისგან? გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი უმძიმესი მდგომარეობა და დამეხმაროთ, სიმართლეს ვამბობ ღმერთისა და ერის წინაშე, არ ჩამიდენია დანაშაული. არავის დასჯას არ ვითხოვ, უბრალოდ, აღმიდგინეთ ჩემთვის უკანონოდ ჩამორთმეული უფლებები, რომ დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და გავაგრძელო ღირსეული და პატიოსანი ცხოვრება ჩემს პატარა ოჯახთან ერთად.
ზვიად ჩიტიძე:
_ უმორჩილესად გთხოვთ დახმარებას, რადგან პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ. ამ გასამართლების გამო ვიმყოფები უმძიმეს და გაუსაძლის მდგომარეობაში. დღითი დღე უარესდება ჩემი მდგომარეობა, თვითმკვლელობამდეც კი ვარ მისული, რის მცდელობაც უკვე მქონდა, რადგან გაუსაძლისია უკვე ეს უსამართლობა და უკანონობა. უმძიმესი ტანჯვაა უდანაშაულოდ პატიმრობა. მეტიც, ეს არ არის პატიმრობა, ეს არის უდანაშაულოდ ტანჯვა-წამება და განადგურება. ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონობისა და უსამართლობის გამო ერთი წელია, დახმარებას და შველას ვითხოვ, მაგრამ ამაოდ. არავინ დაინტერესებულა ჩემ მიმართ განხორციელებული უკანონობით, რის შესახებაც ათასობით განცხადება გავუგზავნე ჩვენს მთავრობას. ერთი წელია, დახმარებას ვითხოვ, რადგან არანაირი ქურდობა არ ჩამიდენია, არ მომიპარავს არანაირი ნივთი და არ გამიქურდავს თურქეთის არც ერთი ტრაილერი. ერთი წელია, ობიექტური და კანონიერი გამოძიების ჩატარებას ვითხოვ, რადგან ამ ჯოჯოხეთში ვიმყოფები მცხეთის რაიონის პოლიციის გამომძიებლის, ბექა ტაბატაძის მუქარის, შანტაჟის, მოტყუებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ამ ერთი წლის მანძილზე, სამწუხაროდ, ჩემი საქმით და უსამართლო მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. იქნებ, თქვენი დახმარებით მაინც მომაქციოს ყურადღება ამ მთავრობამ. იქნებ, დაინტერესდნენ ჩემი უმძიმესი მდგომარეობით. ღმერთის, ერისა და კანონის წინაშე ვამბობ, რომ არ ჩამიდენია დანაშაული და უდანაშაულო ადამიანი ვიმყოფები ამ ტანჯვა-წამებაში. თქვენი დახმარებით ვთხოვ მთავრობას, ძალოვან და სამართალდამცველ სტრუქტურებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ერსა და ბერს, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე რამეს წარმოადგენს, ნუ დაუშვებენ ამ უსამართლობას!
რუსთავის #6 დაწესებულება
გიორგი ოქროპირიძე:
_ მოგახსენებთ, რაც ხდება ჩემ ირგვლივ: უკვე ისე შეტოპა მოძალადე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომ ჩემზე ყველა ბინძური მეთოდით და კრიმინალური გზით ახორციელებს ანგარიშსწორებას თავისი პირადი მოტივით. მოგეხსენებათ, ერთადერთი პატიმარი ვარ 14 თვე წინასწარ პატიმრობაში ყოვლად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით და პრემიერის ტელეეთერით უკანონო დაკვეთით. დაკავების დღიდან ვარ მუდმივი წამებისა და ზეწოლების ქვეშ. ჩემი წამებით რომ საწადელს ვერ მიაღწიეს, ახლა უკვე გადავიდნენ ჩემი პროფესორი, პატიოსანი და წესიერი ოჯახის წევრების ზეწოლაზე. მე ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, მიყვარს საქართველო, მაგრამ დღესდღეობით ისეთი მოძალადე მმართველი ჰყავს ქვეყანას, რომ მოვითხოვ და უარს ვაცხადებ საქართველოს მოქალაქეობაზე ჩემი ნებით. ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა გახდა წამება და ჩემ მიმართ ყველა უფლება ირღვევა. გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი გაჭირვება და გვერდში დამიდგეთ.
გიორგი ბერუაშვილი:
_ მინდა, მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოგიგზავნოთ, როგორ ინაცვლებენ ადგილებს მწამებლები და როგორც ხდება მძიმე დანაშაულებები, თუ რატომ ვიხდი სასჯელს უკანონოდ, მაგრამ არ ვიცი, ეს წერილი მოვა თუ არა თქვენამდე. ეს საცდელი წერილია, მიიღებთ თუ არა.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პენიტენციური დაწესებულება და მსჯავრდადებული თანაბრად უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო სერვისებით. საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სისტემაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მოდელი, გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი, ასევე, გარემონტდა სამედიცინო პუნქტები, მათ შორის, განახლდა ბათუმის #3 დაწესებულების სამედიცინო ნაწილიც. ბათუმის #3 დაწესებულება დახურული ტიპის დაწესებულებაა და მსჯავრდადებულებიც მასში დახურული ტიპის დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე იხდიან სასჯელს. მათ უმეტესობას სხვა, ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა სურს და სწორედ ამას უკავშირდება მათი მხრიდან ხშირი საჩივრები. ბათუმის #3 დაწესებულება საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სრულად გარემონტდა. დაწესებულების თითოეული საკანი აღჭურვილია ინდივიდუალური კონდიცირების სისტემით. მასში განთავსებულია ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, მაღაზია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მსჯავრდადებულები სრულად უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამედიცინო სერვისით, დაწესებულებაში განთავსებულია აფთიაქიც.
მსჯავრდადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ მჯავრდადებულებს კ.მ-ს, ე.ძ-ს, გ.მ-ს და შ.ჯ-ს პენიტენციური დეპარტამენტის #3 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მრავალჯერადად გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, როგორც დაწესებულებაში, ასევე, სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. ჩატარებული აქვთ კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური. კონსულტირებულნი არიან სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტთა მიერ. რეკომენდაციის შესაბამისად, უტარდებოდათ მედიკამენტური მკურნალობა და უზრუნველყოფილნი იყვნენ მედიკამენტებით პენიტენციური სისტემის მედიკამენტების ბაზისური ნუსხის ფარგლებში.
მსჯავრდადებულები ბ.ნ., ნ.მ და თ.შ. პენიტენციური დეპარტამენტის #3 დაწესებულებაში ამ ეტაპზე არ იმყოფებიან და სასჯელის მოხდის ადგილის შესაბამისად, მედპერსონალის დინამიკური მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
რაც შეეხება ზ.ხ.-ს, აღნიშნული მსჯავრდადებულის სამედიცინო საჭიროებები ცნობილია ადგილობრივი მედპერსონალისთვის და პაციენტს, საჭიროებისამებრ გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებულები გ.მ., შ.ჯ და კ.მ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, როგორც ექიმ ქეთევან მელიქაძისა და ზურაბ ორაგველიძის, ასევე, ზოგადად, სამედიცინო-პერსონალის მიმართ. ქეთევან მელიქაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მთავარი ექიმის თანამდებობა და ზურაბ ორაგველიძეც საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ექიმის თანამდებობიდან. მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან კი დაწესებულებას ჰყავს ახალი მთავარი ექიმი მაკა გრიგალაშვილი, რომელიც პენიტენციური დეპარტამენტის #6 დაწესებულების მთავარი ექიმის თანამდებობას იკავებდა. იგი საკუთარი საქმის პროფესიონალია.
რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფას, დღეისთვის #3 დაწესებულების აფთიაქი მომარაგებულია 320-მდე დასახელების ესენციური და არაესენციური მედიკამენტებით, მათ შორის არის: ანტიბიოტიკები, ჰიპერტენზიული საშუალებები, საგულე საშუალებები, გასტროენტეროლოგიური საშუალებები და ჰეპატოპროტექტორები, ანტიალერგიული პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, დერმატოლოგიური პრეპარატები, ჰორმონები და ენდოკრინოლოგიური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ოტოლარინგოლოგიური მოქმედების პრეპარატები, ვიტამინები და მინერალები, საინფუზიო ხსნარები, ტკივილგამაყუჩებლები, მენტალური და ქცევითი დარღვევების სამკურნალო საშუალებები და ა. შ. ამასთან, ჩამოთვლილი ჯგუფების პრეპარატები დაწესებულებაში მოწოდებულია არაერთი დასახელებით. თუმცა პაციენტები ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებენ დანიშნული მედიკამენტების ჯენერიკული სახელწოდებით მიღებაზე, რაც გათვალისწინებულია პენიტენციური სისტემის მედიკამენტების ბაზისური ნუსხით და ითხოვენ ბრენდული დასახელებით მიწოდებას. ეტაპობრივად ხდება აფთიაქის მარაგების შევსება მოთხოვნის შესაბამისად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი გამოთქვამს მზაობას, გაცნობიერებული თანხმობის არსებობის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერსებულ პირს აღნიშნულ მსჯავრდადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ.
რაც შეეხება მსჯავრდადებულ ბ.ს-ს პრეტენზიებს, რომ თითქოს მის მიმართ არასამართლებრივად ხორციელდება სადამსჯელო ღონისძიებები და საფრთხეშია, სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მსჯავრდადებულის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და სასჯელაღსრულების სამინისტრო ძირითად აქცენტს სწორედ მსჯავრდადებულთა უფლებების დაცვაზე აკეთებს. მსჯავრდადებულთა ღირსების შელახვისა და უფლებების დარღვევის მანკიერი პრაქტიკა პენიტენციურ სისტემაში სრულად აღმოფხვრილია. ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო უყურადღებოდ არ ტოვებს არც ერთი მსჯავრდადებულის პრეტენზიას და თითოეულ შემთხვევას უწყების შესაბამისი დეპარტამენტები სწავლობენ.
გიგზავნით ბათუმის #3 დაწესებულების რამდენიმე ფოტოსაც, რომელიც მდგომარეობას ასახავს რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ.
თამარ ბატიაშვილი