დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები დაიწყება, რომელთა ადგილზეც თბილისის მერია და ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყება ახალ ნერგებს ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე დარგავს.
„იქ, სადაც არის ამის ადგილი და შესაძლებლობა, ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე ახალი ხეები დაირგვება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად ვაწარმოოთ, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს“, _ განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„ქრონიკა+“ ამ პრობლემაზე ესაუბრება მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ ლიდერს, ნატა ფერაძეს:
_ ტენდერის დასრულებას როგორ შეაფასებთ და ეს პროცესი რამდენად ესწრება?
_ ამას დიდი ხანია, ვაკვირდებით. ტენდერი ცოტა ადრე იყო გამოცხადებული და რეალური პროცესი სექტემბერში დაიწყეს. „უსაფრთხო სივრცემ“ გაასაჩივრა და გააჩერეს. მერე თავიდან გამოცხადდა, კიდევ გაუსაჩივრა-გააჩერეს და ახლა ვინ გაიმარჯვა, აღარ მიმიქცევია ყურადღება. რასაკვირველია, ეს პროცესი არ ესწრება და თან მხოლოდ მთაწმინდის რაიონზეა საუბარი. როცა მთელი თბილისის შემოგარენი ასეთ დღეშია, მსგავსი სამუშაოები ყველა მხრიდან უნდა იყოს დაწყებული. ხეების ჭრის სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან უნდა დაწყებულიყო, ანუ ძალიან დაგვიანებულია. დღევანდელი მძიმე ფიტო-სანიტარიული მდგომარეობიდან გამომდინარე საკითხისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა.
_ „უსაფრთხო სივრცემ“ რატომ გაუპროტესტა ეს სამუშაოები?
_ რაღაც შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამო. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუ რა ხდება აღნიშნულ ბიუროკრატიაში, მართლა დაშვებული იყო თუ არა ის შეცდომა. დავების საბჭომ ასე მიიჩნია. თუმცა რასაც მე გავეცანი, იქ რაღაც არაარსებითზე გამოედავენ. სულ რომ გაეჩერებინათ და დარღვევა რომ ყოფილიყო, შესაბამისი სამსახური ვალდებული იყო (ამ შემთხვევაში თბილისის მერია, მას ეკუთვნის ეს ტყეები), რომ ამ მდგომარეობაზე სათანადო რეაგირება მოეხდინა.
დიდი ხანია ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. საგანგაშო სიტუაციაა და ამ ბიუროკრატიის, რაღაც თითო სიტყვისა და საბუთების გამო უკანდახევა ნიშნავს პარაზიტების გამრავლებასა და ხეების დაავადების შეუქცევად პროცესს.
ივნისიდან მოყოლებული შესაბამის პირებს ამ პრობლემატიკაზე დიალოგისთვის ვიწვევთ. საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ყველა პასუხისმგებელ უწყებასთან შეხვედრა უზრუნველყო. მას ესწრებოდნენ ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელები გარემოს დაცვის სამინისტროდან, პარლამენტიდან და მერია-საკრებულოდან. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იურიდიულ მხარეს ვერ აუდიან... ანუ ვერ გამოყვეს ცალკე სახსრები. არადა, თბილისობაზე ანძების განათებაზე გამოიყო... ამით ჩანს, რომ შექმნილ მძიმე მდგომარეობას არაადეკვატურად აფასებენ.
_ რატომ არის ამ მხრივ საგანგებო მდგომარეობა? რის გამოცხადებას ითხოვთ?
_ პრობლემას ცოტა გლობალურად შევხედოთ. კანონით ფლორა და ფიტოსანიტარია ერთ უწყებას არ ეკუთვნის. ქალაქების მცენარეული საფარი ეკუთვნის მუნიციპალიტეტებს: თბილისის _ დედაქალაქის მერიას, გორის _ ამ ქალაქის მერიას და ა. შ., მათ შორის ნაკვეთები კი გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით საქართველოში ერთიანი პროგრამა თუ არ გამოცხადდა, პრობლემას ნამდვილად არ ეშველება.
თბილისიდან აღმოსავლეთით ლილოსკენ ხეები საოცრად დაავადებული და გამხმარია. ვთქვათ, თბილისის მერიამ იქ გამოხშირვა და მკურნალობა მოინდომა. თუ პარალელურად ეს პროცესი სატყეო დეპარტამენტმა არ დაიწყო, საქმეს არ ეშველება. იქ ადმინისტრაციულად ერთი ზოლი ყოფს, თუ რა ეკუთვნის მერიას და რა _ სატყეო დეპარტამენტს. ხის პარაზიტს ვერ ავუხსნით, რომ შენ აქეთ არ გადმოხვიდე, რადგან ეს სხვა ადმინისტრაციული ერთეულიაო.
ძალიან ბევრი პარაზიტი მომრავლდა, რადგან ბოლო ათწლეულები ფიტოსანიტარია მიუხედავი იყო, ერთი დაავადება კი მეორეს იწვევს და ა.შ.
წელს დასავლეთ საქართველოდან, აჭარიდან ვბრუნდებოდი _ გურიასა და სამეგრელოში ჭადრის დაავადება უკვე სერიოზულ ფორმებშია მოდებული და თბილისისკენ მოდის. თუნდაც მარტო თბილისმა რომ იყოჩაღოს, ესეც არასაკმარისია. საქართველოს მასშტაბით გამოსაცხადებელია საგანგებო მდგომარეობა.
ის კი არა, პროცესი საქართველოდან გადავა სომხეთში, აზერბაიჯანში და ა. შ.
წიწვოვანი დაავადებები 20 წლის დაწყებულია და დღეს კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა _ ხეები გახმა. იგივე მდგომარეობაა დაწყებული ფოთლოვანებში, ჭადარზე, ცაცხვზე... ორ-სამ წელიწადში თუ მასშტაბურ ღონისძიებებს არ გაატარებენ, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების გარეშე ვრჩებით. ხის გარეშე დარჩენილ, გაუდაბურებულ ქვეყანას რამდენი ეკონომიკური ზარალი მიადგება, ყველამ იცის. ეს გამოიწვევს წყაროების დაშრობას, ტემპერატურის მატებას ზაფხულში და კლებას ზამთარში, ქარებს, გაუდაბურებას, ნიადაგის გამოფიტვას, მოსავლის კლებას და ა. შ. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
ამ ფონზე, ამდენი წერილის, შეხვედრისა და გამუდმებული ვიშვიშის მიუხედავად თანხები ვერ გამოიძებნა, რომ დაავადებული ხე-ტყე მოიჭრას. ზამთარი მოდის, ეს ხე-ტყე სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასო საწვავად უნდა გადაეცეს. ამასობაში, პროცესი გვიანდება და ამის გამო ეს ადამიანები საღ ხეებს ჭრიან. ქვეყანაში უკუღმართობის აღლუმია.
_ რას ნიშნავს, რომ ისინი საღ ხეებს ჭრიან, როდესაც გარშემო ამდენი გამხმარი მცენარეა?
_ ძალიან ბევრ რაიონში, სადაც გათბობა მიყვანილი არ არის, მცხოვრებლებს თავისი ტერიტორიები აქვთ, სადაც ხეების მოჭრა შეუძლიათ. იქ არავინ უნიშნავს დაავადებულ ხეებს და ამის გამო საღი ხეები იჭრება. არადა, დღეს თბილისის გარშემო და მთელ ქვეყანაში თავზე საყრელია გამხმარი ხეები, რომლებიც სასწრაფოდ და აუცილებლად მოსაჭრელია.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხის პარაზიტები ძილის ეტაპზე გადადიან და გაზაფხულზე იღვიძებენ. ახლა თუ არ მოიჭრება, გაზაფხულზე პროცესი აფეთქდება.
_ კოორდინაციის აუცილებლობა ახსენეთ, რომ საქმე საერთო მასშტაბით შესრულდეს; რას აკეთებს ამ დროს გარემოს დაცვის უწყების სატყეო დეპარტამენტი?
_ ყველა მათგანის უმოქმედობა ლოგიკურ ახსნას გასცდა. ყველამ ერთად გაწირა საქართველო გაუდაბურებისა და ეკოციდისთვის.
_ რით ხსნით მათგან ამგვარ დამოკიდებულებას?
_ საკმარისად შეგნებული ხალხი არ არის იმისთვის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგან. გაუნათლებლები არიან და ვერ იაზრებენ, მათი ამ თანამდებობებზე ყოფნის დროს რამხელა ზიანი შეიძლება მიაყენონ ქვეყანას; ელემენტარული პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, რომ რაღაც ბერკეტებისთვის, ბარიერების გადალახვისთვის იბრძოლონ. დინებას მიყოლილი ინფუზორიები არიან!
_ ბრძანეთ, რომ პროცესის დაწყება მარტო მთაწმინდაზე იგეგმება; რატომ მარტო იქ და არა სხვა უბნებშიც?
_ კუს ტბაზე რაღაც რაოდენობა მოჭრეს და ახლა მთაწმინდის ჯერია. მეც სწორედ ეს მიდგომა მაინტერესებს. პარტიზანული მებაღეობის გვერდზე ვაშლიჯვრის მოსახლეობიდან ცრემლიანი წერილები შემოგვდის, რომ ხეები ხმება და ჩვენ თვითონ მოვჭრით, ამის უფლებასაც არ გვაძლევენო. ლისის ტბისკენ გადამხმარია, ლილო გადამხმარი, ზაჰესი, ავჭალა გადამხმარია, უმძიმესი მდგომარეობაა.
ჩვენ სწორედ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ერთი მონაკვეთის გამოსუფთავებით მძიმე გლობალურ სურათს ვერ ვუშველით. ახლა გამოცხადებული უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობა. ამაში უნდა ჩაერთოს თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებიანად და ა. შ. ყველგან ბენზოხერხის ხმა უნდა ისმოდეს, რომ ეს დაავადებული ინფექცია შესაბამისი კერებიდან გავიტანოთ.
პროცესი 29 ოქტომბერს ძლივს დაიწყეს, როცა უკვე დარგვები უნდა სრულდებოდეს მოჭრილი ხეების ადგილზე. არაადეკვატურად ნელა და ცუდად მიმდინარეობს ყველაფერი.
_ დანარჩენ უბნებშიც ასეთი ნელი ტემპით უნდა წავიდეს ტენდერები, გამოხშირვა და ა.შ.?
_ მერიასთან ინტენსიურად ვურთიერთობთ, სადაც გამწვანების სამსახურს თავისი შეზღუდვები აქვს, თუ რა თანხაზე, როდის შეუძლია ტენდერის ჩატარება და ა. შ. ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ ერთად მივაწვდინოთ ხმა ნარმანიას, ღარიბაშვილს და ა. შ. ბიუროკრატია უნდა გადაიდოს, გამოიყოს სახსრები და გამწვანების სამსახურს იურიდიულად მიეცეს უფლება, ტენდერები ყველგან გამოცხადდეს. არსებობს პირდაპირი შესყიდვის წესი, თუნდაც ამ გზით საქმე გაკეთდეს. დასვან თავიანთი იურისტები და მოიფიქრონ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს საქმე.
_ მძიმე მდგომარეობაა კუს ტბის ფერდობის ქვედა ნაწილშიც, ბევრი ხე გამხმარია და რამდენი ხანია, ხელს არავინ ჰკიდებს...
_ კუს ტბის გარშემო ტერიტორია გამოასუფთავეს, თორემ რომ გავყვეთ წყნეთისკენ, ან ქვევით, გნებავთ, ვაკის პარკიდან კუს ტბისკენ ფერდობზე იგივე მძიმე სურათია. საქმე კეთდება საჩვენებლად და არა ფიტოსანიტარიისთვის. ანუ რასაც ბიძინა გიორგობიანი აკეთებს, იურიდიულად მართალია, მეტს ვერაფერს იზამს. გაუსაჩივრეს და გაუჩერეს, მაგრამ ახლა გადარჩენისთვის ბრძოლის დროა. ნამდვილად აღარ არის იმის დრო, რომ ერთმა უსაფრთხო სივრცემ იჩივლოს, გააჩეროს და ჩვენ ყველამ ხელები დავიკრიფოთ. ან იურისტები მოიყვანონ, ან იმოქმედონ, რადგან მდგომარეობის სიმძიმე ყველანაირ დასაშვებ ფარგლებს გასცდა.
კიდევ ახალი პარაზიტები აღმოაჩინეს, რასაც არ ელოდნენ და მეტს აღმოაჩენენ. ამხელა ჯანსაღი ხეების წაქცევა შეუქცევადი პროცესია. იმ ხეებს როდის დარგავენ, როდის გაიზრდება და საერთოდ, გაიზრდება თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია. საკმაოდ უხარისხო ხეებს რგავენ.
_ რომელ ხეებზეა საუბარი?
_ მონიტორინგის ფარგლებში სანერგეში ვიყავი და დავათვალიერე, თუ რა ხეები უნდა დაირგას ფერდობზე ამ მოჭრილი ხეების ადგილას. საუბარია სტარტერებზე, აი, დაახლოებით, ქინძს რომ ყიდულობთ, იმ ზომის ნერგია, რომელსაც, იდეალურ ვარიანტში, წესიერ ქვეყანაში, კიდევ ორი-სამი წელი სჭირდება, რომ ჯერ ნერგს დაემსგავსოს და მერე გადავიდეს სხვა მდგომარეობაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ძროხას შეუძლია ამ ნერგის შეჭმა, ყვავი ამოკენკავს, იმ ზომისაა. მისი გახარების შანსი ძალიან დაბალია. ადგილობრივად გამოყვანილია. ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროს კუთვნილი მეურნეობა გომბორის გზაზე.
_ გამოხშირვის პროცესის დაწყება როდიდან იყო უკვე შესაძლებელი?
_ ზაფხულში იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი აგვისტოში მაინც უნდა დაწყებულიყო. ახლა უკვე შერგვები უნდა მორჩენილიყო მოჭრილის ადგილას. მოკლედ, ჯერ უჩივლეს, მერე ტენდერი და სულ რაღაც სულელურ მიზეზებს ვისმენთ, თუ რატომ ვერ იწყებენ პროცესს. წესით, პროცესი შარშანაც უნდა დაწყებულიყო, როდესაც შევატყობინეთ და გვითხრეს, დავიწყებთო. ივნისში თქვეს გამოვაცხადებთო, ახლა ოქტომბერი სრულდება.
_ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ, თუ ეს საქმე დროულად არ გაკეთდება და პროცესს სათანადოდ არ მიეხედება?
_ ზამთარი და შემოდგომა საუკეთესო პერიოდია, რომ მიძინებული პრაზიტებით დაავადებული და გატენილი ხეები გავიტანოთ. ეს ხეები არის როგორც განგრენა და გაზაფხულზე პოპულაცია გაიღვიძებს, გამრავლებას დაიწყებს და რაც საღი ხეებია დარჩენილი, იმასაც ჩაითრევს _ თბლისის შემოგარენი კი ჰაერის გარეშე რჩება.
რეალურად, ფილტრის გარეშე ვრჩებით. ტემპერატურა ზამთარში გაცილებით დაიწევს და ზაფხულში გვალვა იქნება. ამოშრება წყაროები. ანუ ბიბლიიდან დაწყებული, რაც გინდათ ის გადაიკითხეთ, ეკოლოგიური კატასტროფა არის მოსალოდნელი; ფუტკარი ამოიხოცება, ეკოლოგიური ჯაჭვი გაწყდება
_ რა რესურსი რჩება სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ამ პროცესებზე გავლენა მოახდინოს?
_ ისიც კი ვიფიქრეთ, რომ ბენზოხერხები აგვეღო, ტყეში გავსულიყავით და გამხმარი ხეები მოგვრჭრა, მაგრამ ვერ გავრისკეთ, რადგან ბენზოხერხი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოსახმარია.
ახლა ერთი წერილი უკვე პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ. გვთხოვეს, რომ იქ რაღაც შესწორებები შევიტანოთ და კიდევ უფრო ვრცლად და გაშლილად დავუდოთ გავრცელებული დაავადებების სიები. კიდევ უნდა ვცადოთ, რომ ამაზე პასუხისმგებელი კომისიები მოვიწვიოთ. ამაში უნდა ჩაერთოს პრესა, ტელევიზიები და ძალიან კარგია ამას რომ აშუქებთ, რათა ადამიანებმა სრულად გაიაზრონ კატასტროფული შედეგები.
_ თუ პროცესი სწორად წარიმართება, რამდენად შესაძლებელია გამწვანების ნორმალურად აღდგენა, მისი შენარჩუნება-განვითარება?
_ თბილისის გარშემო, ძირითადად, ხელოვნურად მოყვანილი ტყეებია. ერთი მხრივ, ხის დაბერება ბუნებრივი პროცესია და მას განახლება სჭირდება. უბრალოდ, ქვეყნის მდგომარეობის გამო, მთელი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახალ შერგვებს არავინ აკეთებდა. თვითნაყარიც არ მოდიოდა, რადგან ტერიტორიები შემოღობილი არ არის და ა. შ. ამიტომ აუცილებლად შერგვები უნდა ხდებოდეს. პროცესი დაგვიანებულია, თუმცა ოდესღაც ამის აღდგენა უნდა დაიწყოს, თორემ პროცესი ძნელად უკუქცევადი გახდება.
კუს ტბაზე, სადაც წიწვოვანებია, უფრო მძიმე მდგომარეობაა. თუმცა ბულბულების ჭალისკენ რომ ავიხედოთ, იქ თვითამოსული ფოთლოვანები არის, რაც კარგ მდგომარეობაშია. ასე რომ, ადგილიც გვკარნახობს, თუ რა ხარობს კარგად და რისთვის არის ეს გამოსადეგი. ძალიან კარგი ფუნქცია შეასრულა ამ წიწვოვანმა, რომ ეს ქვე-ტყე შექმნა, ახლა უკვე შეიძლება ფოთლოვანების დარგვა.
2013 წელს კიკეთთან გერმანელი მეტყევეების ეგიდით, ტყის სანიტარიული გამოხშირვა მოხდა, სადაც ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო, როგორიც დღეს თბილისშია. იქ უკვე ტყემ თვითგანახლება დაიწყო და თვითნაყარი მოდის. კი ვართ ძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში, მაგრამ აქტიური ქმედებებით უფრო მალე და რეალურად შევძლებთ აქედან ამოსვლას.
გელა მამულაშვილი