კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. შიდა ვალი, რომელიც სახელმწიფომ 1998 წელს აღიარა, 2017 წლამდე უნდა გაისტუმროს, თუმცა, ჯერ კიდევ, არ არის დადგენილი წესი, რა მექანიზმით დაკმაყოფილდება ათასობით ოჯახი.
კოოპერატიული ბინათმშენებლობის საზოგადოება „იმედის“ ხელმძღვანელი, მაია ცირეკიძე, „ქრონიკა+“-თან დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნებისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ნანა წიქარიშვილის საეჭვო გარიგებებზე საუბრობს. „იმედის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ფულს ცალკე წიქარიშვილი აკეთებს და ცალკე _ დედაქალაქის თავკაცები. როგორ _ ამას ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.
მაია ცირეკიძე:
_ იმის გარდა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახლავართ, ასევე ვარ დაზარალებული. ჩვენ კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრები ვიყავით და ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში თანხა შეგვქონდა. მაშინ ასევე იყო ორგანიზაციები, რომლებიც უფრო სწრაფად აშენებდნენ ბინებს და თანხები მათ ანგარიშზე ირიცხებოდა. ასეთი იყო სს „თბილაბრეშუმ ცისარტყელა“, რომელიც ფაბრიკა იყო და მუშა-მოსამსახურეები ჰყავდათ, ისინი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ მათ მიერ აშენებული ბინებით. ხალხი 1962 წლიდან არის აღრიცხული „თბილაბრეშუმ ცისარტყელაში“, მაგრამ 80-იან წლებში უკვე ხალხის აღრიცხვა ხდებოდა, რომლებიც კოოპერატიულ ბინათმშენებლობებში წევრიანდებოდნენ. მე პირადად 1990 წელს 29 000 მანეთი შევიტანე. კომუნისტების დროს ეს ბინები შენდებოდა, მაგრამ მერე ქვეყანას გაუჭირდა და შეჩერდა. ჩვენ ვართ ბოლოს დარჩენილი ხალხი, რომელთაც ეს თანხები გაგვიუქმდა და 26 წელიწადია ჰაერშია გამოკიდებული. 2005 წლამდე ეტაპობრივად მიმდინარეობდა ხალხის დაკმაყოფილება, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, ბრძანება გამოიცა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი მომხდარიყო და ნოღაიდელმა ამ სეკვესტრში მთლიანად მოგვაყოლა. სააკაშვილის პერიოდში მხოლოდ ქაღალდომანია იყო, ვიბრძოდით, ვმუშაობდით, უგულავას გარდა, ყველასთან ვარ ნამყოფი, რომ რაღაც გვშველებოდა. ამჟამად 3700 ოჯახი ვართ დარჩენილი, მაგრამ აქედან ფიზიკურად რომ ვარსებობთ და ვიბრძვით, დაახლოებით, 1700 ოჯახია. უსახლკაროდ ვართ დარჩენილნი. 1998 წელს სახელმწიფომ ეს აღიარა, როგორც შიდა ვალი. 2010 წელს 1500 კაცს დაგვაწერინეს განცხადება, შიდა ვალში აღიარებულები რომ ვიყავით, სიმბოლურ ფასად უნდა გადმოეცათ მიწები და ეს ჩვენი ვალი უნდა ჩამოწერილიყო, მაგრამ, ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის, ვის რას მისცემენ. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის ყოფილ ხელმძღვანელს და ახლა უკვე მოადგილეს, ნანა წიქარიშვილს რომ ვურეკავთ, მხოლოდ ის გვესმის, ყველაფერი კარგად არისო.
_ ეს ასოციაცია რას საქმიანობს, რა შეუძლია მას?
_ ასე დაბნეულები რომ არ ვყოფილიყავით, დაზარალებული ხალხის ინიციატივით კოოპერატიული ბინათმშენებლობის ასოციაცია შეიქმნა და აწ გარდაცვლილი ავთანდილ თოფურიძე ჩაუდგა სათავეში. თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა რომ ამოეწურა, არჩევნების გზით ნანა წიქარიშვილი მოვიდა, მაგრამ მე პირადად არჩევნებს არ დავსწრებივარ და ჩემ გარშემო ვინმეს რომ ჰკითხოთ, ამ არჩევნებში არავის მიუღია მონაწილეობა. წიქარიშვილის შემდეგ ქეთინო ოსიყმიშვილი გახდა ამ ასოციაციის პრეზიდენტი, მაგრამ, ანალოგიურად, არც მის არჩევნებში მიგვიღია მონაწილეობა. უბედურება ის არის, რომ ახლა ყველაფერში ნანა წიქარიშვილი ფიგურურებს. მოქმედმა ხელისუფლებამ რომ ვერ გაიგო, რა უნდა ექნა, ვიღაცებს ხომ უნდა დაყრდნობოდა? რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ პროფილითაა შექმნილი, მთავრობაში უნდა მივსულიყავით და დოკუმენტური მასალა გაგვეცნო. რადგან ნანა წიქარიშვილი ამ ასოციაციის დამფუძნებელი იყო, მის მონაცემებს დაეყრდნენ. ეს ფურცელომანია ყოველთვის იქითკენ მიდიოდა, როგორც 2010 წელს მოხდა, _ ხალხი მიწებით დააკმაყოფილეს და ვინ არიან ისინი, არავინ ვიცით. გაჩვენებთ დოკუმენტურ მასალას, სადაც ნახავთ, რომ რამდენიმე კორპუსის მშენებლობა დაწყებულია. „ქართული ოცნების“ აქტივისტი ვიყავი და მჯეროდა, წინა ხელისუფლებამ საერთოდ რომ არ მოგვაქცია ყურადღება და ჰაერში ვართ ამდენი წელია გამოკიდებული, ესენი მაინც გვიშველიან-მეთქი, მაგრამ... გაჩვენებთ ექსპერტიზის დასკვნებს და კორპუსის პროექტს, სადაც ხალხი საცხოვრებლად არის შესული, მათ შორის, მეც. არავითარი კომუნიკაცია, არაფერი... 24 ოჯახი ვცხოვრობთ, კარ-ფანჯარა ჩამოვკიდეთ, მაგრამ დაახლოებით 80 კაცი დაგვესხა თავს ძალაყინებით, ჩაქუჩებით, ნაჯახებით...
_ ვინ იყო ეს ხალხი და რას გედავებოდნენ?
_ ნანა წიქარიშვილი, ქეთინო ოსიყმიშვილი, ლალი მიქელაძე, ქეთო კვიციანი, რომლებიც ასოციაციის საბჭოს წევრები არიან და თამარ კახელი, რომელიც „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ ბუღალტრად მუშაობდა. ის არის კოოპერატივის თავმჯდომარე და „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ ხელმძღვანელი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ეს ბინა სხვა კოოპერატივს ეკუთვნის, თუმცა, დოკუმენტაცია სხვა რამეზე მეტყველებს. #629 კოოპერატივი არც ერთ დადგენილებაში არ ფიგურირებს, მაგრამ ესენი ამბობენ, რომ კოოპერატივი ჩამოყალიბებულია და ფაქტია, რომ მართლაა ჩამოყალიბებული 1990 წლის 4 აპრილს, 8 აპრილს უკვე #649 კოოპერატივია ჩამოყალიბებული. 4 დღით არის განსხვავება, წარმოიდგინეთ, 629 და 649 შორის რამხელა განსხვავებაა და მათ შორის რამდენი კოოპერატივი შეიძლებოდა არსებულიყო. ეს ხდებოდა თვითნებურად, კომუნისტების დროს ისე, რომ ხალხი ვერ იგებდა, მთავარია ფული შეტანილიყო, რამდენიმე დაკომპლექტებულიყო და მერე ამატებდნენ და ამატებდნენ. პროფესიით ინჟინერი ვარ და ეჭვი მეპარება პროექტის ორიგინალში. თავს რომ დაგვესხნენ, პოლიცია გამოვიძახეთ, 7 ქალი ვიყავით და ერთი მამაკაცი, პოლიციას ვეუბნებოდით, ეს კორპუსი ჩვენია და შევედით, რადგან სახელმწიფოს ჩვენი ვალი აქვსო. ისეთი თავდასხმა მოგვიწყვეს, ყველაფერი დაამტვრიეს, კარი და ფანჯრები მოფრინავდა, ნანა წიქარიშვილი და თამარ კახელი, შიგნით რომ შემოგვივარდნენ, პირდაპირ მე მომვარდნენ, რადგან ამ საქმეში ჩახედული ვარ. ეს ორგანიზაციაც ამის მერე შევქმენი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე სხვა დაზარალებულების უფლებები. შეხედეთ ნახაზს, ეს არის ნუცუბიძის პლატოზე, მე-3 მკრ-ში, 34-ე, 35-ე და 36-ე კორპუსები, აქ დევნილები არიან შესულები, ეს ორი კორპუსი ერთმანეთზეა მიბმული. მოქმედმა მთავრობამ კორპუსების დასამთავრებლად ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა ორმა კორპუსმა, თითქოს 35-ე კორპუსი ხელს უშლის თბილისის ხედს. იცით, ეს რატომ მოხდა და რაში აწყობთ ამ კორპუსის დანგრევა? ამ კორპუსში ნანა წიქარიშვილის მეშვეობით ქვითარნაყიდი ხალხია შეყვანილი _ ეს არის ჩვენი უბედურება!
_ რას ნიშნავს ქვითარნაყიდი?
_ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხალხმა რომ შეხედა, არაფერი კეთდებოდა, ზოგს ფული სჭირდებოდა, დაიწყო იმ ქვითრების გაყიდვა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბინათმშენებლობისთვის გარკვეული თანხა ჰქონდათ გადახდილი. სულ 46 კოოპერატივი არსებობს, მაგრამ მხოლოდ 13-ის მშენებლობაა დაწყებული და კორპუსები დაუმთავრებელია. მაგალითად, #620 კოოპერატივის შენობაში მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობს კოოპერატივის წევრი, დანარჩენი ქვითარნაყიდები არიან, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან, მაგრამ ჰქონდათ ფული, რომლითაც იმ ფარატინა ქაღალდს ყიდულობდნენ 2000-2500-3000 დოლარად. ეს ხდებოდა 2005 წლამდე, 2007-2010 წლებშიც მოხდა, ახლაც უჩივის ვიღაც ნანა წიქარიშვილს, რომელსაც ვერსად ვეღარ ასახლებს. ეს ქვითრები რომ გაყიდულიყო, უნდა გამოჩენილიყო მესამე პირი, რომელიც ხალხს დაარწმუნებდა, თუ ამ ქვითარს იყიდდით, აუცილებლად ბინას აიშენებთო. შემდეგ უკვე ნოტარიუსში მიდიან ნანა წიქარიშვილთან ერთად და ფორმდება, რომ ამ 2500 დოლარში გამყიდველის რიგითობით და თანხებით ისარგებლებენ. იურიდიულად ჩვენ შორის გამართლებულია თქვენი არსებობა, მაგრამ მე, როგორც გაჭირვებული, უკვე დაზარალებული ვარ. კიდევ ერთი უბედურება _ მე რომ ამ ქვითარს ვყიდი, წიქარიშვილი მეხმარება და რომ გავყიდი, 300-400 დოლარს გართმევს ამ ფულიდან შუამავლობაში. შემიძლია გაჩვენოთ სურათები, შეხედეთ, ამ კორპუსზეა საუბარი, „სილქნეტი“ შეყვანილია, ბინები ნაკურთხია, გარკვეული ნაწილი შიგნით ცხოვრობს, ზოგი სულ არ ცხოვრობს, მაგრამ რკინის კარი აქვს ჩამოკიდებული, აგერ კარზე გვარიც აწერია, რომ ჩიკვაიძეს ეკუთვნის. ვინ არის ეს ჩიკვაიძე? უარესი უბედურება ჭიათურაში, ოზურგეთში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შენდებოდა კოოპერატიული ბინები. ნანა წიქარიშვილს მიშას მთავრობის დროს აქციებზე გამოჰყავდა ხალხი. როცა სჭირდებოდა, კოოპერატივის წევრები ჩამოჰყავდა რეგიონებიდან, იმათ დაიყენებდა გვერდში და აყიდინებდა ამ ქვითრებს, 2500 დოლარად ბინას გაძლევ თბილისშიო, აი, რა ხდება. ამ კორპუსით დავინტერესდი და სურათები გადავიღე იმიტომ, რომ გამეგო რა ხდებოდა. ამ დროს 13 დაუსრულებელი შენობაა, ექსპერტიზის დასკვნები არის, მერიიდან საბუთები გამოვითხოვეთ, ამ დასკვნის მიღებას 5 თვე ველოდეთ. შეხედეთ ახლა რა ხდება _ მერიამ ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საპროექტო ორგნიზაციამ, გაიმარჯვა შპს „სეისმომედეგი პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრმა“, ამ სამუშაოში 325 000 ლარია გადახდილი. ეს ორგანიზაცია არის მცხეთაში, ვეძებეთ და, როგორც იქნა, მივაგენით. დოკუმენტში მითითებულია გვარები, ვინც ეს სამუშაოები შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ და გვარები ისეა მიწერილი.
_ ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე?
_ ასე გამოდის. ამ კორპუსებზე, სხვა კორპუსებთან შედარებით, რომელიც დაუმთავრებლებია, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. ეს უფრო პრესტიჟულ ადგილზეა, ღრმაღელის გამგეობის წინ. სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, რომ ამ ტერიტორიის გასხვისება ხდება, რომლის ფართიც გახლავთ 2900 კვ. მ. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ დოკუმენტებს, რომლებიც ლეგალიზაციის სამსახურმა გასულ წლებში და მათ შორის 2015 წელს დაუკანონა ვიღაცებს. ხელისუფლება არ გვაძლევს ნებართვას, რომ დაუმთავრებელი კორპუსების მშენებლობა ჩვენ თვითონ დავამთავროთ. ამაზე ვიბრძვით, მაგრამ დავით ნარმანიასთან ვერაფრით მოვახერხეთ შეხვედრა. მივწერეთ კიდეც, მაგრამ ამაოდ. ზაზა კოლელიშვილი ამ რაიონის დეპუტატია, ისიც გვყავს ჩართული ამ საქმეში. მაჟორიტარმა დეპუტატმაც კი ვერ მოგვიხერხა მასთან შესვლა. სამაგიეროდ, ჩვენზე თავდასხმა რომ მოხდა, თამარ კახელი, რომელიც სხვებთან ერთად ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა, ჩვენგან წასული, მეორე დღეს შევიდა ნარმანიასთან. მოკლედ რომ გითხრათ, ხელისუფლება და წიქარიშვილის ორგანიზაცია ერთმანეთთან შეკრულები არიან, თანამშრომლობენ, ეს ცალკე აკეთებს ფულს, ყიდის ქვითრებს და ბინებს, ხელისუფლება _ ცალკე. წიქარიშვილს მთავრობა შეცდომაში შეჰყავს და რასაც ეს ეუბნება, ისინიც იმას აკეთებენ.
მთავრობა მიწას რომ ასხვისებს, ბიუჯეტში ხომ შედის თანხები. აგერ მაქვს დოკუმენტები ამ მიწების შესახებ, რომლებიც გაყიდულია 2013, 2014, 2015 წლებში. ამის თაობაზე აქციებს ვაწყობთ, არ დაგვიკლია კანცელარია, პარლამენტი, იქ იხილებოდა საკითხი, კანონში ცვლილება უნდა შესულიყო, რომ სახელმწიფო ქონება მერიას გადასცემოდა, ამისთვის ქუთაისში ჩავედით, მაგრამ პარლამენტში შესვლა ვერ მოვახერხეთ. ეს ირაკლი ტრიპოლსკის პროექტი იყო. მისი თანაშემწე მოვძებნეთ, საშვი რომ დაშვებულიყო და შევსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ! ნანა წიქარიშვილისთვის კი ეს პრობლემას არ წარმოადგენს! დაგისახელებთ გვარს, ვინ უწყობს მას ხელს მერიაში. ეს არის ვინმე ბაღანაშვილი, რომელიც კარლო ლაფერაძის სამსახურშია, ანუ ქონების მართვაში, ეს კაცი კომუნისტების დროიდან მოყოლებული მუშაობს და ამ საქმეშია ჩახედული. წიქარიშვილიც კომუნისტებიდან მოდის, მან კარგად იცის, რომ ვითომ #629 კოოპერატივის არის ეს, მაგრამ საბუთები ადასტურებს, რომ არც #649-ისთვის შენდებოდა ეს კორპუსები და არც #629-ისთვის. ურთიერთგამომრიცხავი ორი საბუთი არის, რომ #649 კოოპერატივი თბილისის ზღვიდან 1993 წლის მარტში რომ გადმოიყვანეს, „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ ტერიტორიაზე მიწა იყიდა და მილიონ 700 000 კუპონი გადაიხადა. მეორე საბუთი არსებობს, სადაც წერია, რომ ვინმე მებუკემ, რომელიც „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ პასუხისმგებელი პირი იყო, #649 კოოპერატივს ეს ტერიტორია იმისთვის აჩუქა, რომ ხუთივე კორპუსი აშენებულიყო, სადაც უნდა გადანაწილებულიყო როგორც „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ ხალხი, ასევე #649 კოოპერატივის. ეს ყველაფერი კომუნისტებიდან მოყოლებული იქმნებოდა ერთი რამისთვის, რომ ხალხი ასე გაეფანტათ და მეორე, მათ იმ საბუთების შექმნაში ეძლეოდათ ხელფასი, ერთ თვეს რომ დადგენილებას ქმნიდნენ, მერე იმაზე სხვა დადგენილება გამოჰქონდათ და სამუშაოში ეთვლებოდათ. ეს ხალხი მერე დახოცავდა ერთმანეთს, დააკმაყოფილებდნენ მათ, გადაყრიდნენ თუ რას უზამდნენ, არ აინტერესებდათ.
წიქარიშვილის ხალხი რომ დაგვესხა თავს, გამოგვყარეს, მაგრამ არ დავთმეთ და მერე ისევ შევედით კორპუსში. მერე ისევ მოვიდნენ... თქვენ რომ ნახოთ, ჩვენ რა პირობებში ვართ, გაოცდებით. ძალიან გაჭირვებულები ვართ, როგორ შეიძლება, XXI საუკუნეში ასეთ პირობებში იცხოვროს ხალხმა? ეს არის სიბინძურის ბუდე, როგორც კორპუსი, ასევე მიმდებარე ტერიტორია: გველები, ხვლიკები, რა არ არის!.. ოფიციალურად მივმართეთ უჩა ნანუაშვილს და გაოცდებით, ისეთი პასუხი გაგვცა, _ ჩემს კომპეტენციაში არ არის და თუ მერია რაღაც ვადაში თქვენს საკითხს იხილავს და ვადებს ვერ დაიცავს, ამ შემთხვევაში შემიძლია ამ საქმეში ჩავერთოო. ამას წერს სახალხო დამცველი. ასევე დავწერეთ განცხადება კეთილმოწყობისა და ეკოლოგიის სამსახურში, თავისით ამოსული ბუჩქები და ხეებია, რომ მოგვცენ ნებართვა, დასუფთავდეს ტერიტორია. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ჩვენ თვითონ დავასუფთავოთ, მაგრამ დაგვაჯარიმებენ, ამიტომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ნაგვის ბუნკერში ვცხოვრობთ. ზაზა კოლელიშვილს მივმართეთ, ნამდვილად პატიოსნად მოვიდა, ნახა ეს საოცრება და გაგიჟდა კაცი. ვერაფრით დაგეხმარებით, წერილობით რომ მიმართავთ, შემიძლია შუამდგომლობა გაგიკეთოთო... გააკეთა ეს შუამდგომლობა, მაგრამ კეთილმოწყობის სამსახური ამბობს ეკოლოგიაზე, _ ჯერ ხეები უნდა აიჩეხოსო და მერე ნაგავი უნდა გავიტანოთო, ეკოლოგია ამბობს, _ ჯერ ნაგავი გაიტანეთ, მერე ავჩეხავთ ხეებსო. შევარდნაძიდან დაწყებული და სააკაშვილით გაგრძელებული, ახლაც ისევ ქაღალდომანიაზე ვართ დამოკიდებული. არც მაშინ იყო ჩვენი საშველი, რომ ვერ ვიგებდით, რა უნდა გვექნა... ფინანსთა სამინისტროსთან აქცია მოვაწყვეთ, უშუალოდ მოვითხოვეთ პასუხისმგებელი პირი. ჩვენი საქმის შესწავლა ნოდარ ხადურმა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სერგო ბირკაძეს დაავალა და ეს კაცი შეგვხვდა. 2013 წელი იყო, მაშინ ეს ხელისუფლება ახალი მოსული იყო და გაგებაში არ იყვნენ, რა ხდებოდა კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში, წიქარიშვილის ინფორმაციებს ეყრდნობოდნენ. ექსპერტის დასკვნა გვეუბნება, რომ გენგეგმა არ მოიპოვება, არ ვიცით, რა ვქნათ, მოსახლეობას ვკითხეთ და იმის მიხედვით დავწერეთო. გამოდის, ექსპერტი ქვითარნაყიდ ხალხს დაეყრდნო, მაგრამ კონკრეტულად ვის, არ წერია. ჩემთვის რომ ეკითხათ, ვეტყოდი, რომ აქ 16-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო და არა 6-სართულიანი, ვიღაცას, საერთოდ გაგებაში რომ არ იყო, იმას ჰკითხეს და დასკვნა გვეუბნება, 15-სართულიანი უნდა აშენებულიყოო, დადგენილება ამბობს, 16-სართულიანი უნდა ყოფილიყოო. ყველაფერი უსაფუძვლოდაა გაკეთებული და გამოდის, რომ მერიამ ამაში ფორმალურად გადაიხადა თანხები. ექსპერტის დასკვნა ამბობს, რომ კორპუსი ექვემდებარება დემონტაჟს ნულოვან წერტილამდეო. 6-სართულიან კორპუსზეა ლაპარაკი და ამბობს, საერთოდ დასანგრევია, იმიტომ, რომ მიწაა მოწყვეტილიო. ე. ი. ეს მოხდა გასხვისებისთვის. მსგავსი არაფერი სჭირს ამ კორპუსს, 1991 წელს 4 მიწისძვრას გაუძლო. მშენებლებმა გვითხრეს, ისეთი მყარია, ყველა კორპუსს სჯობიაო, საძირკველიც ვაჩვენეთ, მაგრამ ესენი ამბობენ, ეს ყველაფერი გაცვეთილიაო. ამიხსენით, 325 000 ლარი რაში გადაიხადა მერიამ, თუ მართლა გასხვისებისთვის არ არის განკუთვნლი?! ეჭვი გვაქვს, რომ ეს იყო ფულის გათეთრების ფორმა. გენგეგმაში კორპუსების ნომრებია შეცვლილი, ნანახი მაქვს გენგეგმის ორიგინალი. ეს დასკვნა იმიტომ დაიდო, მერია აზრზე მოსულიყო, რასთან ჰქონდა საქმე, რადგან ექსპერტმა დაადასტურა ის, რომ ეს კორპუსები ორივე ექვემდებარება დემონტაჟს. „თბილაბრეშუმ ცისარტყელას“ შიდა კრებაა მოწვეული თავისი კოოპერატივის წევრებთან და ოქმი არსებობს, რომელსაც უკვე კენჭისყრა აქვს ჩატარებული. ყველამ იცის, რომელ სართულზე ვინ უნდა ყოფილიყო. მაგალითად, თამარ კახელს მე-11 სართული შეხვდა, რომელიც ჯერ არ არსებობს და ჰაერშია. ნანა წიქარიშვილი თამარ კახელის ახლობელია და მასთან არის შეთანხმებული, დემონტაჟს რომ ექვემდებარება. მერია ეუბნება, ამას მე ავიღებ ჩემთვის და შენ კომპენსაციას, ანუ ფულს გადაგიხდიო. ის ხალხი კომპენსაციას აიღებდა, მაგრამ ჩვენ კოვზი ნაცარში ჩავუგდეთ, შიგნით შევედით და წიქარიშილმა ის გემრიელი ლუკმა ვეღარ აითვისა. ვასახელებ: მერიის თანამშრომელი ბაღანაშვილი უწყობს ამაში ხელს. ეს მთავრობა წიქარიშვილთან ურთიერთობაშია, მის მიერ მიცემულ ინფორმაციას ეყრდნობა და ტენდერი იმიტომ გამოაცხადა, რომ დააძალა. წიქარიშვილი ნარმანიასთან შედის და გადის ,როგორც უნდა. ბაღანაშვილი დაურეკავს და ხან ნარმანიასთან არის, ხან ავთანდილ სუდაძესთან, უცოდინარი და საქმეში ჩაუხედავი ხალხი კიდევ წიქარიშვილს ეყრდნობა. ტენდერი გამოცხადდა და ამ კორპუსმა, დიდ დიღომში, სხვა კოოპერატივის კორპუსთან ერთად, გაიმარჯვა. რა არის სახელმწიფოს მიზანი, რატომ მთავრდება მაინცდამაინც ეს კორპუსი და არა სხვა? იმიტომ, რომ ჩაწყობილია და ქვითარნაყიდი ხალხია შესული, წიქარიშვილის ინტერესი დევს ამაში.
_ ფაქტობრივად, თქვენ საუბრობთ დანაშაულზე და მძიმე ბრალდებებსაც უყენებთ როგორც სახელმწიფოს, ასევე იმ ასოციაციას, რომელმაც დაზარალებული ხალხის უფლება უნდა დაიცვას. სამართალდამცველებს ამაზე მიმართეთ?
_ ვიჩივლე, ფინანსთა სამინისტროში განცხადება შევიტანე და ფინანსურ პოლიციას გადასცეს. ნინო კუბლაშვილმა დამკითხა, 2 სთ და 40 წთ ვიყავი დაკითხვაზე და პასუხი მომივიდა: არასაკმარისი მტკიცებულებების გამო წიქარიშვილის მიმართ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეო. სანამ ამ პასუხს მივიღებდი, კუბლაშვილს ვუთხარი, როგორც გამომძიებელი, შედით ამ კორპუსში, თქვენ თუ არ გაქვთ ამის უფლება, უბნის ინსპექტორი ხომ არსებობს, ავიდეს და ნახოს, ვინ არის-მეთქი ეს ხალხი და რა უფლებით არის შესული. შეიძლება კიდეც გაკეთდა ეს, მაგრამ არ არსებობს რაიმე შედეგი. რატომ არ ვარ შესული, მაგალითად, მე იმ კორპუსში და რატომ არის სხვა? იმიტომ, რომ მას მიშას მთავრობამაც დააფარა ხელი. ჩვენ რომ შევედით კორპუსში, დღისით, მზისით, 80 კაცი დაგვესხა თავს, დაგვარბია, დაგვანგრია და დაგვასისხლიანა. პროკურატურაში გვაქვს შეტანილი საჩივარი 2015 წლის 2 ოქტომბერს, არანაირი რეაგირება არ არის, არც არავის მოუკითხავს ჩემი მეზობელი, რომელიც ამის გამო საავადმყოფოში იწვა, არც არავის დაურეკავს, რა ხდება, ეს ქალი ცოცხალია თუ მკვდარი, ტვინის შერყევა მიიღოო. აგერ ერთი თვე გავიდა და არანაირი რეაგირება არ არის, სძინავს მთავრობას! ვიცი, რომ რაღაც იურიდიული ნორმებია, მაგრამ რა დროს ნორმაა, რა გაძინებს, შენ, მთავრობავ, როცა ადამიანია დაზარალებული?! თუ სიკვდილ-სიცოცხლეზე არ იბრძვი, რომ სიკვდილს გამოგლიჯო თითოეული ადამიანი, ამაზე უპირატესი რა არსებობს?! როგორც ჩანს, წიქარიშვილი ამ საჩივრიდან გამომდინარე დაიბარეს პროკურატურაში და ახლა შემოგვითვალა, რაც გინდათ, ის ქენით, მაგას მაინც არ დაგიკანონებენო. დარწმუნებულია, რომ არ დააკანონებენ, ექსპერტიზიდან გამომდინარე, ეს კორპუსი დემონტაჟს ექვემდებარება, ამის შემდეგ შესაძლებელია, სახელმწიფო კომპენსაციაზე წავიდეს და დააკმაყოფილოს ისინი, ისევ ჰაერში დავრჩებით. ამიტომ საბუთები მაქვს შეგროვებული, რომ ნარმანიას დავუდო წინ. სამი განცხადება დავწერე, რომ მიმიღოს, მაგრამ ჩვენთვის მიღების შანსი არ არსებობს. დიდ დიღომში მე-17 კორპუსის 7 სართულია აშენებული, პირველი სართული მაღალია, სადაც მაღაზიები და სხვა კომერციული დაწესებულებები უნდა განთავსებულიყო. ეს პირველი სართული გაქირავებულია და ნანა წიქარიშვილი ქირას იღებს. ვინ ცხოვრობს ამ კორპუსებში? დევნილები და ქვითარნაყიდი ხალხი! არც ერთი კოოპერატივის წევრი არ არის. სექტემბრის ბოლოს კანონი ძალაში შევიდა, ღარიბაშვილმა დადგენილება გამოუშვა, რომ დევნილები, რომლებიც ფართებში არიან შეჭრილები, უნდა დაუკანონდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფართებიც ჩამოგვეჭრა დაზარალებულ ხალხს. ჩვენ სადაც ვართ, იმ კორპუსში 3 დღის წინათ მოვიდნენ და შეჭრა უნდოდათ. წინ დევნილი მოუძღოდათ, მე პირველ სართულს დავიკავებ, თქვენ 2 სართულზე განლაგდითო. ჩვენსავით კოოპერატივის წევრები იყვნენ, ოღონდ სხვა კოოპერატივის. თქვენ დაიკავეთ და მე ზურგს გაგიმაგრებთო, იმიტომ, რომ დევნილზე კანონია გამოცემული. არავინაა განმკითხავი. ხომ შეიძლება როგორც არჩევნების დროს ხდება ხალხის აღწერა და კარდაკარის ჩატარება, ისე აღიწეროს ეს კორპუსები და მასში მცხოვრები ხალხი?!
_ საყოველთაო აღწერა ხომ ჩატარდა?
_ რა დაიდო მერე?! მხოლოდ გავიგეთ, რომ სამი მილიონ 225 000 ვართ და აქედან მილიონ 740 000 ვართ საქართველოში, მეტი არაფერი! მონაწილეობა მაქვს მიღებული საყოველთაო აღწერაში და ვიცი, რას ნიშნავს. ვიცი, როგორ უნდა შეივსოს ეს მონაცემები. კომპიუტერში შეიყვანე და რამდენჯერმე რომ ერთიდაიგივე გვარს ამოგიგდებს, იმას მიჰყევი, ხომ შეიძლება, რომ ეს გაკეთდეს და დაიხვეწოს სიები? ამით ხალხი შეღავათს იგრძნობს, რომ ეს საკითხი დაიძრას. რომ გამომასახლონ და ვიღაც შეასახლონ, კმაყოფილი ვიქნები იმით, რომ ჩვენი საკითხი დაიძრა, მაგრამ არ არის დაძრული! მესამე წელია, ეს მთავრობაა, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით, ტელეკომპანია „კავკასიასთან“ დავხვდით და მაშინ გვითხრა, პირველი პრიორიტეტი იქნება კოოპერატიული ბინათმშენებლობაო. ერთი თვე არ არის, რაც ნოდარ ხადურმა წერილობით გამოაქვეყნა, სახელმწიფოს აქვს უამრავი საგარეო ვალი, მაგრამ შიდა ვალი ძალიან მცირეაო. ამ დროს ჩვენი ვალი 601 მილიონია. მცირეა? მე რომ 29 000 მაქვს შეტანილი და 3-ოთახიანი ბინა საბაზრო ღირებულებით 40 000 დოლარი ღირს პერიფერიაში? 40 000 დოლარი რომ გაქვს შენ ჩემი ვალი სახელმწიფოს, ეს თანხა მცირეა, თუნდაც სხვები არ არსებობდნენ? რას ნიშნავს მცირე, რა იგულისხმება ამაში? ამას ამბობს ნოდარ ხადური, როცა ბესო საღარაძემ სასამართლო პროცესი მოიგო და სასამართლომ გადაწყვიტა, 6 თვის ვადაში უნდა გამოქვეყნებულიყო ჩვენი დაკმაყოფილების წესი. ეს უნდა მოხდეს 1-ლ თებერვლამდე და იმ წესში უნდა ეწეროს, მიწებით რომ დაკმაყოფილდება ხალხი, ვთქვათ 2-ოთახიანის ფული რომ აქვს შეტანილი, 100%-იანი გადახდით მხოლოდ, არ არის ლაპარაკი ხალხზე, რომელთაც ნახევარი აქვთ გადახდილი. ამ მთავრობას უნდა, რომ იმ ხალხს, რომელსაც ბოლომდე არ აქვს თანხა გადახდილი, იგნორირება გაუკეთოს. 100%-ით ვისაც გვაქვს გადახდილი, 1500 კაციც არ ვიქნებით და 26 წელიწადია, 1998 წელს, შიდა ვალში აღიარებული ხალხი ასე დავპრუტუნობთ. როდის მოხდა აფხაზეთის ომი და როდის გახდა ეს ხალხი დევნილი, იმაზე წინ ჩვენ ვიყავით დევნილები! არავინ ყურადღებას არ გვაქცევს და ამ ფურცელომანიაში ვართ ამდენი ხანი!
_ დღეს თქვენი მოთხოვნა რა არის?
_ ნარმანია შეგხვდეს და ამ ყველაფერს თვალი გადაავლოს. სუდაძესთან ნამყოფები ვართ, კარლო ლაფერაძესთანაც, ვისაც ევალება ეს საქმე, ყველასთან, ჯაბა სამუშიასთან თბილისის საკრებულოში. ეს ყველაფერი სანამ მერიას გადაეცემოდა, ანუ ცვლილება შევიდოდა, საკრებულო იყო თბილისის მასშტაბით ამ ხალხზე პასუხისმგებელი. ჯერ არ იყო გარკვეული, საკრებულოს უნდა დავალებოდა თუ მერიას, ამიტომ საკრებულოში უნდა გარკვეულიყო ვიღაც ამ საკითხში. ერთ-ერთ შეხვედრაზე სამუშია გვეუბნება, სადავო რომ არ აიყოს ეს კორპუსები, სასამართლო პრეროგატივაა და თქვენ თუ იჩივლებთ სასამართლოდან უნდა მოიტანოთ გადაწყვეტილებაო. სხვები არ არის ასეთი სადავო და პირველ რიგში ისინი უნდა დამთავრდესო. სადაც ეს მე-3 კორპუსი უნდა აშენებულიყო, ცარიელია ეს ტერიტორია და ახლა გასხვისებაზეა ლაპარაკი. იპოთეკით დაზარალებულთა და სოციალურად დაუცველებისთვის უნდა აშენდეს კორპუსი, ამერიკული ფირმა აშენებს, ჩვენზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი, სახელმწიფო ისევ ფულს აკეთებს! ის ვიღაც ამერიკული ფირმა გრანტის სახით გარკვეულ თანხას ჩადებს, ამას გარკვეული ნაწილი დასჭირდება, მერია დააკმაყოფილებს 64 ოჯახს და ჩვენ არაფერი! ამიტომ ვართ შესულები ამ კორპუსში. გვაიძულა სახელმწიფომ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, უშუალოდ მერიამ, მაგრამ სანამ ამ შენობაში შევიდოდით, მანამდე მერიას მივწერეთ, არსებობს ეს საბუთი. ვწერთ, რომ იძულებული გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა იმის გამო, რომ უმოძრაოდ არის ეს საქმე და დაუმთავრებელ შენობაში შევდივართ, რომელსაც არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნია. ამაზე პასუხი არ მიგვიღია. თვითონ ჯაბა სამუშიას 2000-2500 დოლარად 3 ქვითარი აქვს ნაყიდი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გიორგი სააკაძეები აღარ არიან და ამას არ იტყვიან, შიშის სინდრომია ძალიან დიდი, მაგრამ მე ვამბობ. ისიც ვიცი, როგორ ვაჭრობს წიქარიშვილი ამ ქვითრებზე. ამაში მორალი არ დევს. როცა ამაზე წიქარიშვილს შევედავე, მითხრა, მორალურად კი ხარ მართალი, მაგრამ იურიდიულად მე ვარ მართალიო. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობაა და ეს ხალხი შიმშილს და მუცელს გადაყოლილები ყველაფერზე არიან წამსვლელები. ამაში ვიჭყლიტებით ასეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხით ვართ დაინტერესებულნი, რომ რაღაც გვეშველოს. გვარები შემიძლია დავასახელო, რომ ხალხს ურეკავდნენ, _ ხომ არ გაყიდდით ქვითარსო? მოკლედ, წიქარიშვილმა სამაკლერო ოფისი მოიწყო. მაგალითად, მე რომ გამეყიდა ქვითარი, წიქარიშვილთან მივიდოდი, 2000 დოლარს მაძლევდა თვითონ და მერე ის 5000 დოლარად გაყიდდა. ეს ყველაფერი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჯაბა სამუშიასთან ვთქვით, გვიპასუხა, ეს მე არ მეხება, მე რა შუაში ვარო? საკრებულოში გიორგი ტყემალაძეა გიორგი ალიბეგაშვილის მოადგილე, მანამდეც იყო შიხიაშილის მოადგილე და ჯგუფთან ერთად რომ შევდიოდი, თავსაც არ აწევდა ხოლმე ზემოთ, _ გავარკვევო, _ მეტი არაფერი, დღემდე გაურკვეველია ეს ყველაფერი! საერთოდ არ დაძრულა ეს საკითხი, ყოველ შემთხევვაში, ეს გამწარებული, დაზარალებული ხალხი 26 წელია, ჰაერში ვართ. ხელისუფლებისგან კი მხოლოდ გვესმის, ვსწავლობთ ამ საკითხსო.
ნაძალადევის რაიონის გამგეობას გაყიდვების ნუსხაში აქვს შეტანილი ეს შენობა და ფასი 5 მილიონი ადევს. ეს შენობა და ტერიტორია 100 000-ად რომ გაყიდონ, რას აგებს სახელმწიფო? _ არაფერს! ბიუჯეტში ფული შევა, გაყიდიან, ფულს ხომ აიღებენ ინვესტორისგან და მერე რომ აშენდება, წილი შეუვათ ბინების სახით, მშვენივრად მოითბობენ ხელს. ახლა ჩვენ ჩავუგდეთ კოვზი ნაცარში, ნარმანიას ამის მოსმენა არ უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ შევიდე, მეტყვის, ეს საკითხი არ მეხებაო, მაგრამ შევახებ. 29 წლის ვიყავი 1990 წელს, როდესაც ფული შევიტანე, ახლა შვილიშვილი მყავს და ისევ არაფერი მღირსებია, კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ ამას? ეს 2 კორპუსი რომ უნდა დამთავრდეს, სხვა კორპუსებს რას უპირებენ? თბილისის ზღვაზე უნდა აშენებულიყო #652, #654 და #650 კოოპერატივების ბინები და მიწების გარკვეული ნაწილი გაყიდულია. ამ მთავრობის მოსვლის დროს გაირკვა, რომ მიწების ნაწილი არ გაყიდულა, რომელსაც კოოპერატივების თავმჯდომარეები ეპატრონებიან. #650 კოოპერატივი უნდა აშენებულიყო 530 კვ.მ.-ზე და ახლა წესში უნდა ჩაიდოს, რომ 3-ოთახიან ბინაზე 600 კვ.მ. მიწა შეიძლება გადმოგეცეს. ადგება და კოოპერატივის თავმჯდომარე დაიკანონებს ამ მიწას. დანარჩენი ხალხი სად უნდა წავიდეს, არავინ იცის. ერთი ჯგუფი ახლა გავა, წესი დაიდება გასვლის შემდეგ, გარკვეული ნაწილი დაკმაყოფილდება 2016 წლის 1-ლ თებერვლამდე, ეს წესი წესად დარჩება და იქნება ფურცელზე, ამას აღა