QronikaPlus
მოსამართლე გიორგი სულაკაძეს პროკურატურაში დაიბარებენ?!

მოსამართლე გიორგი სულაკაძეს პროკურატურაში დაიბარებენ?!

2015-11-07 09:14:35

  საქართველოში „ჯიბის“ მოსამართლეების ინსტიტუტი შემოვიდა _ ამის დასტური, ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-ის საქმე და მოსამართლე თამაზ ურთმელიძეა, მეორე მხრივ, მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილის სარჩელი და მოსამართლე გიორგი სულაკაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული ალფაბეტური წესის მიუხედავად, ვანო ჩხარტიშვილის ყველა სარჩელი გიორგი სულაკაძესთან რომ ხვდება, ამის შესახებ „ქრონიკა+“ წინა ნომრებში უკვე წერდა, მაგრამ ბოლო პროცესებზე მომხდარი ფაქტი უკვე მოსამართლის გადაცდომის ფარგლებს გასცდა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები შეიძინა. ამ და სხვა ფაქტებზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ესაუბრება: _ ბატონო სოსო, პირველ რიგში, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, როგორ ხვდება ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებული ყველა სარჩელი მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან? _ გამიჭირდება თქმა, რა მეთოდით ხვდება მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან ყველა ის საქმე, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მე შემიძლია ეს საქმეები ჩამოვთვალო: ფოთის წისქვილკომბინატი, რომელიც მიმართულია „ტრანსფორდის“, „პორტლენდისა“ და „აგრიკომის“ წინააღმდეგ, მეორე სარჩელი არის „ჯეესკოს“ და „პრომედკოს“ სარჩელი; გარკვეულ შემთხვევებში კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ კანონდარღვევასაც არ ერიდებიან, იმისათვის რომ სარჩელი გიორგი სულაკაძესთან მოხვდეს. გეტყვით, რას ვგულისხმობ: გასულ წელს „ჯეესკომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც განსახილველად გიორგი სულაკაძეს გადაეცა, მერე ისე მოხდა, რომ „ჯეესკომ“ სარჩელი დააზუსტა და კომპანია „პრომედკოს“ სახელით ითხოვდა. ბუნებრივია, მოსამართლეს სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო. მიუხედავად ამისა, გიორგი სულაკაძემ, საკუთარი განჩინებით, საქმეში სრულიად უკანონოდ შემოიყვანა „პრომედკო“. ეს მანიპულაცია, ცხადია, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყველა ეს საქმე გიორგი სულაკაძესთან მოხვედრილიყო. მეტიც, ფოთში ანალოგიური სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. 2015 წლის 29 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რომლითაც ფოთის საქალაქო სასამართლოში და გიორგი სულაკაძის მიერ წარმოებული საქმეები გაერთიანდა. ამ საქმეს ახალი ნომერი მიენიჭა და ფოთის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებარა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სულაკაძეს დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნა ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, მან ფოთში გაგზავნაზე უარი განაცხადა და იმ საქმის განხილვა გააგრძელა, რომელსაც ნომერიც კი არ გააჩნია. ორი პროცესი გაიმართა, პირველი 8 ოქტომბერს. ამ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ მას სურს მხარეებს, _ ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია „ტრანსფორდის“ წარმომადგენლებს _ მოუსმინოს ფოთის სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით. ამის უფლება მას, ცხადია, არ ჰქონდა. მოსარჩელემ, ანუ ბატონი ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებას, რაც საერთოდ არაფერ შუაშია. ეთანხმება თუ არ ეთანხმება, ამ ეტაპზე ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, ეს საჩივრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. და ისიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. გიორგი სულაკაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებიც შეითავსა და განაცხადა, რომ მიუხედავად განჩინებისა, ის საქმის განხილვას აგრძელებს. როდესაც ჩვენ მისი აცილების საკითხი დავაყენეთ, სულაკაძემ გვითხრა, რომ ამ საკითხს ღიად ტოვებს და 26 ოქტომბერს დაუბრუნდება. 26 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლემ სასამართლოს სხდომა გააგრძელა და განაცხადა, რომ საქმეს ფოთში არ აგზავნის, რაზედაც მე მას ვუთხარი, რომ ეს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულიც არის. ესაა ერთ-ერთი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლა _ მოსამართლე გიორგი სულაკაძე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. არ აგზავნის საქმეს და ფოთის სასამართლო ვერ აგრძელებს საქმის განხილვას. ამის შემდეგ მან სხდომა 10 ნოემბრისთვის გადადო. _ ბატონო სოსო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიმართეთ? _ ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მიმართა და იუსტიციის საბჭოს ჩვენც უახლოეს დღეებში მივმართავთ, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, მთავარ პროკურატურას ხომ არ მივმართოთ გამოძიების დაწყების თაობაზე? რანაირი დარღვევა არ მინახავს ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში, მაგრამ მსგავსი არაფერი! _ გიორგი სულაკაძე კიდევ ერთ საქმეს არ აგზავნის, ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლოში. _ კიდევ ერთი სარჩელი არსებობს, რომლის უკან ვანო ჩხარტიშვილი დგას. მან, ფაქტობრივად, მისსავე ორი კომპანიისგან მოთხოვნის უფლება შეიძინა. ითხოვს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას და ფულად კომპენსაციას, ორი მიმართულებით ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას _ ერთ-ერთი იყო, თითქოს „თიბისი“ ბანკმა აუქციონის პირობები დაარღვია და მეორე მიმართულება _ თითქოს გაურკვეველი პირების მონაწილეობით დანაშაულებრივი ჯგუფი იყო შექმნილი, რომ ვიღაც უცნობი მინისტრი გაურკვეველ პირებს ურეკავდა, რათა იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. ფოთის წისქვილქარხანას რამდენიმე მილიონი დოლარის კრედიტი ჰქონდა „თიბისი“ ბანკში. იმისათვის, რომ გადახდის პროცესი გაჭიანურებულიყო, გადაწყვიტეს, იპოთეკით დატვირთული ქონება სხვა კომპანიაზე გაესხვისებინათ, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია ვანო ჩხარტიშვილი და „ეინკომზე“, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე რომან ფიფიაა. ამას არა მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, არამედ მოსამართლე თავის ნაწილობრივ გადაწყვეტილებაშიც ამბობს. სესხის გადახდის ყველა რესურსის ამოწურვის მერე „თიბისი“ ბანკმა ეს ქონება აუქციონზე შეიძინა და შემდეგ კომპანია „აგრიკომს“ მიჰყიდა, რომელიც, სხვათა შორის, თავად გააცნეს ბანკს. აუქციონის შედეგები, ცხადია, გასაუქმებელი არ არის, მოწმეებმაც იგივე დაადასტურეს და პროცესზე მოპასუხე მხარის სასარგებლო ჩვენებები მისცეს. „აგრიკომი“ კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს, რისი საწინააღმდეგო ვერც სასამართლო გადაწყვეტილებაში წავიკითხე რამე. „აგრიკომმა“ ქონება „პორტლენდის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, შემდეგ „პორტლენდის“ წილები სხვა იურიდიულ პირებზე გაიყიდა. _ ბატონო სოსო, არ ფიქრობთ, რომ ვანო ჩხარტიშვილი ცდილობს, შანტაჟის გზით აარიდოს თავი ვალდებულებებს და ასე დაიბრუნოს ქონება? _ ბატონი ჩხარტიშვილი ცდილობს, რომ სრულიად არაკეთილსინდისიერი გზით ის ქონება და ის სარგებელი მიიღოს, რომელიც არასოდეს ჰქონია. თვითონ მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ წისქვილკომბინატი წამგებიანი კომპანია იყო, მას დიდი ოდენობით ვალი ჰქონდა. ახლა უნდათ, გამართული კომპანია მიიღონ და ასევე დიდი ოდენობით თანხას ითხოვენ _ 32 მილიონს. _ 32 მილიონის წარმომავლობის დადასტურება ვერც ერთი გათვლით ვერ მოვისმინე სასამართლო პროცესზე. _ საერთოდ არ არსებობს ასეთი ციფრი. მოსამართლე სულაკაძემ 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო. ასეც მოხდა კანონის უხეში დარღვევით, რადგან მოსამართლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღება, როცა ამას რომელიმე მხარე ითხოვს. ასეთი თხოვნა არც ერთი მხრიდან არ ყოფილა. შემდეგ სამი თვის განმავლობაში მან გადაწყვეტილება არ დაწერა, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევაა. მოპასუხეები იძულებულები გახდნენ, ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაესაჩივრებიათ, რადგან ხანდაზმულობის ვადა არ დაერღვიათ. ამჟამად მეორე ნაწილის, ანუ ზიანის ანაზღაურების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ასევე ორი ნაწილისგან შედგება: ერთი გახლავთ ის, რომ მოპასუხეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ და სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ანაზღაურება და მეორე ნაწილია 14 მილიონის მოთხოვნა პირდაპირი ზიანისთვის. ამ შემთხვევაში კომპანია „პორტლენდს“ ვიცავ. დავსვი კიდევაც შეკითხვა პროცესზე, _ რა შეხება აქვს „პორტლენდს“ ამ ზიანთან და რატომ უნდა მოხდეს სოლიდარულად ამის ანაზღაურება? მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა ამ საქმეზე სრული აბსურდია, _ მოპასუხე, დაახლოებით, ასე ფიქრობს, _ ბატონ ჩხარტიშვილს 100 მილიონი დოლარი აქვს, მისი კომპანია „ბლექსიქოლდი“ ბიზნესის განვითარებაში 15 მილიონ დოლარს ჩადებს, თუ მას 32 მილიონს მივაკუთვნებთ. ეს არის არითმეტიკა, რომლის ლოგიკა ყველასათვის გაუგებარია. თან ამბობს, რომ მდევნიდნენო და გაირკვა, რომ სწორედ ამ პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდა კრედიტებს იმ ბანკიდან, რომელსაც უჩივის. საინტერესოა ის ფაქტიც, როგორ წარმოადგინა ბატონმა ჩხარტიშვილმა დოკუმენტები ფინანსური პოლიციიდან? მკაფიოდ ჩანს, რომ მას არანაირი დაბრკოლება არ აქვს _ მივა ფინანსურ პოლიციაში, აიღებს იმ დოკუმენტებს, რომელთანაც არანაირი წვდომა მას, წესით, არ უნდა ჰქონდეს. მოწმეთა ჩვენებებზე ვსაუბრობ. პირდაპირ ჩანს, რომ მას დაბრკოლება საერთოდ არა აქვს. ფინანსურ პოლიციაში მტკიცებულებებს ქმნიან, რომ მერე ეს მტკიცებულებები ბატონმა ჩხარტიშვილმა სასამართლოში გამოიყენოს. _ ე. ი. ვანო ჩხარტიშვილი ამ შანტაჟში მარტო არ არის და მას ხელისუფლება უმაგრებს მხარს? _ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრ უწყებაში ზურგის ქარი აქვს. ყველა უწყება ცდილობს, რომ ჩხარტიშვილს დაბრკოლებები არ ჰქონდეს და მტკიცებულებებს უქმნიან, რომელიც მერე სამოქალაქო საქმეში შემოდის. ექსპერტიზის დასკვნაზე დადგენილება შეიქმნა, რომ ის ყალბია, მერე იმავე დადგენილებაში ჩაწერეს, რომ ეს გამოძიებას არ ექვემდებარება, რომ გამყალბებელს ამნისტია შეეხო. რეალურად, არანაირი დასკვნა არ გაყალბებულა _ შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც სარჩელის საფუძველი გახდა. კიდევ ერთი მომენტი, რაზედაც ყურადღება მინდა გავამახვილო: ბატონი ჩხარტიშვილის ჩვენებაში, რომელიც მან საგამოძიებო ორგანოებს მისცა (ეს ჩვენება ასევე სასამართლომ გაიზიარა) ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა და ვანო ჩხარტიშვილს კუთვნილი ქონება ამ ჯგუფმა წაართვა. _ ბატონო სოსო, დაკითხულია თუ არა ვანო მერაბიშვილი? _ არა, ვანო მერაბიშვილი დაკითხული არ არის. ვანო მერაბიშვილის დაკითხვის თაობაზე სასამართლოში შუამდგომლობა დავაყენეთ, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გაუგზავნეს კიდევაც რამდენჯერმე უწყება, მაგრამ ბატონმა მერაბიშვილმა პროცესზე მოსვლაზე უარი განაცხადა. ერთ მშვენიერ დღეს კი მოსამართლე სულაკაძემ, ნაცვლად იმისა, რომ იძულების წესით მოეყვანა მოწმე მერაბიშვილი პროცესზე და დაეკითხა, განაცხადა, _ საჭიროდ აღარ მიაჩნია მერაბიშვილის დაკითხვა იმ მოტივით, რომ მაინც არაფერს არ იტყვისო და მერაბიშვილი მოწმეთა სიიდან ამოიღო. ასეთი ვითარებაა ამ საქმეზე. არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძე ვანო ჩხარტიშვილის დაკვეთას შეასრულებს, თუმცა მას უნდა ესმოდეს, რომ წარმოუდგენელ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც. „აგრიკომის“ წარმომადგენელმა დაანგარიშება გაგვაცნო, რა ოდენობის ზიანს მიიღებს არა მხოლოდ კომპანია, არამედ სახელმწიფოც. _ ეს იმიტომ, რომ მარცვლეულის ტერმინალი, ამავე დროს, საბაჟო ტერმინალიც არის. _ დიახ, „აგრიკომი“ ხორბლის მთავარი იმპორტიორია საქართველოში, მას მარაგები აქვს. ეს ქვეყნის წინაშე საბოტაჟი იქნება. რაც შეეხება კომპანიებს „ტრანსფორდსა“ და „პორტლენდს“ ისინი გადამზიდავი კომპანიები არიან, პორტის საქმიანობას ავითარებენ, მათაც საკმაოდ დიდი ზიანი მიადგებათ. ეს პროცესი კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

ელისო კილაძე

გაზიარება