QronikaPlus
ოზურგეთის მერის ანგარიში და ჩაძინებული პარლამენტარი!

ოზურგეთის მერის ანგარიში და ჩაძინებული პარლამენტარი!

2015-11-07 08:52:24

ოზურგეთის მერის, ბეგლარ (ბეგი) სიორიძის ერთი წლის მოღვაწეობის საანგარიშო გამოსვლას რაიონის თეატრის შენობაში „ქრონიკა+“ შემთხვევით დაესწრო. მანამდე, ჩვენს გაზეთში, სიორიძის საქმიანობას არაერთი სტატია მიეძღვნა, სადაც დარღვევებსა და გადაცდომებზე იყო საუბარი, ამიტომ, ეს ღონისძიება, ჩვენთვის მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით 13.00 საათისთვის თეატრის დარბაზი ხალხით გაივსო, დასწრების მსურველები კი ფეხზეც იდგნენ. დარბაზში თავისუფალი სკამი ვერც ჩვენ მოვნახეთ, ამიტომ სიორიძის გამოსვლას სცენაზე ასასვლელ კიბეზე ჩამომსხდრები ვისმენდით და იქ მიმდინარე მოვლენებსაც აქედან ვაკვირდებოდით. ღონისძიების დაწყებამდე შევამჩნიეთ, რომ ხალხის სკამებზე განთავსების საკითხს რამდენიმე მამაკაცი ედგა სათავეში. სწორედ მათი ერთმანეთში საუბრიდან შევიტყვეთ, რომ იქ პარლამენტის წევრებსაც ელოდებოდნენ და სიორიძე მანამ არ გამოვიდოდა სიტყვით, სანამ ისინი არ ინებებდნენ მოსვლას. სცენა ხელოვნური ყვავილებით იყო მორთული, იქვე დიდი ეკრანიც ეკიდა, ირგვლივ კი ისეთი ატმოსფერო სუფევდა, ისიც კი ვიფიქრეთ, ცოდვას ხომ არ ჩავდიოდით, როცა სიორიძეზე კრიტიკულ სტატიებს ვბეჭდავდით? დარბაზში მყოფი ხალხი პარლამენტის წევრების მოსვლას დაახლოებით ერთი საათი ელოდა და სიორიძის გამოსვლაც, რომელიც 3 საათზე იყო დაგეგმილი, 4 საათზე დაიწყო. პარლამენტის წევრები დარბაზში ეპისკოპოსთან და სამღვდელოების სხვა წევრებთან ერთად შემოვიდნენ და წინა რიგებში დასხდნენ.  ოზურგეთის მერის ანგარიშით ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე რომ    დაინტერესდნენ, ამის ახსნა და გაგება კიდევ შეიძლება, მაგრამ რატომ გაუჩნდათ ამ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი პარლამენტის უმრავლესობის წევრებს თამაზ მეჭიაურს, თელავის მაჟორიტარს გელა სამხარაულს, ნოდარ ებანოიძესა და თემურ ჭკუასელს, ამას,  თავდაპირველად, ვერ მივხვდით, თუმცა როცა შევიტყვეთ, რომ, მოგვიანებით, მერის სიტყვაში გამოსვლა და დარბაზის „ქებაი და დიდებაი“ ერთ-ერთ რესტორანში სათანადოდ „დასველდა“, ყველაფერი ნათელი გახდა. პარლამენტის წევრებისგან ოზურგეთის მერის სიტყვაში გამოსვლის მიმართ „მწველი ინტერესი“ იმითაც გამოჩნდა, რომ როცა სიორიძემ მიკროფონი აახმაურა და სიტყვის წარმოთქმა დაიწყო, პარლამენტარებმა ტელეფონები მოიმარჯვეს და ისე გადაიჭრნენ ვირტუალურ სამყაროში, კარგა ხანს ზემოთ არც აუხედავთ. მერმა თავისი საანგარიშო სიტყვა დაიწყო იმით, რომ 2014 წელს ოზურგეთს პირველად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, იქ მერიამ პირველად დაიწყო  უფლებამოსილების განხორციელება და  მერიის თანამშრომლები, მხოლოდ და მხოლოდ, ტესტირების შედეგების გათვალისწინებითა და პროფესიონალიზმით შეირჩა. მერიის საქმიანობის პრიორიტეტებიც, თურმე, მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების სრული გათვალისწინებით დაგეგმილა. მერის საქმიანობის ნათელი მაგალითი კი, საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების მიერ, ერთი წლის განმავლობაში გაცემული 81 საჯარო ინფორმაცია ყოფილა. ეს ინფორმაციები საკრებულოს წევრებმა და სხვა პირებმა მოთხოვნის შესაბამისად მიიღეს, თუმცა ზოგიერთმა ისეთი ინფორმაციებიც მოითხოვა, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა და, შესაბამისად, ვერც მიიღესო. სიორიძის თქმით, ხშირად ატარებდნენ ბრიფინგებს, პრესკონფერენციებს, სადაც მერისა და მერიის ყველა აქტივობა და ჩატარებული ღონისძიება შუქდებოდა. ცხადია, მერს სიტყვაც არ დასცდენია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქრონიკა+“-ში საკრებულოს წევრი ნათია შარაშენიძე მას ხშირად აკრიტიკებდა, მაკომპრომეტირებელ მასალებს აქვეყნებდა და როცა სიორიძეს კომენტარზე პრესსამსახურის მეშვეობით ვეხმიანებოდით, გვეუბნებოდა, შარაშენიძის საუბარზე კომენტარს არ გავაკეთებო. ცხადია, საინტერესოა ისიც,  სიორიძის საქმიანობის ავკარგიანობაზე სხვა მედიასაშუალებები რატომ არ ასველებდნენ სიტყვას, რატომ დუმდა ადგილობრივი მედია? ამის ახსნა მერის სიტყვაში ვიპოვეთ, _ ქალაქ ოზურგეთის მერიას ყველა ადგილობრივ მედიასაშუალებასთან გაფორმებული აქვს საინფორმაციო მომსახურების ხელშეკრულებაო. სიორიძის განაცხადით, 2014 წელს, სოციალური სფეროს მიმართულებით, ბიუჯეტიდან 403 256 ლარი გაიცა, დახმარება კი 1 633 მოქალაქეს აღმოუჩინეს; შემუშავდა 10 სოციალური პროგრამა, რომელიც სოციალურად შეჭირვებულთა ყველა სეგმენტზე ყოფილა მორგებული. მან ეს პროგრამებიც ჩამოთვალა, რომელთა შორისაც იყო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამაც. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მერისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდგომ, ქალაქ ოზურგეთში, უკიდურესად გაჭირვებული და გაუბედურებული ოჯახი ვნახეთ, სადაც ნესტიან მიწაზე და თითქმის დანგრეულ სახლში, ბებიასთან ერთად  ცხოვრობს პატარა გოგონა. ამ ოჯახის ამბებსა და ფოტომასალას „ქრონიკა+“ ცალკე შემოგთავაზებთ. ოჯახი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ ეხმარება. საინტერესოდ მოგვეჩვენა მერის მიერ სიმაყით გამოცხადებული ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამაც, რომელსაც დარბაზში მჯდომმა ადამიანებმა, რატომღაც, გაცხოველებით დაუკრეს ტაში. ეტყობა, ვერ გაითავისეს პროგრამის არსი, თორემ ტაშის დასაკრავი და საქებარი ხელისუფლებას მაშინ ექნებოდა, ვეტერანს  სარიტუალო მომსახურებამდე სხვაგვარად რომ ეხმარებოდეს, რადგან ნაადრევად არ დასჭირდეთ ამ საკითხებში ხელის წაშველება. „უნდა დამიჯეროთ, რომ არც ერთი მოქალაქე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინც კანონიერად მომართა ქალაქ ოზურგეთის მერიას, დახმარების გარეშე უკან არ გაბრუნებულა“, _ განაცხადა სიორიძემ და მის პათოსს დარბაზში ისეთი მქუხარე და ხანგრძლივი ტაში მოყვა, სცენაზე ასულ მომღერალს ან მსახიობს ბისზე რომ უკრავენ ხოლმე. მერის წარმატებული საქმიანობების ნუსხაში ქალაქის სივრცითი განვითარების, ურბანული მოწყობისა და ინფრასტრუქტურული საკითხებიც შევიდა. სიორიძის თქმით, ექსპლუატაციაში მიღებულია 17 სამშენებლო ობიექტი, გაიცა ნებართვები და მოხდა შეთანხმებები, რაც მოუთითებს იმაზე, რომ ქალაქი ნელა, მაგრამ ვითარდება. ჩვენ დაგვხვდა მოუწესრიგებელი ქუჩები, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაცია, სიძველით დაზიანებული და ფუნქციადაკარგული შენობები ქალაქის ცენტრში, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი ამ პრობლემების მოგვარებისკენ მიმართაო. მან რეაბილიტირებული და მოასფალტებული ქუჩები ჩამოთვალა. ქალაქ ოზურგეთის ინფრასტრუქტურისთვის თურმე 7 241 556 ლარი დახარჯულა, თუმცა თეატრის მოპირდაპირე ქუჩაზე, ბაზრისკენ მიმავალი ცენტრალური გზა ისეთი განადგურებული და დანგრეულია, კინაღამ მანქანა დავამტვრიეთ. მოსახლეობისგან კი გავიგეთ ის, რომ ოზურგეთის ბაზარი, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, სიორიძეს ჩაუგდია ხელში, რადგან ამჟამინდელ მფლობელად მისი ბიძაშვილი ფიგურირებსო. ქალაქში არსებული მანქანების დროებითი ავტოსადგომების ბიზნესი კი, ასევე ხალხის თქმით, „ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის ბიზნესი ყოფილა, რომელიც, თურმე, მამამისისგან დარჩა. ოფიციალურად, ალბათ, მასაც სხვაზე ექნება გაფორმებული, თუმცა ხალხის თვალსა და ყურს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. მერის თქმით, განსაზღვრული აქვთ 35 ქუჩის მოასფალტება. განა რამდენი ქუჩაა ოზურგეთში, მის გასაკეთებლად, ერთ წელიწადში, 8 მილიონამდე რომ დახარჯეს და იქაურობა ისევ ათხრილ- დათხრილია? დარბაზში მჯდომ ერსა და ბერს, რატომღაც, ეს კითხვები არ გასჩენია. სიორიძემ სიტყვაში გამოსვლა დაასრულა თუ არა, კვლავ ტაში დასცხეს. მქუხარე ტაში გამოწვია მერის მიერ იმის გახმოვანებამაც, რომ ოზურგეთი დატბორვას გადაურჩა. სიორიძის სასიკეთო საქმეების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა, შესაბამისად, დარბაზში მქუხარე ტაშიც ხშირად ისმოდა. ბოლოს, ჭავჭავაძის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ერთობ გაალამაზებს ოზურგეთს. ამის შემდეგ სიორიძემ მადლობა გადაუხადა „თავისი გუნდის“ წევრებს, ამ საქმეების კეთების დროს გვერდით მედექითო. განსაკუთრებული მადლობა კი გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და „ქართული ოცნების“ ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ დაიმსახურეს. მერის თქმით: რაც სალუქვაძე გახდა გუბერნატორი, ჩვენი საქმე გაუმჯობესდა, ამას ჰქვია ერთიანი შრომა და გარჯაო. როცა ბეგი სიორიძემ სიტყვა დაასრულა, მან დარბაზში მდგარ მიკროფონთან იქ მყოფი საზოგადოების წევრები მიიწვია და მათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა აღუთქვა. კითხვების რა მოგახსენოთ და ამ მიკროფონთან მოსული ადამიანები სიორიძის ისეთ ქება-დიდებას აღავლენდნენ, ისეთი მადლობებით ამკობდნენ მერს, მანამდე ოზურგეთის ქუჩებში რომ არ გამევლო, ალბათ, მქუხარე ტაშიც, ოვაციებიც და იქ გადმოღვრილი სიყვარულიც ნამდვილი მეგონებოდა. ამჯერადაც კრიტიკულად მხოლოდ „ლეიბორისტების~ წარმომადგენელი, ნათია შარაშენიძე გამოვიდა და მერს მიმართა: „ბატონო ბეგლარ, ამდენი მადლობის შემდეგ ჩემი გამოსვლა იქნება სამადლობელი. ვისმენდი თქვენ მიერ წარმოდგენილ ციფრებს და იმ ბიუჯეტში, სადაც 3 პროცენტი სოციალურ დახმარებებზეა გაწერილი და 97 პროცენტი თქვენს ხელფასებზე, როგორ ხართ ხალხზე ორიენტირებული მერი, დასკვნა თავად გააკეთეთ. მე მეტს არაფერს აღარ ვიტყვი“. სიორიძემ კი მას ასე უპასუხა: „თქვენ, ქალბატონო ნათია, სულ გარბიხართ, როცა მე საკრებულოს სხდომებზე გპასუხობთ, ამიტომ ახლა გიპასუხებთ საჯაროდ: გირჩევთ, რომ კარგად გაერკვეთ, ბიუჯეტი რა არის და რას წარმოადგენს. შემდეგ ასეთ შეკითხვას არ დასვამთ. „ლეიბორისტული პარტია“ ვერ იქნება კრიტერიუმი ჩვენს ქალაქში და იმის განმსაზღვრელი, თუ როგორ მუშაობს ქალაქის მერია და მერი“, _ და შემდეგი გამომსვლელისკენ მიმართა მზერა. შარაშენიძე არ დაიბნა, კვლავ მივიდა მიკროფონთან და ერთი წინადადებით თქვა სათქმელი: „მართალია, რეალურად ჩემი მოსმენა არ გსურთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ, ბატონო ბეგლარ“. ცხადია, ამ ინციდენტით პარლამენტის წევრებიც დაინტერესდნენ და ჩვენი ყურით მოვისმინეთ, როგორ ჰკითხა კვაჭანტირაძემ უკან მჯდომს, _ ეს არის ნათია შარაშენიძეო? საბოლოოდ, კრება დარჩა მხიარული, რადგან მერის გამოსვლა კონცერტით დაგვირგვინდა, რის შემდეგაც რიგითი მერის გამოსვლით „კმაყოფილი“ მოსახლეობა სახლებში გაუშვეს, სიორიძემ კი პარლამენტარ სტუმრებს ამჯერად, თურმე, რესტორანში უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე მხოლოდ ერთხელ გაიჟღერა მერის მისამართით კრიტიკამ და დარბაზში მხოლოდ მისი ქება ისმოდა, სიორიძის ერთწლიანი მუშაობით უკმაყოფილო სხვებიც აღმოჩნდნენ. თეატრის გარეთ, ცხადია, „ქრონიკა+“-მა ისინიც ჩაწერა: თამარ ნადირიძე _ გაერთიანებული დემოკრატების რაიონული მოძრაობის თავმჯდომარე, საკრებულოს დეპუტატი: _ ბეგლარ სიორიძემ თავის გამოსვლაში შებრუნებით ილაპარაკა. დარბაზს ის ინფრასტრუქტურული პროექტები აჩვენა, საიდანაც არც ერთი არ არის დასრულებული. ჭავჭავაძის ქუჩაზე თავადაც ნახეთ, რაც ხდება. ეს იყო უნიჭო შოუ. სიორიძემ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ ქალაქის ბატონ-პატრონი ის არის. ყველაზე ცუდი რაც დღეს მოხდა ის გახლავთ, რომ მისი 1 წლის ანგარიშის წარდგენა სამუშაო საათებში ჩატარდა და ყველა საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ამ დარბაზში იმის გამო იჯდა, რომ მისთვის ტაში დაეკრა. ფონის შექმნა მან საჯარო დაწესებულებების პარალიზებით მოახდინა. არ დასრულდა ის, რის გამოც წინა ხელისუფლებას დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ. ახლაც ყველაფერი ძველებურად მეორდება _ სამსახურებიდან ხალხის ძალით მიყვანა და ა. შ. რესურსცენტრიდან სკოლებში დარეკეს, რომ სიორიძის ღონისძიებაზე დასწრება მობილიზებულად  მომხდარიყო. მეც პედაგოგი ვარ და რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლელა იმედაშვილის განკარგულება მომიტანეს, რომელსაც ახლა არ გავასაჯაროებ. ეს ქალბატონი 2011-12 წლებში ჩოხატაურის გამგებელი იყო და ისევე ასრულებდა `ნაციონალების~ დავალებებს, როგორც ახლა `ოცნებას~ უსრულებს სურვილებს. საარჩევნოდ ის `ნაციონალურ~ შტაბებს ხელმძღვანელობდა, დღეს კი კვლავ თანამდებობაზეა და რესურსცენტრს უდგას სათავეში. სიორიძეს მარტო „ქებაი და დიდებაი საკუთარი თავისა“ კი არ უნდა მოეხდინა, ისიც უნდა ეთქვა, როგორ გაათავისუფლა სტადიონის დირექტორი მურთაზ აბაშიძე უკანონოდ, რომელმაც მერს სასამართლო პროცესი მოუგო და ბეგიმ თანხებიც გადაუხადა აბაშიძეს, თუმცა საიდან იხდის ამხელა ფულს ეს ადამიანი, ამას არავინ კითხულობს. ჩემი წინადადებაა, რომ ოზურგეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა, ახლაც იგივე მეორდება, თუმცა უფრო უნიჭოდ. ლევან მგელაძე _ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი, დამოუკიდებელი კანდიდატი: _ დღევანდელ ღონისძიებას მერის ანგარიშს ვერ დავარქმევ. ეს იყო თვალთმაქცობა და გარკვეული პიარი, ალბათ, თბილისისა და თბილისელების გასაგონად. ამხელა ბიუჯეტი ქალაქს არასდროს ჰქონია, რადგან ქალაქი წინათ არც არსებობოდა. მისი გაკეთებული არის ზღვაში წვეთი. მერმა ყურადღება არ გაამახვილა პრიორიტეტებზე, რომელიც სოციალურ დაცვას ეხება. საზოგადოების ძალიან მცირე რაოდენობაა დაფინანსებული. საკრებულოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეული პროექტები არ ფინანსდება და თითიდან გამოწოვილ პროექტებში დიდი თანხები იყრება: მერის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩა შუაზე უნდა გაიყოს, იქ უნდა გაკეთდეს ბორდიური განათებით, რაც არ შეიძლება, რადგან ქუჩა ისედაც ვიწროა. აი, ამაში იხარჯება უზარმაზარი თანხები. მან არ ისაუბრა იმ ქონებებზე, რომელიც მერიის ბალანსზე იყო და გასხვისდა. მაგალითად, გასხვისდა სავაჭრო ცენტრი, ე. წ. საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც ზურაბ გობრონიძეს გადასცეს. თანაც, იგი გასხვისდა ძალიან იაფად, რამაც ბიუჯეტი დააზარალა. მერი და ბაზრის ამჟამინდელი მფლობელი ნათესავები არიან და მგონი, ადვილი მისახვედრია, რა, ან როგორ მოხდა. სავაჭრო ცენტრში არსებული ტერიტორია კი მერმა პირდაპირი წესით თავის მეგობარზე გაასხვისა და საკრებულოს წევრებს ვერ დაუმტკიცა, რომ ეს გასხვისება აუცილებელი იყო. ქალაქ ოზურგეთის გარეუბნები საერთოდ მოუვლელი და მოუწესრიგებელია. თვითმმართველობის ხიბლი ის იყო, რომ ყველაფერი გადაწყვეტილიყო საზოგადოებასთან შეთანხმებით, მაგრამ ჩვენ კულუარულად ვიგებთ და საჯარო ინფორმაციებზე წვდომა, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. საკუთარი ძალებით ვახერხებთ იმის მოძიებას, რამდენად შეესაბამება ჩვენი ინფორმაცია სიმართლეს და ა. შ. საკრებულოც სიორიძის დაქვემდებარებაშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ `ოცნებას~ იქ უმრავლესობა არ ჰყავს, დეპუტატებთან სხვადასხვა გზით მაინც ახერხებს გარიგებას და საკუთარი სურვილების საკრებულოზე გატანას. „ქრონიკამ+“-ს ამ ადამიანებმა უთხრეს, რომ სინამდვილეში, ოზურგეთში არის კლანური მმართველობა. რაც შეეხება მერის ერთწლიან ანგარიშზე მყოფ პარლამენტარ სტუმრებს, მათი თქმით, კვაჭანტირაძე არჩევნების შემდეგ ოზურგეთელებს თვალით ნანახი აღარ გვყავს, მეჭიაური კი ახლა პირველად დავინახეთ და მას მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებიდან ვიცნობთო. ოზურგეთში კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. ერთ წერილში შთაბეჭდილებების სრულად გადმოცემა გაგვიჭირდება, ამიტომ ოზურგეთიდან გამოყოლილ ტკბილ-მწარე ქრონიკებს გაზეთის მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.  

                                                                                                ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება