QronikaPlus
რას ახსენებს ლევან ვარშალომიძე „გაქოცებულ“ არჩილ ხაბაძეს?

რას ახსენებს ლევან ვარშალომიძე „გაქოცებულ“ არჩილ ხაბაძეს?

2015-11-07 08:49:15

30 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც „ნაციონალებმა“ აჭარის ხელისუფლებაც დათმეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ თავისი სკამი და კაბინეტი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ეჭირა, არჩილ ხაბაძეს გადააბარა. ამ მიღება-გაცილების კადრების ყურებისას დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა დაბნეული ქოცთდელეგაცია, ჯერ კიდევ ერთად მყოფი დუმბაძე-ბერიძე... ნაძალადევი ღიმილით, გაკვირვებულ-დაბნეული ხაბაძე და თავდაჯერებული და ცინიკურად მომღიმარი ვარშალომიძე. ზუსტად სამი წლის შემდეგ ლევან ვარშალომიძე, რომელიც დღეს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე სამი წლის წინანდელ, ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტს დებს და ვრცელ კომენტარს უკეთებს. ლევან ვარშალომიძის თქმით: „მე მათ დავახვედრე პროექტების სამი წყება. ექსპლუატაციაში გაშვებული პროექტები, დაწყებული პროექტები და დაგეგმილი პროექტების ნუსხა. ახალმა მთავრობამ კი ვერ შეძლო ამ პროექტების განხორციელება“. და ჩამოთვლილთა შორისაა: ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ბათუმის სტადიონის მშენებლობა, ინდუსტრიული ზონის შექმნა ხელვაჩაურში, ტურისტული პროექტი „როიალ კარიბიანის“ განხორციელება, სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ მშენებლობა, ბათუმი-კვარიათი-გონიო-სარფის გზის მშენებლობა. როგორც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, დაგეგმილი პროექტები მხოლოდ იდეები კი არა, დამუშავებული იყო მისი ტექნიკური ნაწილიც და ბიუჯეტიც. რამდენიმე მათგანის ინვესტორთან მოლაპარაკება მიდიოდა. „მაგიდაზე დავტოვე ერთადერთი ფურცელი, რომელზედაც აჭარის 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტი იყო. ის სრულად უზრუნველყოფდა ყველა დაწყებული პროექტის დასრულებას ვადაში, რაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა“. ვარშალომიძე ასეთ ობიექტთა სიაში ასახელებს: ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა) რეაბილიტაციას, რომლის სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და 50% გაკეთებული იყო. უნდა სრულდებოდეს ბათუმის სტადიონის მშენებლობა. ადგილიც კი იყო გამოყოფილი, მაგრამ არც დაწყებულა. ყოფილი ჩინოვნიკი იმ პროექტებსაც ასახელებს, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო, რომლის ლენტის გაჭრა ამ ხელისუფლებას მოუწია, ან სადაცაა მოუწევს: საბაგირო გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სასტუმრო „ლონდონი“, სასტუმრო „ჰილტონი“, სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“, სასტუმრო „კოლიზეუმი,“ მრავალპროფილიანი საავადმყოფო, სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრი, სასტუმრო „ლეოგრანდი“, რესტორანი „მაკდონალდსი“. და ფეისბუკზე სტატუსის ბოლოს წერს: „სამი წლის წინანდელი ისტორიის მოგონება ადამიანური სენტიმენტი არ გეგონოთ. ამ ჩამონათვალის მიხედვით მინდა გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას პროექტზე და სიახლეზე რომ არ ეფიქრა და მხოლოდ იმისთვის მიეხედა, რაც მე მათ 2012 წლის 30 ოქტომბერს გადავეცი სამუშაო ოთახთან ერთად, დღეს აჭარას ექნებოდა ის, რაც მოგახსენეთ“. რეგიონის თავმოყვარე ხელმძღავანელი ამის საპასუხოდ საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებდა გაკეთებული საქმეების შესახებ, მაგრამ რა თქვას, როცა სათქმელი არაფერი აქვს? სამწუხაროდ, ლევან ვარშალომიძე მართალია.  

                                                                                                              ნატო ქათამაძე

   

გაზიარება