სანამ სრულიად საქართველოს ყურადღება, არცთუ უსაფუძვლოდ, საგარეჯოს საარჩევნო უბნებისკენ იყო მიმართული, შუალედური არჩევნები ხობსა და მარტვილშიც ჩატარდა და ისე ჩაიარა, თითქოს არც ჩატარებულა.
თუმცა სამეგრელო რის სამეგრელო იქნებოდა, რაიმეთი არ გამორჩეულიყო და ასეც მოხდა, თუმცა ამაზე უფრო ქვემოთ.
მანამდე კი იყო სამზადისი სამეგრელოში და სამზადისის დროს წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სტუმრობა მარტვილში. მართალია, იქაური `მეოცნებეები~ ბიძინას ჩასვლასაც ელოდნენ, მაგრამ ბიძინამ წინა კვირას ზუგდიდში შეიარა, ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, როგორც ამბობენ, მერე კიდევ ერთხელ, ამჯერად ზუგდიდს საიდუმლოდ ეწვია, ისევ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით და მარტვილში კი აღარ გამოჩენილა.
რასაკვირველია, პრემიერის წინასაარჩევნო ვიზიტისთვის „ქართული ოცნება“ საგულდაგულოდ მოემზადა. წინა ხელისუფლებისგან გამოყოლილი პიარ-ტექნოლოგიის ის განყოფილება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტის დროს დამსწრეების ერთიორად მეტად წარმოჩენას გულისხმობს, მეოცნებეებმაც დაამუღამეს და მასთან ერთად, ყველაფერი დაამუღამეს, რაც ამ განყოფილებას ახლავს თან: საჯარო მოხელეების ტრანსპორტირების ჩათვლით, მეზობელი რეგიონებიდან.
სწორედ აქედან გამომდინარე, მარტვილში, თითქოსდა ადგილობრივ აქტივთან ღარიბაშვილის შეხვედრის დროს, გარეთ, ღია ცის ქვეშ საგულდაგულოდ მოწყობილ პლატფორმაზე ისხდნენ მარტვილელი, ზუგდიდელი, სენაკელი, წალენჯიხელი საჯარო მოხელეები და „ოცნების“ აქტივისტები.
ასე განსაჯეთ, ირაკლი ღარიბაშვილს მარტვილში ერთ-ერთი პირველი შეეგება სოსო ლაგვილავა _ ზუგდიდის ცენტრში სკანდალური, წამებისა და ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენების ინიციატორი, მაგ ჩვენებაზე თვით ზუგდიდის მერიც კი რომ „მიიტყუა“... სოსო ლაგვილავა მარტვილში შეკრების „შემომწირველთა“ მარაქაში ყველაზე დიდი ღლავი იყო, რადგან მან ზუგდიდიდან 50-მდე აქტივისტი ჩაიყვანა, რა თქმა უნდა, „ოცნების“ მიერ გამოყოფილი ტრანსპორტითა და ფინანსებით.
როგორც მიღებული და ამ ხელისუფლების მიერ ტრადიციად დამკვიდრებულია, იარაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებს მიუძღვნა და სამეგრელოსთან კონტექსტში განაცხადა, რომ სწორედ ისინი არცხვენდნენ სამეგრელოს. მერე მარტვილის არჩევნებზეც ჩამოაგდო სიტყვა, ხოლო სპიჩის დასრულების შემდეგ „ოცნების“ შტაბში დეტალურად განიხილა, თუ როგორ იგეგმებოდა არჩევნების ჩატარება.
კაცმა რომ თქვას, ღარიბაშვილს მარტვილში თავი ქუდში ჰქონდა და ეს თვითონაც კარგად იცოდა. ამ მხრივ არც რამენაირი სიურპრიზი ყოფილა _ „ოცნების“ კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ასე მოხდა როგორც მარტვილში, ასევე ხობში:
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, სოსო დანელიამ, ხმების 72,54% მიიღო, დავით თარხან-მოურავის პოლიტიკური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ეთერ მეძველიამ კი _ 27,45%.
ხობში, სადაც არჩევნები გურიფულის თემში ერთ უბანში გაიმართა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ამომრჩევლთა ხმების 73,44% ერგო, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ ტარიელ ზარანდიას _ 26,56%.
ახლა კი, რაც შეეხება იმ ფაქტს, რითაც სამეგრელოში, კერძოდ, მარტვილში ჩატარებული არჩევნები მაინც გამოირჩა: ალბათ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბევრმა წაიკითხა ის ინფორმაცია, რომ მარტვილში, არჩევნების მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთ უბანთან მიცვალებული მიასვენეს. ზოგმა ეს ფაქტი უარყო, ზოგმა დაიჯერა და ზოგმაც, ასე ვთქვათ, სკანდალური დეტალებით გაამდიდრა. მაგალითად, აქტიურად მუსირებდა აზრი: უბანში მიცვალებული იმიტომ მიასვენეს, რომ მისი ოჯახის წევრს უკანასკნელი დამშვიდობების შასნი მისცემოდა, რომელიც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო, დილის რვა საათიდან იქ გახლდათ და, ბუნებრივია, სახლში გასვლა ვერ მოასწროო.
ამ ვერსიის თანახმად, მიცვალებული სკოლის ეზოში შეასვენეს, კომისიის წევრი გამოვიდა, მას დაემშვიდობა და უკან, უბანში შებრუნდა, ხოლო მიცვალებული ისევ შეაბრუნეს და სასაფლაოს გზას გაუყენეს...
ის, რაც სინამდვილეში მოხდა, საქილიკო ვერსიისგან დიდად განსხვავდება და მისი ფესვები ქართულ ტრადიციებში დევს. აქვე დავამატებ, რომ ზოგიერთი სულ ტყუილად აქილიკდა ასეთი ფაქტების სიმრავლეზე რეგიონებში _ დედაქალაქშიც მრავლად ყოფილა შემთხვევები, როცა მსახიობი ან რეჟისორი გარდაცვლილა და სულაც თეატრში ჩაუტარებიათ პანაშვიდი, ან რამდენიმე წუთით სცენაზე დაუსვენებიათ _ ფანტაზიის ამბავია, ზოგს რომ მიცვალებულის პატივისცემად ეჩვენება.
ჰოდა, აბა, მარტვილში რა გასაკვირი იქნებოდა, მსგავსი რამ მომხდარიყო? როგორც „ქრონიკა+“-მა საკუთარი წყაროებით გაარკვია, შემთხვევა მარტვილის 23-ე უბანში მართლაც მოხდა, მაგრამ მას საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და მეტიც: ამ რიტუალთან არანაირად არ იყო დაკავშირებული კომისიის რომელიმე წევრი.
საქმე ის გახლავთ, რომ როგორც საქართველოს სხვა ქალაქებისა და დაბების უმრავლესობაში, მარტვილშიც საარჩევნო უბანი სკოლის შენობაშია განთავსებული. ცხადია, ხმის მიცემის პროცედურაც სკოლაშია და კომისიის წევრებიც იქ იმყოფებიან. როგორც წესი, ეს ყველაფერი სკოლის ფოიეში ხდება, სადაც კომისიის წევრები სხედან და ხმის მისაცემი კაბინა და ურნაა განთავსებული.
იმ სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, სადაც საარჩევნო უბანი მდებარეობდა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა და დაკრძალვა სწორედ არჩევნების დღეს იყო დანიშნული. ვინც უკანასკნელი პატივის მისაგებად მისვლა მოახერხა, მათ შორის, შესაძლოა, კანდიდატებიც იყვნენ _ გარდაცვლილი არაერთი თაობის აღმზრდელი, სკოლის უხუცესი პედაგოგი იყო. როცა მას ოჯახის წევრები გამოემშვიდობნენ, სასაფლაოსკენ წასვლამდე, სამეგრელოში (არა მარტო) მიღებული ტრადიციით, მიცვალებულის იქ „მიყვანა“ გადაწყვიტეს, სადაც მან სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა. სოფლის კოლორიტის ან მთავარი „ყომარბაზის“ გარდაცვალების შემთხვევაში, ეს ადგილი, ცხადია, სოფლის ცენტრი ან წყაროზე ბირჟა იქნებოდა, ამ გარდაცვლილი ქალბატონის შემთხვევაში კი _ სკოლა იყო. ამიტომაც ის მშობლიურ სკოლაში მიასვენეს და ეზოში „შეიყვანეს“, ხოლო შემდეგ, თვითმხილველის თქმით, იმ სამასწავლებლო ოთახშიც შეასვენეს, სადაც, კოლეგებთან ერთად, მორიგი ზარის ხმას ელოდებოდა ხოლმე...
ამ რიტუალს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია არც საარჩევნო პროცესზე, არც ამომრჩეველზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლები, ძირითადად, ადგილობრივები იყვნენ, გარდაცვლილს ყველა იცნობდა, ხოლო რამდენიმე წუთით ბიულეტენების გაცემის შეწყვეტაზე კომისია ერთხმად შეთანხმდა.
საბოლოოდ, ორიოდ წუთით, მიცვალებული სამასწავლებლოშიც შეასვენეს და ისევ გამოასვენეს _ ახლა უკვე დანიშნულების საბოლოო ადგილისკენ, საითაც მძიმე გზა ყველას, ადრე თუ გვიან, გველოდება...
ეს ამბავი, ალბათ, ვარაუდად და ჭორად დარჩებოდა, მომხდარი ფაქტი ცესკოში რომ არ დაედასტურებინათ:
ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ, ამბავი დაადასტურა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა მას არჩევნებთან და საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია:
„ის უბანი განთავსებული იყო სკოლაში. რამდენადაც ვიცი, გარდაცვლილი ქალბატონი სკოლის დირექტორი გახლდათ. უბრალოდ, არ ვიცი, ეს პატივისცემის ნიშანი იყო მიცვალებულისადმი თუ... იცით, ხოლმე, ხანდახან ხდება, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ხან სკოლაში ეწყობა, ხან თეატრში, იმის მიხედვით, ადამიანი სად მოღვაწეობდა...“ _ ანა მიქელაძის განმარტებით, მიცვალებული დაასვენეს სკოლის ეზოში და არა უშუალოდ კენჭისყრის ოთახში, სადაც ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.
აი, რა იყო სინამდვილეში და ზოგიერთის მხრიდან ხაზგასმისა და ქილიკის მიზეზიც ეს ფაქტი გახდა. სამეგრელოში „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წლის რეპეტიცია გაიარა და, თუ კვლევების შედეგებს გავიხსენებთ, ასევე იმას, თუ როგორ გაუჭირდათ საგარეჯოში თამარ ხიდაშელის გაყვანა და იმასაც, რომ თვით „მთავარი ხიდაშელის“ მობილიზებაც დასჭირდათ საამისოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ფაქტი _ გარდაცვლილის მისვენება, შესაძლოა, „ოცნებისთვის“ სიმბოლურიც იყოს.
დოროთე გითოლენდია