QronikaPlus
როცა ერთ რაიონს ორი მინისტრი სჭირდება არჩევნების მოსაგებად, 2016 წელს მთავრობა შვებულებაში გადის?!

როცა ერთ რაიონს ორი მინისტრი სჭირდება არჩევნების მოსაგებად, 2016 წელს მთავრობა შვებულებაში გადის?!

2015-11-07 08:40:52

და ცოტა შორიდან რომ მოვუაროთ, ვიდრე არჩევნები დაიწყებოდა,  მოვლენები ასე განვითარდა: იუნესკომ მომდევნო 2016 წელი მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, სახალხო დღესასწაული შოთაობა, რომელიც არსენ იყალთოელის აკადემიასთან იყალთოში იმართება, გადავდეთ არა იმიტომ, რომ ბიუჯეტში თანხა არ გვქონდა (პირიქით, გვქონდა და გამოყოფილიც იყო), არა იმიტომ, რომ წვიმდა და ხალხი ქუჩაში ვერ გამოვიდოდა, არა იმიტომ, რომ სტიქია მძვინვარებდა, არა იმიტომ, რომ ვგლოვობდით, არამედ იმიტომ გადავდეთ და დაპატიჟებული სტუმრები უკან იმიტომ გავაბრუნეთ, რომ საგარეჯოში ერთ კვირაში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ერთი კვირით ადრე პრემიერი მოდიოდა `რესპუბლიკელი~ თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად. და რადგან საგარეჯოში საგარეჯოელებს ხიდაშელი არ უყვართ და საგარეჯოს ცენტრი კი დიდია, ამიტომ იყალთოს ზეიმი ჩაიშალა, გაუქმდა და შოთაობას, რუსთაველის ნაცვლად, ღარიბაშვილს ვუსმენდით და ხიდაშელებს ვუყურებდით.... საგარეჯოს მოედანზე კი ქვა რომ აგეგდო, მხოლოდ საჯარო მოხელეს მოხვდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის დამლაგებელიც კი იქ იყო მისული...   მაშ, ასე! _ რა მოხდა არჩევნებზე? საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ხიდაშელი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარეა. „ეს არჩევანი მოწმობს, თუ როგორ მნიშვნელობას ვანიჭებთ კვალიფიციური და პროგრესულად მოაზროვნე ქალების პოლიტიკაში ჩაბმას“, _ განაცხადა თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, პროფესიით იურისტი თამარ ხიდაშელი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში მიიღო განათლება და არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს, ამჟამად ევროკავშირის პროექტში მუშაობს და ასოცირების მიმართულებით არაერთი ანგარიშის ავტორია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თამარ ხიდაშელს დიდი შრომა აქვს გაწეული იმისთვის, რომ საჯარო დაწესებულებებში სათანადო მნიშვნელობა შეეძინა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ყოველთვის პრინციპული პოზიცია ჰქონდა არჩევნების დროს, როცა თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის მოქალაქეებს დევნიდნენ. მეორე კანდიდატი, ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსიდან კი წინასაარჩევნოდ აცხადებდა: „საგარეჯოში მივდივარ იმიტომ, რომ ხალხს იმედი დაუბრუნდეს. მე საგარეჯოს სოფლებში ვხედავ სასოწარკვეთილ, უიმედო ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ აღარავის აღარ სჯერათ. მინდა ვუთხრა ყველა მათგანს, რომ მათთან ერთად ხელიხელჩაკიდებულებს შეგვიძლია გავაკეთოთ პატარ-პატარა საქმეები. მე არ მექნება მყვირალა ლოზუნგები და არ ვაპირებ დროშებით სირბილს. მინდა, რომ ეს კამპანია იყოს ძალიან მოკრძალებული. მე საგარეჯოში მოვდივარ საგარეჯოელების დასახმარებლად და მათ გვერდით რომ ვიყო. პარლამენტში ვიქნები ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების _ აზერბაიჯანელების, უკრაინელების, ბერძნების, რუსებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენლების ხმა“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და ცესკოში მხოლოდ იმ პრივილეგიებით ისარგებლა, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აქვთ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან თარხნიშვილმა, განაცხადა: `ჩვენ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ, ანუ კანდიდატები არ გვეყოლება, რეგისტრაცია კი, უბრალოდ, იმისთვის გავიარეთ, რომ ვისარგებლოთ იმ უფლებით, რაც აქვს რეგისტრაციაგავლილ პარტიას, მათ შორის, ვისარგებლოთ უფასო დროით. ამას გამოვიყენებთ ჩვენი ამოცანებისთვის _ სწორედ ამისთვის გამოვიყენებთ იმ უფლებებს და პრივილეგიებს, რაც რეგისტრირებულ პარტიებს აქვთ. როგორც თქვენ იცით, სწორედ შექმნილი ვითარებაა ჩვენი ბოიკოტის მიზეზი“, _ განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ათამდე არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ. მათ ბოიკოტის მთავარ მიზეზად უსამართლო საარჩევნო სისტემა დაასახელეს.   არჩeვნები. 31.10.2015 წლის დარღვევები საგარეჯოში შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას რიგი დარღვევები გამოიკვეთა: უბნებზე ფიქსირდებოდნენ პირები, რომლებსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა 28-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დიდი ჩაილურის სოფლის რწმუნებული იყო მისული. ეს გახლდათ საარჩევნო კოდექსის ნორმის დარღვევა. ასევე კენჭისყრის შენობაში საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების არმქონე პირების ფაქტები ფიქსირდება, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ამყარებენ. სავარაუდოდ, საუბარია მითითებებზე. ერთ-ერთი დამრღვევი პირი, რომელსაც უფლება არ ჰქონდა, საარჩევნო უბანზე ყოფილიყო, გახლდათ სოფელ დიდი ჩაილურის რწმუნებული. ეჭვებს ამყარებს ის გარემოებებიც, რომ თითქმის ყველა სოფელში რწმუნებულები თავიანთ თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას ახდენდნენ. დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის 162-ე მუხლის შესაბამიისი ქმედება; ასევე ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების არასწორი რაოდენობა; ბიულეტენების წინასწარ გამზადება, რაც ჩვეულებრივი დარღვევაა; საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #43 მუღანლოს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენელი თარხან გასვიანი სცემეს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას უშუალოდ კანდიდატის, თამარ ხიდაშელის მეუღლე დაესხა თავს, რასაც პოლიცია შეესწრო, თუმცა რეაგირება იყო ნული.   სოფელი კაკაბეთი თვითმხილველები ამბობდნენ, რომ უბანს პოლიციის უფროსი „ალაგებდა“ და პერიოდულად ეძახდა „ოცნების“ კომისიის წევრებს და კოორდინატორებს, მათთან გადიოდა კონსულტაციებს   გიორგიწმინდა ინციდენტი მოხდა საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #20 გიორგიწმინდის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ სოფელში გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ კანდიდატის, თამარ ხიდაშელის აგიტაციას ეწეოდნენ და ამომრჩევლებს ახსენებდნენ, რომ მისთვის ხმა უნდა მიეცათ. თვითმხილველების ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა სოფლის გამგებელსა და საკრებულოს წევრს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის შეწყვეტა მოსთხოვეს, რამაც დაპირისპირება გამოიწვია და ინციდენტის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ასევე, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რესურსცენტრის უფროსმა, სახელობითი სიის გაცნობის შემდეგ სკოლის დირექტორებს დაავალა, პედაგოგები საარჩევნო უბნებში მისულიყვნენ და ხმა მიეცათ `ქართული ოცნების~ კანდიდატისთვის. `საგარეჯოს მე-5 უბანზე კომისიის წევრს ტრუსიდან ამოუღეს 50 ბიულეტენი; მე-2, მე-7, 21-ე, 37-ე უბნებზე გაირკვა, რომ დათვლა შეეშალათ და 50 ბიულეტენით მეტი აღმოჩნდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა საგარეჯოს #3 საარჩევნო უბანზე დარღვევა დააფიქსირეს, კერძოდ, საკონტროლო ფურცელში არ იყო შეტანილი პირველი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები. საგარეჯოს საოლქო კომისიაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვან პირთა შესახებ განცხადება შევიდა. სამხედრო ნაწილის მეთაურებმა საგარეჯოს უახლეს ისტორიაში სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა წარადგინა...   ი _ 549 სამხედრო მოსამსახურე ეს მაშინ, როცა 2013 წელს იყო 73, 2014 წელს _ 96, 2015 წელს _ 549.  სოფელ უჯარმის მე-13 უბნის 360 ამომრჩევლის ბიულეტენებს თავდაცვის სამინისტროს მიერ „შერჩეული“ 549 ხმა დაემატება. და ყველაზე საინტერესო: სოფელ ჩაილურის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატობის კანდიდატი ამირან საგინაშვილი, რატომღაც, სწორედ არჩევნების დღეს დაიბარა პოლიციამ დაკითხვაზე არა საგარეჯოში, არამედ თბილისში... „რესპუბლიკური პარტია“ კი ინაშვილის მომხრეებს იარაღის ტარებაში ადანაშაულებდა, თუმცა გაირკვა, რომ კანდიდატის უსაფრთხოების უფროსს მხოლოდ გაზის იარაღი დაჰქონდა, რომელიც „გუდვილში“ იყო შეძენილი. საგარეჯოს #11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მანანა ბარიხაშვილის ინფორმაციით, შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის 35%-მა მიიღო მონაწილეობა. ბარიხაშვილისვე განცხადებით, ამომრჩევლების 44%-ს ქალები შეადგენდნენ. ,,საგარეჯოში სულ რეგისტრირებული იყო 15 867 ამომრჩეველი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა 50 საარჩევნო უბანი. ამ დროისათვის ჩვენთან შემოსულია 6 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება“.   ფინალი წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა, 574 ხმით მოუგო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს. ხიდაშელმა 7572 ხმა მიიღო, ინაშვილმა კი _ 6998. თამარ ხიდაშელმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა იორმუღანლოს თემში და უჯარმის #13 საარჩევნო უბანზე, სადაც მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეცუბანიც იყო მიბმული 543 ამომრჩევლით. ამან მას არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა. საგარეჯოს დანარჩენ სოფლებში კი ამომრჩევლების უმრავლესობამ ირმა ინაშვილს დაუჭირა მხარი. პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 5 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. #8 _ ირმა ინაშვილი _ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; #41 თამარ ხიდაშელი _ ბლოკი „ქართული ოცნება“; #42 _ ზურაბ ჯორბენაძე _ საინიციატივო ჯგუფი; #43 მიხეილ ანდღულაძე _ საინიციატივო ჯგუფი; #44 გიორგი დავითაია _ საინიციატივო ჯგუფი.   დასასრულის დასაწყისი   საგარეჯოში `საქართველოს პატრიოტთა ალიანსის~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს არ ენდობა და 8 ნოემბრიდან პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს. ინაშვილის განცხადებით, საგარეჯოში არჩევნებზე უხეში დარღვევები და გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა. ირმა ინაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ დახურული სპეცუბნები არის მანკიერი პრაქტიკა. `სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ არჩევნებს ჩაატარებდა ზუსტად ისე, როგორც ამას ატარებდა მიხეილ სააკაშვილი. რაც ჩვენ არ მოგვწონდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა ის მეთოდი გამოიყენა საგარეჯოს არჩევნებში. არჩევნებში სერიოზული დარღვევებია დაფიქსირებული და ამ ყველაფერს სასამართლოს გზითაც და სამართლებრივი გზითაც გავაპროტესტებთ, მაგრამ არსებობს მესამე გზაც. 12 წლის შემდეგ მე და ჩემი თანამოაზრეები ისევ ვუბრუნდებით რუსთაველის ძეგლს და ისევ ვამაგრებთ საპროტესტო კერას რუსთაველის ძეგლთან. ჩვენ ვიწყებთ პერმანენტულ აქციებსაც და, ამავდროულად, ვგეგმავთ ერთ დიდი აქციას, ეს იქნება დასაწყისი პერმანენტული აქციებისა 8 ნოემბერს~.   რა იმალება 559-ის უკან? დაბოლოს, სანამ ზოგად შეფასებებზე გადავიდოდეთ, მანამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების ამონარიდი და თავდაცვის მინისტრის განცხადება ვიხილოთ... დავით უსუფაშვილი: „ჩემი აზრით, საგარეჯოს არჩევნებიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიღეთ „ქართულ ოცნებაში“: 1. ამომრჩეველი რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო მომთხოვნი და არაერთგვაროვანია; ამიტომ მეტი შრომა, მეტი უშუალო კომუნიკაცია და მეტი პოლიტიკური ინოვაციაა საჭირო მომავალ, კიდევ უფრო თავისუფალ და კონკურენტულ, არჩევნებში წარმატებისთვის; 2. `ნაციონალური მოძრაობა~ აღარ არის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა; ამიტომ მხოლოდ მათთან ოპონირებით მომავალ არჩევნებში ფონს ვეღარ გავალთ და, შესაძლოა, ამით დასახული მიმართულებით ქვეყნის განვითარებაც შევაფერხოთ; 3. ძლიერი კონკურენტი რამდენადაც რთული დასამარცხებელია, იმდენადვე სასურველი სპარინგ-პარტნიორია; ამიტომ მადლობა ირმა ინაშვილს სასარგებლო „ტესტ-მატჩისთვის“ (მათ შორის, კოალიციის სიმტკიცის ტესტისთვის); 4. ჩვენი ძალა კოალიციურ ერთობაშია; ამიტომ ცალკ-ცალკე ნურც ერთ პარტნიორს ნუ გვექნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განსაკუთრებული წარმატების ილუზიები; 5. თუ მანამდე თავად ვერ შევიცვლებით, ერთი წლის შემდეგ ამომრჩეველი შეგვცვლის; ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე და დავიწყოთ იმის კეთება, რაც ვიცით, რომ გასაკეთებელი გვაქვს კოალიციაშიც და პარტიებშიც~.   თინათინ ხიდაშელი: „ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო საარჩევნო ხმებისთვის. თქვენ ნახავთ ოქმებს და თავად დაინახავთ, ერთი უბანი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ, ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის. ჩვენ ასეთ არჩევნებს ვატარებთ. ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, მიუღებელია, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ის რიტორიკა, რომელიც საქართველოში გვესმის 2015 წელს პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიის მქონე ადამიანისგან, რომელიც, უბრალოდ, ჯარისკაცებს ებრძვის, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ ჯარისკაციც ადამიანია და მასაც აქვს საარჩევნო ხმის უფლება. მე საერთოდ არ მესმის ეს ისტერიკა, თუმცა გასაგებია, როდესაც ადამიანი, ძალიან გაბრაზდა ამაზე, მაგრამ ნამდვილად ასეა, მისი ძალიან ბევრი გამოსვლა არის ამის დასტური. ადამიანი, რომელიც ებრძვის ევროკავშირს და ებრძვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მას რომ არ ჰქონდეს ჯარისკაცების ნდობა, ვინც გუშინ ავღანეთში ნატოს ჯარისკაცის სამკლაურით იბრძოდა, ეს ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ეს მისი ტრაგედიაა და, საბედნიეროდ, არა ჩემი ქვეყნის“.   თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბში ყოფნისას თინა ხიდაშელმა შტაბში გადაღებული ფოტოც გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ მონაცემს ითვლის და კომპიუტერში შეჰყავს. რა მოხდებოდა საგარეჯოში, `ნაციონალურ მოძრაობას~ რომ დაესახელებინა თავისი კანდიდატი? ბუნებრივია, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, ამიტომ დღეს უკვე ჩანს. იმ შემთხვევაში, თუ `ნაციონალური მოძრაობა~ კანდიდტს წამოაყენებდა, `რესპუბლიკურ პარტიას~ გასვლის ნულპროცენტიანი შანსი დარჩებოდა, რადგან, მაქსიმუმ, 40 პროცენტზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნამდე არ მოვიდოდა, შესაბამისად, არჩევნებში რეალურად მონაწილეთა ნახევარზე ნაკლები მივიდოდა. ამის გარდა: `რესპუბლიკელებსა~ და `ნაციონალურ მოძრაობას~ რომ თითქმის იდენტური ამომრჩეველი ჰყავთ, ამ არჩევნების შედეგმაც ცხადყო და `ნაციონალური მოძრაობის~ აღფრთოვანებული  შეფასებებითაც დაამტკიცა, რა მოხდებოდა, თუკი თავდაცვის მინისტრი წინა მთავრობის მანკიერ მხარეს არ გაიმეორებდა და სპეცუბანს არ დაამატებდა? მაშინ თამარ ხიდაშელი არათუ 559 ხმით, არამედ 560-ზე მეტი ხმით წააგებდა არჩევნებს და ირმა ინაშვილი უპირობო ლიდერი გახდებოდა. პრაქტიკულად, ინაშვილმა მხოლოდ ჯარი და არა ქართული სოფლები წააგო, ეს კი ის სოფლები იყო, სადაც მობილიზებული ჰყავდათ მარნეულისა და ფონიჭალის `ოცნების~ საჯარო მოხელეები, სადაც ამომრჩეველს ხელის გულზე უწერდნენ ციფრ 41-ს, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო ენა არ იციან, სადაც დემოკრატია ჩიხშია და თავისუფალი აზრი საუკუნეებია, ჩახშულია, ვინაიდან ისინი ჩამოსულებად ითვლებიან და მათ აზრს დიდად პატივს არ სცემენ, თუნდაც იმიტომ, რომ ლამბალოში სკოლა მხოლოდ ახლა გაიხსნა და ამდენი წელი საშუალო სკოლა ბოსელში იყო განთავსებული... რაც შეეხება მეცადინეობას, ხიდაშელმა ინაშვილს ურჩია, რომ იმეცადინოს  არჩევნებისთვის... თუმცა თუკი არჩევნებს საბოლოოდ შევაფასებთ, მეცადინეობა `რესპუბლიკურ პარტიას~ უფრო მოუწევს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ინაშვილს ახლა უფრო მეტი სათქმელი დაუგროვდა საგარეჯოს ამომრჩეველთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა, ახლა უფრო ცხადი გახდა, სად არის ცხელი წერტილი და რისი განეიტრალებაა საჭირო... გაზის იარაღზე კი გამიკვირდა, ორი მინისტრი ერთდროულად გავიდა შვებულებაში, ორმა მინისტრმა ჩაატარა არჩევნები საგარეჯოში და მხოლოდ ჯარის სპეცუბნით მიიღეს ხმა, გაზის იარაღი კი, სამწუხაროდ, ვერ იცნეს, როგორი იყო. ფინალში იმ 554 ხმის ყველა მეპატრონეს კალაშნიკოვი ეჭირა ხელში და გაზის იარაღი უხერხული მოსატანი იყო.   დაბოლოს, მოგატყუეს, მაკარ! ივანიშვილმა დღეს უკვე ცხადად დაინახა, რა შესაძლებლობა აქვს `რესპუბლიკურ პარტიას~, _ თუკი ერთ რაიონს ორი მინისტრი სჭირდება არჩევნების მოსაგებად, წარმოიდგინეთ, რამდენი მინისტრი უნდა ჰყავდეს საქართველოს, რომ 2016 წლის არჩევნები მოიგონ? ვიკილიქსში გამოქვეყნებული მასალების არ მჯერა, თუმცა ის, რომ თინამ მიშას სთოხვა, დამეხმარეო, ცხადი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ბოიკოტით `რესპუბლიკურ პარტიას~ დაეხმარა და ხიდაშელებიც სააკაშვილების ვალში დარჩნენ. კანონი კანონიერია, მაგრამ არ არის სამართლიანი, _ ძველი რომაული გამონათქვამიდან.  

                                                                                                     მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება