„ქრონიკა+“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ამერიკაში ესაუბრა, რომელიც იქ ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და როგორც თავად გვითხრა, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს ხვდება. საუბარი მის ამერიკულ ვოიაჟზე არ ყოფილა. „ლეიბორისტების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილის ტელეგამოსვლასა და ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ.
შალვა ნათელაშვილი:
_ ეს ის შემთხვევაა, როცა ბიძინა გვაკრიტიკებს, ერი კი გვლოცავს. ამდენად, მას, გარკვეულწილად, მადლობაც ეკუთვნის, თუმცა მადლობის ღირსი არ არის იმ ქვეყნისგან და ჩემგან, რადგან ქვეყნის ისტორიაში ჩადენილი აქვს საკუთარი ერის უპრეცედენტო გადაგდების დანაშაული. ეს არის კაცი, რომელსაც დაკისრებული პასუხისმგებლობა გადაბარებული აქვს სხვებზე და გაქცეულია ბუჩქებში. მან ქვეყნის მართვის ყველა პრეროგატივა დაიტოვა და რაც მთავარია, იმაზე მეტი მილიარდები მიითვისა, რაც მიითვისეს მისმა წინამორბედებმა _ შევარდნაძემ და სააკაშვილმა ერთად. ამიტომაც ტელეეკრანიდან გველაპარაკებოდა კრიმინალი, საკუთარი ცოდვებისგან შეშინებული და დამძიმებული ადამიანი და, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი მისგან მოხვდა იმ ფიგურებს, რომლებიც მას არ მიეყიდნენ, არ შეეკრნენ, რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვერ ამოიდო ქვეშ. მისგან ასეთი ჟესტი, პირადად ჩემთვის, არის ბედნიერება.
„ქრონიკა+“ არის პრინციპული, შეურბილებელი, ნოვაციური გამოცემა. თავად ელისო კილაძე წარმოადგენს შემტევი ჟურნალისტიკის სახეს ქართულ მასმედიაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მის გაღიზიანებას. ამ პიროვნებას სძულს ყველა, ვისაც ვერ იმორჩილებს და ფულით ვერ ყიდულობს. ეს მარტო მისი ბრალი კი არ არის, ეს არის იმ პარტიების, მწერლების, პოეტების, მსახიობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური ძალების, მასმედიის ბრალი, ვინც დაუმსახურებლად აქებს. მას აქვს შეგრძნება, რომ დოლარით ყველაფერს იყიდის, მაგრამ როცა ყველაფერს და ყველას ვერ ყიდულობს, მერე მათზე ასე ღიზიანდება.
_ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოულოდნელად შემოიჭრა და ასევე მოულოდნელად წავიდა. მას მერე, რაც ქვეყანაში მდგომარეობა იძაბება, მაშინვე იწყება საუბარი, რომ ის პოლიტიკაში ისევ ბრუნდება, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა ეს განაცხადი ტყუილი აღმოჩნდა. ეს რა თამაშია, იქნებ, თქვენ ახსნათ? „ტელეიმედის“ ეთერში მისი ბოლო ინტერვიუ ახლა რას უნდა ემსახურებოდეს?
_ ეს არ არის თამაში, ეს არის ტიპური კრიმინალური ქცევა დამნაშავეთა სამყაროში ცნობილი თეზისით. კომუნისტების დროს მუშაობდა დიდი ქარხანები, ფაბრიკები. იქ ყველამ ოცოდა, ვინ იყო მისი დირექტორი, მაგრამ ასევე კითხულობდნენ ხოლმე, გარედან ვინ ტრიალებსო? გარედან ვიღაც ქურდი „კრიშავდა“ მას და თუ რაიმე საკითხი იყო ამ ქარხანაში გადასაწყვეტი, მასთან მიდიოდა ოფიციოზიც და არაოფიციოზიც. ეს ქურდი რეალურად არ ჩანდა, მაგრამ როცა ქარხანაში საქმე ისე წავიდოდა, რომ ქურდის ძალაუფლებას იქ საფრთხე დაემუქრებოდა, გარჩევის დროს გამოჩნდებოდა ხოლმე აქტიურად და „რაზბორკის“ დროს ზოგჯერ ხალხსაც კი ხოცავდა. ბიძინა ივანიშვილიც ამ სამყაროს პროდუქტია. ამით იშოვა მან მილიარდები მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში. სისხლის ოკეანით, საქმის გარჩევებით, წართმევით, გადაფორმებით, გადაგდებით შეაგროვა თავისი მილიარდები. მას მეტი არაფერი უსწავლია და ახლა როგორ უნდა მოვთხოვოთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის მიხედვით მოქმედება? მისთვის ჰარვარდიც და კემბრიჯიც არის ის ქურდულ-კრიმინალური სამყარო, სადაც მან მოსკოვის უშიშროების დახმარებით გზა გაიკვალა და ქონება გაიფორმა. დღესაც იგივე მოქმედებებით მართავს სახელმწიფოს და ფიქრობს, რომ როცა ოფიციალური პოსტი არ ეკავება, მაგრამ ყველაფრის უფროსი იქნება, პასუხს არ აგებს და ვიღაცას კიდევ მოატყუებს. ამ დროს ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ მართავს დღეს ქვეყანას, ვინ იტაცებს სახელმწიფოს სიმდიდრეს, ვინ იფორმებს ქვეყნის ბიზნესს, ვისი ნათესავები ნიშნავენ მინისტრებს, ვინ აკომპლექტებს პარლამენტს, ვინ განამწესებს გუბერნატორებსა და გამგებლებს, ვინ მფარველობს მათ, ვინ კრებს ბიზნესიდან განვითარების ფონდში და მერე ვინ რიცხავს ამ ვალუტას უცხოეთში, რის გამოც იწყება მერე ლარის ინფლაცია და ა. შ. ეს ხალხმა კარგად იცის.
_ მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ხალხი სწორედ მას უჭერს მხარს და არჩევნებზე გამარჯვების პრობლემა არ ექნება. ჭარბი ნდობა მაქვსო, აცხადებს, როგორ ფიქრობთ, ამასაც იტყუება?
_ მას ატყუებენ კიდეც და თავსაც იტყუებს! რეალობაშიც არ არის, რადგან ის გახლავთ პროვოკატორი. ივანიშვილი ცდილობს ამ სიტყვებით, _ ხალხი ისევ მხარს მიჭერსო, _ ზომბირება მოახდინოს საზოგადოებაზე, ადამიანებზე და მათ აფიქრებინოს, მართლა ხომ არ ვუჭერთ მხარსო? იქნებ, მართლა არ გაუფასურებულა ლარიო? იქნებ, მართლა ავიღე დაბალპროცენტიანი კრედიტი ბანკიდანო? უფასო ფული შემოვიდა და 100 ფაბრიკა-ქარხანა აშენდაო... რუსეთთან უვიზო რეჟიმი გაიხსნაო... იქნებ, მართლა პენსია გაეზარდა ბებიაჩემსო? მან უსინდისოდ გამოაცხადა, 139 ქარხანა აშენდა, მე თვითონ დავთვალეო. იქნებ, ჩვენც დაგვათვლევინოს ეს ქარხნები?
_ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება რომ მართლა ივანიშვილს უკავშირდება, ფაქტია, მაგრამ ახლა ის ამას ნანობს და აცხადებს, კარგად უნდა გამერკვია მისი წარსულიო. რა შეიძლება მოყვეს ხელისუფლებას, ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის გაჩენილ კონფლიქტს? მარგველაშვილს ივანიშვილ-ღარიბაშვილი „ნაციონალობასაც“ აბრალებს...
_ მარგველაშვილი არ გამოდგა მართვადი. ბიძინამ სახელმწიფოს პირველი პირები მორჩილებისა და მონობის კრიტერიუმებით შეარჩია. მართალია, თავიდან მოეჩვენა, რომ მარგველაშვილი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, მაგრამ ინტუიციამ არ გაუმართლა. აი, ღარიბაშვილმა კი ნამდვილად გაუმართლა და ის ტიპურ კარის მონად დარჩა. უსუფაშვილმაც გაუმართლა _ გაქსუებული მონა მიიღო მისგან ოჯახითურთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ბევრში გაუმართლა, მაგრამ მარგველაშვილში შეცდა, რადგან არ გამოდგა ის მონა, არ დათმო თავისი პრინციპები. მთლად იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ის წინააღმდეგია ივანიშვილის, მაგრამ ბევრ საკითხში ბიძინას სტანდარტებში ვერ და არ ჩაჯდა. თუმცა მას ბევრ საკითხზე შეუძლია აიმაღლოს ხმა, მაგიდას მუშტი დაარტყას და ის პრეროგატივები და უფლებები, რაც ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუციით აქვს, მაქსიმალურად აიღოს ხელში, მოახდინოს მისი რეალიზაცია.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ხელისბიჭი ღარიბაშვილი წამოვიდა, მაშინ როდესაც ამ რანგის შეკრებას ქვეყნის პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა. რაც არ უნდა მიუღებელი, ან მისაღები იყოს მარგველაშვილი ჩემთვის, ის არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ამიტომაც ასეთი საკითხები უფრო მეტად უნდა გამგელდეს, ცხადია, კარგი გაგებით. მე ვურჩევ მარგველაშვილს არ მიაქციოს არანაირ ბრალდებას ყურადღება იმის თაობაზე, რომ გვიღალატა, უღალატა, შეკრულია, შემოკრულია, ჩახუტებულია, გადაკიდებულია და ა. შ. ეს ყველაფერი არის სისულელე და ხალხს მსგავსი რამეები ძალიან მობეზრდა. მარგველაშვილმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება და უფლება, რაც მას კანონით ეკუთვნის. სწორედ ეს იქნება კარგი ხალხისთვის და ქვეყნისთვის.
ივანიშვილმა ჩემზეც განაცხადა, რომ თურმე „ნაციონალების“ მთავარი უხეში ძალა ვყოფილვარ. ამას აცხადებს კაცი, რომელიც „ნაციონალებს“ მოჰყვება დაარსების დღიდან. 3 მილიარდი მათ ფუფუნებას, ოჯახებს დაახარჯა, „ვარდების რევოლუცია“, სპეცსამსახურები დაუფინანსა, გამაუპატიურებლებზე პრემიები გასცა და ყველა ეს თანხა „ქართუ ბანკში“ ტრიალებდა, ხელფასს ყველა იქ იღებდა. ვინ რას აკეთებდა მაშინ, ყველაფერი კარგად იცოდა ივანიშვილმა, მაგრამ დუმდა, რადგან ამ გაუპატიურებებსა და რეჟიმის შექმნაში სააკაშვილის თანამონაწილე იყო. ასეთი ადამიანი ბედავს ჩემზე ხმის ამოღებას. მაგისი სიგრძე ჭრილობა დამრჩა „ნაციონალებისგან“ გულზე სახსოვრად. გახრწნილი, უნამუსო კაცი! როგორც ვამბობ, ზუსტად ასე დაწერეთ გაზეთშიც.
_ სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ციხეში გაუპატიურების ჩანაწერებია და თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, ვითომ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?
_ არა, რა წყალს ასხამს! ამით „ნაცებიც“ კარგავენ უკანასკნელ ამომრჩეველს და „მეოცნებეებიც“. მათგან გამოქცეულები ჩემთან გადმოდიან და მათ პირობას ვაძლევ, რომ სანანებლად უკვე აღარ ექნებათ საქმე.
_ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ სახეზე, ლამის საპარლამენტო სპიკერ-დეპუტატზე _ თამაზ მეჭიაურზეც მინდა გკითხოთ. როგორც მახსოვს, ის თქვენი გუნდის წევრი იყო და რატომ გიღალატათ?
_ მეჭიაური ჩემი პარტიის წევრი კი არა, პარტიის ხელმძღვანელობაში შემოდიოდა. 90-იან წლებში, როცა პარლამენტში ვიყავით და ფრაქცია გვქონდა, მისი წევრი იყო და ასევე გახლდათ პარტიის პოლიტკომიტეტის წევრი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, როგორც მთიელ კაცს. უნდა გითხრათ, რომ მაშინ ორ სიტყვასაც კი არ ამბობდა და ახლა რამ გაააქტიურა, არ ვიცი, ალბათ, ფინანსი, გარკვეულწილად, ენის გააქტიურებასაც იწვევს. დანარჩენი რა გითხრათ, კარდაკარ მოვიარე მთელი თიანეთი და მაშინ მეჭიაური მაჟორიტარ დეპუტატად გავიყვანე, რასაც, ალბათ, თავადაც არ უარყოფს. თუმცა თიანეთელები მაშინ მაფრთხილებდნენ, _ კი ავირჩიოთ, მაგრამ ეს ბალღი გიღალატებს, შალვაო. იქაურია და ალბათ, მათ უკეთესად იცოდნენ, როგორი თვისებების იყო. მახსოვს, ეს საუბარი სოფელ ღულელებში შედგა და დღესაც ზარივით ჩამესმის იმ კაცის ხმა, რომელმაც წლების წინათ გამაფრთხილა. ზუსტად ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ამ ადამიანის სიტყვები ამიხდა. ბოლოს ერთმანეთს თიანეთში დავემშვიდობეთ და უკანასკნელი რაც მქონდა საარჩევნო ფონდის თანხა, ჯიბეში ჩავუდე. ვუთხარი, ხარი უყიდე თიანელებს, დაუკალი და აქეიფე ჩემი სახელით-მეთქი და ამის მერე კაცი გაქრა, აღარ მინახავს. მერე „ნაციონალებთან“ იყო, მათ დროს საგადასახადოს უფროსად მუშაობდა, მერე დაიჭირეს, გამოუშვეს. აღარ ვიცი მისი არაფერი. უბრალოდ, როგორც მთიელი კაცი, მთიელის უმადურობით აღშფოთებული ვარ. რაც მთავარია, მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმაზე, რომ უკვე ბიძინას კუდი იყო.
_ ეს როგორ, 90-იან წლებში ივანიშვილი ხომ პოლიტიკაში არ იყო?
_ როგორ უნდა გავიგოთ და ის არის მისი კურსელი და მაშინაც მეგობრობდნენ. ამის შესახებ მას ერთი სიტყვაც არასდროს უთქვამს. სასწაულია, როგორ შეძლო ასეთი ეშმაკობა და ყველაფრის დამალვა. ახლა კი ივანიშვილმა პარლამენტიც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც შეარჩია მონობის პრინციპით, რომელშიც მისი კურსელებიც გავიდნენ, არაკურსელებიც, მეგობრებიც, მეზობლებიც, პარტნიორებიც და ა. შ. მათ მიმართ მოთხოვნა არის ის, რომ მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლები და მონები უნდა იყვნენ. ეს არის მისი სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში ის გახლავთ მძევალი თავისივე გარემოცვის, სიყალბის, სიცრუის, ფარისევლობის და ეს მძევლობა დაღუპავს ივანიშვილს.
_ დავით უსუფაშვილი ყველაფერზე რომ დუმს, კომენტარებს არ აკეთებს, ამგვარი ქმედებით რისი მიღწევა შეიძლება სურდეს, რა აქვთ „რესპუბლიკელებს“ ჩაფიქრებული?
_ უსუფაშვილი არის კაცობისგან, თავმოყვარეობისგან გარეცხილი ადამიანი. მისი მთავარი მიზანია, იცხოვროს კარგად, იშოვოს ფული, ჰქონდეს თანამდებობა და პატივი. ამრიგად, უსუფაშვილი უნდა დუმდეს, სხვანაირად მისი ოჯახის ბედნიერებას საფრთხე შეექმნება. კაცი ოფიციალურად გამოვიდა და განაცხადა, ჩემს შვილებს ვეუბნები, თქვენ, შვილო, სამშობლო კი არ უნდა გიყვარდეთ, უნდა გიყვარდეთ ის ადგილი, სადაც კარგად იცხოვრებთო და ამისთანა ადამიანის პოლიტიკაში მიშვება შეიძლება?! ასეთი განცხადება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, სრულიად დემოკრატიულში თუ წამოსცდა პოლიტიკოსს, მას ბრალს დასდებენ ანტიპატრიოტიზმში და პოლიტიკაში მისი არსებობა იმ წამსვე დასრულდება.
არ ვიცი, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებში ამ გაუპატიურების კადრებით გავიდეს ფონს, თუ რა, მაგრამ როგორც იურისტი, გეუბნებით, ის არის თანამონაწილე ამ გაუპატიურებების, სპეცრაზმის ფორმირების, რომლის წევრებიც მასთან „ქართუ ბანკში“ იღებდნენ ხელფასებს ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. თითოეული ჩვენი დარბევის შემდეგ მაგათ უწერდნენ პრემიებს, მანქანებსა და ბინებს მათ აძლევდთ ივანიშვილი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი, ვანო და ბიძინა მაშინ ერთად ტკბებოდნენ ამ გაუპატიურების ფირების ყურებით და მიმაჩნია, რომ ამ პროცესების თანამონაწილე ის დასაწყისშივე იყო. მინიმუმ გაუხმაურებლობისთვის, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის არის ის პასუხისგებაში მისაცემი. ჯერ იყო და 2012 წლის ოქტომბრამდე შეინახა ე. წ. ცოცხების კასეტა, როცა ის, მინიმუმ, მაის-აპრილიდან ჰქონდათ, რითაც ივანიშვილმა დამალა მძიმე დანაშაული. ვინ იცის, ამ დროს, კიდევ რამდენს „გაუკეთეს“ ციხეში ცოცხი?! ამიტომ უნდა აგოს ყველაფერზე პასუხი. დარწმუნებული ვარ, მასთან ეს ფირები ჩაჰქონდათ და აყურებინებდნენ. ალბათ, გემრიელად იცინოდნენ და სიამოვნებას იღებდნენ კიდეც. ეს არის ერთი ჯგუფი, ერთი ოჯახი! აბა, 3 მილიარდს რომ მისცემ ვინმეს, ის არ ხდება შენი სულის, ცხოვრების ნაწილი, მეგობარი, საიდუმლოების გამზიარებელი? ხდება, როგორ არ ხდება. ეს არის თანამონაწილეობის უმაღლესი ფორმა.
_ ზოგი იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სისლისხღვრამდე მიგვიყვანოსო და თქვენც ასე ფიქრობთ?
_ თუ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კოდექსი არ შეცვალა, არ მოსპო მაჟორიტართა ინსტიტუტი, არ აიღო ხელი მასმედიის შეზღუდვაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, თუ არ შეწყვიტა მისმა დანიშნულმა პრემირ-მინისტრმა მოწოდებები ქუჩაში ანგარიშსწორებაზე, არ გამოვრიცხავ, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც ორივესთვის ძალიან ცუდი იქნება.
ნელი ვარდიაშვილი