QronikaPlus
ვახტანგ ხმალაძე: „ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებების გაკეთებისგან!“

ვახტანგ ხმალაძე: „ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებების გაკეთებისგან!“

2015-11-02 11:54:38

არასამთავრობო ორგანიზაციები გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პრემიერ-მინისტრის განცხადებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ იგი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის საფრთხის შემცველია. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ უკანასკნელ ხანებში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებიც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მოვლენებს დადებითად აფასებენ და აქეზებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე ის, რომ მათში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები. კატეგორიულად მიუღებელია და ქვეყნაში დესტაბილიზაციის შექმნის საფრთხის მატარებლად მივიჩნევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ ძალადობის მაპროვოცირებელ განცხადებას: „ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს“. აღნიშნული განცხადება, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ერთობლიობაში ადასტურებს ხელისუფლების კავშირს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ და ვანდალურ თავდასხმებთან. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებითაც ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. პრეზიდენტმა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობების არსებობაზე გააკეთა აქცენტი. ასევე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მოსაზრებით, პრემიერის განცხადებები ყოველგვარი დემოკრატიული წესიერების მიღმაა. ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ხელისუფლებისთვის აპრობირებულ მეთოდად იქცა ე. წ. წამების კადრების გასაჯაროება, მათ შორის, საჯარო მოხელეების მიერ (გურიის გუბერნატორი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე) სხვადასხვა საშუალებით, (სოციალური ქსელი, ვებგვერდი, დემონსტრაციული ჩვენება ცალკეული ქალაქების საჯარო შეკრების ადგილებში) და ამის საფუძველზე, ორგანიზებულად, „ქართული ოცნების“ აქტივისტების ხელმძღვანელობით, ძალადობრივი იერიშის მიტანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ თუ „თავისუფალი ზონის“ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სცენარი მოვლენათა ზემოხსენებული თანმიმდევრობით განვითარდა 2015 წლის 21-22 ოქტომბერს. კერძოდ, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ვებგვერდზე კვლავ გამოქვეყნდა ე. წ. წამების კადრების ახალი ეპიზოდი. ამის პარალელურად, ფეისბუკის საშუალებით, ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“, „ევრაზიის ინსტიტუტის“ და „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერები ავრცელებდნენ მუქარას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, მხარდამჭერებისა და მათი ოჯახების მიმართ, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი მათგანის წინააღმდეგ არის დაწყებული გამოძიება. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი მოყვა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში: გურჯაანში, ახალციხეში, ასპინძაში, ქუთაისში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ბათუმში, წალენჯიხაში, ლანჩხუთში, გორში, ზუგდიდში, ხობში და სხვ. მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებულია და მათი შინაარსი მსგავსია ყველა რეგიონში. თავდამსხმელთა საერთო ლოზუნგებია: „სოს ლიკვიდირებული ენმ“, „გაქრით მწამებლებო“, „ნაციონალებო, გადაშენდით“. თავდამსხმელები არბევენ ენმ-ის ოფისებს, ესვრიან ქვებს და წითელი საღებავით შენობაზე ტოვებენ წარწერებს: „ქათმებო, მკვლელებო“, „აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა“. გარდა ენმ-ის ოფისებისა, ვანდალური ქმედება განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმართაც. მათ დააზიანეს ინფრასტრუქტურა და წითელი საღებავით დატოვეს წარწერა: „მწამებლის ბიბლიოთეკა“. აღსანიშნავია, რომ დარბევებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების საჯარო მოხელეები და პარტია „ქართული ოცნების“ წევრები მონაწილეობენ, რის ფონზეც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან აღინიშნება სრული უმოქმედობა აღნიშნული კანონდარღვევების აღკვეთის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არ ხვდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, არამედ წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას პოლიტიკურ ოპონენტებზე. შესაბამისად, ირღვევა ეროვნული კანონმდებლობა, რაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან საჭიროებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას“, _ ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კავშირი „საფარი“, მედიის განვითარების ფონდი, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი და სხვ.   ქრონიკა+“ მიმდინარე პროცესებზე კოალიცია „ქრთული ოცნების“ წარმომადგენელს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება: _ შეიცავდა თუ არა პრემიერის სამთავრობო სხდომაზე გაკეთებული განცხადება დესტაბილიზაციის საფრთხეს? _ მე ცოტა სხვაგვარად ვიტყვი. თავისთავად, განცხადება საფრთხის შემცველი ვერ იქნება, თუ მას მოქმედებები არ მოჰყვა. საერთოდ კი, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ხოლმე ემოციური განცხადებების გაკეთებისგან. _ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმები როგორ შეიძლება განვიხილოთ? _ სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ემოციური განცხადებებისგან, რომ ამან შეიძლება გარკვეული ქმედებები გამოიწვიოს. როდესაც ვამბობ ქმედებებზე, უპირველესად ხელისუფლების მოქმედებას ვგულისხმობ და არა ამა თუ იმ ჯგუფის ნაბიჯებს. ნებისმიერი პოლიტიკური პირის, პარტიის ლიდერის ან ლიდერების მიერ, გნებავთ, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადება შეიძლება მათი მხარდამჭერების მიერ აღქმულ იქნეს, როგორც სიგნალი რაღაც მოქმედებისკენ. ჩვენ წლების განმავლობაში მრავალგზის გვინახავს სხვადასხვა პარტიის ოფისებთან მათი ოპონენტების მხარდამჭერთა მივარდნები. და ეს გარკვეულ გამოსვლას, განცხადებას მოჰყოლია ხოლმე. ასეთი რაღაც ხდება ხოლმე და სასურველია, რომ არ იყოს. მსგავსი მოქმედების დროს, როდესაც ეს კანონის ჩარჩოებში არ ეტევა, უნდა იმოქმედონ სამართალდამცველმა ორგანოებმა. როცა შესაძლებელია ასეთი ქმედების აღკვეთა, უნდა აღკვეთონ. როდესაც მყისიერი მოქმედება უბრალოდ შეუძლებელია, მაშინ გამოიძიონ და კანონის დამრღვევების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენონ. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს სახელმწიფოს სტაბილურობას. როდესაც აქ გადახრა ხდება, ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მოხდა ან სათანადოდ არ იქნა კანონდარღვევა გამოიძიებული, ამან შეიძლება უკვე შემდგომი მოქმედებები გამოიწვიოს, _ მაინც არ ისჯება დამნაშავე და აბა, მიდი და იმოქმედე. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია სწორედ ხელისუფლების სათანადო რეაგირება. ამაში ვგულისხმობ კანონის მოთხოვნების სრულად შესრულებას. _ ამ სიტუაციაში პრეზიდენტის საპასუხო განცხადებამ ერთგვარი დამბალანსებლის როლი შეასრულა თუ არა? _ მეც, ფაქტობრივად, იგივე გითხარით. როდესაც რაღაცის გამო დაძაბული ვითარება იქმნება, მიუხედავად იმისა, ის საფუძვლიანი იყო თუ უსაფუძვლო, პროვოცირებული იყო თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ასეთ მოქმედებას ყოველთვის უნდა მოჰყვეს მხოლოდ კანონის ფარგლებში რეაგირება. გნებავთ, განცხადებები, გნებავთ, კონკრეტული ქმედებები, ყველაფერი ეს კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ასევე როდესაც პრობლემა წარმოიქმნება, მისი გადაჭრის მცდელობა დიალოგის გზით უნდა შედეგეს. მაგრამ დიალოგს აზრი იმ შემთხვევაში აქვს, როდესაც მისი მონაწილენი აღიარებენ იმას, რომ უნდა დაიცვან კანონის მოთხოვნები და მის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ. ამ შემთხვევაში აზრი ექნება დიალოგს. თქვენ თუ დიალოგისკენ მომიწოდებთ და მე ვამბობ, რომ ისე ვიმოქმედებ, როგორც მინდა, არ დავემორჩილები, არ შევასრულებ კანონის მოთხოვნებს, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს დიალოგს? მისი მიზანი ხომ უნდა იყოს შექმნილი ვითარების განმუხტვა, გამოსავლის მოძებნა და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გაკეთდეს, არა მისი ფარგლებიდან გასვლის გზით. _ „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესი ემუქრება თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას? _ ახლა რაიმე იგრძნობა, რომ „რუსთავი 2“-ს ოდნავ მაინც შეზღუდული აქვს გამოხატვის თავისუფლება? ვფიქრობ, რომ არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ეს მდგომარეობაა. სხვა ვინმეს თუ შეექმნა პრობლემა გამოხატვის თავისუფლებისა? გნებავთ, ტელევიზიებს, რადიოებს, გაზეთებს, გნებავთ, ქუჩაში გამოსვლით _ ასეთი შეზღუდვა არ ყოფილა. ახლა შემდგომში რა მოხდება, თქვენ, ალბათ, მიმდინარე სასამართლო პროცესს გულისხმობთ. _ დიახ, ტელეკომპანიის მფლობელის შესაძლო ცვლილებას... _ მოდით, ასე ვთქვათ, სასამართლო პროცესი ან ასე დამთავრდება, ან _ ისე. ან შეიცვლება მესაკუთრე, ან მესაკუთრეთა ნაწილი, ან არ შეიცვლება, ხომ ასეა? ახლა შევხედოთ, შეიცვალა თუ არ შეიცვალა, ამით შეიძლება გადასხვაფერდეს თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა? ორივე შემთხვევაში შეიძლება არ შეიცვალოს და ორივე შემთხვევაში შეიძლება პირიქით მოხდეს კიდეც. ისევე, როგორც ნებისმიერი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა, ეს შეიძლება შეცვალოს როგორც არსებულმა მესაკუთრემ, ასევე შეიძლება მესაკუთრემ, თუ ის შეიცვალა. ანუ ახალი მესაკუთრე თუ გამოჩნდა. ამიტომ წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოყვება მესაკუთრის შეცვლას, მოყვება თუ არა მას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამ წუთში ნამდვილად ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ. თუმცა თუ ქიბარ ხალვაშის განცხადებას დავიჯერებთ, რომ ჩემი მოსვლის შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკაში და ჟურნალისტების თავისუფლებაში არ ჩავერევიო, ეს იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მან ეს სიტყვა შეასრულა, მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას. რადგან სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი შეიძლება იყოს ხელისუფლება, ანუ ხელისუფლების გარკვეულმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რასაც მე ამ წუთში ნამდვილად ვერ ვხედავ. და ვერც იმას ვხედავ, რომ ხელისუფლება აპირებს ამის გაკეთებას. ეს ერთი და მეორე, თუ მესაკუთრე შეიცვალა, ასეთ შემთხვევაში თუ მოდავე ხალვაშის განცხადებას დავიჯერებთ, მაშინ კვლავ არ უნდა მოხდეს ეს შეზღუდვა. კიდევ ერთს დავამატებდი: სიმართლე გითხრათ, მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ვინმემ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ (ვინც გინდა იყოს ის), თუ მოინდომა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამის მიღწევა შეძლოს. და ამის მაგალითები გავიხსენოთ თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში. წინა ხელისუფლება ცდილობდა მედიაზე სრული კონტროლის დაწესებას? _ ცდილობდა და ამის ფაქტები გვაქვს. შეძლო ამის განხორციელება? _ გარკვეულწილად, შეზღუდა, მაგრამ რომ ვთქვათ გამოხატვის თავისუფლება არ იყოო, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. მან შეძლო კონტროლის დაწესება გარკვეულ მედიასაშუალებებზე, მაგრამ ეს ყველაზე ვერ მოახერხა და ძალიან ეჭვი მეპარება, ეს ვინმე სხვამ შეძლოს. მით უფრო ერთი რამ გავითვალისწინოთ: მას შემდეგ, რაც ჩვენ ციფრულ ტელევიზიაზე გადავედით, პრაქტიკულად, შეუძლებელია შეზღუდონ როგორც მაუწყებლობა, ასევე შეზღუდონ წვდომა აღნიშნულ მაუწყებლობაზე. შეზღუდული სიხშირული რეჟიმის პირობებში ეს შესაძლებელი იყო მეტნაკლებად, ახლა ხომ ეს რესურსი, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. ამიტომ ნამდვილად არ მგონია, რომ გამოხატვის თავისუფლებას რაიმე ემუქრებოდეს. _ მაშინ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ეკა მიშველაძის ტოქშოუს დახურვაზე, „იმედზე“ ინგა გრიგოლიას რეიტინგული გადაცემების დახურვაზე რა შეიძლება ვთქვათ? _ ინგა გრიგოლიას გადაცემა ხელისუფლებამ დახურა? ეს არის მთავარი. თქვენს წინა შეკითხვაზე გითხარით, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა შეიძლება გააკეთოს ვინ? ხელისუფლებამ, თუ ის მოახერხებს მესაკუთრეებზე ზემოქმედებას და აიძულებს მათ, რომ შეიცვალოს ეს პოლიტიკა, ან თავად მესაკუთრე თუ მოინდომებს ამას. მესაკუთრემ შეიძლება ეს თვითონ მოინდომოს, ან შეიძლება ის აიძულონ. მგონია, რომ, ჯერჯერობით, არანაირი ნიშანი და მტკიცება, გარდა ეჭვებისა, რომ `იმედში~ ეს გააკეთა ხელისუფლებამ, არ არის. და ნებისმიერი მოვლენის დროს ჩვენ შეიძლება გამოვთქვათ ვერსიები, რომ ან ეს არის, ან _ ის. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, უბრალოდ, არ ჩანს. _ ერთი ასეთი ვერსიით, მაგალითად, რატომ მოისურვებდა „იმედის“ მენეჯმენტი ინგა გრიგოლიას ყველაზე რეიტინგული გადაცემების დახურვას? _ აბა, რა გითხრათ? თქვენ ცოტა გინახავთ ადამიანის მოქმედება, რომელიც თავად მასვე ზიანს აყენებს? კომპანიის მოქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ამავე კომპანიას; არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რომლის გამოც ის დაზიანდა. არ გინახავთ ასეთი რამ? მე ძალიან ხშირად მინახავს. თავად თქვენ არ დაგიწერიათ, რომ ეს რა გააკეთა მავანმა და მავანმა, ან ხელისუფლებამო? ამიტომ შეიძლება საკუთარ თავს მიაყენა ზიანი. ნადვილად ვერ გეტყვით, რა იყო მათი მოტივაცია. ვერსიები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მას იქით არაფერი მტკიცებულება არ მაქვს ვთქვა, რომ სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს საქმე. არ გსმენიათ შემთხვევა, როცა მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელი სამსახურიდან დაუთხოვიათ? ამით ხომ ამ სამსახურს პოტენციურად ზიანი მიადგება, მაგრამ ამ დათხოვნის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. შეიძლება იყოს რაღაც შეუთავსებლობა ამ თანამშრომელსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელს შორის. შეიძლება წმინდა სუბიექტური მიზეზები იყოს, ყველაფერი შეიძლება. მათ შორის ისეთი ვერსიაც, რომ, აი, ხელისუფლებამ აიძულა მესაკუთრე, რომ დაეხურა ეს გადაცემა. მაგრამ ვერსიის იქით ვერ წავალთ, თუ ამის რამე მტკიცებულება არ გვექნება.   ქრონიკა+“ ასევე პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა: _ არ ვეთანხმები პრემიერის განცხადების პათოსს. იქ ასეთი რაღაც იყო ნათქვამი, რომ თუ კიდევ გააგრძელებენ (`ნაციონალურ მოძრაობაზე~ იყო საუბარი) ასეთ მოქმედებას, ჩვენ არა, მაგრამ ხალხი მათ რაღაცას გაუკეთებსო. ანუ ეს რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ... წესით, პრემიერს უნდა ეთქვა, რომ ჩვენ აღვკვეთთ ძალადობის მცდელობას ნებისმიერი პარტიის მიმართ; ასე უნდა ეთქვა და არა ისე, რომ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ, მაგრამ ხალხი გაუკეთებსო. ეს აბსოლუტურად სახიფათო განცხადება იყო და მეორეც,  პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად არაკორექტული, ყველანაირად მიუღებელი განცხადება იყო. _ რას უკავშირებთ მისი მხრიდან ასეთი ტიპის გამოსვლას? _ რა გითხრათ? პოლიტიკური ბრძოლა გამძაფრებული და ურთიერთობები პარტიებს შორის დაძაბულია. მაგრამ ასე არ შეიძლება... სახელმწიფოს უმაღლესმა პირებმა მაგალითი უნდა მისცენ საზოგადოებას და არავითარი შემთხვევაში არ უნდა გამოავლინონ ასეთი სახის აგრესიული განწყობები. პრაქტიკულად, ეს იყო აღიარება, რომ თუ ძალადობას ექნება ადგილი რომელიმე პარტიის მიმართ, მაშინ მთავრობა ამას დაუშვებს, ან გაამართლებს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება მივცეთ ამას; შეეცდება, მსგავსი ტიპის გამოვლინებებს რაღაც გამართლება მოუძებნოს. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი დონეა. ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დონე მაღალია, პირველი პირები ასეთი სახის განცხადებებს, უბრალოდ, ვერ გააკეთებენ. მათ მიმართ იქნება უკვე საყოველთაო ნიჰილიზმი და ეს იმავე წუთში განვითარდება. და ამის გამო, უბრალოდ, არავინ გააკეთებს მსგავს განცხადებას _ გულში რაც უნდა გქონდეს, გარეთ ნამდვილად არ გამოიტანს ასეთი ტიპის პოზიციას. ეს არის გარემო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. გამოჩნდა, რომ ქვეყანაში ისევ ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურაა. მოსახლეობა, მგონი, მენტალურად ჯერ არ არის დემოკრატიისთვის სრულად მზად. _ გამოიწვია თუ არა ამ გამოსვლამ გარკვეული უარყოფითი შედეგები, უპირველესად, ოფისებზე თავდასხმებს ვგულისხმობ? _ ყოველ შემთხვევაში, ამ გამოსვლის ლაიტმოტივმა ხელი არ შეუწყო მსგავსი გამოვლინებების აღკვეთას. ამან სამართალდამცველი ორგანიზაციების გარკვეული პარალიზება მოახდინა, მათი ნაკლებაქტიურობა ამ მიმართულებით. ჩვენ ტელევიზიაში ვნახეთ კადრები, როდესაც სამართალდამცველი ორგანოები, პრაქტიკულად, არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ ასეთ ქმედებებზე, `ნაცმოძრაობის~ ოფისების დადუღებებზე და ა. შ. რაც ნაწილობრივ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში გამოვლენილი ტოლერანტობის დამსახურება იყო მსგავსი ქმედებების მიმართ. ანუ გაგებით მოკიდება მსგავსი ფაქტების მიმართ. შესაბამისად, სამართალდამცველებმაც მიიჩნიეს, რომ ეს მათთვის სიგნალია, რომ მაინცდამაინც ხელი არ უნდა შეუშალონ მოქალაქეებს ასეთი ძალადობრივი აქტების განხორციელებაში. შეიძლება არ სურთ, რომ ეს პროცესი ესკალაციის უმაღლეს დონემდე მიიყვანონ, მაგრამ არის მცდელობა, რომ დააშინონ იგივე `ნაციონალური მოძრაობის~ მომხრეები. სამწუხაროდ, ასეთი იდეა იკვეთება ამ ყველაფერში. _ იწვევს თუ არა მსგავსი დამოკიდებულებები რეაქციას ევროპელ მეგობრებში? _ აუცილებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ რეაქციები უკვე იყო ცალკეული პოლიტიკური პარტიების, ასევე სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების მხრიდან და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინის, სირიის პრობლემებით და ცდილობს, თავი აარიდოს ურთიერთობის ზედმეტ გამწვავებას საქართველოსთანაც კი (ანუ თავის მოკავშირეებთან), რასაკვირველია, მწვავე რეაქციები იყო და, ალბათ, გაგრძელდება კიდეც. სამწუხაროდ, ეს ნამდვილად გვეხმარება საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაში. _ პრეზიდენტის შემდგომმა გამოხმაურებამ რამდენად შეასრულა განმუხტვის ფუნქცია? _ არ ვიცი, პრეზიდენტის განცხადებამ თავისი ფუნქცია რამდენად შეასრულა, მაგრამ ის სწორი რომ იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება. ანუ, უბრალოდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება გაანალიზდა, გაიშიფრა და ამან ლოგიკურად უბიძგა პრეზიდენტს აღნიშნული გამოსვლისკენ. ახლა ტყუილად აკრიტიკებენ `ქართული ოცნების~ წევრები პრეზიდენტს, რომ ვითომ შეეშალა და მან მოუწოდა დაპირისპირებისკენ. სინამდვილეში, ეს წმინდა ზედაპირული და ცალმხრივი დამოკიდებულებაა მთლიანად შექმნილი სიტუაციისადმი. არ შეიძლებოდა, პრეზიდენტს რეაგირება არ გაეკეთებინა ასეთ განცხადებაზე, რომელიც მას, პრინციპში, კონსტიტუციით ევალება. პრემიერის გამოსვლა იყო საფუძველი, რომ პრეზიდენტს მხოლოდ რეაგირება მოეხდინა მასზე, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი და დროული იყო. ახლა ამან რა კონკრეტული შედეგი გამოიღო, ამაზე რა გითხრათ. ჩვენს დაპირისპირებულ საზოგადოებაში მოსახლეობის პატარა ნაწილია, რომელიც კანონის, დემოკრატიული ნორმების კატეგორიებით მსჯელობს. ვხედავ, რომ მოსახლეობის უმეტესობა რაღაც წმინდა წყლის პოლიტიკური მოსაზრებებით და მიკერძოებული პოზიციებიდან გამოდის. ანუ იმ პოზიციით, თუ ვის უჭერს მხარს და რომელი პარტია უფრო მოსწონს. იშვიათად თუ ობიექტურმა აზრმა გაიმარჯვოს მოსახლეობის დიდ ნაწილში. ასეთ დაპირისპირება-კონფრონტაციის რეჟიმში იკვეთება, უბრალოდ, იმის და ამის მომხრეები და ყველაფერი ასე იშიფრება _ ერთნი ამბობენ, რომ პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, იყო აბსოლუტურად კორექტული და ა. შ. მეორენი აცხადებენ, რომ სწორი განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა და ის იყო კორექტული, მაგრამ ვითარების ობიექტური შეფასება და რეალური ანალიზი ჩვენში ნაკლებად ხდება. ხომ შეიძლება დაიდოს ნებისმიერი განცხადება და თითოეული სიტყვა კარგად გაანალიზდეს? ამას, პრაქტიკულად, არავინ აკეთებს. აქ, უბრალოდ, ემოციებით ჭიდილი მიდის, მეტი არაფერი. მხოლოდ სიმპათიებზე, ან უარყოფით დამოკიდებულებაზეა ხალხში აგებული ვინმეს მხარდაჭერის პროცესი. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, რაც უნდა სიმპათიით იყვნენ განწყობილი ადამიანები პოლიტიკური პარტიის, ან რომელიმე ლიდერის მიმართ, საკმარისია წარმოთქმული სიტყვით ერთი შეცდომა დაუშვას, რომ მის მიმართ დამოკიდებულება კარდინარულად შეიცვლება. ანუ მან შეიძლება მთლიანად დაკარგოს რეიტინგი, უბრალოდ, შემთხვევით ნათქვამი არასწორი სიტყვის გამო. ჩვენთან კი ისეთი სიტუაციაა, რომ თითქოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ადამიანი, რისკენ მოუწოდებს, ან არ მოუწოდებს ხალხს. მთავარია, რომ ის მე მაწყობდეს და მორჩა, გათავდა. სამწუხაროდ, ჩვენთან, მთლიანობაში, ასეთი პოლიტიკურ-იდეოლოგიური გარემოა და ამ გარემოში ვხედავთ, რომ დემოკრატიის აშენება ძალიან რთული იქნება. _ ვიცით, რა ეს ბოლო პროცესები საიდან მოდის, ისც ვთქვათ, ემუქრება თუ არა „რუსთავი 2“-ის პროცესი სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში? _ არანაირი ინფორმაცია არ არის იმის შესახებ, თუ რას აპირებს ქიბარ ხალვაში, თუკი გახდა ტელევიზიის მესაკუთრე. არც იმის შესახებაა ინფორმაცია, თუ რა რეალური უფლებები აქვს ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე, ან რატომ მაინცდამაინც ახლა ხდება ამ პროესის პედალირება და ა. შ.? ანუ ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, მთლიანობაში ეს არის თუ არა შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე? მაგრამ ფაქტია, რომ „რუსთავი 2“-ის გარდა, პრაქტიკულად, აღარ დარჩა კრიტიკული ტელევიზია. მე არ ვამბობ ობიექტური თუ არაობიექტური ტელევიზია. ვაფასებ ამ კუთხით, რომ მთავრობის მიმართ კრიტიკული ტელევიზია, პრაქტიკულად, აღარ დარჩა. და ამიტომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია. თუ ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როდესაც, ელემენტარულად, კრიტიკული ტელევიზია აღარ ირსებებს, ყველა ტელევიზია შეეცდება იყოს ან ნეიტრალური, ან მმართველ ძალაზე მიმხრობილი, მაშინ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის ინფორმირებულობის ისედაც რთულ ვითარებას, მათი პოლიტკულტურის დონის თვალსაზრისით და მთლიანობაში გავლენას იქონიებს მომავალ არჩევნებზე, მის შედეგებზე, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგზე, იმიჯზე; ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, მრავალ სხვა რამეზე; შესაძლოა, ეკონომიკურ პროცესებზე, რადგან ასეთ ვითარებაში ძნელი იქნება სტაბილურობის შენარჩუნება და არ მგონია, საბოლოო ჯამში, ეს სასურველი გზა იყოს ჩვენი განვითარებისთვის.  

                                                                                                    გელა მამულაშვილი

 

გაზიარება