გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრები ვალერიან გენგაშვილი სამართალდამცველ ორგანოებს არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს და მისი შვილის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ითხოვს. როგორც გენგაშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, მან სასამართლოშიც ვერ იპოვა სამართალი. გენგაშვილს შეწყალების კომისიასთანაც აქვს პრეტენზია და მის წევრებს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.
„ქრონიკა+“-ს ვალერიან გენგაშვილი ესაუბრება:
_ ჩემი შვილი, გიორგი გენგაშვილი, ბოლო 8 თვის განმავლობაში დისტრიბუტორად მუშაობდა „ეკოფუდში“. 2013 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით, 12-დან 13 საათამდე თბილისიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობდა, სახლში მოდიოდა, სართიჭალაში. დარეკა და გვითხრა, _ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვხვდი და, მგონი, კაცი შემომაკვდაო. რამდენიმე წუთში მივედი შემთხვევის ადგილზე, ჩვენი მანქანა დამტვრეული ვნახე, გიორგიც იქ იყო, იქვე იწვა მამაკაცი, მივედი, რომ დახმარება აღმომეჩინა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. შორიახლოს იდგა „ლექსუსის“ ჯიპი, რომელიც წინა მხრიდან იყო დავარდნილი და მარცხენა საბურავი არ ჰქონდა. იქვე ეგდო დანგრატი, საბურავი და მანქანის დეტალები. ჯიპს შეჯახების კვალი არ ეტყობოდა და მანქანებს შორის კონტაქტი არ იყო. ჯიპიდან მოცილებით იდგა ქალბატონი ბავშვთან ერთად, რომელიც, ჩემი შვილის გადმოცემით, გარდაცვლილის ცოლი უნდა ყოფლიყო. ეს ქალბატონი ისტერიკაში ჩავარდა. ჯერ პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა არ იყო მოსული, მხოლოდ სამთავრობო ნომრებიანი მანქანები იდგა. რთველის პერიოდი იყო, მოგეხსენებათ, კახეთის გზატკეცილი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალი, სადაც არც შუქნიშანია, სიჩქარე დაშვებულია 90-110 კმ, რადარები არ არის, გზაჯვარედინია, ცენტრალური მაგისტრალიდან კვეთა მიდის მინდვრის მხარის მეორეხარისხოვანი გზებით, დაუსახლებელი პუნქტია. ქალს ისტერიკა რომ დაემართა და უცნობი ხალხი ირეოდა, გამვლელებმა მირჩიეს, ჩემი შვილი ადგილიდან მომერიდებინა. ჩავსვი მანქანაში და გავაგზავნე სახლში. ამ დროს პატრულიც მოვიდა, სასწრაფოც, ნახეს გარდაცვლილია. პატრულს წარვუდექი, ვინც ვიყავი, მოვიდა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსიც, იმასაც აღვნიშნავ, რომ 36 წელი ვმუშაობდი ქვემო ქართლის ძალოვან სტრუქტურებში. რომ გამომემცნაურა და მდგომარეობა ავუხსენი, პატრულთან ერთად წავედით სახლში, ჩემი შვილი მანქანაში ჩასვეს და ექსპერტიზაზე წაიყვანეს, შემდეგ რუსთავში გადაიყვანეს, დაკითხეს და ხელწერილით გამოუშვეს. უფროს გამომძიებელს, კახაბერ აბაშიძეს, ჭირისუფლის მიმართ ჩვენი პოზიცია აინტერესებდა, დავეხმარებოდით თუ არა. ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი და მოეცა კოორდინატები. გარდაცვლილი აღმოჩნდა თბილისში, თაბუკაშვილის 51-ში მცხოვრები გიორგი ჯიბლაძე. ვეძებდი ხალხს, რომელიც ოჯახთან დაკავშირებაში დამეხმარებოდა. იმ დღეს ვერავინ ვიპოვე. მეორე დღეს გამომძიებელმა მითხრა, რომ დაკითხვაზე ოჯახში უნდა მისულიყო, მათ პოზიციას გაიგებდა, ჩემი პოზიცია იცოდა, მთხოვა, მის გარეშე არ მივსულიყავი. დაკითხა. იმავე ქუჩაზე ვიდექი, დავურეკე და ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მითხრა, _ არ გაბედო, ახლოს არ გაეკარო, შეუძლებელია მის ცოლთან დალაპარაკებაო. ამასობაში ვიგებ, რომ გარდაცვლილს მშობლები არ ჰყავს, და საზღვარგარეთაა. შემდეგ ერთ ადამიანს ვთხოვე დახმარება, მან თელავში დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსს, რამაზ ჩაჩაურს დაურეკა. ჩაჩაურმა თქვა, _ ახლა მეც პანაშვიდზე ვარ, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სიმამრი ჰყავს, პასუხს გავიგებ და დაგირეკავთო. გვითხრა, _ სიმამრმა თქვა, რომ შევხვდე, რა ვთხოვო და რა მოვთხოვოო? ვიცით მათი დამოკიდებულება, წუხელ ბიჭებს უბანშიც უნახავთო. გავიგე, რომ სიმამრი გურჯაანიდან არის წარმოშობით, იქაც გადავრეკე და ყველას დავეკონტაქტე, ვინც მასთან ახლოს იყო. სიმამრი გახლავთ აკაკი სიხარულიძე, ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი რომ იყო. მისმა მეგობრებმა მითხრეს, თანხა არ შეჰკადრო, ავტორიტეტი დიდი აქვს და მაგისთანა არაფერი უჭირსო. სხვებიც დაუკავშირდნენ და თანხაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ პირადადაც შევხვდი სამსახურში, ენერგომარეგულირებელი კომისიის წევრი იყო; გარდაცვლილის მეუღლე, ირინა სიხარულიძე კი პირველ არხზე მუშაობდა. მითხრეს, ქალია, უმართავია, დაკონტაქტება შეუძლებელიაო. მათ მოძღვართანაც კი მივედი, მითხრა, _ არ გიცნობ, არც გამომძიებელი ვარ და არც ადვოკატი, თქვენ გარეშეც ვუთხარი, რომ უნდა შეუნდოთ, ახლა კი მისი გადასაწყვეტიაო. მოკლედ, მცდელობა არ დავაკელი, რომ რამენაირად საერთო ენა გამომენახა. ბატონ კაკოს, როგორც გითხარით, სამსახურში შევხვდი, მადლობა გადამიხადა თანაგრძნობისთვის. გარდაცვლილის მეუღლის დეიდასაც შევხვდი და თქვა, ამ საქმეში ვერ ჩავერევიო. თუ ვინმე ჰყავდა, ყველას შევხვდი, მეტი რა გამეკეთებინა?
_ ამას რატომ ყვებით, შემდეგ მოითხოვეს?
_ დიახ, სარჩელი აქვს შეტანილი და ახლა ითხოვს 16 772 ლარს ქონებრივ ზიანზე, მისი შვილისთვის ყოველთვიური სარჩოს 500 ლარის ოდენობით დანიშვნას და მორალურ ზიანს 15 000 ლარს. რა მიამატა-მოამატა, კაცმა არ იცის... არადა, ფაქტია, ყველაფერი ვცადე, რომ თავიდანვე გამოგვენახა საერთო ენა და რაც საჭირო იყო, თანხა გამეღო.
_ საქმის მასალებს დავუბრუნდეთ...
_ პარალელურად მიდიოდა გამოძიება, ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობდა, როცა იძახებდნენ, მიდიოდა. დეკემბერში, გამოძიების მასალები რომ გადმოგვეცა, მოთხოვნა იყო წინასწარი პატიმრობა. პირველმა ინსტანციამ, რუსთავის სასამართლომ არ დააკმაყოფილა და გირაო შეუფარდეს. ამ დროს გარდაცვლილის მეუღლეც იქ იმყოფებოდა, წამოხტა, კივილი დაიწყო, ამბობდა, რომ ნაძაღლარის შვილია და 500 000 „მაყუთი“ მინდაო, თუ არადა, „სროკზე“ წავიდესო. პროკურატურის მოთხოვნა აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მერე გასაჩივრდა. გამოძიების პოზიციაა ავტოსაგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ეს შედეგი გამოწვია. სამწუხაროდ, ეს კანონი უკუღმა გაიგეს, ავტოსაგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, ავტოტექნიკური, ავტოსაინჟინრო, კომპლექსური და ტრასოლოგიური დასკვნების გარეშე, რადგან მომჩივანი აგრესიული იყო, ამის გამო ასე გააკეთეს, _ აგერ მომჩივანი გყავთ და რა ვქნათო. რომ შევატყვე, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე არავითარი რეაგირება არ იყო, შესაბამისი შუამდგომლობა დავაყენე, ასევე ის საკითხიც: დათვალიერების ოქმში არ მიუთითებიათ, რომ საერთაშორსო გზა იყო, საგზაო მოქმედების ნიშნების ზოლში რომ მოხდა ეს ყველაფერი, უსაფრთხოების წესები მხარეს დაცული რომ არ ჰქონდა, სიჩქარე საერთოდ დაუდგენელია. ექსპერტმა დასკვნა გასცა, რომ კონკრეტული შემთხვევა არ მოიცავს სპეციალურ ცოდნას, გამოძიებით უნდა დადგინდესო. გამოძიება ამ საქმის სპეციფიკურობაში ვერ ერკვევა, _ რა არის საერთაშორისო მაგისტრალი, რა არის სამოძრაო ზოლი, სავალი ნაწილი და გვერდულა. საერთაშორისო კონვენციაა, სულ ამ ჩარჩოებში ჯდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რადგან მომჩივანი იყო, ავტოსაგზაო უსაფრთხოების წესების გაუთვალისწინებლად, პირველი სასამართლო წარიმართა ძალიან არაობიექტურად, შუამდგომლობაც კი დავაყენე, რომელსაც არავითარი რეაგირება არ მოჰყვა, ბოლოს 5 წელი და 6 თვე მისცეს, როდესაც სანქცია არის 4 წელი და 7 თვე. საერთოდ, ამ საკითხზე სამართლებრივი მსჯელობა არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, რომ მანქანებს შორის კონტაქტი არ ყოფილა, საღებავისა და შეჯახება-გახახუნების კვალი არ არსებობს. იმ ორი დაშვებული საბურავიდან რომელს აყენებდა გარდაცვლილი, ესეც ღიად დარჩა. 112-დან შესულ ზარებზე ინფორმაცია ამოიღეს. პირველი ზარია ვინმე პალიკო ეძგვერაძის, მეორეა იმერლიშვილი, ტუხაშვილი და ვიღაც უცნობი მამაკაცი. ეს კრებსიდან ამოღებულია, პალიკო ეძგვერაძის მაგივრად მოიკითხეს ლეილა შარმადინი, დედოფლისწყაროს მცხოვრები, ამას მოჰყვა მისი მეუღლე; იმერლიშვილის ზარია, რომელიც ბრალდებამ მტკიცებიდან იმის გამო ამოიღო, რომ ფაქტის მხილველი არ ყოფილა და უცნობი მამაკაცი აღმოჩნდა საპატრულოს მოქმედი მუშაკი, რომელმაც ესკორტით გაიარა, დაინახა და დააფიქსირა. გამომძიებელმა მასთან ოქმი სატელეფონო საუბრით გააფორმა, რომელმაც თქვა, ფაქტს არ შევსწრებივარ და არ ვიციო; იმერლიშვილმაც ვერაფერი დაადასტურა, _ რომ გავიარე მომხდარი იყოო. პალიკო ეძგვერაძე მე თვითონ ვიპოვე, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ყოფილა იმ მხარეს და არც არავითარი ავარია უნახავს. მოსამართლე მადონა მაისურაძესთან მოვითხოვეთ დაკითხვა, ამაზეც უარი მივიღეთ. განაჩენი რომ დადგა, აპელაციამ იგივე დატოვა ძალაში.
_ თქვენი შვილი რას ამბობს, სინამდვილეში რა მოხდა?
_ ჩემი შვილი ამბობს, რომ თბილისიდან მოდიოდა 70-80 კმ სიჩქარით, მშრალი, მზიანი ამინდი იყო, დაინახა, რომ ჯიპი იდგა, რომელსაც არც ფარები ჰქონდა ანთებული და არც უსაფრთხოების სხვა ზომები ეყენა. კახეთიდან ინტენსიური მოძრაობის პერიოდში, ღერძულა ხაზის გადაკვეთის მომენტში, დაუდგენელი მანქანა წამოვიდა. ეს რომ დინახა, მაქსიმალურად, რაც შეეძლო, ჯიპისკენ წავიდა, გავლის პროცესში ამ ჯიპს, თურმე, დანგრატი ედგა, ზედ შეხტა, მანქანის მარჯვენა წინა საბურავი ასხლტა, ჩემი შვილის მანქანას მოეკიდა, გარდაცვლილი კაპოტზე, შემდეგ სახურავზე ააგდო. მანქანებზე კონტაქტი არ დაფიქსირდა, ეს დაფიქსირდა მხოლოდ დანგრატზე. ვიცით, რომ მსხვერპლი არის, მაგრამ უსაფრთხოების დაუცველობით მოხდა ეს შემთხვევა თუ არა, საკითხი ვერ დავძარით. ამის პრაქტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში აღარ არის. აღარც პროფესიონალია, რომ ნორმალურად გამოიძიოს. არის მხოლოდ პრაქტიკა _ ჭირისუფალთან მორიგება და მიცვალებული სწორედ მორიგების საგანი გახდა. ამ მორიგების საგანზეა ლაპარაკი სწორედ, როდესაც 500 000 მოითხოვეს. მერე სიხარულიძემ მოიყვანა, როგორც თქვა, მისი მეგობარი, გიორგი ფარესიშვილი და ვაჭრობა დამიწყეს. _ ვვაჭრობთო, _ ასე უტიფრად მესაუბრება. ვეუბნები, _ ეს თანხა რომ გადავიხადო, ჩემს შვილს რა შეღავათი ექნება-მეთქი? და, _ არაფერი, „სროკზე“ წავიდესო. ვერ ჩამოყალიბდნენ ვერანაირად, სასამართლოს ყველა ინსტანცია მოვიარე, მაგრამ არაფერი... მადონა მაისურაძის განაჩენი გავასაჩივრე, მისმა ქმარმა განიხილა და დაუშვებლად ცნეს. სამარცხვინოა, არც შუამდგომლობა წაუკითხავთ, 17 გვერდია, არც საქმეში ჩაუხედავთ და ასე დაუშვებლად ცნეს. არც კონსტიტუცია გაითვალისწინეს, არც საგზაო მოძრაობის წესები, ამ სიტუაციში ვარ. რადგან პატრონი არ გვყავს, ამ საქმით არავის უნდა დაინტერესება და თქვენთანაც ამიტომ მოვედი.
_ პირად საუბარში ახსენეთ, შეწყალების კომისიას მივმართეო...
_ შეწყალებასთან დაკავშირებით რა მოთხოვნებიც არის, ყველაფერი წარვადგინე, საპატრიარქოს შუამდგომლობაც მქონდა წარდგენილი, ყველა დოკუმენტი მივიტანე. ზვიად ქორიძე შემპირდა, რომ საქმეს დეტალურად განიხილავდა. დავიმედდი, პასუხის გასაგებად რომ მივედი, მოულოდნელად მეუბნებიან, თქვენი შვილი ნასვამი ყოფილაო. ვუთხარი, _ ბატონო ზვიად, არ ვარ ის კაცი, ასე რომ ყოფილიყო, აქ მოვსულიყავი, საქმეში ამა და ამ ნომრის დოკუმენტაცია არის-მეთქი. ამოვიღე დოკუმენტი და ვაჩვენე. მაშინ შეგვეშალა, 6 თვის შემდეგ მოდიო. საპატრიარქოდან შუამდგომლობა მივიდა, _ რად გინდოდაო? _ რაღაცნაირი ანტიპათია გამოხატა ამაზე. მერე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართე, ვიფიქრე, აქ არის უშუალოდ ეს დეპარტამენტი, შეწყალების კომისია და მეტი დაინტერესება და კომუნიკაბელურობა იქნება-მეთქი. გლდანის დაწესებულებიდან დოკუმენტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჩემი შვილის სახელითაა მისული, იქიდან გადაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იმ ნომრით ვიღაცის გვარია. მივედი და ვეუბნები, _ ბატონო ზვიად, ასე რატომ მოხდა, წერილობითაც მივმართე, უარის მიზეზს ვთხოვდი, ან ასე რატომ მოხდა-მეთქი? ვერც ადმინისტრაციის დეპარტამენტმა, ვერც ვერავინ ვერ მიპასუხა, არ ვიძლევითო. ვეუბნები, რომ გაუფრთხილებელი დანაშაული არის, პირველადი, ჯერ ერთი, იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ არაადეკვატური სასჯელია, მოიკითხეთ ამ პატიმრის დახასიათება, უამრავი სერტიფიკატი აქვს მიღებული, დადებითი დახასიათებები და ასეთი პირი რა აუცილებელია, რომ საზოგადოებისგან იზოლირებული იყოს, ამაში გამარკვიერთ-მეთქი. ახლა ნარკომანებს, მკვლელებს და ტერორისტებს უშვებენ... ამის შემდეგ მეც ტერორისტი ხომ არ გავხდები? მივყვები სამართლებრივი მორჩილებით და ყველა გზა გავიარე. საუბრის პერიოდში გაუფრთხილებელი დანაშაული რომ ვახსენე, ქორიძემ მკითხა, _ ეგ რაღა არისო? რა კომენტარი გავაკეთო, გეკითხებით?! ვეუბნები, _ იმ კომისიაში 10 თუ 15 წევრია და ყველას ერთი აზრი ხომ არ აქვს, არ იყო ბჭობა, კამათი ქმედებიდან, პიროვნებიდან გამომდინარე, კვალიფიკაცია, გამოძიების ხარისხი და სხდომაზე დასწრება ვთხოვე. მითხრა, _ რეკომენდაციას ვერ მოგცემთო. ავდექი ახლა, ავიღე ეს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, დავურთე ამ ჩემს განცხადებას და მივაწოდე. იქნებ, ვიღაც ღვთისნიერი გამოჩნდეს და წაიკითხოს. აღარ ვიცი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართო? იქაც ქაოსური მდგომარეობაა. ახლა რადგან კერძო საჩივარი უზენაეს სასამართლოში გადაგზავნილია, იქნებ, ვიღაცამ მიაქციოს ყურადღება. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში იმ ადგილას კიდევ რამდენიმე ავარია მოხდა, სტატისტიკა რომ ავიღოთ. უზენაეს სასამართლოს ამაში პრაქტიკა არ აქვს, აპელაციების საქმეები არ მიდის, მორიგება ხდება გამოძიებაში და პირველ ინსტანციაში. ვაჭრობა მიდის! ამდენი ავარიაა, გზები არ გვყოფნისო და ა. შ. რა გზები გვეყოფა, რადგან საგზაო მოძრაობის წესების გაგება არავის უნდა! ავარიის მექანიზმი როგორია, ამას არავინ უკვირდება, პარამეტრები ამათ არ იციან, მექანიზმი ამათ არ იციან, ტრაექტორია, მოძრაობის წესები და რომელი ერთი გითხრათ?!.
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს:
_ ბატონი ვალერიანისთვის მე არ მითქვამს, რომ ნასვამი იყო, თუმცა ეს არ არის სადავო მომენტი. ფაქტია, რომ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც შედგად მოჰყვა მსხვერპლი. ბატონ ვალერიანს სურს, ის ადამიანი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაიდინა და საქმის მასალებით ჩანს, რომ რაღაც გარკვეული გადაცდომა მისი მხრიდან იყო, რასაც შედეგად კიდევაც მოჰყვა მსხვერპლი, პრაქტიკულად, არ იჯდეს საპატიმრო დაწესებულებაში. უფრო მეტ დეტალს ვერ გეტყვით იმ ეტაპზე, როდესაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია არ მისცა, მაგრამ უახლოეს ხანებში, როგორც ვიცი, კიდევ უნდა შემოვიდეს ჩვენთან გიორგი გენგაშვილის განცხადება და ამ პროცედურას ჩვეულებრივ ისევ გაივლის. მეტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. რა და როგორ იმსჯელა კომისიამ და რა გადაწყვიტა, ეს ბატონი ვალერიანის საქმეა, მას მიაჩნია, რომ საერთოდ ადამიანი არ შეიძლება იჯდეს ციხეში, თუ ის ჩაიდენს ავტოსაგზაო შემთხვევას. სასამართლომ სხვანაირად გადაწყვიტა და თუ უსამართლოდ გადაწყვიტა, უსამართლობის გამოსასწორებლად და სამართლიანობის დასადგენად საჭიროა ბრძოლა. ბატონმა ვალერიანმა უნდა იბრძოლოს, ოღონდ შეწყალების კომისია ამისთვის არ გამოდგება. ეს იცის ბატონმა ვალერიანმა, ჩვენ ამ თემაზე ბევრი გვისაუბრია. შეწყალების კომისიაში აუცილებლად მოვა კიდევ ერთხელ ეს საქმე და ჩვენ განვიხილავთ. ასევე მას ვთხოვეთ ინფორმაცია, აქვს თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია დაზარალებულის ოჯახთან, იმიტომ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, გარდაცვლილია ადამიანი, სწორად გამიგეთ. ეს არის ჩვენი კომისიის მუშაობის და იმ არგუმენტაციის შედეგი, რაც პრეზიდენტს წარვუდგინეთ, მან როგორ მიიღო გადაწყვეტილება, ამას მე ვერ გეტყვით.
თამარ იასეშვილი _ ირინა სიხარულიძის ადვოკატი:
_ ირინა სიხარულიძეს კანონი აძლევს უფლებას, მოურიგდეს ან არ მოურიგდეს, ან როცა უნდა, მაშინ მოურიგდეს. რა იყო წარსულში, ჯერ ერთი, ეს არ დასტურდება. რაც მან თქვა, ჯერჯერობით, მამამისთან ჰქონია რაღაც მოლაპარაკება. თვითონ ირინა, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იქნებოდა, ბავშვისა და მის თვალწინ მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა და მის თვალწინ მოკვდა მისი ქმარი, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში მოლაპარაკებაზე უარს იტყოდა. მერე გენგაშვილმა თვითონ თქვა უარი, მანქანა ედგათ სადგომზე, იქიდან რომ დაეხსნათ, იმაზეც კი უარი თქვა, თქვენ როგორ გეუბნებათ მეორე მხარე, ეს სხვა არის და რა იკვეთება საქმის მასალებიდან, ეს სხვა მომენტია. ძალიან მიკვირს, რა გავაკეთე იმისთანა, ციხეში რომ ვარო? მისი შვილი ამბობს, ჯერ ის ვერ გაუგია, კაცი რომ მოკლა და ქათამი არ მოუკლავს და რა გითხრათ. ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, პროკურორი ვიყავი, ახლა ადვოკატი ვარ და სამოქალაქოში ვიცავ, სისხლში სხვა ჰყავდა ადვოკატი. აქედან გამომდინარე, მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, როცა უნდა, მაშინ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ ამაზე ვერ მორიგდებიან და ასეთი განცხადებები გაკეთდება, რომ ადრე ასე იყო და ახლა ასეა. არ ვიცი, საერთოდ, რამ განაპირობა, რომ ჟურნალისტებს მიმართა, ესეც არ მესმის. არავინ ამბობს, რომ ეს ბიჭი მივიდა და სპეციალურად დააჯახა მანქანა, გაუფრთხილებელი დანაშაულია და ისიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არა მარტო განზრახ დანაშაული. მეორეც, თუ მას სამართალწარმოებასთან რაიმე პრობლემა აქვს, სამოქალაქო ნაწილში სასამართლომ მხოლოდ ახლა დაიწყო განხილვა და მოსამზადებელი სხდომა იყო, არ ყოფილა საბოლოო შედეგი, აქედან გამომდინარე, მას სურვილი აქვს, სასამართლოზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს თავისი განცხადებებით და მე მგონი, უკუშედეგს მიიღებს. ის, რაც უკვე მოხდა, იმასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოშიც კი განხილულია და არსებობს მე-4 ინსტანცია _ ევროპის სასამართლო. შეუძლია მას მიმართოს, თუკი აქვს რაიმე პრეტენზია. გასაგებია, რომ მამაა, ის შვილია, მაგრამ მეორე მხარეზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დარჩა ახალგაზრდა ცოლი და შვილი. პიროვნულად კი არ ვამბობ, უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი. მას მორალური უფლებაც კი არ აქვს, რომ, ჯერჯერობით, ამაზე ილაპარაკოს, მით უფრო სამართლებრივი. სამართლებრივი ჩარჩოდანაც გასულია იმიტომ, რომ მოსამართლესაც გადააბიჯა და ლაპარაკობს ისეთ რაღაცას, რომელიც სალაპარაკო არ არის.
თამარ ბატიაშვილი