QronikaPlus
ვანო ჩხარტიშვილის თვალახვეული თემიდა

ვანო ჩხარტიშვილის თვალახვეული თემიდა

2015-11-01 08:25:24

საქართველოში თემიდა დიდი ხანია, თვალახვეული და შვებულებაშია, მაგრამ ის, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის პროცესზე ხდება, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს _ კომედია. ვანო ჩხარტიშვილი „თიბისი ბანკის“ სტაჟიანი კლიენტია. ხუთი წლის წინათ, ფოთის წისქვილკომბინატზე, რომელიც ჩხარტიშვილმა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს მოტყუებით და თაღლითური გზით აახია, ბანკმა სოლიდური რაოდენობის სესხი გასცა. ეს ერთადერთი აქტივი არ არის, მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილს კიდევ ორ კომპანიაზე აქვს ამავე ბანკიდან სესხი აღებული. მან საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სწორედ ამიტომ, კლიენტისათვის მრავალგზის და შეღავათიანი პირობების შეთავაზების შემდეგ, “თიბისი ბანკმა“ ფოთის წისქვილკომბინატი აუქციონზე გაყიდა. ვანო ჩხარტიშვილი შანტაჟის გზას დაადგა, ერთი მხრივ, აგრესიული შავი პიარი ბანკის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, სასამართლო დავა და მისი ჯიბის მოსამართლე გიორგი სულაკაძე, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება 2017 წლის დასაწყისში ეწურება და ვალდებულება აქვს აღებული, რომ ყველა პროცესი, რომელიც ვანო ჩხარტიშვილს უკავშირდება, წლის ბოლომდე დაასრულოს. ამ ლეგიტიმური ეჭვის საფუძველია ის ფაქტიც, რომ მოქალაქე ჩხარტიშვილის ყველა სარჩელი სწორედ სულაკაძეს ეწერება. მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას გაიმართა. არსებოდა მოლოდინი, რომ გიორგი სულაკაძე მოსარჩელე მხარის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემდეგ დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ჟურნალისტებისა და “იმედის“ კამერების თანდასწრებით გადაწყვეტილების გამოცხადება, ეტყობა, მაინც ვეღარ გაბედა. პროცესზე ყველაზე თვალშისაცემი მაინც მოსამართლისა და ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის შეწყობილი პოზიცია იყო. სასამართლო პროცესი მოპასუხე მხარის შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა. მოპასუხე მხარის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის ქმედებები მათში ეჭვს იწვევს გიორგი სულაკაძის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ ისეთი საპროცესო დარღვევები განახორციელა, როგორიცაა მოსამზადებელ სხდომაზე მოწმეების დაკითხვა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მილიონიანი ტრანზაქცია. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მოპასუხე მხარეს საშუალება არ მისცა, საფუძვლიანად მომზადებულიყო. მცირე ეჭვი მოგვიანებით კიდევ უფრო გამყარდა, მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობისას, საპროცესო ნორმების დარღვევით, მოსარჩელე მხარეს ნება დართო, 14 მილიონით გაეზარდა სასარჩელო მოთხოვნა, მაშინ როცა გაზრდას მეორე მხარის თანხმობა სჭირდება. მოსამართლემ საკმარისად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოზე მხოლოდ ახსენა აღნიშნული მოთხოვნა, დაზუსტებული სარჩელიც კი არ ყოფილა წარმოდგენილი. გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, 2015 წლის 24 აგვისტოს, ისე, რომ ამაზე მხარის შუამდგომლობა არ დამდგარა, გიორგი სულაკაძემ თავად გადაწყვიტა ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღება. მოპასუხე მხარეში განსაკუთრებულ ეჭვს ის გარემოება იწვევს, რომ 14 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დასაბუთებული ნაწილი მხარეს 20 ოქტომბერს ჩაბარდა, მაშინ როცა გასაჩივრების ვადა 14 სექტემბერს იწურებოდა. არც სააპელაციო სასამართლოშია საქმე გადაგზავნილი. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს მხოლოდ ერთი განზრახვით მოხდა _ მოსარჩელე მხარისთვის ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცათ. მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეფექტიანი მართლმსაჯულების ობიექტური პირობაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დარღვეულია, _ აცხადებენ მოპასუხე მხარის ადვოკატები. ყველა მათგანმა სხდომაზე მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი დააყენა, რაც, ცხადია, სულაკაძემ ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა. _ როცა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას  გავეცანით, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მოსამართლე პროცესს არ ესწრებოდა, _ ასეთი იყო ადვოკატ ქეთი ქვარცხავას პოზიცია. მოპასუხე მხარის ადვოკატის ამ რეპლიკას გიორგი სულაკაძის აღშფოთება მოყვა, _ ვის გაუბედეთ მსგავსი რამ, შენიშვნას გაძლევთ და თუ მეორედ  გაიმეორებთ, იცოდეთ, დარბაზიდან გაგაძევებთო. არადა, მთელი პროცესის განმავლობაში სწორედ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მოსამართლე პროცესს მხოლოდ ერთი, მოსარჩელე, ანუ ვანო ჩხარტიშვილის მხარის გამო ესწრება. შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანდა გიორგი სულაკაძისა და ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის „ფლირტი“. სამაგიეროდ, მოსამართლე არც კი მალავდა საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას მოპასუხე მხარის ადვოკატების მიმართ, რადგან ისინი აშკარად უშლიდნენ ხელს და ნერვებსაც ვანო ჩხარტიშვილთან აღებული ვალდებულებების შესრულებაში. „თიბისი ბანკი“ არ მონაწილეობს არც ერთ გაუგებარ პოლიტიკურ სქემაში, როგორც ეს ვანო ჩხარტიშვილს უნდა წარმოაჩინოს. ჩვენ ვართ კომერციული ბანკი, რომელიც კანონით დადგენილ ნორმებს მიმართავს. როცა მოქალაქე ვერ იხდის გადასახადს, ჩვენ გვაწყობს, კლიენტმა სესხის დაფარვა მოახერხოს, შევუთანხმდეთ მოვალეს, გადახდის შეღავათიანი პირობები შევთავაზოთ. ჩვენი მიზანი არ არის ქონებისა და მიწების შეძენა. უმორჩილესი თხოვნაა, რეპუტაციულ ზიანს ნუ მოგვაყენებთ~, _ განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა, ქეთი ეგუტიამ. მოსამართლე სულაკაძეს ცალი ყურით უსმენდა ადვოკატ სოსო ბარათაშვილსაც, რომელმაც ასევე საქმეში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე ილაპარაკა, _ მე მინდა ერთი ფაქტი გაგახსენოთ: საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლომ თვითნებურად, იმ მოტივით, რომ მაინც არაფერს იტყოდა, ვანო მერაბიშვილი მოწმეთა სიიდან ამოიღო, _ განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. სოსო ბარათაშვილი კომპანია “ტრანსფორდის“ ადვოკატია, რომლის წინააღმდეგ სარჩელი ვანო ჩხარტიშვილს ამჯერად ფოთის საქალაქო სასამართლოში აქვს შეტანილი. ფოთის სასამართლომ ორივე საქმე გააერთიანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მოსამართლე სულაკაძე ისევ განაგრძობს აღნიშნული სარჩელის განხილვას. თუმცა სულაკაძე აცხადებს, რომ ამ თემას ის აუცილებლად დაუბრუნდება და საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ მიღებული არ აქვს. _ როგორ ხდება, რომ ვანო ჩხარტიშვილის ყველა სარჩელი თქვენ გეწერებათ? ვინ ანაწილებს ამ საქმეებს? _ ამ კითხვით სოსო ბარათაშვილმა მოსამართლეს მიმართა. ცხადია, მოსამართლეს ბარათაშვილისთვის პასუხი არ გაუცია და ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატს გადასცა სიტყვა, რომელიც, რა თქმა უნდა, მოსამართლის აცილების საკითხს არ დაეთანხმა. _ ბანკს უფლება აქვს, ნებისმიერი პრობლემური მოვალის მიმართ კანონით დადგენილი წესით ამოიღოს, ამაში არავინ გედავებათ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა, “თიბისი ბანკმა“ ეს მოახდინა იმ პროცედურების დაცვით, რომელიც მას კანონით ევალება, _ განაცხადა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა. სიმართლე გითხრათ, ჯერ მეგონა, რომ ადვოკატის ეს ფრაზა, უბრალოდ, მომეჩვენა, თუმცა სასამართლო პროცესის ვიდეო ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და ფაქტობრივად, სწორედ ამას ამბობს. მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს საერთოდ სასამართლო პროცესი? როგორც ჩანს, მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახლოსაც არ იკარებდა და მხოლოდ მისი ძველი მეგობრის, მაშკევიჩის დახმარებით მოახერხა ივანიშვილის კარზე პოზიციების მოპოვება, თავი, მინიმუმ, შევარდნაძის საქართველოში ჰგონია, როცა, ერთი მხრივ, ხახვივით შერჩა მითვისებული ანაბრები, მეორე მხრივ კი, ჯიბის მოსამართლეების წყალობით, მუდმივად ახერხებდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ოქტომბერს განახლდება.  

                                                                                                              ელისო კილაძე

       

გაზიარება