QronikaPlus
17 მაისის აქციის „გამართლებული განაჩენი“ - რას გადაწყვეტს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო?

17 მაისის აქციის „გამართლებული განაჩენი“ - რას გადაწყვეტს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო?

2015-11-01 08:16:27

გამამართლებელი ვერდიქტი გამოტანილია: სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 2013 წლის 17 მაისს კონტრაქციის მონაწილე, სოციალური ქსელების გმირად და მთავარ პერსონაჟად ქცეული „ტაბურეტკიანი“ მამა იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები. გადაწყვეტილება მოსამართლე მგელიაშვილმა გამოიტანა. 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციის მონაწილე ათეულ ათასობით ადამიანიდან თავდაპირველად ხუთი პირი დააკავეს, ხოლო მათგან ერთის _ მამა ანთიმოზის მიმართ სამართალწარმოება მალევე შეწყდა. დანარჩენ ოთხს, მათ შორის, მამა იოთამს 161-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას _ ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 17 მაისის საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განიხილება. ევროპულ სასამართლოს მოუწევს იმ გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რისკების განჭვრეტა, რომელიც კონტრდემონსტრანტების მხრიდან მომდინარეობდა. რახან 2013 წლის 17 მაისი, ფაქტობრივად, არა მარტო მათ თვალწინ ხდებოდა, ვინც მაშინ თავისუფლების მოედანზე ან პუშკინის სკვერში იყო, არამედ მათ თვალწინაც, ვინც მოვლენებს ინტერნეტით ადევნებდა თვალს, გავიხსენოთ, რა მოხდა მაშინ. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რუსთაველზე მსვლელობა და თავისუფლების მოედანთან შეკრება ადრევე დააანონსა. ამას მაშინვე მოჰყვა რეაქცია: დაიწყო წვეულებების შექმნა „ფეისბუქზე“, მოწოდებები ქართველობის წართმევის საფრთხეზე, სასულიერო პირებისთვის თხოვნა, რომ „წინ გაუძღვნენ ერს და ალაგმონ უმსგავსობა“, ამასთან, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებით საზოგადოების ნაწილმა, რომელთა უმრავლესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი შეადგენდა, დაიწყო იმის მტკიცება, რომ 17 მაისს რუსთაველზე გეი-პარადი იგეგმება. ეს იყო მიზანმიმართული სიცრუე, რომელიც კონტრაქციაზე დიდი რაოდენობით მოქალაქის მოყვანას ისახავდა მიზნად. ეკლესიებში წირვის დროს დაიწყო სასულიერო პირთა უმრავლესობის მხრიდან ქადაგებებში იმ „საშინელი საფრთხის“ დახატვა, რასაც უქადდა ქვეყანას 17 მაისის შეკრების დაშვება, ამას თან ახლდა კონტრაქციაში მონაწილეობისკენ მოწოდება და მონაწილეობის მსურველთა კურთხევაც კი. ასე რომ, 17 მაისს ქუჩაში აღმოჩნდა აღგზნებული, წინასწარ შეგულიანებული, აგრესიისთვის მზადმყოფი მასა, რომლის აგრესიის მართვა მხოლოდ სასულიერო პირების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ისინი მზად იყვნენ, ფეხებზე დაეკიდებინათ დანარჩენი ყველა და ყველაფერი, მათ შორის, კანონი და სამართალდამცველები, რაც მოგვიანებით გამოვლინდა კიდეც. მას შემდეგ, რაც აქციის დაანონსებას მღელვარება მოჰყვა, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ რუსთაველზე მსვლელობაზე და შეიკრიბებიან პუშკინის სკვერში, თავისუფლების მოედანთან. ასეც მოიქცნენ. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა და წესით, ამ მცირე რაოდენობის დანახვაზე, და იმაში დარწმუნების მერე, რომ არავითარი გეი-პარადი არ იგეგმებოდა, კონტრაქციის მონაწილეები უნდა დაშლილიყვნენ, მაგრამ დაახლოებით 80.000-დე მოქალაქემ მაინც გადაწყვიტა, მსვლელობით გაევლო რუსთაველი. ცხადია, ეს მათ არავინ დაუშალა და არც უნდა დაეშალათ, მაგრამ უკვე ისე გამოდიოდა, რომ სასულიერო პირები და მრევლი ღია კარს ამტვრევდა. გაოგნებულმა ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თავისუფლების მოედნის მისადგომებთან ბარიერები ჩადგა და მის უკან პოლიციის კორდონები განათავსა, თან, მკაცრი ინსტრუქცია მისცა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეშვათ კონტრაქციის მონაწილეები პუშკინის სკვერისკენ. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციელებმა მოზღვავებული ხალხის მასისა და, რაც მთავარია, სასულიერო პირების „დამუნათებებს“ ვერ გაუძლეს და კორდონი სწორედ იქ გაირღვა, საიდანაც მას სასულიერო პირები უტევდნენ. შემდეგ რაც მოხდა, მხოლოდ ფილმებში გექნებათ ნანახი: „ტაბურეტკიანი“ მამაო, გინებით მიმავალი მამაო, სირბილით მიმავალი მამაო და ერთი კადრი, რომელიც არასდროს დამავიწყდება: რომელიღაც პატრიოტული დასახელების მქონე წარწერიან მაისურში ჩაცმული ბიჭები, დაკუნთული ბიჭები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მირბოდნენ და სირბილში იმეორებდნენ: „მამაო ჩვენო! რომელი ხარ ცათა შინა...“ _ სრული დომხალი და ნამდვილი ნადირობა, ოღონდ, ადამიანებისა _ ადამიანებზე. შეეძლო თუ არა ხელისუფლებას, გაეთვალა ეს რისკები და მიეღო სხვაგვარი, უფრო მკაცრი ზომები თუ საკმარისი იყო ბარიერები თავისუფლების მოედანთან და ნირწამხდარი პოლიციელების დაყენება მათ უკან, რომლებსაც კონტარქციის მონაწილეები „გინდა, შენი შვილი ამათ ჩაუგდო ხელში?“ და სხვა ფრაზებით მიმართავდნენ? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება შეეძლო და მაშინ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სულ ტყუილად იკვეხნიდა, ხელისუფლებამ წარმოაჩინა, რომ სწორად და ადეკვატურად მოიქცაო. საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო მედია სულ სხვა აზრზე იყვნენ. საბედნიეროდ, 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეთა დევნა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს, მართლაც, სასწაული იყო, თუ გავიხსენებთ იმ აგრესიულ სახეებს, განწყობას, ბოლოს და ბოლოს, ყვითელი „მარშრუტკის“ მისამართით ერთი ახალგაზრდის, კონტრაქციის მონაწილის თავგანწირულ გაფრენა-ნახტომს და იმ სიძულვილით სავსე სახეებს, რომლებიც ამ `მარშრუტკაში~ მყოფი ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს... და მაინც, ჩემი აზრით, ყველაზე საგანგაშო მაინც ის პროცესები იყო, რაც 17 მაისის შემდეგ თბილისში დაიწყო, როცა ქვეყანა აშკარად დადგა რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფრთხის წინაშე. ამის შესახებ მედიაშიც იწერებოდა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ყურადღებას უფრო მეტად, უცხოური მედიასაშუალებები იჩენდნენ. თუმცა ქართული მედიაც არ იყო მთლად გულგრილი. მაგალითად, „აფხაზეთის ხმის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყებოდა, რომ 19 მაისს რუსთაველზე, „სმარტთან“, ახალგაზრდა ბიჭი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ გრძელი თმითა და „პიდარასტული ჩაცმულობით“ (თავდამსხმელთა ტერმინია) გამოირჩეოდა. იმავე საღამოს, მარჯანიშვილზე, რუსულ ეკლესიასთან, დაახლოებით იგივე „ბრალდებით“ სცემეს კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც გამვლელებმა ტაქსიში ჩასვეს და საავადმყოფოში გადააყვანინეს. იმ პერიოდში ქუჩებში შეამჩნევდით ახალგაზრდების ჯგუფებს, რომლებიც თითქოს პატრულირებდნენ და გამვლელ-გამომვლელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, ფერადი ტანსაცმლისა და გამორჩეული გარეგნობის მქონე ახალგაზრდები კი მაშინვე მათი ყურადღების ობიექტი ხდებოდა. მეტიც, 17 მაისის შემდეგ თბილისში დაიწყეს სარეკლამო ბილბორდებზე გამოსახული მოკლეკაბიანი მოდელების ფეხების გადაღებვა, სანაპიროზე ხეც კი დააზიანეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ფერადი ძაფით მოქსოვილი გულებით იყო შემკული. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ხელისუფლების თავის მართლების ფონზე სწორედ იმ მოწოდებების შედეგი ყოფილიყო, რაც ეკლესიაში ქადაგებების დროს ისმოდა. არსებობდა საშიშროება, რომ ყველაფერი კიდევ უფრო შორს წასულიყო, მაგრამ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილიც არ დარჩენილა გულზე ხელდაკრეფილი: ინტერნეტსივრცეში პეტიცია გავრცელდა, სადაც მოქალაქეები პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებდნენ. რამდენიმე დღეში პეტიციას 12.000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. საზოგადოებას, რომელიც პეტიციას შეუერთდა, მიაჩნდა, რომ 17 მაისს ორთოდოქსმა ექსტრემისტებმა სისხლის სამართლის კოდექსის ათი მუხლი დაარღვიეს. მათ შორის, ისეთი მძიმე მუხლები, როგორიც არის ძალადობა; სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების ხელყოფა; სახალხო დამცველზე ზემოქმედება; ხულიგნობა; დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო; პოლიციელზე თავდასხმა, მუქარა ან ძალადობა. ამ ფონზე, 17 მაისის ძალადობის გამო, ოთხი ახალგაზრდის დაკავება და ადმინისტრაციული წესით 100 ლარით დაჯარიმება, საზოგადოების ამ ნაწილმა დაცინვად აღიქვა. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საკმაოდ ძნელად დასამტკიცებელი მუხლით, ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი ხრიკიც იყო: ის ვერ წაუყრუებდა აშკარა ძალადობას, მაგრამ, ამავე დროს, ისეთი მუხლი შეარჩია, რომლის დასამტკიცებლადაც პირდაპირი მტკიცებულების მოპოვება დროში გაიწელებოდა და საკმაოდ გაჭირდებოდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა. კაცმა რომ თქვას, სიტუაციის განმუხტვა მაშინ ისევ კათოლიკოს-პატრიარქმა შეძლო, როცა სასულიერო პირებს მოუწოდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და ძალადობა არ წაეხალისებინათ. ამან, გარკვეულწილად, ძალადობის შემდგომი ესკალაციისგან იხსნა ქვეყანა. რაც შეეხება პოლიციის, შსს-ს მოქმედებას, 2013 წლის 17 მაისს ისინი, მართალია, ყველანაირად ცდილობდნენ, ძალადობის ადრესატები აგრესიულთა შემოტევებისგან გაერიდებინათ, მაგრამ ისე გაუბედავად და არადამაჯერებლად იქცეოდნენ, თითქოს თვითონაც გარბოდნენ. უბრალოდ, გარბოდნენ, ანუ წესრიგს ვერ იცავდნენ. სწორედ ეს იყო მთავარი შეცდომა _ არაპროპორციული ძალის გამოყვანა ძალადობის აღსაკვეთად. ცხადია, იმას არ ვამბობ, რომ ნიღბიანი სპეცრაზმელები კონტრაქციის მონაწილეებს უნდა დარეოდნენ და თავყბა დაემტვრიათ, მაგრამ უიარაღო პოლიციელების ფონზე, რომლებსაც ხელში ხელკეტიც კი არ ეჭირათ, ძალადობის აღკვეთა და მასზე რეაგირება რომ შეუძლებელი გახდა, აშკარად გამოჩნდა, მით უმეტეს, რომ იმ რაოდენობის პოლიციელი, რამდენიც ხელისუფლებამ 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანზე გამოიყვანა, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას სასამართლო პროცესებზე ზოგჯერ საქალაქო სასამართლოს შენობის მხოლოდ ერთი ფრთის მიმდებარედ დგას ხოლმე... თავისთავად, იმ ფაქტმა, რომ სახელმწიფოს პასიურობის ფონზე მოძალადეები აშკარად გამართლდნენ, ის გამოიწვია, რომ ახლა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, თავად ლგბტ პირები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც 2013 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე ამყარებენ იმედს. თუმცა ამასაც თავისი ნეგატიური მხარე აქვს სასულიერო პირებში. მაგალითად, ბოდბელი ეპისკოპოსი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ანუ თანაშემწე, მეუფე იაკობი, რომელიც აქციის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამბობს: „დღეს გამოდიან ეს ვაჟბატონები და ჩვენზე რაღაცას ლაპარაკობენ! ცოტა ჭკვიანად იყვნენ! არ შევეშალოთ იმ ხალხში ვინც პასუხს არ მოსთხოვს! მაგათი პარპაშის დრო უნდა დამთავრდეს! ჩვენ ვერანაირი უცხოეთი ვერ გვაიძულებს, რომ მაგათ დავემონოთ!“ 17 მაისის ძალადობის ამსახველმა სცენებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. მომხდარი დაგმეს როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროპის ქვეყნებმა. 17 მაისის მოვლენების შეფასებამ სერიოზული ძვრები გამოიწვია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნითაც. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ღიად გააკრიტიკა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 16 მაისის მიმართვის გამო, რამაც, მისი აზრით, ძალადობა წაახალისა, ხოლო უსუფაშვილის ამ განცხადებას უმრავლესობის სხვა წევრების გაღიზიანება მოჰყვა... დაბოლოს: 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევაში, სხვადასხვა სასულიერო პირთან ერთად, ჭინჭრებით შეიარაღებულ ქალებთან „სვარშიკად“ სახელდებული ბასილ მკალავიშვილიც მონაწილეობდა...  

                                                                                                    დოროთე გითოლენდია

   

გაზიარება