ბორჯომის საკრებულოს წევრმა, გიორგი გიუაშვილმა, რამდენიმე თვის წინათ დაწყებული სასამართლო დავა ბორჯომის მუნიციპალიტეტთან 10 ოქტომბერს მოიგო. საქმე შეეხებოდა ფაქტს, რომ ის 2013 წლის 24 დეკემბერს ბორჯომის გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და გამოუცხადეს, პარტია „ქართულ ოცნებაში“ არასდროს ყოფილხარო. ამ საქმემ ყველა ინსტანციის სასამართლო გამოიარა და უზენაესი სასამართლოს საბოლოო განჩინებით, დაუშვებლად ცნეს ბორჯომის გამგეობის საკასაციო საჩივარი, გიუაშვილის სამსახურიდან განთავისუფლების დადგენილება კი განაცდური თანამდებობრივი სარგოსა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებით ბათილად გამოაცხადეს.
გიორგი გიუაშვილი:
_ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 24 დეკემბრამდე ბორჯომის გამგებლის მოადგილედ ვიმუშავე, შესაბამისად ვიყავი „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი და მეორე ყრილობის დელეგატი. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვეწინააღმდეგებოდი კოჰაბიტაციას, რადგან ვხედავდი, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე კვლავ `ნაციონალები~ იყვნენ. საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე, გამგეობის აპარატის უფროსი და ა. შ. ამავდორულად საქმეც არ მიდიოდა კარგად. მათი მხრიდან უამრავ ფარულ წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი და ეს ბუნებრივიც იყო. მაშინდელი გამგებელი, დიმიტრი ბერიძე, სუსტი და უუნარო აღმოჩნდა და მშვენივრად დადიოდა მათ ჭკუაზე. ამ ყველაფერს დიდ წინააღმდეგობას ვუწევდი.
_ ფარულ წინააღმდეგობებში რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, ერთ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის, ბ. ქურდაძის წინადადებით სოფლის რწმუნებულების სამი ძირითადი ფუნქცია გაუქმდა. მათ ყველანაირი ცნობის გაცემა აუკრძალეს, რამაც მოსახლეობაში უამრავი პრობლება გამოიწვია და უკმაყოფილება შექმნა. ჩემი უშუალო ჩარევისა და ძალისხმევის შედეგად ერთ თვეში დავაბრუნებინე აღნიშნული ფუნქციები სოფლის რწმუნებულებისთვის. ასევე დაპირისპირებული ვიყავი „სუსის’’ ბორჯომის უფროსთან, გიორგი აბრამაშვილთან, რომელიც, ფაქტობრივად მართავდა რაიონს. აბრამიშვილი უხეშად ერეოდა თვითმმართველობის მუშაობაშიც. მუნიციპალიტეტის შენობაში სოფლის რწმუნებულები მოჰყავდა და იქ თათბირებს უტარებდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რასაც ასევე ვეწინააღმდეგებოდი. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი „ნაციონალურ“ „კუდს“, „სოდსა“ და „ოცნებისტურ“ „სუსს“ შორის, რადგან მუშაობის მეთოდები ერთი და იგივე ჰქონდათ. აბრამაშვილს ჩემ მიმართ პირადი ინტერესებიც გაუჩდა და როგორც იტყვიან, გადამეკიდა.
_ იქნებ, ესეც დაგვიკონკრეტოთ, `სუსის~ უფროსს თქვენ მიმართ რა ინტერესები ჰქონდა?
_ მისი მამა წლების მანძილზე დაუფლებული იყო 7 ჰექტარ სათიბს „ნარიანში’’, მაშინ როცა მას ერთი სული საქონელიც არასდროს ჰყოლია. აღნიშნული სათიბი, წლების მანძილზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა, მაგრამ მე ის გადავუკეტე. სხვა ფაქტებიდანაც გამოჩნდა, რომ მას მე ამ სამსახურში ხელს ვუშლიდი და დამიწყო კიდევაც ბრძოლა.
ჩემი განთავისუფლების შემდგომ, ერთ თვეში, 2014 წლის 30 იანვარს, აბრამაშვილის მეუღლე საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გაფორმებული მიწის ნაკვეთის (1500 კვ.მ.) მესაკუთრე ხდება, რომელიც დაბა ბაკურიანში, პარკთან მდებარეობს. ამის შესახებ უკვე პროკურატურას და გენინსპექციას მივმართე და გამოძიება მიდის. ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამო კი „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი გავხდი. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მათ უკანონობების ჩადენის უფლებას არ ვაძლევდი.
ბოლოს მოიფიქრეს და 2013 წლის 24 დეკემბერს გამგებლის მოადგილის შტატი შეამცირეს, რომელზეც მე ვმუშაობდი. აბრამაშვლის დავალებით კი პარტიაში ჩემი გაწევრიანების ბლანკი გააქრეს.
_ ეს როგორ, თითქოს „ქართულ იცნებაში“ არც ყოფილხართ?
_ დიახ, განაცხადეს, რომ თითქოს საერთოდ არ ვყოფილვარ „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ვერ გათვალეს, რომ საწევრო დოკუმენტაცია ხელზე მქონდა და ვინახავდი. ამის მერე „ლეიბორისტულ პარტიაში“ მივედი და ადგილობრივ არჩევნებში კენჭიც ვიყარე. დღეის მდგომარეობით ვარ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული და მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს წევრი და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ. აბრამაშვილიც მერე გაათავისუფლეს `სუსიდან~, მაგრამ როგორც იქცევა და რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, უკვე ყველამ კარგად იცის. ცხადია, ხალხი, მოსახლეობა უკმაყოფილოა მათი ქმედებებით და „ქრონიკა+“-ში პერიოდულად იბეჭდება ხოლმე ბორჯომის მეოცნებეების „საქმენი საგმირონი“.
ამჯერად, „ოცნების“ ერთ-ერთ სახეზე, „ინტელექტუალ“ გედევან ფოფხაძესა და მის ძმაზე მინდა მოგახსენოთ. მისი ინტელექტუალობაზე მე პირადად დიდი ეჭვები მაქვს. არ ვიცი, კითხვას ერთ წუთში როგორ უნდა გასცეს სწორი პასუხი, როცა მთელი დღის ფიქრის შემდეგაც ვერ ღებულობს მართალ გადაწყვეტილებას? მოგეხსენებათ, რომ გედევანი ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატია და ამ რანგში იმყოფება პარლამენტში.
_ გედევან ფოფხაძემ ამჯერად რა დააშავა?
_ ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით მის შესახებ, რომლითაც, წესით და რიგით, ყველაზე მეტად ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს: მე და გედევან ფოფხაძე რამდენიმე წელი ერთად ვიბრძოდით სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს იცის მთელმა ბორჯომმა. 2008 წელს გედევან ფოფხაძემ გადაწყვიტა, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ეყარა, მაგრამ დაახლოებით მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, ერთ კვირაში შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რაც იმით ახსნა, რომ იგი შეხვდა მაღალჩინოსან „ნაციონალს“, უფრო სწორედ, ის შეახვედრეს მისმა კურსელებმა ნიკა გვარამიამ და პავლე კუბლაშვილმა ვანო მერაბიშვილს. ხუმრობით მერაბიშვილს უსაყვედურია კიდევაც ფოფხაძის მეგობრებისთვის, _ არ ყოფილხართ კარგი მეგობრები, რადგან თქვენს მეგობარს ოპოზიციაში ყოფნის სურვილი უჩნდებაო. ნებით, ძალდატანებით თუ სხვა ქვენაგრძნობით, ამ შეხვედრის შემდეგ ფოფხაძეს არჩევნებში კენჭი აღარ უყრია. მან შტაბში შემოიყვანა `ნაცმოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ტალახაძე და არჩევნებზე მისი მხარდაჭერა გვთხოვა. ამის შემდგომ ის თავად გაემგზავრა ტყიბულში და ხელმძღვანელობა გაუწია კუბლაშვილის საარჩევნო შტაბს. სულ მალე კი მან საკმაოდ მაღალანაზღაურებადი თანამდებობა დაიკავა ზესტაფონში. თუ არ ვცდები, ფეროს პროფკავშირის ხელმძღვანელად დანიშნეს.
2008 წელს გედევან ფოფხაძის „ნაციონალებთან“ შეხვედრას კიდევ ერთი საინტერესო შედეგი მოჰყვა _ გედევან ფოფხაძის ძმა, ბესიკ ფოფხაძე, 2008 წლის 14 აპრილს შპს „ლიკანის“ დირექტორი გახდა და დღემდე ეპატრონება უზარმაზარ შენობას მიწის ნაკვეთით, რომლის ფოტოსაც გადმოგცემთ და თუ ადგილზე ჩამობრძანდებით, გაჩვენებთ კიდევაც.
გედევან ფოფხაძე ზესტაფონში რამდენიმე წლის მანძილზე მოღვაწეობდა, იქამდე, ვიდრე არ დაიწყო 2012 წლის საარჩევნო კამპანია. არჩევნების პერიოდში ბორჯომის „ქართული ოცნების“ კოალიციური შტაბის იურისტი ვიყავი და სწორედ ამ დროს, საბოლოოდ გაიყო ჩვენი გზები ფოფხაძესთან. საარჩევნო კამპანიისთვის გათვალისწინებული ფინანსები მთლიანად ფოფხაძის ხელში იყო: ხელფასები, საწვავის ხარჯები, კვება და ა. შ., რის შედეგადაც შტაბში ათობით გულანთებული მებრძოლი იყო მშიერი. ხელფასებს არიგებდნენ ნაკლულად, ხოლო საწვავი იხარჯებოდა მხოლოდ ქაღალდზე. მაგალითად, თბილისის აქციაზე, დაახლოებით, 25-30 მანქანა წავიდა, ხოლო ქაღალდზე, დაახლოებით, 55 მანქანა გაფორმდა. დეპუტატი გახდა და თვალით აღარავის უნახავს ბორჯომში. ასეთი წარსულისა და საქმიანობის ადამიანი დღესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად, სახედ მიიჩნევა, მე კი მითხრეს, რომ მათთან, თურმე, არ ვყოფილვარ და ვიგონებ.
სამართალმა ეს ამბავი ობიექტურად გაარკვია. უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების დოკუმენტი. სამართლიანობა ამ კუთხით აღსრულდა. იმედს ვიტოვებ, რომ ფოფხაძეებისა და თანამდებობებზე მომჯდარი “გაოცნებებული“ „ნაციონალების“ სახესაც მალე დაინახავს ხალხი და არჩევნებზე აუცილებლად გამოუტანს მათ „სასიკვდილო“ განაჩენს.
ნელი ვარდიაშვილი