„ტელეიმედის“ გადაცემაში ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, გაზეთ „ქრონიკა+”-ის მისამართით გაბრაზება ვერ დამალა. თემა სოფელ წვერმაღალაში არსებული ასწლოვანი ხეების გაჩეხვას ეხებოდა, რომელსაც ივანიშვილი, რა თქმა უნდა, უარყოფდა და მოსახლეობას ამშვიდებდა: _ ცუდს არაფერს ვაპირებ, გაზეთის მორიგი ტყუილია და ნუ დაიჯერებთო.
ბიძინა ივანიშვილი ისევე შეცდა „მოსახლეობის დამშვიდებაში“, როგორც სტატიის ავტორის გვარი დაასახელა შეცდომით! ფაქტი სხვაა: როდესაც აღნიშნული საგაზეთო მასალა მომზადდა, ინტერვიუ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატთან, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრთან, ნათია შარაშენიძესთან მე ჩავწერე. არც მაშინ და არც ახლა, როცა მაღალი „მოქალაქეობრივი ინტერესის“ გამო ისევ მიწევს, თემას დავუბრუნდე, დასაწყისშივე განვმარტავ, რომ რესპონდენტი ოზურგეთის საკრებულოს წევრია, ჟურნალისტი კი მე ვარ!
ახლა კი უფრო დეტალურად, თუ რა ხდება წვერმაღალაში და რამ ააღელვა პირველი მოქალაქე?..
ნათია შარაშენიძე:
_ „გასაოცარი“ მეოთხე წლის თავზე ასე ძალიან რამე კიდევ თუ გამაოცებდა, არ მეგონა. ბატონმა ბიძინამ, ამ სატელევიზიო ინტერვიუთი, კიდევ მოახერხა ამ მდგომარეობაში ჩემი ჩაყენება.
_ რას გულისხმობთ?
_ ვისმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის საერთოდ დაშორდა ხალხს, საზოგადოებას და სულაც აღარ ანაღვლებს მისი ბედი. მისთვის მთავარია საკუთარი ბიზნესი და ამ ბიზნესისგან მიღებული სარგებელი. ცხადია, გეტყვით, რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს: ინტერვიუს დროს მან თავად ახსენა აქცია „ციცინათელასთან“ და მეც აქედან დავიწყებ, რადგან საუბარი იყო ჩვენზე, „ლეიბორისტებზე“.
როცა მის კუთვნილ გასართობ პარკ „ციცინათელასთან“ აქციას ვაწყობდით (შეგახსენებთ: აღნიშნულ პარკში ატრაქციონები 10 და მეტი ლარი ღირს) მეგონა, ბავშვების ხმას მაინც მოუსმენდა „ხალხზე“ მზრუნველი „პირველი მოქალაქე“ და გაითვალისწინებდა, რათა მშობლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, შვილებისთვის ბედნიერი არდადეგები ეჩუქებინათ. შევცდით, რადგან ფასები მთელი ზაფხულის პერიოდში უცვლელი დარჩა. მეტიც, ატრაქციონების ღირებულება ერთი ლარით გაიზარდა. მან კი თავის გამოსვლაში ნაცვლად იმისა, რომ მშობლებისთვის და ბავშვებისთვის გაძვირებული ფასების გამო მოებოდიშებინა, რის შედეგადაც ბავშვებს, ლამის, ოცნებად გადაექცათ ატრაქციონი და გართობა, ამ აქციის შესახებ გაცხარებით, აღშფოთებით და უკმაყოფილებით საუბრობდა. ბავშვები თუ ასე ეჯავრებოდა, მართლა ვერ ვიფიქრებდი. სხვანაირად ის რატომ უნდა გაეღიზიანებინა ბავშვების წრფელად ნათქვამს და სურვილს, ატრაქციონებზე ფასები ხელმისაწვდომი ყოფილიყო და მათ გართობის საშუალება ჰქონოდათ?
_ ესეც თქვენზე თუ იყო ნათქვამი, არ ვიცოდი, მეგონა, „ქრონიკა+“-ის მიმართ მხოლოდ იმ ინტერვიუს გამო გამოხატა საყვედური, რომელიც თქვენთან ჩავწერეთ. მაშინ გურიაში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად წვერმაღალას ტყის ამბებსაც შეეხეთ, სადაც, თქვენი თქმით, ასწლოვანი ხეებია შემორაგული და მას გაჩეხვას უპირებენ. აქ გაზეთის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, არაფერ შუაში იყო. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მას დააბრალა. ის ამბობს, რომ ეს წერილი სიცრუის ტირაჟირება იყო და ასეთი რამ რეალურად არ ხდება. იქნებ, აგვიხსნათ, მოგვატყუეთ?
_ ეს ინტერვიუ რამდენიმე თვის წინათ დაიბეჭდა გაზეთ „ქრონიკა+“-ში. კარგად ვიცი, რომ თქვენი გაზეთი ძალიან პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მაინც მეგონა, ივანიშვილი არ კითხულობდა. რადგან კითხულობს, შემთხვევით ვისარგებლებ და უფრო დავუკონკრეტებ სათქმელს:
ბატონო ბიძინა, სოფელ ნატანებში, ლამის, უკვე მთელი სანაპირო ზოლის მფლობელი ხართ, მიწა და ადგილი არ დატოვეთ, რომ არ მიგესაკუთრებინათ, ეს არ იკმარეთ და წვერმაღალასაც გადასწვდით, ასწლოვანი ხეები შემორაგეთ, ჩემი თვალით ვნახე მაგ ადგილის შემოღობვის პროცესი, იქ მომუშავე ტექნიკა და ის მოჭრილი ხეებიც, რომელიც იმ წუთას ხელს გიშლიდათ. ამის ფოტომასალაც არსებობს და ის ინტერვიუსთან ერთად დაიბეჭდა მაშინ „ქრონიკა+“-ში. სხვათა შორის, თქვენამდე მაგ ტყეზე გზა გადიოდა, რომელსაც მოსახლეობა კარგად იყენებდა. თქვენი თქმით კი ის, რომ ეს ასწლოვანი ხეები უკვე თქვენია, ამით თურმე მოსახლეობა უკიდეგანოდ არის გახარებული და კმაყოფილი, ეს მაშინ, როცა გლეხს ტყიდან ფიჩხის გამოტანაც ეკრძალება და ათასგვარ ფასიან საბუთს სთხოვენ იმისთვის, რომ შეშა მოჭრას და ზამთარში გათბეს. თქვენს ნათქვამში სად არის ლოგიკა, იქნებ ჩვენც გვითხრათ? თუ ხალხი პირდაპირ ვერაფერს გეუბნებათ, ეს იმიტომ, რომ დღეს ძალაუფლება გაქვთ, ფულიც და ამისი ყველას ისევ ძალიან ეშინია. ხალხს რომ არჩევნებამდე შეჰპირდით, ხელისუფლების მიმართ შიშს გაგიქრობთო, ასე არ მომხდარა და ეს პირობაც არ შეგისრულებიათ. ვერაფერს გეუბნებიან, მაგრამ მე გეტყვით და გაგაგებინებთ მოსახლეობის აზრს: სწორედ ადგილობრივი ხალხისგან ვიცი და მაშინაც მათი აზრი გავახმოვანე, რომ ამ ხეების ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე თქვენს ხელთაა და გულის კანკალით შეჰყურებენ, როდის მოიმიზეზებთ ხეების ხანდაზმულობას და ძირში მოჭრით მათ. გურულები უჭკვიანესი ხალხია და იმის ილუზია არ აქვთ, რომ მაგ ადგილზე ბოტანიკური ბაღის გაშენება გსურთ. მათი თქმით, რადგან მიისაკუთრეთ, იქ, ადრე თუ გვიან, თქვენ ამ ხეებს აუცილებლად მოჭრით და სარფიანად გაყიდით.
როგორც აღნიშნეთ, თქვენ ამ ხეების მოჭრა კი არ გინდათ, მისი მოვლა-პატრონობით ხართ დაკავებული. დაგიჯერებდით, თქვენს ქმედებაში ამისკენ სწრაფვას ოდნავ მაინც რომ ვხედავდე, მაგრამ ხეების მოვლა-პატრონობა შემორაგვისა და მისი მისაკუთრების გარეშეც ხომ შეიძლება? დარწმუნებული ვარ, ამ ქველმოქმედებაზე უარს არავინ გეტყოდათ. არ ვიცი, თქვენ ვის ხვდებით, ვის ესაუბრებით, საიდან იცით ხალხის აზრი, მაგრამ თუ სიმართლის შეტყობით დაინტერესდებით, თავად გაივლით თქვენგან მოტყუებულ ადგილობრივ მოსახლეობაში, უშუალოდ მათგანაც გაიგებთ, რას ფიქრობენ თქვენზე და ამ ხეების ამბავზე.
სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოხვედით, „ციციკორესავით“ მთელ ქვეყანას ჭკუას არიგებთ, აწესრიგებთ, ადგილს უჩენთ ყველას და ყველაფერს, სულ გგონიათ, რომ თქვენთან ყველა ვალშია, უნდა მოგიბოდიშოთ. ამასთან დაკავშირებით სიმართლე ის არის, რომ საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება, თავად თქვენ როდის მოუბოდიშებთ მას შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებებისთვის, თქვენი და თქვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაძვირებული ტარიფებისთვის, გაძვირებული ცხოვრებისთვის, ტოტალური უმუშევრობისთვის. მოსაბოდიშებელი მართლაც რომ ბევრი დაგიგროვდათ, თქვენ კი ისე საუბრობთ, თითქოს თქვენ წინაშე ყველა დამნაშავეა და ქვეყანაში მხოლოდ თქვენ ხართ ერთადერთი მართალი ადამიანი და ამიტომაც უნდა გეთაყვანებოდნენ. სანამ ჯერ კიდევ დროა, გაიფანტეთ ეს ილუზია, ბატონო ბიძინა და რეალობას საკუთარი თვალით შეხედეთ.
მე დღეს, თქვენი ინტერვიუს შემდეგ, ადგილობრივებთან ჩემი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც მოვიტანე, რომელსაც, ცხადია, გვარ-სახელის გარეშე დავბეჭდავ, რადგან თქვენი გამოსვლის შემდეგ მათ კიდევ უფრო ეშინიათ, ცუდი არაფერი მოსწიოთ. მათთან საუბარში წვერმაღალასთან დაკავშირებით იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე აქამდე ვიცოდი. ამ საუბრიდან ისიც ჩანს, რომ მე მართალი ვარ და ხალხი თუ დღეს ქვებს არ გაყრით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ეშინია. ყველა ეს ჩანაწერი ჩემთან შეინახება და საჭირო თუ გახდა, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ არაფერს ვიგონებ.
მოქალაქე ი.გ.:
_ გამარჯობა, ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? ნათია ვარ, შარაშენიძე, რა უნდა გკითხოთ: ხეები რომ შემოირაგა ახლა, მახსოვს, ადრე მანდ გზა გადიოდა და მოსახლეობა დადიოდა, ხომ მართალი ვარ?
_ კი, კი, მართალი ხარ.
_ მოკლე გზა იყო და მაგ გზას მოსახლეობა იყენებდა.
_ მოკლე გზა კი არ იყო, ჩვეულებრივი გზა იყო და მოსახლეობა მაგ გზას იყენებდა, დასახლებაში შედიოდა. ხო, მარა, მაგათ ახლა იქინე გზა გადაკეტეს, არაფერი არ შეცვლილა. რა გაინტერესებს, მითხარი და გიპასუხებ.
_ ის მაინტერესებს, რომ ადრე მანდ ტერიტორიის შემოღობვა რომ დაიწყო, რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მაგ ადგილას ხეების მოჭრა იგეგმება და ჩვენ წინააღმდეგები ვართო, თუ ხეები მოიჭრა, ეს ამბავი პროტესტს გამოიწვევსო. ესეც ასეა?
_ არა, არა, ხეების მოჭრა ვარიანტი არაა.
_ კი, მაგრამ ახლა ხომ კერძო საკუთრებაში გადავიდა ეს ხეები?..
_ კი, ივანიშვილმა იყიდა ახლა, რაღაცას აკეთებს, სახლივითაა მგონი, მოკლედ, თავისთვისაა, ხალხისთვის და საზოგადოებისთვის არ აკეთებს, მისთვის იკეთებს მაი კაცი.
_ ისე, როგორ ფიქრობთ, მანდ ხეები რომ მოიჭრას, თქვენ, როგორც ერთი ადამიანი, წინააღმდეგი იქნებით?
_ წინააღმდეგი რა ვიცი, ნათია, ჩასაფრებულის პოზიციიდან არ მიყვარს მე საუბარი. მაქანე იყო ბარდი, ეკალი, ახლა დაამშვენეს, გაალამაზეს, მატარებლის მოსაცდელი გაარემონტეს, გაანათეს და რა ვიცი, ახლა, მე წინააღმდეგი არ ვარ და მშვენიერი კარგია, გალამაზებულია, ხის მოჭრა გამორიცხულია, შანსი არაა, მაქანე ხეი მეიჭრას. არ მგონია, რომ მოჭრას, მარა რა ვიცი, კაცს რა აქვს გუნებაში.
_ ისე, ეგ ტერიტორია სახელმწიფოსი ხომ იყო და როგორ გადავიდა კერძო საკუთრებაში?
_ სახელმწიფოსი არა, კერძო საკუთრება იყო.
_ გზა თუ გადიოდა, კერძო პირი ხალხს ამის უფლებას აძლევდა?
_ გზა რომ გადიოდა, გზის მარჯვენა და მარცხენა მხარე იყო კერძო საკუთრება, ეგ ხეები წვერმაღალას ეკუთვნოდა, მაგრამ მეპატრონეს ივანიშვილმა იმაზე მეტი გადაუხადა, რაც ღირდა და ყველაფერი მისი გახდა.
_ წვერმაღალას ეკუთვნოდა ხომ, მეურნეობას?
_ არა, არა კერძოზე იყო გაფორმებული.
_ ისე, ვინ იყო მეპატრონე, ესეც იცით?
_ კი, როგორ არ ვიცი, ჩემი მეგობარია, კალანდარიშვილი, მაგისი იყო. ასპროცენტიანი ვიცი, რომ კერძო იყო.
_ მაგრამ ეს ასწლოვანი ხეებიც მათ დარგეს, თუ რანაირად გახდა მათი?
_ მაგი ხომ იცი, წინა მთავრობის დროს დიდი განუკითხაობა რომ იყო, ყველაფერს რომ იფორმებდნენ და ყველაფერი შეიძლებოდა, მაშინაა გაკეთებული.
_ მაშინ გადაიფორმეს კერძო საკუთრებაში?
_ ხო, მაშინ.
_ მეც მახსოვს, რომ მანდ გზა გადიოდა და ხალხი იყენებდა მაგ გზას...
_ ხო, მაი კი კაცო, მანამდე სახელმწიფოსი იყო ეგ და გზა იყო ჩვეულებრივად, მერე რომ ხდებოდა, ყველაფერს იფორმებდნენ და ყველაფერი შეიძლებოდა, კერძო საკუთრებაში გადაიფორმეს. ჩემი მეგობრები არიან, ვიცი, კაცო, 100% ვიცი, საბუთებით, კერძოში იყო. ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ხეებზე, რაც მე ვიცი, სხვას არ ექნება, თუმცა რაც მე ვიცი, იგი ეცოდინება სხვასაც და სოფელსაც.
_ მე რამდენადაც ვიცი, სოფელი უკმაყოფილო იყო ამ ხეების მისაკუთრების გამო და ახლაც ასეა?
_ არ არიან უკმაყოფილო, რა აქვენ საუკმაყოფილო?
_ კი, მაგრამ თუ აკეთებდა ეს ადამიანი კეთილ და კარგ საქმეს, ამას მაინცდამაინც შემორაგვა უნდოდა?
_ ხო, კერძო საკუთრებაა, მისია და რასაც უნდა, იმას იზამს.
_ ქველმოქმედება გაეკეთებინა, გაელამაზებინა, ისე მოევლო და ეპატრონებინა მაგ ასწლოვანი ხეებისთვის. ამაზე იყო ხალხი უკმაყოფილო, თორემ სხვა რამეზე კი არა. მასე შემოირაგა მთელი შავი ზღვის სანაპირო...
_ ეჰ... ხო, რას იზამ? ახლა ხომ იცი, ყვარყვარე თუთაბერის დროა.
მოქალაქე ვ.კ.:
_ გამარჯობა, როგორ ხართ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ, გაგაღვიძეთ, მგონია?
_ არა, რას ამბობ, ნათია, სურდო შემეყარა და ამიტომაც მაქვს ასეთი ხმა. გისმენ.
_ ახლა რატომ გირეკავ: თუ იცი, შენ და შენები ხომ წვერმაღალას ეკუთვნით?
_ ხო, კი...
_ მანდ რომ ადრე გზა გადიოდა, ახლა რომ შემორაგა ივანიშვილმა...
_ უიიი, მაგი გადაშენდა ერთ დღეს...
_ ხო, აი, მაგასთან დაკავშირებით მინდა გკითხო: რამდენიმე თვის წინ ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა მაგ ხეებთან დაკავშირებით. სანამ შემოირაგებოდა, მანამდე, სანამ მანდ მძიმე ტექნიკა მუშაობდა, ანუ ჯერ კიდევ სამუშაოები მიდიოდა, რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მაგ ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო, რომ ივანიშვილმა იყიდა და მათი ინფორმაციით მას განზრახული აქვს ასწლოვანი ხეების მოჭრა. თუ ეს ხეები მოიჭრებოდა, ამას აუცილებლად ხალხის ვნებათაღელვა მოჰყვებოდა, რადგან მოსახლეობის განცხადებით, ხეები მათი მამა-პაპის გაზრდილია და მეპატრონეც თავად ხალხია და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნებაო. ამასთან დაკავშირებით მინდა, რამდენიმე კითხვა დაგისვა...
_ სად იყო ივანიშვილი, ხელისუფლებაში არ იყო მოსული, როცა მანდ წლების წინათ ზღვის სანაპიროზე იყიდა ადგილი, ხომ იცი, სახლი აქვს ახლა იქ. მაშინ ხალხი სიხარულით აღარ იყო, ააყვავებს აქაურობასო. მე ვუთხარი, _ რა გიხარიათ, ეგ კაცი მალე ყველაფერს იყიდის და ძროხის საბალახო ადგილი აღარ დარჩება ამ სოფელში-მეთქი. უი, მაშინ შემომაცვივდნენ პირში. ისე აგიხდა ყველაფერი.
_ ახლა ეს რომ შემოირაგა, ის ჭადრებიც შიგნით მოიყოლა?
_ კი, შიგნითაა მოქცეული.
_ როგორც ვიცი, მანდ გზა გადიოდა და ხალხი სარგებლობდა.
_ ხო, აბა? როგორ მიყვარდა ეგ გზა. მაგრამ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ისეთი იყო, რომ სულ კატა ყეფდა. მაგ ტერიტორია ვიღაც წვერმაღალელი კაცის ყოფილა.
_ კალანდარიშვილის?
_ მაგ კაცმაც მიისაკუთრა ეგ! როგორ შეიძლებოდა მაგის კერძო საკუთრებაში გადასვლა? როგორ შეიძლებოდა გასასვლელი გზის დაკანონება და შემოღობვა? მანდ მეწყერსაშიში ზონებია და ყველაფერს თავისი სტანდარტი აქვს, მაგრამ ვინ უყურებს სტანდარტებს?
_ ადრე მაქაურმა მცხოვრებლებმა მითხრეს, წინააღმდეგი ვიქნებით მაგ ტერიტორიაზე ხის მოჭრისო.
_ უი, უი, გაჩერდი, ვინაა ხმის ამომღები? მაგის იმედი არ გქონდეს შენ, ვინცხას რაცხა ორი კაპიკი მისცა და ის ამოიღებს ხმას?! გადასახლება მოუწევს მაგას მალე, ყველა ფეხის ნაბიჯზე გაჭირვებული ხალხი ხვდება და ახლა რომ ვეღარ დაიხსნა თავი ხალხისგან, ამბობენ, გვირაბი გამოჰყავს სახლიდან ამ ადგილამდეო.
_ როცა თავიდან ამის შესახებ მითხრეს, მაინცდამაინც კმაყოფილები არ იყვნენ, რომ ეგ ადგილი ივანიშვილმა შემოღობა, პირიქით, უკმაყოფილოები იყვნენ ძალიან.
_ არა, ქალო, მე ისე დამწყდა გული, ისე მიყვარდა ეგ გზა.
_ თან ქველმოქმედებას თუ აკეთებს ეს კაცი და რამე თუ უნდა ხალხისთვის, ისე გაეკეთებინა და მოევლო მაგ ხეებისთვის, ვინ ეტყოდა უარს? მაინცდამაინც უნდა შემორაგო?
_ ხალხის დარდი ვის აქვს, მაგას რომ ჰქონდეს? უარესის ღირსია ხალხი, გაჭირვებულ ხალხს რაცხა იმედი ჰქონდა, მარა მასე თუ დაიკიდებდა ხალხს ფეხებზე, ვინ იფიქრებდა?
_ ვის აქვს ხალხის დარდი. სანამ სტატია დაიბეჭდებოდა, კი მითხრეს, რომ წინააღმდეგი ვართო, მაგრამ შიშით ახლა ხალხი ხმის ამომღებია?
_ არა, არა, შანსი არაა, ხმის ამომღები არაა არავინ. ჯერ რა გააკეთა, რა ღობეა, ვერ ჩაიჭიტინებ შიგნით, არც გვინდა, არც გვაინტერესებს. როგორ არ რცხვენია, გვირაბი კი არ უნდა გაიკეთოს, მიწა ამოითხაროს და შიგ ჩაწვეს. ნეტა, მიტინგებს მოუწყობდნენ მაგ სახლთან! ამ მშიერ ხალთან რომ ჩადგა მაი ღობე და რას აკეთებს, კაცმა არ იცის, გარედან ხალხმა ნერწყვები უნდა ყლაპოს, ისემც უქნიათ, თავი მოუძვრიათ მთლად. საგიჟეთია, ქვეყანა კი არა, გლეხს ტყიდან შეშა ვერ მოუტანია სახლში, ტყეში დამპალი ხე რომ იყოს და იმას ასხეპდეს, არ აპატიებენ და მან ყველაფერი მიისაკუთრა.
მოქალაქე ე.მ.:
_ წვერმაღალის ხეებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა თქვენთვის, ივანიშვილმა რომ იყიდა ახლა და შემოიღობა, მოგწონთ თქვენ ამ ხეების შემოღობვა? ადრე გზა გადიოდა მანდ.
_ კი, გზა გადიოდა, ახლა პარკი გააკეთა, გაალამაზა, უპატრონა.
_ მოსახლეობა შედის მაგ პარკში, როგორც თქვენ უწოდებთ?
_ არა, არა, ეგ თავისთვის გაიკეთა, როგორც ვხვდები, საზაფხულო რეზიდენციაა.
_ შემოღობვამდე მოსახლეობა აღშფოთებული იყო, ივანიშვილი ხეების მოჭრას გეგმავსო.
_ აჰა, თქვენ გინდათ ინფორმაცია, ხო?
_ არა, მე თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც წვერმაღალელის.
_ იცით, რა, მე არ მინდა, ჩემი სახელი და გვარი გამოჩნდეს სადმე. მე ვიცი, რომ არ მოჭრის მაგ ხეებს, ყველაფერი კარგად გააკეთა.
`ქრონიკა+” მომდევნო ნომერში უკვე სპეციალურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, თუ რა ხდება წვერმაღალაში, რა პრობლემები აქვთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და რას ითხოვენ ხელისუფლებისგან.