„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბში გიგლა აგულაშვილის განცხადებაზე, რომელიც უბნებზე პროვოკატორების გამოჩენას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა:
„მინდა გითხრათ, რომ ირმა ინაშვილის შტაბს არანაირად არ აძლევს ხელს, რომ პროვოკაციები მოაწყონ. არ შედის ეს ჩვენ ინტერესში, ეს არ არის ჩვენი ხელწერა და ჩვენი სტილი. ისედაც ვიგებთ ამ არჩევნებს, რადგან საგარეჯოელების ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი სურვილია - ერთად გამოვავლინოთ ეს პროვოკაციები და მოვუწოდებ ყველა კონკურენტს, ეს შტაბი იყოს გამაერთიანებელი, რომელიც დააფიქსირებს ყველა მსგავს ფაქტს. მე ვემიჯნები ამ პროვოკაციებს, თუკი სადმე გამოვლინდა, რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება. თუმცა გარწმუნებთ, რომ საგარეჯოში ჩამოსულები არიან მართლაც პროვოკატორები, მაგრამ ისინი არც ჩვენი პარტიის წევრები არიან და არც არავითარი კავშირი აქვთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს გამოიყენებენ სხვადასხვა ტიპის პროვოკაციებისთვის, რასაც არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება იარაღს, წარმოადგინოს ბატონმა გიგლამ რას გულისხმობს, მანქანის ნომრებიც, მოპოვებული მასალაც და ვიმსჯელოთ - ვინ არის ეს ხალხი და რისთვის არიან საგარეჯოში.“