QronikaPlus
„აწარმოე საქართველოში“ მონაწილე მეწარმე ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს?!

„აწარმოე საქართველოში“ მონაწილე მეწარმე ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს?!

2015-10-25 06:50:00

ყოფილი ექსპერტი, ქიმიკოსი ვახტანგ ნაცვლიშვილი, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ „მეოცნებე ხელისუფლების“ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ არის თავსმოხვეული ილუზია, რომლითაც რიგით ადამიანებს დროს ფუჭად აკარგვინებენ. იგი ამ პროექტთან დაკავშირებით თავსგადახდენილ ამბებს გვიყვება და საკუთარი წარუმატებლობის დღემდე გაურკვეველ ფაქტორებზე საუბრობს. ვახტანგ ნაცვლიშვილი: _ ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით და თავად მიხვდებით, რომ პროექტის შეფასებაში არ ვცდები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამა-პროექტში _ „აწარმოე საქართველოში“  მონაწილეობის მიღების თხოვნით, 2014 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართე (განცხადება: #26564), საიდანაც ის გადაეგზავნა ეკონომიკის სამინისტროს. ჩვენი ბიზნესიდეა, გეგმა ითვალისწინებდა სოკოს წარმოებას მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში მდებარე, დედაჩემის, დალი რევიშვილის კუთვნილ 1200 მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებში, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია, ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ტექნოლოგიური სქემა ეკონიმიკის  სამინისტროს 2014 წლის 19 აგვისტოს მივაწოდე, თუმცა პროექტის განხორციელების დაყოვნებასა და მასში მოხვედრის გაუმართლებელ შემთხვევითობაზე ჩემი ვარაუდისა და გონივრული ეჭვის შესახებ, ამავე წლის ოქტომბერში კვლავ მივმართე აღნიშნულ სამინისტროს განცხადებით. მასში მივუთითე ყველა იმ ფაქტზე, რომელიც შეშფოთების არგუმენტირებულ საფუძველს მაძლევდა. _ კონკრტულად რამ გამოიწვია თქვენი შეშფოთება? _ ტელევიზიით და სხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწია შპს „თეთრ ქუდს“, ასევე სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროექტს. პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც იყო და ახლაც არის „დამაიმედებელი“ საუბრები სოფლის მეურნეობის სფეროში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის შესახებ, თუმცა ჩემ შემთხვევაში, ამ კუთხით დადებითი არაფერი მომხდარა. დრო გადიოდა და განცხადებები განცხადებებად რჩებოდა. ისინი იგზავნებოდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოში. 2015 წლის 5 მაისს, მათგან მოწოდებული წერილის შესაბამისად კი მიმდინარეობდა ამ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის შერჩევის პროცესი. საბოლოოდ გაირკვა, რომ მცხეთის რაიონში ასეთ ორგანიზაციად შეირჩა „თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი~.          დადგენილი წესების შესაბამისად, პროექტში მონაწილეობის მსურველი 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი (მე, დედაჩემი და ჩემი ძმა) 2015 წლის ივლისში დავრეგისტრირდით ზემოთ ხსენებული ბიზნესიდეის განაცხადით, მაგრამ 22 სექტემბერს, ყოველგვარი არგუმენტების მითითების გარეშე,  გვაცნობეს, ქულების არასაკმარისი რაოდენობის მოპოვების გამო, კონკურსში დამარცხდითო. იქვე იყო მითითებული, რომ ძალების მოსინჯვა 2016 წლის თებერვალში კვლავ შეგვეძლო, რაც არის ცინიზმი და სხვა არაფერი. ჩვენ მიერ დაცული იყო ბიზნესიდეის სარეგისტრაციო ყველა მოთხოვნა. მონაცემები წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სიმბოლოთა/სიტყვათა რაოდენობის მითითებული შეზღუდვებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა ხსენებული ბიზნესის შესახებ სრული ინფორმაციის დაფიქსირებას. უნარჩენო წარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივის კუთხით მითითებული გვქონდა საქმიანობის ინოვაციური პოზიციების შესახებაც, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააიაფებდა ამ პროდუქტის თვითღირებულებას. წესით, ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი ამგვარი ბიზნესის სრულყოფილი განვითარებისთვის და ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტის შესაქმნელად. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია თანხის გახარჯვის კუთხით, ფუნქციების გადანაწილებისა და მოცემულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოცდილებასა და ცოდნაზე. აღვნიშნე ისიც, რომ ვიყავი ქიმიკოსი, 12 წელი ვმუშაობდი ექსპერტად და ქიმიურ და კვების პროდუქტებზე ექსპერტიზების ჩატარებაზე უფლებაც მქონდა მონიჭებული, რაც ასევე მნიშვნელოვანია მიცელიუმის (სოკოს სათესლე მასალა) დამამზადებელი ლაბორატორიის შესაქმნელად და ამით პროდუქტის მაღალი ხარისხის, თვითღირებულების კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლის მისაღწევად. ამ ყველაფრისთვის  ვითხოვდით 15 ლარის ოდენობის თანხას, თუმცა, როგორც გითხარით, კონკურსში დავმარცხდით. დამარცხების მიზეზები კი ჩვენთვის გაუგებარი და უცნობია. _ არ იცით, კონკურსის ქულები რა კრიტერიუმებით იწერება? _ არ ვიცით, რადგან უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით ისაზღვრება, დგინდება და ფასდება მოცემულ კონკურსში მოსაპოვებელი ქულების რაოდენობა. რამდენი არის გამსვლელი ქულა, რამდენი ქულა მოვიპოვეთ ჩვენ და რა წესები და პრაქტიკა უნდა გამოგვეყენებინა კონკურსში ბიზნესიდეის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. ასეთი ინფორმაციის მოწოდებას „შეგვპირდნენ“ 2016 წლის იანვარში, რაც არის ძალიან სასაცილო. დამარცხების მიზეზების გარკვევის მიზნით, წელს, 25 სექტემბერს, განცხადებით მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს (#65210), სადაც ჩვენი შემთხვევა მივამსგავსე „მიშიზმის“ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ვივარაუდე, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით გათვალისწინებული მეწარმეების ხელშეწყობა არის შერჩევითი და ორმაგი სტანდარტის. მოცემული ბიზნესის სფერო უკვე დაკავებულია, მონოპოლიზებულია იმ დაინტერესებული პირების მიერ და ხელშეწყობით, რომელთაც ხელეწიფებათ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამა თუ იმ მეწარმის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ეს პროგრამა გათვლილია მასში მონაწილეობის მსურველთა მიერ წარდგენილი იდეების, ინოვაციების მითვისებისთვის, რაც ასევე აღმაშფოთებელია. _ თქვენს ბედქვეშ ადგილობრივი ბიზნესის დაწყების სხვა მოსურნეებიც აღმოჩნდნენ? ამ პროექტით უკმაყოფილონი სხვებიც არიან? _ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ შუქდება მხოლოდ დაფინანსებულთა ჯგუფი, დაუფინანსებელთა შემთხვევებზე კი არავინ არაფერს ლაპარაკობს. ყველა ასეთი უარი არის დაუსაბუთებელი, ბუნდოვანი და, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისი სამართლიანობის კუთხით გადამოწმება და შეფასება. როგორც ვიცი, განაწყენებული ამ პროექტის გამო ბევრია, რადგან მათაც, ჩემსავით, დაუსაბუთებელი უარი მიუვიდათ და დასაბუთებას დღემდე ვერ ეღირსნენ. ჩემ მიერ პრემიერისთვის მიწერილი წერილი განსახილველად გადაუგზავნეს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრემიერი წერილის გადაგზავნამდე ვერ მოახერხებდა მის შესწავლას, რადგან იმ პერიოდში ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც, ჩემი წერილი, ალბათ, კვლავ გააგრძელებს მოგზაურობას, რომელზედაც, სავარაუდოდ, პასუხი ან არ იქნება, ანდაც დაგვიანებით მოგვაწვდიან უაზრო და დაუსაბუთებელ ინფორმაციას კონკურსში დამარცხების მიზეზებზე. მსგავსი ვითარებაა თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროგრამის _ „დაიწყე ბიზნესი მერიის დახმარებით“ ფარგლებშიც. იქაც მოვსინჯე ნიადაგი და ანალოგიური თხოვნით მივმართე დავით ნარმანიას 2014 წელს. ჩემი განცხადებები რეაგირებისთვის გადაგზავნეს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში, საიდანაც საკითხის განსახილველად გადამისამართდა ერთ-ერთ ბანკში, რომლის სახელწოდებასაც, ობიექტური მიზეზების გამო, არ ვასახელებ. ბანკიდან მიღებული ზეპირი ინფორმაციის შესაბამისად კი ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მოთხოვნაზე პასუხი უსასრულიდ გაიწელებოდა და დაფინანსებას მაინც ვერ მივიღებდი. _ ასეთი განა რა გითხრეს ბანკში? _ ბანკის კანცელარიამ გარკვეული სახის განცხადების მიღება-ჩაბარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მიზეზი კი არ დაუსახელებია. ამ განცხადების ფოსტით გაგზავნა მომიხდა, თუმცა პასუხი დღემდე მაინც არ მიმიღია. ამ ყველაფრის შემდეგ მიკვირს, რატომ აოცებს დღევანდელ მთავრობას, წინა ხელისუფლების მსგავსად, საქართველოში შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მოსახლეობა გამოსავალს საზღვარგარეთ რომ ეძებს? იმედია, ჟურნალისტები, თქვენი გაზეთი დაინტერესდება ამ თემით და ჟურნალისტური გამოძიება-გამოკვლევის გზით დაადგენთ ობიექტურ  ჭეშმარიტებას, _ რა ხდება სინამდვილეში ამ პროექტებთან დაკავშირებით და საზოგადოებას გააგებინებთ სიმართლეს. ბოლოს და ბოლოს, ხალხი ხომ აღარ გაწვალდება თავსმოხვეული, ილუზიურ პროექტებში მონაწილეობით, ამის გამო იქით-აქეთ სირბილითა და მიმართვებით. ეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, თავის მოტყუება, დამცირება და ფუჭად დროის ხარჯვა და თავს აღარ გაიწამებენ. როგორც უკვე გითხარით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის შემდგომი ტალღა 2016 წლის თებერვალშია მოსალოდნელი. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, საზოგადოებამ მასზე მონიტორინგი დააწესოს, თვალყური მიადევნოს და დააფიქსიროს ის პირადი ინტერესები, რაც ამ პროექტთან მიმართებით აქვთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. დადგა დრო, ფარდა აეხადოს ყველაფერს, რაც სიცრუეს, ხალხის „გადაგდებას“ და თვალის ახვევას ემსახურება.  

                                                                                                     ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება