ადვოკატი ვასილ ოსეფაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს. ის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორს, დავით კიკაჩეიშვილსა და ამავე რაიონის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას ითხოვს. როგორც ადვოკატი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, დღევანდელი სამართალდამცველი სისტემა უვიცებით გაივსო, რომელთაც საქმის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ. უწყებაში დაბრუნებულმა შევარდნაძის დროინდელმა კადრებმა კი ძველებურად აღებ-მიცემობა გააჩაღეს.
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი ვასილ ოსეფაშვილი ესაუბრება:
_ უკეთესად გარკვევის მიზნით, თავდაპირველად, მოკლედ მოგიყვებით იმ ისტორიას, რის გამოც დავუპირისპირდი პროკურორსა და პოლიციელებს: 2012 წლის 26 სექტემბერს ამხანაგობა „პეკინი 05“-მა ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა კორპუსის აშენებას. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყველა უფლება-მოვალეობა, რაც ეკისრებოდათ ამხანაგობის წევრებს. მე ვარ ტატიანა ფედოროვას ადვოკატი, რომელიც გახლავთ ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი და რომელიც თავისი მიწის ნაკვეთით შევიდა ამხანაგობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ამ ქალბატონმა შეიტანა, 307 კვ.მ. ფართის მიწა, რომელზედაც კორპუსი უნდა აშენებულიყო გამსახურდიას ქ. #6ა-ში. ტატიანა ფედოროვას, ამ მიწის სანაცვლოდ, ამხანაგობისგან უნდა მიეღო 72 კვ.მ. ფართის ბინა მე-2 სართულზე და 60 კვ.მ. ფართის ბინა ბოლო სართულზე, მანსარდაში. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით. 2013 წლის შემოდგომით მშენებლობის ვადა ამოიწურა, კორპუსი აშენდა, მაგრამ მთელი რიგი სამუშაოები გასაკეთებელი დარჩა. პრობლემებია მანსარდაშიც, ბინაში შედის წყალი, რადგან არ აშენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მშენებლობის სტანდარტები დარღვეულია. პრობლემა ის არის, რომ ზემოთა ნაწილში ბინას ესაზღვრება მიწა და იქიდან გამონაჟონი წყალი შემოდის. ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაც გვაქვს. მოკლედ რომ ვთქვათ და ტექნიკურ დეტალებს არ ჩავუღრმავდეთ, ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, არც მანსარდაა დასრულებული. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ სასამართლოში ვჩივით და ვითხოვთ ბინის ჩაბარებას იმ პირობებით, როგორიც განსაზღვრული იყო ხელშეკრულებით, სადაც ადამიანის ცხოვრება შესაძლებელი გახდება.
სანამ ეს კორპუსი აშენდებოდა, ამხანაგობის ერთ-ერთმა წევრმა, ნელი ბარათაშვილმა, ქალბატონ ტატიანას და მისი ოჯახის წევრებს საცხოვრებლად დაუთმო მისი კუთვნილი ბინა ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთი წლის ვადა რომ გავიდა, მან ფედოროვასა და ოჯახის დანარჩენ 5 წევრს ბინის დაცლა მოსთხოვა, მაგრამ ბინა ვერ გაათავისუფლეს, რადგან ახლად აშენებულ ბინაში შეუძლებელი იყო გადასვლა, ისიც იმიტომ, რომ მხარემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. მე პირადად იმ ბინის დერეფანი დატბორილი მაქვს ნანახი, იქ როგორ იცხოვრებდა ადამიანი?! 2013 წელს ნელი ბარათაშვილმა პოლიციას მიმართა და იძულებით გამოსახლება მოითხოვა. საქმე ვაკე-საბურთალოს განყოფილებას დაეწერა, გამომძიებელი იყო ზურა თაღიაშვილი. ვესაუბრე ამ ადამიანს, დოკუმენტები წარვუდგინე, პოლიციის უფროსიც ჩავაყენე საქმის კურსში და თითქმის ერთი წლით ჩაწყნარდა ეს ამბავი. მაინც თავი დავიზღვიე და პოლიციის მიერ გამოცემული აქტი გავასაჩივრე შს სამინისტროში. ერთი წელი ველოდე პასუხს, მაგრამ დღემდე არ მიმიღია. ტელეფონით დავუკავშირდი სამინისტროს და მიპასუხეს, _ უფლება გვაქვს, არ გიპასუხოთო. რას ჰქვია, პასუხი არ გაგცეთ, ხომ უნდა მივიღო დადებითი ან უარყოფითი პასუხი?! არ ვიცი! ამას აცხადებს შს სამინისტრო. ერთი წლის განმავლობაში, რადგან ნელი ბარათაშვილმა მიზანს ვერ მიაღწია, ფსიქოლოგიურად დაიწყეს ამ ადამიანებზე ზეწოლა. კერძოდ, 2014 წლის 24 იანვარს ბინაში გაუთიშეს დენი, 27 იანვარს _ გაზი, წარმოიდგინეთ, მაშინ რა სიცივე იყო. რა ექნა ამ ხალხს? _ გაძლო, როგორც იყო. რადგან ამითაც ვერ მიაღწიეს მიზანს, კიდევ მიმართეს პოლიციის იგივე განყოფილებას და გამოსახლება მოითხოვეს. მეორე მიმართვის განცხადებაც კი არ არსებობს, პოლიციელები დასჯერდნენ ერთი წლის წინათ დაწერილ განცახდებას, მივიდნენ და 2014 წლის 18 სექტემბერს გაასახლეს. გასახლების ოქმი კი არ არსებობდა, ახლა მივიღე, სასამართლოზე შესაგებელი რომ წარმოადგინეს გამგეობის წევრებმა, სარჩელზე იყო დართული. _ რის საფუძველზე ასახლებთ-მეთქი?! _ რომ შევეკითხე, არანაირი დოკუმენტი ადგილზე არ უჩვენებიათ. ეს გამოსახლებული ხალხი დაიქსაქსა და ახლა ნათესავებთან ცხოვრობს.
ეს გამოსახლება 2014 წლის 23 სექტემბერს გავასაჩივრე. ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომელიც პროკურორ დავით კიკაჩეიშვილს დაეწერა, ხოლო 7 ოქტომბერს საჩივრით მივმართე უკვე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ინსპექციამ თავიანთი პოლიციელების ქმედებაში დანაშაულის ნიშნები დაინახა და ეს ჩემი საჩივარი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას გადაუგზავნა. საჩივარი დაეწერა სხვა პროკურორს, რომელიც შემდეგ სხვაგან გადაიყვანეს და ეს საჩივარიც დავით კიკაჩეიშვილს დაეწერა. ეჭვი მაქვს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით, კორუფციული გარიგება შედგა, აბა, სხვაგვარად ასეთი რამე როგორ უნდა გააკეთო?! ველაპარაკე, მაგრამ ვერაფერი შევაგნებინე, ელემენტარული რამ უნდა იცოდე, რომ ეს გაიგო. ძალიან უვიცები არიან, ან შეგნებულად გააკეთეს, რადგან პროკურატურაში ისევ ძველი ხალხი დაბრუნდა, შევარდნაძის დროს ინსპექტორები რომ იყვნენ და კორუმპირებული ხალხით რომ იყო სავსე პოლიცია, მექრთამეობა და აღებ-მიცემობა რომ იყო გაჩაღებული, პოლიციის უფროსმა ფული აიღო და იმიტომ გაასახლა. სინამდვილეში, ამ ადამიანმა თავზე ხელი აიღო.
_ ამას რით დაამტკიცებთ?
_ თუ ასე არ არის, ე. ი. უვიცია და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს! აბა, რა უნდა ასეთ პოლიციელს სისტემაში?! მით უმეტეს, პოლიციის უფროსად, ან იმ გამომსახლებლებს რა უნდათ პოლიციაში?! ამათ ზეპირად უნდა იცოდნენ, გამოსახლებებზე რის უფლება აქვთ და რისი _ არა! ელემენტარულად, როდესაც მართლზომიერად ბინის ფლობის დოკუმენტს წარუდგენს, კი არ უნდა გამოასახლონ, პროცესი უნდა შეწყვიტონ! ამ ყველაფერმა გამოიწვია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ან საქმე გვაქვს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასთან.
_ როგორც ამბობთ, შს სამინისტრომ თავისი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაული დაინახა, პროკურატურას გადაუგზავნა გამოსაძიებლად და იქ გაამართლეს?
_ შს სამინისტროს გენინსპექციას დანაშაული რომ არ დაენახა და შეეფასებინათ, როგორც დისციპლინური დარღვევა, იქვე დადგებოდა ეს საკითხი. რადგან პროკურატურაში გადაიგზავნა ეს საქმე, მათ დანაშაულის ნიშნები დაინახეს. პროკურატურამ კი ხელი დააფარა. კიკაჩეიშვილს ვერაფრით დავუკავშირდი, ადგილზეც მივედი, კოორდინატორის მეშვეობითაც ვცადე. მხოლოდ და მხოლოდ ივნისში ვნახე შემთხვევით სხვა საქმეზე მისულმა და 9-თვიანი ძებნის შემდეგ მიპასუხა, _ 2015 წლის 16 ივნისს პოლიციელების ქმედებაში დანაშაული ვერ ვნახეო. როგორც ჩანს, პროკურატურა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოქალაქის განცხადებაზე პასუხის გაცემის 10-დღიან ვადას არ ცნობს, რაც საგანგაშო ფაქტია. იმის ნაცვლად, რომ პროკურატურამ, როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა უწყებამ, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონის მოთხოვნა, ხშირად თავად გვევლინება ელემენტარული სამართლის ნორმების ფეხქვეშ გამთელავ ორგანოდ. დღევანდელი ქართული პროკურატურა მცირედითაც კი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ გარკვეულა საკუთარ უპირველეს დანიშნულებაში _ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დარღვევის ყოველ სისხლის სამართლებრივ გამოვლინებაზე. სავალალოა, როდესაც პროკურორი შეგნებულად თუ შეუგნებლად ვერ ერკვევა ელემენტარულ სამოქალაქო ურთიერთობების სამართლებრივ ნიუანსებში და შედეგად იგი ავლენს ან კრიმინალურ ბუნებას, ხელს აფარებს რა პოლიციელთა დანაშაულებრივ საქმიანობას, ან აბსოლუტურ არაკომპეტენტურობას, მიუხედავად წერილობითი თუ ზეპირი განმარტებებისა, რომ სახეზე გვაქვს სამოქალაქო ურთიერთობა ორ მხარეს შორის, რომ სახელმწიფოს პოლიციელთა სახით არ აქვს უფლება, ჩაერიოს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც თავად მხარეების მოსაგვარებელია, ან მხოლოდ სასამართლოს განსჯის საგანია.
_ ახლა რას ითხოვთ მთავარი პროკურატურისგან?
_ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა ჯეროვნად ვერ, ან არ შეაფასა რა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილების პოლიციის თანამშრომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და არათუ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ამ უკანასკნელთა მიმართ, არამედ გამოძიებაც კი არ დაწყებულა, ამით გამოავლინა აბსოლუტური არაკომპეტენტურობა, რაც შეუფერებელი უნდა იყოს პროკურორისთვის და უნდა დაექვემდებაროს სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, ხოლო უარეს შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს შეგნებულ მოქმედებას და პოლიციის თანამშრომელთათვის დანაშაულებრივ საქმიანობაში ხელის დაფარებას, რასაც ცხადყოფს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმა და განცხადება/საჩივარზე 9 თვის დაგვიანებით პასუხის გაცემა, მისი ამგვარი ქმედება-სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სამსახურებრივი გულგრილობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით. ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებისა და უტყუარობაში დარწმუნების შემდგომ მოვითხოვ, დაუყოვნებლივ რეაგირებას და მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს _ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე და შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც აბსოლუტურად რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე ჩაერივნენ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში. ეს საჩივარი რამდენიმე დღის წინათ მთავარ პროკურატურაში შევიტანე. მთავარმა პროკურორმა ბადაშვილმა დააწერა თავის მოადგილეს, მისმა მოადგილემ სხვას დააწერა მთავარ პროკურატურაში, იმან კიდევ ქალაქის პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბაძეს. იმედი მაქვს, ჩემს საჩივარს ახლა მაინც მიეცემა მსვლელობა.
თამარ ბატიაშვილი