„ქრონიკა+“-ის რედაქციაში მოსულმა ქალბატონმა, მარიკა ხვადაგიანმა, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი, გია ფირცხალავა ყოფილი სიძის ოჯახზე შურისძიებაში დაადანაშაულა და სამართლიანობის აღსრულებაში დახმარება გაზეთს სთხოვა. მიაჩნია, რომ დავის სააშკარაოზე გამოტანა იმ ადამიანებს დააფიქრებს, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს. უფრო დეტალურად იმ ინტერვიუში გაეცნობით, რომელიც „ქრონიკა+“-მა ჩაწერა.
მარიკა ხვადაგიანი:
_ ახლა მოგიყვებით, როგორ მოისყიდა ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა, მილიონერმა გია ფირცხალავამ, პროკურორები და როგორი წარმატებით იძია შური მის ყოფილ სიძეზე, გეგი ხვადაგიანზე, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო ოფიციალურად გაშორების გაფორმება ფირცხალავას დასთან, ქეთინო ფირცხალავასთან. რადგან მათ გეგიზე შურისძიება ვერ მოასწრეს, მე, მარიკა ხვადაგიანი, გეგის დიდად მოსიყვარულე და ხომ დავრჩი ცოცხალი და ეს ჩემზე განახორციელეს.
ჩემი მშობლები გიორგი ხვადაგიანი და ნინო კობახიძე _ უკვე გარდაცვლილები არიან. მამა _ გიორგი ხვადაგიანი გარდაიცვალა 1999 წელს, ხოლო დედა, ნინო კობახიძე _ 1998 წელს. მათ საკუთრებაში ჰქონდათ სახლი თბილისში (ვ. ანჯაფარიძის ქუჩა #12), რომელიც ირიცხებოდა დედის სახელზე და აგარაკი მცხეთაში (კოსმონავტების ქუჩა #2ა), რომელიც ირიცხებოდა მამის სახელზე. ისე გარდაიცვალნენ, არც ერთს ანდერძი არ დაუტოვებია. 2002 წლის 16 დეკემბერს კი გარდაიცვალა ჩემი ძმა _ გერმანე (გეგი) ხვადაგიანი, რომელსაც დარჩა ცოლი, აწ გარდაცვლილი (გარდაიცვალა 2014 წლის 14 იანვარს) ქეთევან ფირცხალავა, რომელმაც სიცოცხლეში განიზრახა, ფარულად და უკანონოდ დაუფლებოდა ჩვენი ოჯახის მთლიან სამკვიდრო ქონებას.
2000 წლიდან 2008 წლამდე მე დროებით ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ვსაქმიანობდი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. საქართველოში როცა დავბრუნდი და ეს ამბავი გავიგე, მივაკითხე ქეთევან ფირცხალავას და ვუთხარი, რომ მყავდა არაერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი ტყუოდა და ქონების გაფორმების დროს წარდგენილი ჰქონდა ყალბი საბუთები. ქეთევან ფირცხალავას ძმა, გია ფირცხალავა, იმ დროსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა და იყო ზურაბ ადეიშვილის ახლო მეგობარი. ეს მან თავად გამომიცხადა და დამემუქრა, რომ თუ მე ან ჩემი მოწმეები ხმას ამოვიღებდით, გაგვანადგურებდა.
_ ზურაბ ადეიშვილით დაგემუქრათ?
_ დიახ, როცა ვუთხარი, რომ იმ უკანონობის გამო, რაც მან ჩაიდინა, დასაჭერად ექნებოდა საქმე, მომიგო: ხომ იცი, რომ ზურაბ ადეიშვილი ჩემი ძმის მეგობარია, ისიც ხომ იცი, `ნაცმოძრაობასთან~ რომ გვაქვს კავშირები, თუ არ გაჩერდები, ნახე, რაც დაგემართებაო. მის ძმას არა მარტო ადეიშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და სხვებთანაც ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობები და ჩაის არ სვამდა მათ გარეშე. ამის შემდეგ ორივე სახლიდან გამომაგდო.
სამკვიდრო ქონების დაუფლების მიზნით, ცხადია, ქეთევან ფირცხალავას ესაჭიროებოდა ცნობა, რის გამოც ის დაუკავშირდა მცხეთის გამგეობის თანამშრომელს, ზურაბ მარტოლეკს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა ნოტარიუსთან წარსადგენად იმის თაობაზე, რომ მამაჩემის, გიორგი ხვადაგიანის გარდაცვალების შემდეგ, მცხეთაში, კოსმონავტების #2ა-ში მდებარე ქონებას ფლობდა და განაგებდა მხოლოდ ჩემი ძმა, გერმანე ხვადაგიანი. ვინაიდან მსგავსი შინაარსის დოკუმენტს ესაჭიროებოდა გამგეობის თავმჯდომარის ხელმოწერა, ზურაბ მარტოლეკმა დოკუმენტზე დააფიქსირა შალვა ხამხაძის სახელი და თანამდებობა (იგი იმ დროისთვის იყო საკრებულოს თავმჯდომარე), ხოლო მის ნაცვლად თავად მოაწერა ხელი. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის #414 ბრძანებულების მე-9 მუხლის ე ქვეპუნქტის მიხედვით: „თუ თანამდებობის პირი, რომლის ხელმოწერაც მომზადებულია დოკუმენტის პროექტზე, არ არის ადგილზე, დოკუმენტს ხელს აწერს პირი, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას, ან მისი მოადგილე. ამასთან აუცილებლად აღინიშნება დოკუმენტის ხელმომწერი პირის ფაქტობრივი თანამდებობა და გვარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი შინაარსის დოკუმენტის გაცემის კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონოდათ და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს უნდა დაედგინა, გარდაცვლილი გერმანე ხვადაგიანის მიერ უძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლების კანონისმიერი ფაქტი, მაგრამ, კანონმდებლობით, ამის დადგენის უფლებამოსილებით სარგებლობს ნოტარიუსი და, რა თქმა უნდა, სასამართლო, მაგრამ ზურაბ მარტოლეკი შევიდა დანაშაულებრივ კავშირში ქეთევან ფირცხალავასთან და გასცა 2003 წლის 04.03-ში ცნობა იმის შესახებ, თითქოს მამაჩემის, გიორგი ხვადაგიანის გარდაცვალების შემდეგ მცხეთის სახლს ფლობდა მხოლოდ გერმანე ხვადაგიანი და მისი ოჯახი, რაც სრული სიცრუეა. აღნიშნული ქმედებით ზურაბ მარტოლეკმა სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და ქეთევან ფირცხალავას საშუალება მისცა, უპირატესობა მიეღო დავაში, რამაც ჩემი უფლების, კანონიერი ინტერესის არსებითი დარვევა გამოიწვია. ეს ყალბი დოკუმენტი ზურაბ მარტოლეკმა გადასცა აწ გარდაცვლილ ქეთევან ფირცხალავას მაშინ, როდესაც აწ გარდაცვლილი ჩემი მშობლების პირველი რიგის მემკვიდრეები ვიყავით მეც და ჩემი უფროსი ძმა ირაკლი ხვადაგიანიც.
_ ზურაბ მარტოლეკმა ეს რატომ გააკეთა, მას რა დაინტერესება ჰქონდა?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება მას რომელიმე ზემდგომმა უბრძანა, ხელი მოაწერეო, ანდაც ქეთევან ფირცხალავამ მას გადაუხადა თანხა და ისიც დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა, ანუ ქრთამის საფასურად ჩაიდინა ასეთი დანაშაული. ცხადია, არ მინახავს, როგორ გადასცა ფირცხალავამ ეს ქრთამი, არც ის ვიცი, ვინ მისცა დავალება მარტოლეკს, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ის აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში იმისათვის, რაც გააკეთა. ზურაბ მარტოლეკი ამ საქმეში არის პირველი დამნაშავე, სამართლიანობა, რომ აღსრულებულიყო, ის ახლა ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ამჟამადაც მცხეთის მერიაში მუშაობს. მისი ნამოქმედარის საფუძველზე მე მივიღე უზარმაზარი ზიანი, ზარალი და მომავალშიც არ ვიცი, რა მოჰყვება ამ ამბავს. რადგან გამოსავალი ჩემი სიკვდილი დარჩა, არ ვიცი, ისინი მომკლავენ, თუ თავად ავიღებ ბომბს და თავს ავიფეთქებ სხვებთან ერთად. ეს ყველაფერი არის ზურაბ მარტოლეკის ხელმოწერის ბრალი.
როგორც ჩანს, ფირცხალავებს წინაწარ ჰქონდათ შემუშავებული გეგმა და დაწერილი სცენარი, რომ ჩემი გარდაცვლილი ძმის გამო, რომელიც ცოლთან, ფაქტობრივად, გაცილებული იყო, თუმცა ოფიციალურად არ ჰქონდათ ეს გაფორმებული, მე ქუჩაში უნდა გამოვეგდე, რაც ელიტარული „მეგობრების“ ხელშეწყობით რამდენიმე თვეში მოახერხეს კიდევაც. ყალბი საბუთები მიკავია ხელში და ვადასტურებ კიდევაც, რომ ის არის მართლაც ყალბი. საბუთებს ექსპერტიზა ჩატარებული აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ საქმის პროკურორებიც იყვნენ ზეწოლის ქვეშ. მათ პირველად როცა შევხვდი, მეუბნებოდნენ, რომ ქეთევან ფირცხალავას ჰქონდა ყალბი საბუთები, თანაც ჩაიდინა თაღლითობა, რადგან ნოტარიუსთან მემკვიდრეები დაგმალათ და არ გამოგაჩინათო. გარდა იმისა, რომ მარტოლეკს და ხამხაძეს უფლებამოსილების გადამეტებისთვის პასუხისგებაში მივცემთ, შენს რძალს 6-დან 15 წლამდე ციხე ეკუთვნისო. მე ავუხსენი მათ, რომ ჩემი ძმისშვილების დედის დაჭერით არ ვიყავი დაინტერესებული და ჩემს ინტერესს წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ ჩემი მშობლების მემკვიდრეობიდან კუთვნილი წილი მრგებოდა. მცხეთის სახლში დღემდე აწყვია ჩემი პირადი ნივთები, მაგრამ ვერ გამომაქვს სახლთან დაყენებული დაცვის გამო. პროკურორებმა მაშინაც იცოდნენ და ახლაც იციან, რომ რეალურად ეს ყველაფერი არის ასე და მე ვარ მართალი ადამიანი, მაგრამ „ზემოდან“ აქვთ ზეწოლა. რიგით პროკურორს არაფრის გადაწყვეტა არც „ნაციონალების“ დროს შეეძლო და ახლაც ასეა.
კვლავ გავაგრძელებ ამბის მოყოლას: აღნიშნულის შემდეგ აწ გარდაცვლილმა ქეთევან ფირცხალავამ მითითებული ყალბი ცნობებით მიაკითხა ნოტარიუს ლუიზა ქამუშაძეს, სადაც დაწერა კიდევ ერთი ყალბი განცხადება სამკვიდროს მიღებაზე და განაცხადა, რომ წარმოადგენდა მამაჩემის, გიორგი ხვადაგიანის ერთადერთ მემკვიდრეს და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაეუფლა ჩემს კუთვნილ ქონებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2009 წლის 20 ივლისს, საჩივრით მივმართე მცხეთის პროკურატურას, რის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე #032090249 ყალბი დოკუმენტების შეძენისა და გამოყენების ფაქტზე. საქმე გადაეგზავნა ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებას და დაიწყო გამოძიება. 2010 წლის 21 იანვარს ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ამის შემდეგ მცხეთის სამხარეო პოლიციამ მაინც გამომასახლა მცხეთის სახლიდან სრულიად უკანონოდ, ქეთევან და გია ფირცხალავების დაჟინებული მოთხოვნით, ხოლო 2010 წლის აგვისტოში თბილისის სახლიდანაც გამომასახლა ძველი თბილისის რაიონის პოლიციამ. აი, ასეთი ცინიკური დამოკიდებულებაა კანონის მიმართ. 2011 წლის 8 აგვისტოს კი, ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში, პროკურორ ლერი სარაიდაროვის მიერ გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის #032090249 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის _ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მაშინ როდესაც საქმეში არსებობს ჩემ მიერ ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტები, რის საფუძველზედაც ქეთევან ფირცხალავა უკანონოდ დაეუფლა ჩემს კუთვნილ სამკვიდრო ქონებას, მე გამომაგდო სახლიდან და დავრჩი ქუჩაში. ეს ყველაფერი მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარპაშის დროს!
_ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ამ საქმესთან დაკავშირებით რამე შეიცვალა?
_ მივმართე ყველა სამართლებრივ ინსტანციას, რათა აღმედგინა სამართლიანობა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ქეთევან ფირცხალავას და მის ოჯახს ჰქონდა მყარი კავშირი „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებთან და იმ რეჟიმის უკანონო ქმედებას ვერანაირად ვერ მოვერიე. სააკაშვილის დამანგრეველი რეჟიმის თავიდან მოშორებისა და „ქართული ოცნება _ ბიძინა ივანიშვილის“ ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილით, რკინის ქალამნები ჩავიცვი და ძალისხმევა არ მომიკლია, რათა მათ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შემეტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა ახლა მაინც აღდგებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, არც ერთი ოცნება არ ამისრულდა არც მე და არც ჩემს თანამოქალაქეებს. ხელახლა გავიარე ყველა სამართლებრივი ინსტანცია, სამართლიანობის აღდგენის იმედით _ გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, სახალხო დამცველი, პარლამენტი, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, შეხვედრები მათ წარმომადგენლებთან, მაგრამ გამარჯვებული ისევ უსამართლობა და ბოროტებაა. ფუფუნებაში და ნაყროვანებაში მყოფი, მოსყიდული „სამართალდამცველები” და ჩინოვნიკები ისევ მასხრად მიგდებენ.
მინდა, გაგაცნოთ პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, მანანა კობახიძესთან ჩემი ფეისბუქმიმოწერა, რომლისთვისაც ჩემი კერძო საქმე მნიშვნელოვანი არ არის იმ დროს, რადგან ის, თურმე, დაკავებულია ქვეყნის ევროინტეგრირების პროცესით. საკუთარი კეთილდღეობით გაბრუებულებს აღარ ახსოვთ, რომ ქვეყანა არის ხალხი და ერთი ადამიანიც კი უსამართლობით რომ ამოახრჩო, ეს არის ქვეყნის უბედურება. ამისათვის ისინი სინდისმა უნდა შეაწუხოს, მაგრამ სინდისი არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გააჩნია.
ასეთი სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა ჩემმა ქვეყანამ, მისმა კორუმპირებულმა „სამართალდამცველებმა” და მისმა დაყრუებულმა მმართველობამ. საჩივრების შეტანის დროს, ზოგჯერ, „სამართალდამცველებისგან” ჩემთვის ტრაგიკომიკური პასუხიც მიმიღია. ძველი თბილისის პროკურატურაში, ბოლო შეხვედრისას, პროკურორმა გიორგი შაფათავამ მომახსენა, _ ყველა სამართალდამცველმა ვიცით, რომ მართალი ხარ, რა თქმა უნდა, მამაშენის, ანუ შენი სახლი გეკუთვნის, მაგრამ, ვნახოთ, დაველაპარაკებით გია ფირცხალავას და უეჭველი შენსას მიიღებო. იმედით ავივსე, მაგრამ ამაოდ, გია ფირცხალავამ არ ინება ჩემთვის კუთვნილი წილის გადმოცემა. ალბათ, არჩია, სხვისთვის შეეთავაზებინა ეს წილი და საქმე კვლავ შეაწყვეტინა. ამ პროკურორის ბოლო სიტყვა იყო: „მეცოდები, რა ვქნა, მეცოდებიო”! რა ექნა? ვინ ეკითხება რიგით პროკურორს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას? მათ ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ. იმდენი საჩივარი შევიდა ჩემგან ძველი თბილისის პროკურატურაში, რომ ბოლოს მიპასუხეს: იცი, ჩვენ უფლება გვაქვს, პასუხიც აღარ მოგცეთო! წლების განმავლობაში გრძელდება ჩემი საჩივრების გენერალური პროკურატურიდან ძველი თბილისის პროკურატურაში გადაგზავნა, საიდანაც იდენტური უარის პასუხს მიგზავნიან, რომ ჩემი საჩივარი განხილვას აღარ ექვემდებარება. მე კი ჯიუტად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად, ჩემი ცხოვრების დასაბრუნებლად და შეურაცხყოფილი სულის გასამართლებლად. ჩემი საჩივარი და ყალბი საბუთები ახლაც დევს გენერალურ პროკურატურაში პროკურორ მაგდა კაპანაძესთან, რომელსაც კავშირგაწყვეტილობა სჭირს და 1 თვეა, ამ ინფორმაციის გარდა ვერაფერი შევიტყვე. იგივე საჩივარი კვლავ გადაუგზავნიათ ძველი თბილისის პროკურატურაში ქალაქის პროკურატურის გავლით. ეს არის ჩემი საჩივრების ჩვეული წრიული გზა. პროკურორ ლაშა ხარშილაძესთან მოხვედრილა უკვე მეორეჯერ _ ესეც ის ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც შევძელი სერიული უარის პასუხამდე. ახლა გაგაცნობთ საჩივარს, რომლითაც გრძელდება ჩემი ცხოვრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ.
„ს ა ჩ ი ვ ა რ ი
სისხლის სამართლის #032090249 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების გაუქმებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ზურაბ მარტოლეკისა და შალვა ხამხაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 342-ე მუხლებით, სამართლებრივი შეფასება მიეცეს საქმეში მოყვანილ ფაქტებს. დაისაჯონ დამნაშავეები და აღდგეს ჩემი კანონიერი ინტერესები.
2011 წლის 8 აგვისტოს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში პროკურორ ლერი სარაიდაროვის მიერ გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის #032090249 საქმეზე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მაშინ, როცა საქმეში მოყვანილ არც ერთ გასაჩივრებულ ფაქტს სამართლებრივი შეფასება არ მისცემია _ რატომ არის ეს ფაქტები დანაშაული, ან რატომ არ არის?
1. გ.შ.დ-ში წერია: „საქმეზე, გარდა მარიამ ხვადაგიანისა დაიკითხნენ შალვა ხამხაძე და ზურაბ მარტოლეკი, რომლებმაც დაადასტურეს ცნობის გაცემის ფაქტი და უარყვეს მისი სიყალბე”, _ ეს სამართლებრივი შეფასება არ არის.
2. გ.შ.დ-ში წერია: „ასევე დაიკითხა ქეთევან ფირცხალავა და განაცხადა, რომ მის ოჯახსა და მარიამ ხვადაგიანს შორის საბინაო წილთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება და საკუთარი წილის სანაცვლოდ ვითომდა ფირცხალავამ ხვადაგიანს ინგლისში გადაუგზავნა ფულადი თანხა”, _ საერთოდ გაუგებარ და არარსებულ საუბარსა და თანხაზეა ლაპარაკი, ან ვინ იგულისხმება ქეთევან ფირცხალავას ოჯახში?
3. გ.შ.დ-ში წერია: „ასევე დაიკითხნენ მცხეთაში კოსმონავტების ქუჩა #2ა-ში მეზობლები ეკატერინე ქობულაძე და გეგენა წოწკოლაური, რომლებმაც განაცხადეს, რომ მამაჩემის, გიორგი ხვადაგიანის ბინაში, მისი გარდაცვალების შემდეგ ქონებას ფლობდა და განაგებდა მხოლოდ მისი ერთ-ერთი შვილი, გერმანე ხვადაგიანი, ხოლო მარიამ და ირაკლი ხვადაგიანები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ჩადიოდნენ იქ”, _ საქმეზე თანდართულია ეკატერინე ქობულაძისა და კიდევ 7 მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ საპირისპიროს, რომ მამაჩემის გარდაცვალებამდეც და მის მერეც ქონებას ვფლობდით და განვაგებდით მისი სამივე შვილი.
ეს ფაქტები აშკარად ადასტურებს შეწყვეტის დადგენილების უსაფუძვლობას, მის აბსურდულ სამართლებრივ შეფასებებსა და სისხლის სამართლის #032090249 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილების გაუქმების აუცილებლობას.
მოვითხოვ, აღდგეს სამართლიანობა, როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ასევე ქვეყანაში. დაიწყოს ჩემი საჩივრის განხილვა, საქმე აიყვანონ კონტროლზე და დაჩქარებული წესით დამთავრდეს გამოძიება. სამართლებრივი შეფასება მიეცეს საქმეში მოყვანილ ფაქტებს. დაისაჯონ დამნაშავეები და აღდგეს ჩემი კანონიერი ინტერესები“.
ასევე მიმაჩნია, რომ მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხითაც უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცველები _ როგორ იშოვეს გია ფირცხალავამ, მისმა დამ, მეუფე ზენონმა და ბადრი ხვადაგიანმა (რომელიც არის ყოფილი კრიმინალი, ოჯახის, ნათესავისა და მეგობრის მოღალატე. ის ახლა მთაწმინდა-სოლოლაკის გამგებლის მოადგილე, ნაცქოცი და მეუფე ზენონის რჩეულია) ასეული მილიონი დოლარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ? ამ თანხის უმეტესი ნაწილი „თიბისი“ ბანკში ინახება. ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით ხომ არა? ან, იქნებ, ვანო მერაბიშვილის მხარდაჭერით? აქ ნახსენებ ადამიანებს მცირე ბიზნესიც კი არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მომკითხავი არავინ ჰყავთ ამ კრიმინალებს.
ბოროტ ადამიანებს ბოროტების ქმნა აძლიერებს, კეთილს კი _ სიკეთის კეთება.
არ ვიცი, როგორ უნდა ვაჯობო ბოროტებს და თაღლითებს, მათ მეგობრებს: პროკურორ მიშა შავყულაშვილს, „ღვთისნიერ” საერო თუ საეკლესიო „ელიტას” _ ეკა კახიანს, მაია ჯაბუას, თამრიკო ჭოხონელიძეს და ბევრ სხვას, რომლებიც ასევე მხარს უჭერენ უკანონობას. წინა მთავრობის დროს ჩემმა ქვეყანამ, ძალადობრივი მეთოდებით, ბომჟად გადამაქცია და ახლაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, ჩემი ქვეყანა იძულებულს მხდის, თვითონ აღვასრულო სამართალი!
ან, იქნებ, ვინმემ მირჩიოს, რა ვქნა?!
ნელი ვარდიაშვილი