ქუთაისელი მეუღლეების 17-წლიანი თანაცხოვრება, ბოლოს გაყრითა და ლეილა ლომიძის ღია ცის ქვეშ დარჩენით დასრულდა. ამ ქალბატონის ისტორია უკვე მთელმა ქალაქმა იცის - მეუღლემ ბინა მიისაკუთრა და მერე უკვე ლეილა ლომიძის გამოსახლებაც მოხდა.
„ორი დღე მეზობელმა შემიფარა. მეზობლებს უკვე ვეღარ ვაწუხებ, მრცხვენია. რას წარმოვიდგენდი ასეთ დღეში თუ აღმოვჩნდებოდი. რა ვთქვა, როგორი შეფასება გავაკეთო, არ ვიცი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ოჯახის წევრი ასე გამწირავდა. 17 წელი ცოტა არ არის, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ადამიანებს ბვრ რამეს ასწავლის, თურმე ვერ შევძელი ამ 17 წლის მანძილზე საკუთარი მეუღლე გამეცნო! ქუჩაში ისე გამომისტუმრა, არაფერი წამომიღია... რა უნდა მექნა? ქალაქის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მივედი და დახმარება ვთხოვე - იქნებ პოლიციის თბილ შენობაში გამაჩეროთ-მეთქი და თანადგომის ნაცვლად, დაცინვა მივიღე. ჩემს ადვოკატს უთხრეს - თუ ასე გეცოდება, ადექი და შენთან წაიყვანე სახლშიო. ამ ქალბატონმაც წამიყვანა თავის სახლში და არ დამტოვა ქუჩაში. მაგრამ მასთან ხომ ვერ ვიქნები? მადლობის მეტი არფერი მეთქმის, მაგრამ გამოსავალი ხომ ეს არ არის? რაც ტანზე მაცვია მხოლოდ ის ტანსაცმელი მაქვს. ამ სიცივეში რა უნდა ვქნა. არც არავინ იწუხებს თავს და მეც ვერაფრი მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ ქუცაში ცხოვრებას - სიკვდილი ვარჩიო.“ – აცხადებს ლეილა ლომიძე.
დაზარალებულის ინტერესებს ქუთაისელი ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავს, რომელსაც ინსტანცია არ დაუტოვებია, რომ მისი კლიენტის მდგომარეობა არ გაეხმიანებინა. განცხადებაც კი გაავრცელა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ, რომელსაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი, ლეილა ლომიძე დღე-ღამეს ქუჩაში ათევს. ვიდრე მისი გამოსახლება მოხდებოდა, მანამ ვევედრებოდი უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ დაინტერესებულიყვნენ ამ ქალის პრობლემით, თუმცა უშედეგოდ. ძვირფასო პოლიტიკოსებო, თქვენ მოგმართავთ, ვაკისა და ვერის საზღვრებს რომ ვერ გაცდით და მაღალი ტრიბუნებიდან თქვენი ბიზნესინტერესების დასაცავად გვმოძღვრათ, იქნებ გაგეფართოვებინათ საზღვრები. ვიცით, რომ პერიფერიების საქმე ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ მაინც. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ჩვენგანის უბედურება და საბოლოო ჩვენი ქვეყნის გაუბედურება, სწორედ ლეილა ლომიძის და მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უბედურებით იწყება. მივმართავ შსს–ს გენერალურ ინპექციას, დაინტერესდეს, ქუთაისში არსებულ პოლიციის განყოფილებებში გამოსახლებებზე რამდენი განცხადებაა შესული და მუდმივად ერთი და იმავე კონკრეტული ადამიანები რატომ არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში? არის გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული ბიზნესის უკან დგანან პოლიტიკოსები, ძალოვნები და მათი ბიზნესის კეთილდღეობისთვის უბედურდება ასეულობით ადამიანი და ოჯახი. იქნებ მოგეკვლიათ და გახდეს საჯარო ეს ინფორმაციები. ჩემი ინფორმაციით, ასეულობით სახლი ირიცხება მათ სახელზე საჯარო რეესტრში. ადამიანები, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ, რჩებიან ქუჩაში და თვითონ იწყებენ სამართლის აღსრულებას. გეყოთ სხვისი გაუბედურების ხარჯზე საკუთარი ოჯახის და შვილების გამოკვება. გეყოთ რაც გიკეთებიათ, თორემ ხომ იცით, ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს, განსაკუთრებით მსგავსს „საგმირო“ საქმეებზე!“ – აცხადებს ლედი ტუკვაძე.