QronikaPlus
იყო თუ არა ქურდული გარჩევები ქობულეთის „შუქურაში“?

იყო თუ არა ქურდული გარჩევები ქობულეთის „შუქურაში“?

2015-10-24 11:14:14

მიუხედავად უდიდესი საფეხბურთო ტრადიციისა, ჩვენს ფეხბურთში საქმე კარგად რომ არაა, ამას ყველა ხედავს. ფეხბურთი ერთ დიდ ფულის საჭრელ დაზგად გადაიქცა და ვისაც არ ეზარება და მისწვდა, თავისას იღებს ისე, რომ სულაც არ ანაღვლებს არც ტრადიცია და არც ხვალინდელი დღე. ამიტომაა, რომ მთელ მსოფლიოში მომგებიანი სპორტის სახეობა დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის და ჩვენს ქვეყანაში გარდა თბილისის „დინამოსა“ და „ვიტ-ჯორჯიასი“, თითქმის ყველა გუნდი სახელმწიფო დოტაციაზეა. რეგიონებში კი ფეხბურთის განვითარება, როგორც ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლების ხუშტურზეა დამოკიდებული. თუ მოსწონს ხელმძღვანელობას ფეხბურთი, აფინანსებს, თუ არა _ შენც არ მომიკვდე. ესეც საბჭოური გადმონაშთი უნდა იყოს. გვახსოვს, ალბათ, ლანჩხუთის გურია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ედუარდ შევარდნაძის ძმის, ევგრაფი შევარდნაძის ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულის წყალობით მოხვდა. თანამედროვე ფეხბურთის მოუშორებელ სენად იქცა ე. წ. ჩაწყობილი თამაშები და ტოტალიზატორები. თუ გრანდებთან ეს ძნელად, მაგრამ მაინც ხერხდება, პატარა გუნდები და განსაკუთრებით პროვინციებში, ზოგჯერ, ამით არსებობენ კიდეც. ქობულეთის „შუქურა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც. ისევე, როგორც თითქმის ყველა გუნდი, „შუქურაც“ დოტაციაზეა და წელიწადში 2 მილიონ ლარზე მეტს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სულ ახლახან, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 921 ათასი ლარი მიიღო. თანხის ნაწილი ოთხი თვის დაგვიანებულ ხელფასებს მოხმარდება, ნაწილი კი სხვა ხარჯებს, ასეთი კი გუნდს ძალიან ბევრი აქვს. როგორც „ქრონიკა+“-ს აცნობეს, რამდენიმე ხნის წინათ „შუქურაში“ სკანდალი აგორდა, რასაც ქურდული გარჩევა მოჰყოლია ფეხბურთელებს შორის. როგორც ამბობენ, ფეხბურთელთა გარკვეულ ჯგუფს დაგვიანებული ხელფასების გამო გადაუწყვეტიათ თბილისის `ლოკომოტივთან~ თამაშის გაყიდვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამაში, რომელშიც გარკვეული რაოდენობის გოლი უნდა გასულიყო, ფრედ 0:0 დასრულდა. თუმცა ამ ამბავმა ჭორად თუ მართლად მაინც გაჟონა და ამას დაპირისპირება მოყვა ფეხბურთელებს შორის, საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მისულა. ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტის ჩარევის შემდეგ გარჩეულა საქმე და მხარეები დაშოშმინებულან და შერიგებულან. ჩვენ ვცადეთ, ჩაგვეწერა ის, ვინც იცოდა ამ საქმის კულუარული დეტალები, მაგრამ იმ მიზეზით, რომ კონფლიქტი მოგვარებულია და ინცინდენტი _ ამოწურული, არავინ ისურვა ღიად საუბარი. „ქრონიკა+“ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრება გუნდის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძეს: _ ბატონო რევაზ, რა მოხდა? _ არაფერიც არ მომხდარა, ეს არის ჭორი, რომლის გავრცელება, ალბათ, იმათ აწყობთ, ვისაც გუნდში არაჯანსაღი სიტუაციის შექმნა სურს, რომ ჩვენი წარმატებები დაიჩრდილოს. რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ ეს არ ხდებოდა არც თამაშის გაყიდვის მცდელობის გამო და საქმეში არც შავი სამყაროს წარმომადგენელი ჩარეულა. მობრძანდით და ნახეთ, ვარჯიშზე ყველა ერთად ვარჯიშობს და არანაირი პრობლემა ბიჭებს შორის არ არის. _ ვინ არის მამუკა ჯუღელი და რა კავშირი აქვს მას გუნდთან? ჩვენი ინფორმაციით, ის ცნობილი აფერა და საქმის ჩამწყობია, მის სახელს რამდენიმე სკანდალი უკავშირდება. _ მამუკა ჯუღელი აფერა კი არა, დიდი პიროვნებაა, უწესიერესი კაცი, ის ცნობილი სელექციონერი და აგენტია, რომელმაც ძალიან ბევრ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება რუსეთსა და უკრაინაში. მას ჩვენს გუნდში არავითარი თანამდებობა არ უკავია, ჩვენი გუნდის სპორტული დირექტორია მისი წარმომადგენელი, ილია ზერეკიძე. ისინი გვეხმარებიან ფეხბურთელების მოზიდვაში და წელს გადაწყვეტილი გვაქვს ევროტურნირებზე გასვლა. და თუ ეს მოვახერხეთ, გუნდის პატრონობას იკისრებს `თბილისის წყლის~ მფლობელი, ცნობილი რუსი მილიარდერი, ანდრეი რაპაპორტი. ეს კი ჩვენს რეგიონში ფეხბურთის აღზევების დასაწყისი იქნება. _ ქალაქში ბევრს ლაპარაკობენ ხელფასების არათანაბრად განაწილებაზე, გყოლიათ პრივილეგირებულნი და პირიქით, მათ შორის ასახელებენ თქვენს შვილს, გიორგი ჩელებაძეს. ამბობენ, რომ მას 5000 ლარი აქვს ხელფასი. _ მარტო გიორგი ჩელებაძეს არა, 11 კაცს აქვს ასეთი მაღალი ხელფასი. მერე რა, რომ ის ჩემი შვილია? ძალიან კარგი ფეხბურთელია, უკვე სამი გოლი გაიტანა, სამი საგოლე პასი გადასცა, არის გუნდის კაპიტანი. და თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, ბოდიშს ვუხდი. გუნდში კი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს თარხნიშვილს _ 5500 ლარი. _ რატომ ვერ ვითარდება ფეხბურთი? _ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ფეხბურთი მარტო თამაში არაა, ესაა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო აპირებს ამ პრობლემის მიხედვას და გჯეროდეთ, ქართველი ფეხბურთელები მორაგბეებზე ნაკლებ შედეგებს არ დადებენ. _ ვის მიეცით ხმა, _ არველაძეს თუ კობიაშვილს? _ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდს, მათ შორის ჩვენ, ბათუმის „დინამოს“, საჩხერის „ჩიხურას“, თერჯოლას არ გვქონდა ხმის უფლება, ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობის  გადაწყვეტილებით ეს იმიტომ, რომ უმაღლეს ლიგაში ახალი გადასულები ვიყავით. „შუქურას“ პრეზიდენტმა კატეგორიულად უარყო ამბავი, რომელზეც ქალაქი ლაპარაკობს. ფეხბურთის განვითარებას სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს, მაგრამ, ჩვენი აზრით, უხერხულია, ასეთი მაღალი ხელფასები გაიცემოდეს ბიუჯეტიდან მაშინ, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.  

                                                                                                             ნატო ქათამაძე

               

გაზიარება