QronikaPlus
 ბრეჟნევისდროინდელი „ზასტოი“ აჭარაში!

ბრეჟნევისდროინდელი „ზასტოი“ აჭარაში!

2015-10-24 11:16:27

სახელისუფლებო ელიტა, ყურმოჭრილი მონობის ფასად, მიღებული აქვთ რა ზემოდან ხელუხლებლობის გარანტია, ნირვანაშია და შაოლინელი ბერებივით მალე ფრენა რომ დაიწყოს, აღარ გაგვიკვირდება. და ამას ქვეყნის ხელისუფლება სტაბილურ ხელისუფლებას ეძახის. ის კი არ იციან, რომ სტაბილური ხელისუფლება მოქმედების, განვითარების სტაბილურობას ჰქვია და არა უსაქმური თანამდებობის პირის არშეცვლას რაღაც ახირების გამო. ამ ცვლილებაზე გამახსენდა: გასულ კვირას საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა აჭარის მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების თაობაზე და ა, ბატონო, გავრცელებული ინფორმაციით, მალე აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი თავამაიშვილს, მისი ახლახან დანიშნული მოადგილე, ნათია სირაბიძე ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, ეს ის სამინისტროა, რომელიც შედარებით ფეთქავს აჭარაში, ხოლო ნათია სირაბიძე კი არჩილ ხაბაძის ცოლის ბიძაშვილია. ეს კი უფრო მყარი არგუმენტია ცვლილებისთვის. გიორგი თავამაიშვილი ხმებს მისი განთავისუფლების შესახებ გაზვიადებულად კი მიიჩნევს, მაგრამ აღდგომა და ხვალეო. არჩილ ხაბაძემ ვერც 17 ოქტომბერს გაბედა უმაღლეს საბჭოში მისვლა. მერე რა, რომ კონსტიტუციას არღვევს, ვის არ დაურღვევია?.. სამაგიეროდ, პატარა ბავშვივით ასავსავებს ხელ-ფეხს, „ნაციონალების“ დაძახილზე არ მივალო. შე, კაცო, „ნაციონალები“ იყავით მთელი ოჯახი, „ნაციონალების“ მოლარე გყავს ფინანსთა მინისტრად, ბათუმის მერი „ნაციონალი“ გყავს, ირგვლივ სულ „ნაციონალები“ გახვევია და ერთი პეტრე ზამბახიძის რამ შეგაშინა ასე? უმაღლესმა საბჭომაც, ნატოს სამიტისაგან განსხვავებით, თარიღი დაადგინა, _ პატივცემული თავმჯდომარე 17 დეკემბერს აუცილებლად მოვა უმაღლეს საბჭოშიო. მანამდე კი ზამბახიძემ საშინაო დავალება მისცა, კარგად იმეცადინე კითხვებზე პასუხის გასაცემადო. საინტერესოა, რატომ გადაუწიეს ორი თვით ვადა ხაბაძეს? როგორც ჩანს, ხელისუფლება, იქ, ზევით, რაღაცას ელოდება, რომ უმაღლეს საბჭოში მის რჩეულ და შეუცვლელ არჩილ ხაბაძეს სათქმელი მისცეს. ვნახოთ, რა იქნება ასეთი, უფერულს ფერი რომ მისცეს. ამ კონტექსტში საინტერესოდ იკითხება ის, რომ 16-17 ოქტომბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა საინვესტიციო ფორუმი სტამბული _ ბათუმი, სადაც სეფესიტყვით წარდგა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე და ისე აქო და ადიდა ქართული სინვესტიციო გარემო, მგონია, თავადაც დაიჯერა და უკან დაბრუნებული რას იზამს, ვინ იცის. მოკლედ, რუსეთს დარჩენილი საქართველო ძმურად აქვთ გაყოფილი ჩინელებსა და ოსმალების ნაშიერთ და ამ ქვეყნებს მთლად ეკონომიკური ინტერესები რომ არ ამოძრავებთ, ამას უბრალო მოკვდავები ვხვდებით და ბრალიანებს რა მოგდით, თუ ვესპასიანეს არ იყოს, ფულის სუნს ვერც თქვენ გრძნობთ? ამ კვირაში ირაკლი ალასანიამ და სულხან ღლონტმა „ქოცებს“ უთხრეს, ვერ მოესწრებით ჩვენს დაშლასო. ეს კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, სულხან ღლონტის მიერ თავისუფალი დემოკრატების დატოვებაზე გავრცელებულ ხმებს მოყვა. არადა, მთელი აჭარული პოლიტიკური ისტებლიშმენტი საუბრობს, რომ ალასანიას პარტია აჭარაში ცენტრისგან დამოუკიდებელ პარტიას თამაშობს და ის რესპუბლიკელებთან ერთად ხაბაძე-ჭეიშვილის დასაყრდენად მიიჩნევა. აქტიურად საუბრობენ ხაბაძე-ჭეიშვილ-ღლონტის ბიზნესინტერესებზეც. „ქრონიკა+“ მუშაობს ამ საკითხზე და ჭორ-მართალს ამასთან დაკავშირებით მალე მოგახსენებთ. ამასობაში კი შსს აჭარის მთავარი სამმართველო აჭარის პოლიციის დეპარტამენტად გადაკეთებულა. მისი უფროსის ორი მოადგილე დაუქვეითებიათ, ბათუმის რამდენიმე განყოფილებაში საკადრო ცვლილებები განუხორციელებიათ და სულ თბილისელი ძმაკაცები ჩამოულალავთ. იმედია, მათ საყველპუროდ მაინც იციან ბათუმი, რომ მზარდი კრიმინალის ფონზე, ინდური ფილმების მსგავსად, პოსტფაქტუმ, მაინც მიაგნონ შემთხვევის ადგილს. აჭარის ტელევიზია დაფინანსების გაზრდას ითხოვს, _ 6 მილიონს ხომ ვღებულობთ წლიურად, 380 ათასი დაგვიმატეთ და გავბრწყინდებითო. რეგიონში ისეა საქმე აწყობილი, რომ ბათუმში 15 ბაღისთვის 35 ათასი ლარის მცენარის შესყიდვას აპირებენ. ვაი, თქვენს პატრონს!.. და ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენი მართლმსაჯულებისა და, საერთოდ, სახელმწიფოს სახეა: ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოს მკვიდრმა, შვილის თხოვნით, მდინარე ჭოროხში 2 კგ. და 33 გრამი 4 ცალი ქაშაყი დაიჭირა. გარემოს დაცვის ინსპექციამ ამის თაობაზე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსს აცნობა და მამუკა კბილცეცხლაშვილმა სასწრაფოდ დააკავებინა „საშიში ბოროტმოქმედი“, პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა კი სასამართლოს მისი 2000-ლარიანი გირაოთი გამოშვების შუამდგომლობით მიმართა და სასამართლომაც, _ დასტურ შენო... განსასჯელი კი უმწეოთა კატეგორიას განეკუთვნება, დაურეგისტრირებლობის გამო ვერც საცხოვრებელი სახლი დააგირავა და 50 დღის შემდეგ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის გამო, რომელიც 47 ლარსა და 15 თეთრს შეადგენს, ციხეში უნდა ჩაჯდეს. დასკვნა თავად გააკეთეთ, ძვირფასო მკითხველო, ერთს კი დავძენთ: ვაი, ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა ბრალითა... ჰო, მართლა, ამბობენ, ქობულეთში წყალდიდობით დაზარალებულებს 500-500 ლარით ეხმარებიანო... სხვა მხრივ კი მშვიდობაა...  

                                                                                                       ნატო ქათამაძე

   

გაზიარება