ირაკლი ღარიბაშვილი მედიას ინფორმაციის გავრცელებისას აქცენტებს უწუნებს. როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და აქცენტიც სწორედ ამ პროგრესზე უნდა დაისვას.
„ჩვენი ქვეყანა იძენს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტორი ჩამოდის საქართველოში. რამდენიმე დღის წინათ შეხვედრა მქონდა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ეს არის კომპანია, რომელიც 108 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის საინვესტიციო პორტფელი რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა ანაკლიის პორტი, რიკოთის უღელტეხილზე გასაყვანი ახალი გზა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე კეთდება და მთავარი აქცენტები სწორედ ამ პროგრესზე უნდა გავაკეთოთ, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო და ძვირფასო ოპონენტებოც, რადგან ეს ქვეყანა მხოლოდ ჩვენს მთავრობას არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ყველას _ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას და ყოველგვარი ზედმეტი ხმაური, საბოლოო ჯამში, სწორედ ქვეყანას, მის ინტერესებს აზიანებს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მედიის თავისუფლების ფონზე მთავრობას მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდების პრობლემა აქვს.
„კიდევ უფრო მეტად _ ორმაგად და სამმაგად უსამართლობაა, მოისმინო კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ მაინც მომიწია _ მთელი სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. სწორედ წინა მთავრობა აპირებდა გაზსადენის გაყიდვასაც. ამ ყველაფრის ფონზე კახა კალაძის ერთი შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან გახდა რაღაც საოცარი აჟიოტაჟის საფუძველი. მიზანი არის ერთი _ აქცენტი გადაიტანონ ნაკლებად საინტერესო საკითხებზე და არ მოხდეს მთავარზე კონცენტრირება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს ინფორმაციის მიღების პრობლემა. მე თუ მკითხავთ და გულწრფელად გეუბნებით, დღეს საქართველოში იმ სამთავრობო გეგმების, სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღების პრობლემაა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. მედიას ინფორმაციის გავრცელების პრობლემა არ აქვს, პრობლემა გვაქვს ჩვენ _ მთავრობას _ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიწოდების. ამას აკეთებენ არა მხოლოდ „რუსთავი 2“, „იმედიც“, „მაესტროც“ და „პირველი არხიც“ _ ყველანი, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქებით“, _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად ტელეკომპანიების მიერ არასწორი აქცენტების გაკეთებისა, მთავრობა მათ საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს.
„ჩვენ ავირჩიეთ ქვეყნის განვითარების სხვა გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს რაიმე შეკითხვა „რუსთავი 2“-თან, იგივე სხვა მედიასაშუალებასთან დაკავშირებით, ეს კითხვები უნდა გადაამისამართოს სხვა სუბიექტებზე, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჩარეულა არც ერთი ტელევიზიის საქმიანობაში. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ჩვენ ვაგრძელებთ“, _ განმარტა მთავრობის მეთაურმა.
***
თეზისებად დავყოთ პრემიერის ეს „ჩინებული“ გამოსვლა. ღარიბაშვილი (რომელიც მდიდარმა დაგვიტოვა) ჩინურ მილიარდიან ინვესტიციებზე საუბრობს და მედიას აქცენტებს უწუნებს. ამ ფონზე, `ოცნების~ მთავრობამ, რაც კი წინა ხელისუფლების პირობებში კარგი საქმე იყო დაწყებული, თითქმის ყველაფერი გაყინა და ამით თავისი მიუღებლობის წერტილიც დასვა. ერთი ხელის მოსმით გააჩერეს ლაზიკის პროექტი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სალაზღანდარო თემად აქციეს. წლების განმავლობაში ტრიალებდნენ ამ პროექტის გარშემო, სახელებს უცვლიდნენ და რეალურად ქვას ქვაზე არ დებდნენ. მიზეზი _ აქცენტი დასმული იყო, `ნაციონალების~ მიერ დატოვებული თაფლიც კი საწამლავად უნდა წარმოჩენილიყო, ვინ მოიგო ამით? მეოთხე საოცნებო წელს ისევ ანაკლიის პორტზე მიდის საუბარი და დაგვიანებული ხომ არ არის, ბატონებო?
სრულიად უგუნურად გააჩერეს დედაქალაქის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა იმიტომ, რომ ესეც უგულავას მერობას უკავშირდებოდა. როგორ შეიძლებოდა, მასთან ასოცირებული პროექტი გაგრძლებულიყო? თუნდაც ისეთი, დედაქალაქს რომ, ჯერ ერთი, ფიზიკურად ამოასუნთქებდა და მეორეც, პოტენციურად საშიში სამატარებლო მოძრაობისგან დაიხსნიდა? ბრძენკაცმა თქვა და მორჩა, პროექტი გაჩერდა ისე, რომ იგივე `ნაციონალები~ ეხვეწებოდნენ, რომ მისი დაკონსერვება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მისი მშენებლობის გაგრძელება-ბოლომდე მიყვანა. არ შეისმინეს, მოსახლეობა ხომ ისეთი ზომბირებული იყო, რომ შავს თეთრად ხედავდა და პირიქით, რა უნდა გექნა? სრული სამი წელი დასჭირდა იმის შეგნებას, რომ ეს პროექტი სასწრაფოდ გასაგრძელებელი და დასამთავრებელი იყო. ახლა დაიწყეს ამაზე მუშობა და დავსვათ აქაც აქცენტი, _ აქამდე სად იყავით, ბატონებო?
ბათუმის ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გააჩერეს და სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ? აშენებულ-გასახსნელად გამზადებული მოაშთეს იმიტომ, რომ ესეც წინა ხელისუფლების პროექტი იყო და ამ ნეტარად ქცეულ ქვეყანაში „სიცრუის ტირაჟირება“ როგორ უნდა გაგრძელებულიყო? ხვეწნა-მუდარამ არ უშველა, მთავრობაში უკეთ იცოდნენ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, ანუ ჩაეძირათ. ხალხი ისევ ზომბირებული იყო და იობის მოთმინებით ელოდებოდა უფასო ფულს, მეტ პენსიას, ევროპისთვისაც კი საოცნებო დემოკრატიას... აქაც სამი წლისთავზე დაიწყეს მუშაობა ტექნოლოგიურ სასწავლებელზე. გექნათ აქამდე, თქვე მედიააქცენტების დამწუნებლებო?
„ოცნების“ „გასაოცარი“ მმართველობის სიმბოლო კი ლაგოდეხის იუსტიციის სახლია, უფრო სწორად, ორმო მის ადგილას, რომელიც მეოთხე წელია, შემოღობილია. ეს ღობეც მსახვრალ დრო-ჟამს ვერ უძლებს და ყოველდღიურად ინგრევა. თვენ ეს პატარა იუსტიციის სახლიც კი არ დაასრულეთ იმიტომ, რომ `ნაციონალების~ დაწყებული, ანუ ორმოამოთხრილი იყო და როგორ გეკადრებოდათ? ამაზეც კი უარი თქვით და ლაზიკას, შემოვლით რკინიგზას რას უზამდით? ამ ქვეყანაში ხომ ცხოვრება, „ახალი წელთაღრიცხვა“, ყოველი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ იწყება და რით ვერ დაასრულეთ ეს სიმახინჯე?
თქვენ უგულავას მერობისას დაწყებული საქალაქო მედიათეკების ბრწყინვალე პროექტიც კი არ გააგრძელეთ. დღეს დედაქალაქში მხოლოდ ვაკისა და ვარკეთილის რაიონებში ფუნქციონირებს ეს მედიათეკები. ოღონდ, 2013 წლის შემდეგ ვეჭვობ, იქ ახალი არაფერი მიუღიათ. კომპიუტერები დაძველდა, ინვენტარი არ იცვლება ან ისევ ძველი, მეორადი მოდელები შეაქვთ. სივრცეს აშკარად ეტყობა უყურადღებობა, თქვენ ამას არ აკეთებთ და ახლებს როგორ ააშენებდით? აი, აქცენტების კეთება გეხერხებათ, იცოცხლეთ, მაგრამ ამას ხომ აღარავინ ჭამს, ჰოდა, კიდევ ერთხელ დაგვიანებული ხომ არ არის ეს თქვენი მცდელობები?
ვაკის პარკში ვართ და რაღა შორს წავიდეთ? სამი წლის განმავლობაში პარკის მხოლოდ ცენტრალური ნაწილის გაკეთება მოახერხეთ, ისიც რაღაც სასწაული ვაი-ვაგლახით. შიგნითა, მესხის სტადიონისკენ მხარე მეოთხე წელია, რაც დანგრეულ-განადგურებულია. ტერიტორია ერთ დიდ ტუალეტად იქცა და მომკითხავი არავინაა. ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო პარკის გალამაზების მასშტაბური პროექტი და მერე მოკვდა ეს პროცესი, ისევე როგორ ბევრი რამ ამ ქვეყანაში. რამდენიმე გასართობ ატრაქციონს რომ ვერ მოაწყობ და ასფალტს ვერ დააგებ, რომელ დაპირებების შესრულებაზეა საუბარი? თითქოს მცირე შემთხვევაა, მაგრამ ბევრისმთქმელი და ამხსნელია. ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური დასასვენებელი პარკი მეოთხე წელია, მიტოვებულია და ამაოდ ელის პატრონს.
ბოლო დღეებში გააკეთეს უზარმაზარი აბრები იმის ნიშნად, რომ ამ შიგნითა ტერიტორიის მოწყობას აპირებენ, მაგრამ ამ „ნიათიანებმა“ აბრის გაკეთებაც არ იციან წესიერად. პარკის სიღრმეში მიმავალი გზა იმხელა ბილბორდებით გადაკეტეს, რომ გაისარჯო, ღობეს უნდა გადაახტე იქითა მხარეს გადასასვლელად. არავინ იფიქრა მოსეირნეებზე, მოვარჯიშეებზე, რომ მათთვის პატარა გზა დაეტოვებინათ. რა საჭირო იყო ამხელა დაფა იმის მაგივრად, რომ ამდენი ფული არ დაეხარჯათ ამაზე და საქმისთვის მიეხედათ. მოკლედ, გადაღობეს და ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყეს. ორი კვირაა, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერ დაუმთავრებიათ, რომელ ტემპზეა საუბარი? გზის ბოლოს კი წყარო წააქციეს და ერთი კვირაა, ასევე გდია... წყალი შუა პარკში მიედინება, დამსვენებლებს მთელ პარკში ერთი წყარო შემორჩათ და მეორის აღდგენას არავინ ჩქარობს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხში ანტიპათია გამოიწვნიონ, თუნდაც ასეთი პატარა ქმედებებიდან გამომდინარე და მერე „ენდიაისა“ თუ „აირაის“ კვლევის შედეგები და მათთვის კარგად დასმული აქცენტები აკვირვებთ.
მთავრობის მეთაური „ზედმეტ ხმაურზე“ საუბრობს. სწორედ ასეთი ხმაურით წინა მთავრობის გაბიაბრუება მოახერხეთ და ხალხს ისეთი დაპირებები შესთავაზეთ, საიდანაც ერთი-ორი თუ არის შესრულებული. ამ ზედმეტი ხმაურის მოსახლეობას ისე სჯეროდა, რომ დღემდე ამ ოცნებიდან თავის დაღწევას ცდილობს. იპოთეკარები ბატონ ბიძინას დღემდე ალალად სთხოვენ დახმარებას, ბანკის ვალებში ჩაფლულნი მიტინგს მიტინგზე ატარებენ პარლამენტთან და სოლოლაკის რეზიდენციასთან ისე, რომ დღესაც დაპირებულ უპროცენტო, ან იაფ სესხს ითხოვენ. პენსიონერებს დღემდე სჯერათ, რომ პენსია ორასი დოლარი იქნება, როცა მომავალი წლისთვის ათლარიანი მატებაც კი არ არის გათვალისწინებული. ამ ზედმეტმა ხმაურმა 70-წლის მონობაგავლილი ხალხი ისევ გულუბრყვილოდ დააჯერა, რომ ორ-სამ წელიწადში ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრებდნენ და ამ ოცნებიდან მეოთხე დაქცეულ წელსაც ვერ გამოდიან. თქვენ ვის „ზედმეტ ხმაურზე“ საუბრობთ? დღეს არსებული მწარე რეალობის ჩვენება, პრობლემების აღნიშვნა ზედმეტი ხმაურია? სხვაგან ხომ არ ხართ, ბატონებო?
რაღა შორს წავიდეთ? აბა, გაიხსენეთ, 2012 წლის არჩევნების წინ, რას ჰპირდებოდით აგერ აქვე, გარდაბნის რაიონის მოსახლეობას? იქნებ, პირადად ივანიშვილის სახელით თქვენი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამასი მილიონის გამოყოფას და რაიონში ერთხელ და სამუდამოდ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას? საით წაიღეთ ეს დაპირება, თავისუფალი მედიისთვის აქცენტების დამწუნებლებო? დაყენებული კანდიდატი, გასაგები მიზეზების გამო, ამ რაიონში ვერ გაიყვანეთ, რაზედაც ის სასამართლოში ჩივილს აპირებდა და ამის გამო საერთოდ ჩამოიშორეთ, რადგან აღარ გჭირდებოდათ ის და მისი პირით გაცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. საერთოდ გააქრეთ ეს ადამიანი თქვენი რიგებიდან, სამაგიეროდ, „სულში შეიძვრინეთ“ არჩევნებში გამარჯვებული იქაური „ნაციონალი“ მაჟორიტარი, რომელიც სულ მალე თქვენივე ყურმოჭრილ მონად იქცა, როგორც ე. წ. მაჟორიტარების დანარჩენი უმრავლესობა (რაში გაწყობთ პროპორციულ-რეგიონული სისტემით არჩევნების ჩატარება?). აბა, ჩადით და ერთი იკითხეთ გარდაბანში, ან დასახლება „პობედაში“ რას ფიქრობენ თქვენზე და თქვენს მინიმუმ სამასმილიონიან დაპირებაზე? წყალი ისევ არ არის და მეოთხე, ბოლომდე დაქცეულ წელიწადს ისევ ციხეებში, პატიმრობის ადგილებში ჯალათების მიერ დადგმული სცენები გიშველით? ჩადით რაიონებში და ერთი იკითხეთ, თუ სადმე სურთ ისეთი თავისთავად მშვენიერი სიტყვის გაგონება, როგორიც ოცნებაა. აქცენტების დამკვალიანებლებო, სად წაიღეთ 5 მილიონი, რომელიც თითოეულ სოფელზე იყო გათვალისწინებული? სად წაიღეთ ეს თქვენი „შტატიანი“ დამპირებლები, თავისი რომ ძალიან მალე გაინაღდეს და მეოთხე წელია, ხალხის წინაშე აღარ გამოჩენილან? რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს სოციალური გაჭირვებით ბოლოს მოუღებ, თუ ციხეში ტანჯვა-წამებით, ბოლო ხომ ამ გავერანებულ ქვეყანაში ერთი და იგივეა? როგორ გინდათ დაუძვრეთ ამ მწარე რეალობას? მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის, ყველაფერი ახსოვს... და პასუხიც შესაბამისი იქნება, საწყენად ნუ მიიღებთ.
ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. მაგრამ, აბა, დაინტერესდით და იკითხეთ ე. წ. უბრალო ხალხში, ვინ მიდის ექიმთან თუნდაც შეღავათიანი გამოკვლევების ჩასატარებლად? ერთეულები, რადგან გასინჯვის მერე წამლებისთვის ფული საჭიროა, რომელიც არ არის ხალხში. გაძვირებული მედიკამენტებისთვის საიდან იქნება ფული, როცა სასმელ-საჭმელისთვის ვერ უშოვნია ადამიანს? თავად ექიმები ადასტურებენ რეალობას, რომ პაციენტები გამოწერილ წამლებს ვერ იღებენ, რადგან ამის საშუალება, უბრალოდ, არ გააჩნიათ. მიდი და ამის მერე რაიმე სიკეთეზე ისაუბრე. სანამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაქცეულია, ჯანდაცვის სიკეთის ნაყოფიც გემრიელი ვერ იქნება.
მედიის თავისუფლების ფონზე, მთავრობას მოსახლეობამდე ინფორმაციის მიწოდების პრობლემა აქვსო. რასაც ეკა მიშველაძე აწოდებდა, მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მან ცხოვრება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირა. ასეთი რამ ჩვენს პოსტსაბჭოთა სამეზობლოშიც კი აღარ ხდება და თქვენ საიდან გამოაძვრინეთ მსგავსი უნამუსო მეთოდები? ინგა გრიგოლიას ხმაურიანი გადაცემები მოსპეთ, რადგან შუძლებელია ასეთი ხმის ტემბრისა და ენერგიის მქონე ადამიანის მუდმივად გავლენის ქვეშ ყოლა. მით უმეტეს, როცა მას პოლიტიკისა და პოლიტიკოსების კბილები უკვე კარგა ხანია, დათვლილი აქვს... მაგრამ ერთი ხელის მოქნევით დასვით „აქცენტები“ და ბევრი ფულის საკეთებელ დახლს _ „იმედს“ _ ყველაზე რეიტინგულ გადაცემებზე „საკუთრი ნებით“ათქმევინეთ უარი. ეს „თვითცენზურიანები“ კიდევ თქვენ, მამა-მარჩენლებს უარს როგორ გეტყოდნენ? გეტყოდნენ და უკვე თქვენი მთავრობის პირობებში მორიგ კაი ჩატსაც დაიჭერდნენ.
მაგრამ „ფული ბაბა, ბევრი ფული“, _ ამ ქვეყანაში მხოლოდ ეს მორალი მუშაობს კარგად და ვის აინტერესებს შენი სიტყვისა და გამოხატვის თვისუფლება, რეიტინგული გადაცემები, მოსახლეობის ინფორმირების ინტერესები, მით უმეტეს საარჩევნო წლის ფონზე და ა. შ. დასვით აქცენტი და კულტურულად გადაუარეთ ჯერ საზოგადოებრივ არხს, მერე `ტელეიმედს~, ისე რომ ხმის ამომღებიც არავინაა, თეთრი ყვავების გარდა. ჰოდა, დიდი განსხვავებაა ტელევიზიაში ავტომატებით შევარდნასა და ერთი ბოხხმიანი ზარით გადაცემების დახურვას შორის? მოსახლეობისთვის ხომ შედეგი აქაც ერთი და იგივეა? ამის შემდეგ ჯერ კიდევ გადარჩენილი მედიის არასწორ აქცენტებზე საუბრობთ თქვე ყურუმსაღებო?
და ახლა „რუსთავი 2 ორ“-ს მიადექით, რადგან რამდენიმე გადაცემაში ბოლომდე გაღატაკებული ხალხი გაჩვენათ ნატურალურ ფორმებში და ეს თქვენთვის შოკი აღმოჩნდა, ვერ მოინელეთ. კაბინეტებში სკამებსჩაჭიდებულებმა ნათლად დაინახეთ, რომ სწორედ ეს ხალხი გამოგიტანთ პოლიტიკურ განაჩენს და გაგიშვებთ ასევე პოლიტიკურ მოუსავლეთში. ბოღმა ვინმეზე ხომ უნდა გენთხიათ და აგერაა „რუსთვი 2“. ქიბარ ხალვაში როგორ ვერ იქნება შუაში თუ თავში, როცა მისი და (რომელიც თავად აქ არაფერ შუაშია) თქვენი კოალიციის დეპუტატია? ყველა მედია მოინელეთ, გაქვთ საკუთარი ოჯახური ტელევიზია და რა გაგიხდათ ეს „რუსთავი 2“? ის გაგიხდათ, რომ არ უწვება ერთი კაცის მილიარდებს და თავისი კონკრეტული იდეალები აქვს. მერე რა, რომ ეს იდეალი ხშირად ერთი ფავორიტი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას გულისხმობს, თქვენ ხომ 5 თუ 6 პარტია ხართ კოალიციაში გაწევრიანებული? მიდით, ნებისმიერმა პარტიამ ერთი ასეთი ტელევიზია გააკეთეთ, ფული ხომ გაქვთ და მოსახლეობაში ასეთივე მხარდაჭერა მოიპოვეთ. ამას რატომ არ აკეთებთ? იმიტომ, რომ ხვდებით, სასწორის პინა ნელ-ნელა პოლიტიკური ოპოზიციისკენ იხრება და თქვენი რეიტინგი გაბითურებული დაპირებების ფონზე კატასტროფას უახლოვდება. ამიტომ გირჩევნიათ, ამ ერთ ტელევიზიას ყველა საშუალებით ლაგამი ამოსდოთ, ვიდრე არჩევნებამდე რაიმე სიკეთის ქმნაზე იზრუნოთ. ისევ „რუსთავი 2“ და თქვენგან დამოუკიდებელი მედია გამოგიყვანთ პოლიტიკურ წირვას, თუ რეალობას სულ მცირედით მაინც არ გაიაზრებთ. შეუძლებელია ყველას და ყველაფრის მოსყიდვა, როდესაც ხალხი უკიდურესად გაღარიბებულია და სასწრაფოდ ცვლილებებს ითხოვს. თქვენ არ ძალგიძთ არანაირი წინსვლის, იდეალის შეთავაზება, გუშინდელი დღე ხართ და ისე ნუ გააგრძელებთ, რომ არჩევნებამდე ხალხმა კუდიგორის გზას გაგიყენოთ. არ სჭირდება ეს ქვეყანას და საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების ოთხწლიან ციკლში ჩავეტიოთ.
წინა ხელისუფლება ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ისეთი მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ ხალხმა 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს საარჩევნო წირვა მაინც გამოუყვანა. `ოცნების~ მმართველობა კი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი შეცდომა და გადაცდომა ხართ და მით უმეტეს, ერთ წელიწადში არაფერი გიშველით. სჯობს, ეს რეალობა გაითავისოთ და ელემენტარულად სახე შეინარჩუნოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ რაიმე პოლიტიკური შანსები დაიტოვოთ. ეს კი, პირველ რიგში, რესპუბლიკელებსა და ერთ-ორ გზააბნეულ „ქოცს“ ეხება. დანარჩენის არც ხორცი ივარგებს და არც _ მატყლი.
ისეთი რა ინფორმაციის მიწოდება გინდოდათ მოსახლეობისთვის, რასაც დამოუკიდებელი მედია ვერ მოახერხებდა? იქნებ, სხვა რამ ხდება? რით უნდა იმართლოთ მოსახლეობასთან თავი, როდესაც იგი სრული სიდუხჭირის პირას არის მისული? გადით განვითარებული ქვეყნების საელჩოების მისაღებებთან და ნახეთ, რა სამარცხვინო მდგომარეობაა. უზარმაზარ რიგებში ადამიანებს ერთადერთი ოცნებაღა შერჩათ _ თავი დააღწიონ ამ გამოუვალ მდგომარეობას, სიდუხჭირეს და უცხოეთში ემიგრანტის მძიმე ხვედრით ფიზიკურად გადაირჩინონ თავი, საკუთარი ოჯახები იხსნან აღვირახსნილი ბანკების ასტრონომიული პროცენტებისგან, ბინების დაკარგვისგან, გარდაუვალი გაღატაკება-კრახისგან. ნუთუ, ეს იყო ამ ადამიანების ოცნება? ოჯახი არ არის, რომელსაც ბანკის ვალი არ ჰქონდეს და დღედაღამ თავ-პირს არ იმტვრევდეს, თუ როგორ დააღწიოს მას თავი, როგორ გადაიხადოს პროცენტები ისე, რომ პურის ფული დარჩეს, ოჯახი შიმშილის ტყვეობაში არ აღმოჩნდეს. თავისუფალი მედიის, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის პირდაპირი ვალდებულებაა, ეს რეალობა საჯაროდ აჩვენოს და ამით ორთქლი გამოუშვას, თვითონ ხელისუფლებისთვის გარკვეული მეხამრიდის როლი ითამაშოს. მაგრამ ეს ვის ესმის, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ? პური არ აქვს ხალხს და სანახაობასაც ართმევთ და აბა, გამოიცანით, კლასიკურ ვითარებაში ამას რა შედეგი მოაქვს? მაინც, რომელი ინფორმაციის მიწოდება გინდოდათ ერისთვის, სწორი აქცენტების მამებო?
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად ტელეკომპანიების მიერ არასწორი აქცენტების გაკეთებისა, მთავრობა მათ საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს. მეტი ჩარევა რაღა გინდათ? საინტერესო გადაცემის ავტორს პირად ცხოვრებაში „ოპოზიციური ცვლილებები“ არ აპატიეთ, ყველაზე რეიტინგულ ჟურნალისტს ტრიბუნა წაართვით და სოფელში გადაიყვანეთ საცხოვრებლად (ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო) და ახლა ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ ტელევიზიაში სასამართლოს გზით იქექებით, რომ რაიმე სარგებელს მიაღწიოთ! ეს არ არის ჩარევა, თუ ბინდით არის მოცული ეს სოფელი? ჩაერევით და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ. ეს ქვეყანა არც „ქოცისა“ და არც „ნაცის“, არც სხვადახვა ჯიშისა და ჯილაგის ისტებისაა, ხალხი გადაწყვეტს თქვენი და სხვა პოლიტიკური ძალების ბედს. და ეს რომ გააკეთოს, თავისუფალი მედია სჭირდება, რომელიც ყოველი მხრიდან დაანახვებს არსებულ რეალობას და საბოლოო არჩევანსაც გააკეთებინებს.
ბოლო დღეებია, ლამის ყველა მედიასაშუალება, ტელევიზიები, მათ შორის, `რუსთავი 2~, სააგენტოები თუ გაზეთები აბრეშუმის გზის ფორუმს აშუქებენ. არც ეს ინფორმაცია არ დამალულა და მოსახლეობას სრულად მიეწოდება, მაგრამ პოტენციურ მილიარდებზე საუბარი რომ არაფრის მომტანია, ეს ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ. ამ მილიარდების რახარუხით გააბრუეთ მოსახლეობა და მოხვედით ხელისუფლებაში. აი, როგორ გააგრძელეთ და „მეოთხე საუკეთესო წელს“ როგორ შეხვდით, ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ და ამით მკითხველის ყურდღებას ნუღარ შევაწუხებთ. მეოთხე წელიწადს ისევ მილიარდების რახარუხი და ბოლოს, კარგად აპრობირებული ანკესი, წამების კადრები ამოატივტივეთ. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს რა გზით გაანადგურებ, შედეგი ხომ ერთი და იგივეა?
ბოლო, ყველაზე ხმაურიანი, აქცენტი კი „ენდიაიმ“ დაგისვათ, როცა 5 ათასი შემთხვევით შერჩეული ადამიანის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მხოლოდ 11%-ია, როდესაც თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ფონზე ისევ 13%-იანი მხრდაჭერა აქვს. აი, ამას ჰქვია მთავარი აქცენტის დასმა, რომლისთვისაც თავის დაღწევა ურთულესი საქმე იქნება. მეოთხე „უკეთეს წელიწადს“, რომ მოსახლეობის ლამის ნულს ქვემოთ მხარდაჭერა გექნება, ეს რაზე მიანიშნებს? იმაზე, რომ „ენდიაის“ თავი დავანებოთ, ხალხმა აქცენტი დაგისვათ და ეს ვერდიქტი, ვეჭვობთ, საბოლოოა. ტყუილია თქვენი ფაფხური სასამართლოს გზით „რუსთვი 2“-ის დახურვაზე; ის თქვენი 11%-იც აღარ გამოვა მხარდასაჭერად, რადგან ეს კაბინეტების ხალხია და უკვე მომავალზე ფიქრობს, როგორ მოახდინოს ოსტატური პორტირება და ნანინანატრი თანამდებობის შენარჩუნება. ამის მაგალითი ხომ ისევ ძველმა „ნაციონალებმა“, მათ შორის, მაჟორიტარებმა მოგცეს და გამოცდილების გაზიარებისთვის შორს წასვლა არ გჭირდებათ.
აი, ბრძენკაცს კი „ისპალნიწელი“ ბიჭები ყოველთვის დასჭირდება და დღევანდელი აქცენტების დამსმელებისთვის მომავალი არ არის ისეთი ბნელი, როგორიც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“ _ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! (წინადადების ბოლოს გაღიმებული სმაილი იგულისხმება).
გიორგი მეფარიძე