QronikaPlus
ქართული დემოკრატიის გამოწვევები

ქართული დემოკრატიის გამოწვევები

2015-10-23 07:12:51

2015 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულმა ორგანიზაცია NDI-მ პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ მმართველ კოალიციას რეიტინგში უსწრებს ოპოზიციური პარტია, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~. ზოგადად, ცნობილია, რომ ხელისუფლება არ სწყალობს აღნიშნულ რეიტინგებს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის საინტერესო არ არის ქართველი ხალხისთვის. თუ გავიხსენებთ 2013 წელს ჩატარებულ გამოკითხვებს, სადაც მმართველი კოალიციის რეიტინგი 63%-ს აღწევდა, ისინი ამაყად აცხადებდნენ, რომ მათი რეიტინგი კოსმოსში იყო. რეიტინგული კვლევა იძლევა სურათს, რომლის თანახმადაც ჩანს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. როდესაც არჩევნებამდე მმართველი კოალიციის რეიტინგი 14%-ია, ვითარება ნამდვილად საგანგაშოა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, არ მუშაობს, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება, მათი ამომრჩეველი ფრუსტრირებულია და ასეთი ხელისუფლება საშიშია. ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი ძალიან საშიშია დემოკრატიის განვითარებისთვისაც. ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ ასეთი დაბალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება ეცდება, შეცდომები სხვაგან ეძებოს და არა საკუთარ თავში. თავისი წარუმატებლობის დაფარვის მიზნით ის აუცილებლად დააზარალებს დემოკრატიას და საქართველოში ამის საკმაოდ სერიოზული ტენდენციაა. რეიტინგების გამოქვეყნებასთან ერთად, უკრაინულ საიტზე, გამოქვეყნდა წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც მოხდა წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალა ინახებოდა პროკურატურაში, რაც პრემიერმაც დაადასტურა, „მოულოდნელად“ ის საჯაროდ გამოქვეყნდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ დადებულმა პოლიტიკურმა რეიტინგებმა, პრაქტიკულად, შოკში ჩააგდო ხელისუფლება. ამიტომ მისთვის ყველა გზა მისაღებია, რომელიც დაფარავს ამ შედეგებს. აქვე ერთი საკითხი არის თვალში საცემი: რატომ აკეთებს ხელისუფლება ისეთ Pღ სვლებს, რომლითაც ის ვერაფერს იგებს? მაგალითად, წამების კადრების გამოქვეყნებამ, რომელიც მანამდეც აჩვენეს საჯაროდ, დააზარალა ოპოზიცია, რომელსაც ეს კადრები მეტად ვეღარ დააზარალებს. ამიტომ პიარსვლა, რომელიც ვერ დადებს შედეგს, მარტივად რომ ვთქვათ, რას აძლევს თავად ხელისუფლებას? ვფიქრობთ, არაფერს, ვინაიდან ფაქტია, რომ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. ამიტომ პრობლემა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებში კი არ არის, არამედ არის სხვაგან და ასეთი კადრების ჩვენება ვერ აწევს მათ რეიტინგს. მაშ, რა არის ეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვფიქრობთ, დიდი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებისთვის საკმაოდ ცუდად დასრულდება. ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ეს ვერ შეიფუთება, როგორც შემთხვევით მომხდარი ფაქტი. ეს არის ხელისუფლების მიერ რეიტინგების საწინააღმდეგო სვლა, რომ როგორმე რეიტინგების თემამ გადაინაცვლოს ქვედა ადგილზე. გარდა ამისა, ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი წინა ხელისუფლებისა და დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, ვინაიდან 2015 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი, რომლითაც დავა მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის წილებზე ძველ და ახალ მეპატრონეებს შორის. არავისთვის უცხო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესით ძალიან დაინტერესებულია ხელისუფლება, ვინაიდან, როგორც წესი, მიაჩნია, რომ პრობლემა მათ მმართველობაში კი არ არის, არამედ _ „რუსთავი 2“-ში, რომელიც კრიტიკულად აშუქებს ხელისუფლების მოღვაწეობას. ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ასეთი მედიის განეიტრალება, პრაქტიკულად, ამოასუნთქებს მას, რომ ადამიანები ვეღარ მოისმენენ ხელისუფლების კრიტიკას და ყველაფერი იქნება იდეალურად. ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი შეიცავს საფრთხეებს, რომ ხელისუფლება შეეცდება, კი არ გამოასწოროს თავისი მენეჯმენტის შეცდომები, კი არ გადახედოს თავის მმართველობას, არამედ, მაგალითად, გაანეიტრალოს საინფორმაციო წყაროები, რომ არავინ ისაუბროს მის შეცდომებზე. აი, აქაა სწორედ ხელისუფლებისთვის მარცხი ჩასაფრებული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ სწორედ „რუსთავი 2“ იყო ის ტელევიზია, რომელმაც განაცხადა საქართველოში რუსულ „გაზპრომთან“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოლაპარაკებებზე. ასევე გაშუქდა სხვა ბევრი უხერხული თემა, რომელიც ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არ არის. „რუსთავი 2“-ზე შეტევა ძალიან ჰგავს რუსეთში ტელევიზიებზე შეტევას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ავტორიტარიზმი გააფორმა. საქართველოს ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ დაპირებებზე  ორიენტირებული ყოფილიყო, პრობლემების ძებნა სხვაგან დაიწყო, მაგალითად, „რუსთავი 2“-ში, ასევე სხვა ტელევიზიებშიც დაიხურა საკმაოდ რეიტინგული ტოქშოუები. არ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაიმე ახალს აკეთებს, რაც არ გაუკეთებია სხვა ხელისუფლებებს, ან თუნდაც წინა ხელისუფლებას, მაგრამ ყველამ გადაიხადა ამაში დიდი პოლიტიკური ფასი. 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეყვანით მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაიხადა უდიდესი პოლიტიკური ფასი, რომელსაც დღემდე იხდის, ხოლო, საბოლოოდ, მათ ხელისუფლება დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იმ ხელისუფლების რეიტინგი რამდენჯერმე მაღალი იყო დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგზე. დღეს ხელისუფლება 14%-იანი რეიტინგით მიდის დიდ რისკზე და საფრთხეს უქმნის საქართველოს მთლიან დემოკრატიზაციის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, დროში საკითხი სულ სხვანაირად წარმოჩინდა _ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პარლამენტში შექმნა კომისია, რომლითაც დაიწყო წინა წლებში მედიის საკითხებზე არსებული სიტუაციის შესწავლა და მასში შედიოდა „რუსთავი 2“-ის საქმეც. კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“-ს „მოპარული ტელევიზია“ უწოდა. „რუსთავი 2“-ის თემა აქტიური იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებშიც. ასევე ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც ხშირად აკრიტიკებდნენ „რუსთავი 2“-ს. დღეს არ არის იმის პრობლემა, რომ რაიმე თემა იურიდიულად შეფუთო და იურიდიული ფორმალობით ეცადო თავის დაძვრენას. ტელეკომპანიასთან დაკავშირებული, პირდაპირი თუ ირიბი, იმდენად სერიოზული ფაქტები მოხდა, რომ ძნელია ამ შემთხვევაში დაეთანხმო იურიდიულ ფორმალობას. როდესაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა ქიბარ ხალვაშის („რუსთავი 2“-ის ყოფილი მოწილე) მიერ სარჩელის შეტანაზე სასამართლოში, რათა წილები დაებრუნებინა დაახლოებით 1 წლის წინათ სარჩელის შეტანამდე, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში კვდება „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებელი და მისი სულის ჩამდგმელი ეროსი კიწმარიშვილი, როდესაც პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე ეძახის „რუსთავი 2“-ს „მოპარულ ტელევიზიას“, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, როდესაც ზოგიერთი პარლამენტარი აშკარა გაღიზიანებას ვერ მალავს ამ ტელევიზიით, უბრალოდ, აქ არ რჩება ადგილი იურიდიული ფორმალობისთვის. აშკარაა ხელისუფლების სურვილი, რომ „რუსთავი 2“ არ არსებობდეს ისეთი, როგორიც ის არის დღეს, მით უმეტეს, რომ კომპანიის ქონების დაყადაღების თემა იმდენად აშკარად აჩენდა ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ფიცი ჩაურევლობაზე აშკარად კრიტიკას ვერ უძლებდა. ეს ტელეკომპანია არ არის მხოლოდ ტელეკომპანია. ეს არის საქართველოს მედიის სიტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც წარმოადგენს ფლაგმანურ მედია საშუალებას. ამიტომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის არსებობა. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ის იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ერთიან ბრუნვაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დღეს უპასუხებს დემოკრატიულ გამოწვევას. არავისთვის არ იქნება დღეს დამალული საქართველოს ხელისუფლების ჩარევა ძალიან საქმეში და ვერავის დაუმტკიცებს ხელისუფლება, რომ აქ მისი ინტერესი არ იყო. შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამაზე აუცილებლად იქნება მწვავე რეაქცია. ისევე, როგორც ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნისგან თავისუფალი იყო. სწორედ ამიტომ მიღებულია რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ხელისუფლებამ დაიმსახურა მკაცრი შენიშვნები. ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საქართველო დღეს არ არის იმ სტატუსის მატარებელი ქვეყანა, რომელიც შეძლებს, ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინოს. ასეთმა პოზიციამ, რომ შესაძლებელია ყველაფერი აკეთო, დღეს ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. მას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალიან დაუვარდა რეიტინგი და ეს სულაც არ მოასწავებს იმის მზაობას, რომ შეგიძლია ყველაფერი აკეთო და ის გაგივა. აქ საკითხი ერთმნიშვნელოვნად დგას: საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა დამოკიდებულია მის ჩართულობასთან მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებში; საქართველოს შეუძლია გაძლიერდეს მხოლოდ დემოკრატიული პროცესით, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში ინტეგრირდება დასავლეთში, სადაც იზრდება ჩვენი დაცულობის ხარისხი. ხელისუფლების თავნებობა ვნებს სწორედ ჩვენი სახელმწიფოს დაცულობას.  როდესაც გსურს ძალაუფლების შენარჩუნება, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენ მიერ შექმნილი პოზიტივის გზით. ეს თუ მოხდება ძალადობის გზით, ასეთი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი არ გააჩნია. ამიტომ ძალიან იზრდება შიდა საფრთხეები, რომელიც გარე პროცესების მიმართ მოწყვლადად აქცევს სახელმწიფო სისტემას. წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, თავისი თავი შეეთავაზებინა მსოფლიო თანამეგობრობისთვის. რა თქმა უნდა, აქ იყო შეცდომებიც, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შეთავაზებული მოდელი მისაღები აღმოჩნდა მსოფლიო სისტემისათვის, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა დისკურსში იქნა გადასროლილი. ამავე დროს, უფრო ფაქიზი გახდა გეოპოლიტიკური გამოწვევები და გაიზარდა უსაფრთხოების რისკები. ამიტომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და მით უმეტეს თავისუფალ მედიაზე ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. საქართველოს ხელისუფლება მიდის ტრადიციულ შეცდომაზე, სადაც ყველაფერი დაშვებულია ოღონდ შენარჩუნდეს ძალაუფლება. ერთი მედია საშუალების დამორჩილებას აუცილებლად მოჰყვება სხვა მედიაზე შეტევაც. ამიტომ წინ დიდი საფრთხეა და ყველაზე საშიში ამ დროს არის სწორედ ხელისუფლების დაბალი რეიტინგი, ანუ შიშს დიდი თვალები აქვს, რომელიც აუცილებლად მოინდომებს მთლიანი საინფორმაციო სივრცის დამორჩილებას ქვეყანაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში. რა არის ხელისუფლების მთავარი შეცდომა? ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებასთან ახალი სასაუბრო ენის ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა მოეცვა არჩევნების შემდგომი დისკურსის შექმნა ქვეყანაში. ხელისუფლება ჩარჩა წინასაარჩევნო რიტორიკულ ველში და 3 წლის თავზე ახალი ვერაფერი შესთავაზა ამომრჩეველს. რაც მთავარია, მან ვერ შეძლო შეექმნა იმ პოზიტივის მეათედი მაინც, რომელსაც იგი ამომრჩეველს დაჰპირდა. დღის წესრიგში დგას ძალაუფლების შენარჩუნება ძველ რიტორიკულ ველში, რომელიც იმდენად გავლილია, რომ ვერაფერზე მოახდენს გავლენას. ამიტომ რაც დრო გავა, ხელისუფლება უფრო მეტად ეცდება გააკონტროლოს მედია სივრცე, თუმცა ეს გამოსავალი ვერ იქნება. მათ უნდა შეძლონ, რაიმე ახალი თქვან, რაც ძალიან რთულია, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის, გაუფასურებული ლარის, უმუშევრობისა და დიდი არაპოზიტიური მმართველობის ფონზე. სწორედ ამიტომ ეძებენ შეცდომებს სხვაგან. დღეს, როდესაც ამ სტატიას ვწერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამების ამსახველ კადრებს ზუგდიდის მერი საჯაროდ ქუჩაში აჩვენებს. ეს არის ხელისუფლების უსახური ნაბიჯი, რომელსაც არ აქვს მომავალი, რომელსაც არ გააჩნია სახელი. ეს არის ძალიან შეშინებული და ამიტომ საშიში ხელისუფლება. ხელისუფლება 2015 წლის 19 ოქტომბრისთვის ემზადება, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს. ყველა ნიშანი არის იმისა, რომ შეიქმნას ნეგატიური ფონი, რათა „რუსთავი 2“-ის  წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები პროტესტი იყოს. ეს ნიშნავს ყველაფერზე წასვლას. ამიტომ არის საშიში ურეიტინგო ხელისუფლება. ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ამოვარდება ყოველნაირი მსოფლიო დისკურსიდან, თუ ის ვერ შეძლებს ჰყავდეს დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ორი კომპონენტია მიჩნეული მსოფლიო დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი ძალაუფლების მოსათოკად. სხვა შემთხვევაში კონტროლი ხელისუფლებაზე ვერ განხორციელდება, ხოლო შეუზღუდავი ძალაუფლება რყვნის. თუ ვერ შევძლებთ ამ ორი ინსტიტუტის შენარჩუნებას, საქართველო დაკარგავს ყველა ნიშანს, იყოს თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიის წევრი, რაც მარტივად მოასწავებს, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, განადგურდება.  

                                                                                                     ირაკლი მარგველაშვილი

 

გაზიარება