QronikaPlus
ლევან ვასაძე: „არ ვიცი, რა არის გენდერი!“

ლევან ვასაძე: „არ ვიცი, რა არის გენდერი!“

2015-10-23 07:08:28

პარლამენტის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და „დემოგრაფიული ფონდის“ დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს კანონიდან ტერმინების _ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას ითხოვენ. ამ შინაარსის საკანონმდებლო ცვლილებების ინიიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე მოხდა. ინიიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს რამდენიმე კანონში. საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის წარდგენის მიზნად ავტორები ასახელებენ საქართველოს კანონში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ არსებული ტერმინების _ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღებას. კანონპროექტში ხაზგასმით წერია, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, აქვე ნათქვამია, რომ შესაძლოა კანონის პროექტმა გავლენა მოახდინოს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. „საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არათუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება იმ ადამიანების სერიოზული დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს. „სექსუალური მრავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდოღირებულებები საზიანოა საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის ძირითადი რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ, საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება, რომლის რიცხვში ქართული კულტურა და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს. კანონპროექტს ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს, ამ ეტაპზე, ძნელად სავარაუდოა“, _ წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც ზვიად ტომარაძემ მოამზადა, მისი ინიიცირება კი პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა მოახდინა. ამ ინიციატივის შესახებ გვესაუბრება „დემოგრაფიული აღორძინების ფონდისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე: _ მინდა, ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა რამდენიმე ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე. ასევე შრომის კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდის, მისი რეკლამისა და წინ წაწევის ყოველგვარი მცდელობა. ამავე კანონპროექტში ინიიცირებულია გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის გენდერული იდენტობა და ამის გამო მას მინდა მადლობა გადავუხადო. ჩემი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ ყველასათვის ცნობილია და დღეს ახალს არაფერს ვიტყვი. როდესაც ამ კანონის მიღება ხდებოდა, საჯარო გამოსვლებში ეს აზრი ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე, ჩვენს ხელისუფლებას იმ დღეებში ღია წერილითაც მივმართე, განურჩევლად იმისა, იქ ჩემი მეგობრები იქნებიან თუ ოპონენტები და ვიცი, რომ ამ წერილით ძალიან დიდი უკმაყოფილებაც დავიმსახურე. ამ საკანონმდებლო ინიციატივას როგორც რიგითი მოქალაქე, ვიწონებ და მხარს ვუჭერ, თქვენთვის ამაში ახალი არ უნდა იყოს არაფერი, ჩემთვის კი ახალი ის არის, რომ დეპუტატმა ჯაჭვლიანმა ეს ნაბიჯი გადადგა. ჩემი აზრით, ეს არის უპრეცედენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში: ერთი მხრივ, ის არ შეუშინდა პარტიულ კონიუნქტურას და, მეორე მხრივ, კი მასირებული დაცინვისა და გაქილიკების კამპანიას, რომლის ობიექტიც ის არის, უკვე რამდენი ხანია. მე არ ვიცი, ყველა დეტალი და არც ის ვიცი, იბიარდი რა ეგონა სოსო ჯაჭვლიანს, მართლა ეგონა თუ ხუმრობდა, არ ვიცი, კიდევ რა შეცდომები აქვს დაშვებული მას თავის საჯარო გამოსვლებში, მართალი გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს, მე მომეწონა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი. ჩემი აზრით, ჯაჭვლიანმა ამ საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენს პარლამენტში გაავლო ხაზი ნამუსის ერთგულებასა და მიჩუმათებას შორის. დიდი იმედი მაქვს, კიდევ მოინახებიან პარლამენტარები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. „ნაციონალური მოძრაობის“ იმედი არ მაქვს, არც „რესპუბლიკური პარტიის“ და კიდევ ერთი-ორი ფრაქციის, მაგრამ იქ ჩვენი მეგობრები სხედან, კიდევ ერთხელ წაიკითხონ ეს კანონი, რომელიც მათ მიიღეს და დაფიქრდნენ, შეესაბამება თუ არა მათი თავი იმ ნორმებს, რომლებშიც მშობლები თავიანთ ოჯახებში ზრდიდნენ. მინდა ხაზი გავუსვა იმ ხელოვნურობას, რომლითაც, თავის დროზე, ეს კანონი მიიღეს. ძნელად თუ მოძებნით დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში ასეთ შემთხვევებს, როდესაც ლიბერალიზმისთვის ათი მცნება აღარ არის საკამათო, ცალსახად მისაღები დოქტრინა და მისი ცალკეული დებულებებია საკამათო და როგორ შეიძლება კანონი იყოს უკამათო და როგორც ჩრდილო კორეაში, ან საბჭოთა კავშირში, ერთხმად იქნას მიღებული? მისი ასე მიღებით ჩვენმა პარლამენტმა, თავის დროზე, ჩემი აზრით, ეს კანონი მკვდრად შვა და ის ფაციფუცი და ნერვიულობა, რომელიც ახლა მოჰყვა ჯაჭვლიანის ამ ინიციატივას, ძალიან კარგად ახასიათებს აგრესიულ ლიბერალიზმს, ტოტალიტარულ რელიგიას. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ მისთვის აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია და მეორე მხრივ, ის მოითხოვს სრულ მორჩლებას თავისი დოგმების მიმართ. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად წინააღმდეგობრივი პოზიცია. მე არ ვარ ექსპერტი და რა თქმა უნდა, არ ვიცი საკანონმდებლო პროცესების შესახებ, არ ვიცი, ამას რა მოჰყვება და ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ ვხედავ მეინსტრეიმ მედიას. არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ვხედავ მცდელობას, ჩაფარცხონ და ეს ფაქტი მიაჩუმათონ. ჩემი აზრით კი, რაც ხდება, ეს არის ძალიან საგულისხმო ფაქტი. იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც ჯაჭვლიანი განიცდის, ეს კანონი განხილვაზე გავა. სულ რომ მარტო სოსო ჯაჭვლიანმა დააჭიროს ღილაკს ხელი, ეს უკვე იქნება ქართული პარლამენტის მორალური გამარჯვება! მჯერა, ამ მოწვევის პარლამენტი ისე არ წავიდოდა, რომ ერთი კაცი არ მონახულიყო, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ ხელოვნურ ექსპანსიას ძალიან ანტიჰუმანური იდეოლოგიისა, რომელიც ცხვრის ტყავში ცდილობს დაანგრიოს იდენტობა და არამატერიალური ფასეულობები. ჩვენს ქვეყანას არავისგან ესწავლება შემწყნარებლობა და ჩვენი მთელი ტრადიცია და ისტორია არის ნებისმიერი სახის ბუნებრივი უმცირესობის ჩვენთან სრულ ჰარმონიაში თანაარსებობა, ეროვნული იქნება ეს თუ სარწმუნოებრივი. რაც შეეხება ნებისმიერი სახის ცოდვას _ არც ცოდვისათვის დასჯა არის ჩვენი კულტურის ნაწილი, ან დევნა-დაჩაგვრა ადამიანისა იმ პირობით, რომ ადამიანი ირცხვენს ამ ცოდვას. ამ ფსევდოკულტურის მცდელობა, რომ ცოდვას ცოდვა აღარ ერქვას, სირცხვილი აღარ არსებობდეს, სამარცხვინო ქცევა გახდეს საზეიმო და ადამიანს აეკრძალოს თავისუფალი აზრის გამოხატვა, რას ფიქრობს ის ცოდვასთან მიმართებით, ამისათვის დაისაჯოს, ციხეში ჩაჯდეს, საქმე ჩამოერთვას და ა. შ. _ ეს არის უდიდესი ტყუილი და ჰიპნოზი, რომელშიც იმყოფება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი. ვერც დაადანაშაულებ იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობაა, რომელიც, უბრალოდ, ასე გაიზარდა და არ ესმის, რაზე ვლაპარაკობთ. იმედი მაქვს, ეს საკანონმდებლო ინიციატივა თავის შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. ამ განცხადებას პოლიტიკისთვის არ ვაკეთებ, პოლიტიკაში არ მივდივარ და პოლიტიკა არ მაინტერესებს! _ ბატონო ლევან, თქვენ გაქვთ საკუთარი კერძო სკოლა. ბუნებრივია, მოსწავლეებს აინტერესებთ საკითხები, რომელიც გენდერთან არის დაკავშირებული. თქვენთან როგორ უდგებიან ამას, რას პასუხობთ მოზარდებს, როგორ უხსნით? _ არ ვიცი, რა არის გენდერი. ვიცი, რა არის სქესი, რომ გავიზარდე, ვიცოდი, არის კაცი და ქალი. ახლა წავიკითხე, რომ გაეროს კლასიფიკაციაში არის, თურმე, 58 გენდერი. კაცი რომ დიბადა, გადაწყვიტა, კაცად დარჩენილიყო და მერე ქალად გადაკეთდა, ეს ყოფილა ცალკე გენდერი და ა. შ. ამიტომ, ეტყობა, არ მაქვს საკმარისი განათლება და კომპეტენცია იმისათვის, რომ ავხსნა _ რა არის გენდერი. მგონი, ამ იდეოლოგიის ავტორები თვითონაც დაიბნენ. რაც შეეხება ე. წ. სამოქალაქო განათლების ინიციატივას, ახლა რომ უნდოდათ შემოეტანათ სკოლებში „მე და საზოგადოება“, იცით, ამაზე ჩემი რეაქცია, _ მადლობა ღმერთს, შევაჩერეთ და იმედი გვაქვს, ამას საერთოდ გავაუქმებთ. სკოლის მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის აკადემიური განათლების მიცემაა. საქართველოში მიმდინარე ტენდენციების ყველა მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ მკვეთრად არის დაცემული აკადემიური განათლების ხარისხი. ბოლო წლებში, სააკაშვილის დროს დაწყებყული სამოქალაქო განათლების ე. წ. ფსევდო დისციპლინებისა და საგნების შემოტანა ხდება ამ საგნების ხარჯზე და ჩვენი მოსწავლეების სკოლებში ჩაჭრის პროცენტული მაჩვენებლები არის კატასტროფული. ზუსტი ციფრები არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, რომ ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკაში წელს ჩაიჭრა 37%, მათემატიკაში _ 27%. მოვიყვან საერთოდ გამაოგნებელ მაგალითს, როდესაც 2 წლის წინათ ჩაატარეს გამოცდა ფიზიკის მასწავლებლებში და მხოლოდ მასწავლებლების 2%-მა ჩააბარა ეს გამოცდა. რატომ ხდება ასე? ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები აფინანსებენ ასეთი საგნების შემოტანას, ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგს ამ ფსევდოსაგნებში, ნამდვილი აკადემიური განათლება _ მათემატიკა იქნება, გეოგრაფია, ქიმია თუ ისტორია, იჩოჩებს სადღაც. სადაც მართლა უნდა იშრომო, გაისარჯო, ოფლი ღვარო და მოემზადო წარმატებული ცხოვრებისათვის, ამ დროს პანჭიპუნჭა, ტლიკინა ვითომ საგნების წლიდან წლამდე ზრდა ხდება ჩვენს აკადემიურ პროგრამაში. მე პირადად, როგორც სკოლების დამფუძნებელსა და მესვეურს, მადარდებს ჩვენი შვილების წარმატებული ცხოვრება და საოცარი ფაქტია ჩემთვის, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ასეთ ინიციატივებს და არ ესმით, რომ ეს წინ დახვდებათ ჩვენ შვილებს. არ მაინტერესებს, ჯამაგირს იღებენ ისინი უცხოური არასამთავრობოებიდან თუ სხვა. ბავშვი დაინტერსედება და განვითარდება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც შენ მას ელეპარაკები, რასაც მას შესთავაზებ. თუ მას შესთავაზებ მორალურ განვითარებას და ნამდვილ აკადემიურ განათლებას, ის წავა ამ მიმართულებით და თუ შენ მას აცეკვებ იმ ცეკვას, რომელსაც უკვეთენ ბატონი ჯორჯ სოროსი და სხვა ჭინკები, მაშინ შენი ახალგაზრდობა წავა სხვა მიმართულებით. _ თქვენ არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ ხართ დასავლური ღირებულებების აპოლოგეტი. იცით, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი პირდაპირ მიბმულია იმასთან _ ექნება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლა. ამ ყველაფრის ფონზე მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ კანონის გაუქმება საპირწონეა მისი ვერმიღებისა? _ დასავლური ღირებულებების ნამდვილი დამცველი და ძმაკაცი, უპირველესად, ვარ მე. მე და ლადო გურგენიძე გორბაჩოვის დროს ვიყავით პირველი ქართველი სტუდენტები, რომლებიც წავედით სასწავლებლად ამერიკაში. ხშირად ვეუბნები ჩვენს გამოშტერებულ ლიბერალებს, მე რომ მიყვარს ამერიკა და დასავლეთ ევროპა, ისე მაგათ არც დაესიზმრებათ, მაგრამ დასავლური კულტურა მთლიანად არის დაფუძნებული ქრისტიანობაზე და ის ეროზია და მეტამორფოზა, რომელიც მან განიცადა ჩვენივე სიცოცხლის მანძილზე ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის ხელოვნური, თავსმოხვეული და დროებითი. ამიტომ მე მიყვარს ნამდვილი დასავლეთი და არ მიყვარს ფსევდოდასავლეთი. მე მიყვარს შრომა, პროგრესი, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის და არ მიყვარს საჭინკეთი, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ. არაფერი არ არის უფრო შეურაცხმყოფელი ჩემთვის პირადად, როგორც ქართველისთვის, ვიდრე ის, რომ მიიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და მოგცემთ ვიზების ლიბერალიზაციასო. ეს არ არსებობს იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ერთგულება მარადიული ღირებულებებისა და არა ვაჭრობა რაღაც შუშის მძივების სანაცვლოდ. თუ მართლა უნდათ ჩვენთან მეგობრობა, აგერ 2 წელია, ეს კანონი მიიღეს და მოგვიხსნეს ვიზები? ეს არის, უბრალოდ, ტყუილი და ჰიპნოზი, რომ ჯერ გააკეთეთ ეს ყველაფერი, მერე ჩვენ თავს მოვიფხანთ და ვიფიქრებთ, კარგი ბიჭები ხართ თუ არაო. მიმაჩნია, თუკი ჩვენ ვუერთგულებთ, ხანდახან შავრაზმელობაში და ნაციონალიზმში რომ გვადანაშაულებენ, არა რაღაც უნიკალურ ქართულ, ანდა ფუნდამენტურად ქართულ, ქრისტიანულ ღირებულებებს, რისი მაგალითიც სულ უფრო და უფრო ნაკლებია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დასავლეთ ევროპაში, თუმცა იქაც თავისი ტენდენციებია, რაც უფრო მაგრად დავდგებით, მით უფრო პატივს გვცემენ, ეს არის ჩემი პოზიცია გამოცდილებიდან განმომდინარე. რაც უფრო გავფარჩაკდებით, რასაც გვიბრძანებენ, გავაკეთებთ და სადაც გვეტყვიან, იქით გაიქეცითო, გავიქცევით, მით უფრო ნაკლებად პატივცემული იქნება ჩვენი სახელმწიფო დასავლეთშიც და მთელ მსოფლიოშიც. არაერთხელ მითქვამს და აქ მინდა ძალიან მკვეთრად ხაზი გავუსვა: ხშირად საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ევროპისაგან და დასავლეთისაგან ავიღოთ ის, რაც ასაღები გვაქვს, რაც სასარგებლოა ჩვენი დემოგრაფიისთვის, ეკონომიკისთვის, გამრავლებისთვის, სახელმწიფოს სიძლიერისთვის, რომლის აბსოლუტური ფუნდამენტის დეენემის დონეზე უჯრედიც არის ოჯახი და ამ ოჯახს ებრძვის ეს სამარცხვინო კანონი. ამავე დროს არ მესმის, რას ნიშნავს _ ჩვენ ევროპაში შევდივართ, მოგიყვანთ მაგალითს: რომ გვამშობიარეს ლამის ამ ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ზეიმზე, თუ არ მეშლება, 82 ქვეყანას აქვს ამაზე ხელი მოწერილი, ტუნისსა და ალჟირს ხელი აქვთ მოწერილი 1969-1972 წლებში და რა, შეიცვალა რამე ჩვენს ქვეყანაში ამის გამო?! ეს რაღაცა სატყუარები, რომ თქვენ ეს გააკეთეთ და ჩვენ ამას მოგცემთ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია! ჩვენ ვართ ქართველები, აქედან გამომდინარე, გვაქვს ჩვენი ისტორია, პრინციპები და მას უნდა ვუერთგულოთ, ამ პრინციპებს კი არავისგან ესწავლება შემწყნარებლობა. ამიტომ სრულებით არ მეშინია, რომ ჩვენ რაიმე ზიანს მივაყენებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც არის ლეგენდა და „ფოქსნიუსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩემი მეგობარი, ძალიან ცნობილი კაცი, ჩემთან თბილისში იყო ერთი კვირა ჩამოსული, საკმაოდ ღრმა ინტელექტუალია, ჩემთან სტუმრობის მერე, ერთ კვირაში მითხრა, _ ლევან, გაოგნებული ვარ იმით, რომ თქვენ არც კი გესმით, რამდენი შეგიძლიათ მოსთხოვოთ დასავლეთს და მათ მოუწევთ ამასთან შეგუებაო. ვკითხე, _ რას გულისხმობ-მეთქი? და, _ დასაწყისისთვის უთხარით, ფეხები ჩამოიღონ მაგიდიდან, მოიქცნენ თქვენს ქვეყანაში ისე, როგორც თქვენი ქვეყნის წესიაო. უერთგულეთ თქვენს იდენტობას, თქვენს უნიკალურობას, შეუშვით ეს თავში და ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა გახდებით, ვიდრე ის უბადრუკი მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით. ეს რა ვნახე, ეს რა ხდება თქვენს ქვეყანაშიო! ეს იყო მართლა ნაღდი ამერიკელის შეფასება, რაც ხდება ჩვენთან და ეს ჰიპნოზი, რაშიც ჩვენ ვართ, რომ არიქა, თუ აქ არ დავცუციკდებით, დასავლეთი მიგვატოვებს, მერე რუსეთი მოვა და შეგვახრამუნებს, ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა!  

                                                                                                               თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება