საქართველოში, როგორც წესი, ასეა: როცა რამე პრობლემა დგება, ხელისუფლება მის ერთჯერად მოგვარებაზე ფიქრობს და არა საბოლოო გადაწყვეტზე.
ამ ათი წლის წინათ ქალაქი ქობულეთი თითქმის ყველა გაწვიმებაზე იტბორებოდა, მაგრამ 2015 წლის მსგავსი მასშტაბი არასოდეს ყოფილა.
2004 წელს ხელისუფლებამ ძირფესვიანად გაწმინდა მდინარე აჭყვის კალაპოტი და არხები. შემდეგაც, ყოველი ძლიერი წვიმის დროს, ასუფთავებდნენ მას.
წლევანდელი, 8 ოქტომბრის არნახული წყალდიდობა, რომელმაც ნახევარი ქალაქი თითქმის წალეკა, მართლა სტიქია იყო თუ ხელისუფლების არასათანადო ქმედება, ეგ კიდევ საკითხავია.
`ქრონიკა+~-მა ადგილზე მოინახულა საწრეტი არხები, რომელთა დიდი ნაწილი გაუწმენდავი დაგვხვდა. ჩახერგილის გარდა მიწითა და სილითაა დაფარული კალაპოტის ნაწილი. ამის შემდეგ სასაცილოა ხელისუფლების მტკიცება, კალაპოტი დღევანდელმა წვიმამ ამოავსოო.
სამი წელია, რაც ხელისუფლება შეიცვალა და, როგორც ჩანს, ეს არხები არავის გაუწმენდია. ქალაქის მიმდებარედ, ახალსოფლის ტერიტორიაზე, გაკეთებულია დამბები, რომლებიც იხსნება მდინარე აჭყვის ადიდების შემთხვევაში, წყალი ერთი მიმართულებით აღარ მიდის და ზარალიც ან სულ არაა, ან მინიმალური.
ამჯერად არც ეს დამბა გაუღიათ დროულად. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის მტიცებით, კალაპოტები გაწმენდილი იყო და არხები სწორედ წვიმამ ამოავსო, რამაც შეამცირა მისი გამტარუნარიანობა. არადა, 10-მეტრიანი არხის 4 მეტრი გაუწმენდავი იყო. გამგებელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილით მიმართა. მისივე მტკიცებით, დამბებიც დროულად გაიხსნა და ეს ყველაფერი არა ხელისუფლების დაუდევრობით ან უყურადღებობით, არამედ სტიქიის გამო მოხდა.
ხელისუფლებას უმოქმედობასა და წამხედურობაში სდებს ბრალს ოპოზიცია.
ელგუჯა ბაგრატიონი _ `ნაციონალური მოძრაობის~ ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა წევრი:
_ უხვი ნალექი ქობულეთში ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის თავის მართლებად ვერ გამოდგება.
სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ არის რიგი მიზეზებისა, რამაც ქალაქის ასეთი მასშტაბური დატბორვა გამოიწვია და მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ბიუჯეტს დააწვება.
რაიონის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უპასუხისმგებლოდ განაცხადა, რომ მთელი 15 წელია, არხები არ გაწმენდილაო. საკუთარი უგერგილობის სხვისთვის გადაბრალება მას წესად აქვს, მაგრამ მოსახლეობამ ხომ იცის, სწორედ ჩვენი მასშტაბური სამუშაოების ჩატარების შედეგი იყო ის, რომ ქალაქი მთელი 10 წელი მნიშვნელოვნად არ დატბორილა.
ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ წვიმა არ იყო ისეთი ძლიერი.
ჩვენ არხებს ყოველი სეზონის ბოლოს და ძლიერი წვიმის შემდეგ ვწმენდდით.
გამგებელი ახლაც იბრალებს, გაწმენდილი იყოო. ერთი დღე-ღამით პარალიზებული გახლდათ ქალაქი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. როცა არხი გაწმენდილია, არც წყალი გადმოდის ამდენი და გაწოვაც მალე ხდება.
შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა არხების გაწმენდა (ა)იპ `წყალკანალს~ გადასცეს. მათ ამ საქმეში არც გამოცდილება ჰქონდათ და არც კომპეტენცია. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჩვენი მაშინდელი პროტესტი უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხელისულებამ დროულად ვერ გახსნა დამბები. იქ სამი საათის დაგვიანებით მივიდნენ მაშინ, როცა წყლის გადაგდებას აზრიც აღარ ჰქონდა, რადგან წყალი უკვე ქალაქში იყო შემოსული. ვეჭვობ, რაიონის ხელმძღვანელობამ და საგზაოს უფროსმა, რომლის უშუალო მოვალეობა იყო ეს, მისი დანიშნულება კი არა, ადგილმდებარეობაც კი არ იცოდნენ. წყალი ქალაქში შემოვიდა და მოუმზადებელი იყო კანალიზაციისა და სანიაღვრე საქაჩები. მასში არ იყო საწვავი და ავტომატურად არ დაიქოქა.
ამდენად, მომხდარი ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის შედეგია.
`ქრონიკა+~ ეცადა (ა)იპ `ქობულეთის წყალკანალის~ დირექტორს, ოთარ ზოიძეს დაკავშირებოდა. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.
ქალაქში ათასი ოჯახი დაიტბორა, მატერიალური ზარალი მილიონებს ითვლის. დაზარალდა არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ მაღაზიის მფლობელები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
ნუ გვგონია, ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, ხოლო ზარალს კი ბიუჯეტიდან აანაზღაურებენ. აქ კი ხელგაშლილები ნამდვილად არიან. ეს ხომ არა მათი, არამედ სახელმწიფოს ჯიბეა.
უმრავლესობის ერთ-ერთი სახე ამას წინათ აცხადებდა, საქართველოს ეფექტიანი ხელისუფლება ჰყავს და ანაზღაურებაც ეფექტიანი უნდა ჰქონდესო.
ეფექტიანი ხელისუფლების ტყემალაძისეული საზომი არ ვიცით, რა არის, მაგრამ, ჩვენი აზრთ, ხელისუფლების ეფექტიანობა პრევენციით უფრო იზომება, ვიდრე შედეგებზე რეაგირებით.
ალბათ, კვარტლის ბოლოს კვლავ აიღებს პრემიას და დანამატს რაიონის ხელმძღვანელობა ქობულეთის დატბორვისთვის!
ნატო ქათამაძე