`ინდივიდუალობის ამოცნობის 1001 ხერხი~ ამტკიცებს: იმის მიხედვით ადამიანი რას მიირთმევს, რომელ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, შეიძლება მისი ხასიათის თავისებურებების ამოცნობა. ოლაფ ლინდსტრემიც ფიქრობს, რომ გზა ადამიანის ხასიათის ამოცნობისკენ მის კუჭზე გადის. ნორვეგიის უნივერსიტეტმა, რომელმაც პროფესორ ლინდსტერმის კვლევისთვის ნახევარი მილიონი კრონი (200 ათას დოლარზე მეტი) გამოყო, აღიარა მისი დასკვნების მეცნიერული ღირებულება. ამ მეცნიერების მიერ შედგენილ ჩამონათვალში, პროდუქტების სიაში, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.
ვაშლი გიყვართ? _ გულმოდგინე და ოდნავ ძველმოდური ხართ.
მარწყვს ანიჭებთ უპირატესობას? _ დახვეწილი გემოვნება გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები.
ტკბილეულობა გიყვართ? _ კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ.
მაგიდაზე ყოველთვის გაქვთ პრასი? _ თქვენ ინტელექტუალი ბრძანდებით, შესანიშნავად გაქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება.
სტაფილოსა და ისპანახზე გიჟდებით? _ ნუ მიეცემით ცუდ აზრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მელანქოლიკად გადაიქცევით.
ყოველდღე ამზადებთ კომბოსტოს (ყვავილოვანი, ბრიუსელის) კერძებს? _ კამათისას გონიერებას იჩენთ, მაგრამ არასოდეს გასცემთ ფულს სესხად და ძალიან ანგარიშიანი ხართ.
ჭკუას კარგავთ კარტოფილზე? _ თქვენ გაწონასწორებული ხართ და საკმაოდ კარგად ეგუებით სხვის აზრს.
სიამოვნებით მიირთმევთ პომიდორს? _ შვილები და ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენენ.
ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა გიყვართ? _ ძალიან მიზანდასახული ხართ.
მე კი მეცნიერული კვლევის ეს მოკლე მიმოხილვა რომ წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა გადამემოწმებინა, რას მიირთმევენ საჯარო მოხელეები ბიუჯეტის ხარჯზე? ასე რომ, ვეწვიე შესყიდვების განყოფილებას და ფრიად უცნაური რაღაცები აღმოვაჩინე...
თელავის მერია ყოველ თვე უპირატესობას ანიჭებს:
ყავა ჩერის, `სანდორა~ ფორთოხლის წვენს და ცივ ყავა `მისტერ ბრაუნს~. ამ გამონაკლისმა კი იმდენი თანხა შეადგინა მერიის არსებობიდან ერთი წლის თავზე, რომ სხვადასხვა საკვები პროდუქტის ღირებულების ჯამი რომ დავითვალოთ, ერთ კარგ `პრადოსაც~ იყიდიდა მერია, ან რომელიმე უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახს ერთ პატარა სახლს შეუძენდა, თუმცა წვენების, ყავის, ჩაისა და წყლის გარდა თელავის მერიას ლუდის `ზაკუსკაც~ ეპიტნავება ხოლმე...
გამონაკლისიც არსებობს, მაგალითად:
აჯიკა;
სერველადი;
`იფქლის~ თეთრი პური;
`ლიდერფუდის~ მდოგვი;
პაშტეტი;
თევზის კონსერვი ზეთში;
`მონადირე~ სოსისი;
`სანტეს~ მაწონი;
არაჟანი;
ძეხვი `საექიმო~.
როცა მერმა ფეისბუქის ჩემს კედელზე აღმოაჩინა, რომ ლუდის `ზაკუსკა~ გამოვუქვეყნე, გამომიცხადა, _ ეს უკანასკნელი მუშებისთვის ვიყიდე, იმ მუშებისთვის, ვინც წყალს არიგებდაო. თუმცა ქალაქში მოსახლეობა წყალს დღემდე ყიდულობს...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი:
შოკოლადი `სიზმარა~;
`ბებოს ზღაპრები~;
ყავა `ნესკაფე გოლდი~;
და სხვადასხვა სახის ტკბილეული.
აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტ ტკბილეულს სწორედ დედოფლისწყაროელები მიირთმევენ.
თუმცა გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა გამომიცხადა, რომ არათუ გამგეობა, არამედ საკრებულოს უყვარს ტკბილეული და ისინი ყიდულობენ.
ოხ, დიდი შეღავათი!
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ძირითადად, ყავას ეტანება.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ყავასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს, ხანდახან ნატურალურ წვენებსაც ყიდულობენ...
ახლა კი მცირეოდენი ინფორმაციისთვის,
შოკოლადის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება რისი ნიშანია:
შოკოლადი _ ეს პროდუქტი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინი) გამოყოფას. შოკოლადი არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. ვინც ყურადღებისა და სიყვარულის ნაკლებობას განიცდის, მეტ შოკოლადს მიირთმევს, ვიდრე ბედნიერი ადამიანი. 100 გრ. შოკოლადი შეიცავს 550-დან 650-მდე კილო კალორიას. ეს ძალიან ბევრია და მისი დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. რა დოზით უნდა მივიღოთ შოკოლადი სტრესის მოსახსნელად, ეს ინდივიდუალური საკითხია. ასე რომ, გახდომის პერიოდში ზომიერად შეგვიძლია მივირთვათ შოკოლადი.
რაც შეეხება ფორთოხლის წვენს: დიეტოლოგთა აზრით, ფორთოხალი მასში არსებული თვისებების კომპლექსით ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს. მიიჩნევა, რომ კალიუმის შედარებით დიდი შემცველობით და მრავალფეროვანი ვიტამინების წყალობით ფორთოხალი სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადების დროს, ხოლო სიმსუქნისა და ნიკრისის ქარის დროს სასარგებლოა არა მარტო ხილი, არამედ მისი წვენიც.
დაბოლოს, ყავა!
ბოსტონში მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ ყავის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ხარისხის ყავას დალევს ადამიანი, იქნება ეს ძვირადღირებული თუ უბრალო, იგი იწვევს გლაუკომას. მართალია, მკვლევრებს, ჯერჯერობით, არ შეუსწავლიათ, თუ რატომ იწვევს ეს მასტიმულირებელი სასმელი ამ დაავადებას, მაგრამ 120 000-ზე მეტი გლაუკომით დაავადებული ადამიანის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი დღეში სამ ან მეტ ფინჯან ყავას მიირთმევდნენ. გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება თვალის შიდა წნევის მომატების ფონზე განვითარებული მხედველობის ნერვის ატროფია. ამ დროს კი მხედველობა იკარგება სრულ სიბრმავემდე, რისი აღდგენაც შეუძლებელია.
ასე რომ, მთლად ბიუჯეტის იმედად ნუ მიეძალებით შოკოლადს, ფორთოხლის წვენსა და ყავას. გვესმის, რომ დეპრესია გაქვთ, ხშირად ბედნიერების ჰორმონებს ეძებთ, ამავდროულად, სულ გახდომაზე ფიქრობთ, მაგრამ ბევრი ყავის მიღებით სულ ნუ დაიბრმავებთ თვალებს, ისედაც ნაკლებად ხედავთ, რა უჭირს ხალხს.
მაკა მოსიაშვილი