„ჩინელ მუშას 5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს“
რატომ უწევთ ჩინურ სარკინიგზო კომპანიაში გაუსაძლის პირობებში მუშაობა ხაშურელ და ხარაგაულელ მუშებს? რატომ აქვს ჩვეულებრივ ჩინელ მუშას 5-ჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს? კეთდება თუ არა სარკინიგზო გვირაბები ხარისხიანად და ამ მხრივ რა კითხვები არსებობს? აძლევენ თუ არა აფეთქებების შედეგად დაზიანებული სახლების პატრონებს კომპენსაციებს? რატომ არ აქვთ ადგილობრივ მუშებს სამედიცინო დაზღვევა?
ამ და სხვა პრობლემატიკაზე „ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ წარმომადგენელს ხაშურის რაიონში, ზაზა მეხრიშვილს ესაუბრება:
_ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ფილიალი საქართველოში გამარჯვებული კომპანიაა და ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთსა და ხარაგაულის მონაკვეთზე გვირაბების მშენებლობას ახორციელებს. ჩინელებთან ერთად მან საქართველოს მოქალაქეებიც დაასაქმა. მაგრამ ეს დასაქმება რის ფასად უჯდებათ ჩვენს მოქალაქეებს, ამით არავინ ინტერესდება. რამდენჯერმე მქონდა შეხება ამ სარკინიგზო კომპანიასთან და მუშები თავის გასაჭირსა და გაუსაძლის პირობებზე მესაუბრებოდნენ.
ფაქტობრივად, მონურ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. დავიწყებ იქიდან, რომ ჩვეულებრივ ჩინელ მუშას 5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. უსაფრთხოების არავითარი ნორმები დაცული არ არის. მომუშავე პერსონალს მონათმფლობელები უფრო კარგად ექცეოდნენ, ვიდრე ჩინელი ბრიგადირები _ ჩვენებს. თუ ვინმემ ხმა ამოიღო იმ უსამართლობებზე, რაც მანდ ხდება, ეგრევე უშვებენ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. იღებენ სხვას, მერე მასაც უშვებენ და სულ ჰყავთ ახალ-ახალი მუშახელი.
ხალხი ავადმყოფდება გვირაბში მუშაობით, გაუსაძლისი პირობების გამო, მაგრამ რა ქნას? _ ხმას ვერ იღებს ვერაფერზე იმის შიშით, რომ სამსახურს დაკარგავს და შვილები მშივრები დარჩება. ერთი სიტყვით, არავინაა ამ ხალხის დამცველი აღნიშნულ კომპანიაში.
_ სარკინიგზო გვირაბები რამდენად ხარისხიანად კეთდება?
_ მუშების თქმით (ვინც მე მესაუბრა) გვირაბები უხარისხოდ კეთდება, ზედამხედველობას არავინ უწევს. ქვიშხეთსა და ხარაგაულში რამდენიმე ჩამონგრეული ადგილი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ნარჩენებით, რეზინის საბურავებითა და სხვადასხვა ნაგვით ამოუტენიათ და ზემოდან ბეტონით გამოულესავთ, რომ არაფერი შემჩნეულიყო. ეს მომხდარა ერთ ღამეში, ამის დამნახველები არიან.
მუშებისთვის ესეც მტკივნეული თემაა, თუმცა ხმას ვერ იღებენ სამსახურის დაკარგვის შიშით. ჩემთანაც თხოვნით ისაუბრეს, რომ მათი სახელები არ გამჟღავნდეს. ამბობენ, რომ მათმა შვილებმა უნდა იარონ ამ გვირაბებში და გული შესტკივათ, რომ საქმე ასე უხარისხოდ კეთდება. ჩვენი ხელისუფლება კი ზარზეიმით ხსნის გვირაბს _ მაგალითად, ამას წინათ ხარაგაულში გაიხსნა.
იმასაც ამბობენ, რომ ჩინელებს მოსყიდული ჰყავთ ყველა ის ორგანო, ვინც უნდა შეამოწმოს ეს ყველაფერი და მათ დიდ ფულს უხდიან. მასშტაბურ კორუფციასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ხარისხი არავის აინტერესებს. ჩინური კომპანია და ჩვენი გამყიდველი მოხელეები ფულს შოულობენ და ხალხი, ქვეყნის განვითარება არავის აინტერესებს.
დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის მერე თუ ვინმეზე ეჭვი გაუჩნდებათ (ვინც მე მომაწოდა ეს ინფორმაცია), ყველას გაუშვებენ სამსახურიდან. იმედს ვიტოვებ, გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევს და მუშების ბედით, ქვეყნის განვითარებით დაინტერესდება.
_ აფეთქებების შედეგად გამოწვეული სახლების დაზიანების გამო კომპენსაციები თუ გაიცემა?
_ როდესაც გვირაბების მშენებლობა დაიწყო, იმ დროს რომელი სახლებიც დაზიანდა, ამაზე ხალხს კომპენსაციები მისცეს. შემდგომმა ძლიერმა აფეთქებებმა ასევე ბევრი სახლი და ოჯახი დააზიანა, მაგრამ დღეს უკვე მათი პატრონი არავინაა. აქაც კორუფციასთან გვაქვს საქმე. ხაშურის დეპუტატი ვალერი გელაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ გვირაბის მშენებლობის დროს თუ რამე პრობლემა შეექმნებოდა მოსახლეობას, ის გვერდზე დაუდგებოდა და ყოველივეს კომპანია აანაზღაურებდა.
მაგრამ დეპუტატი სულ გაიქცა ხაშურიდან და ხალხის ბედი არ აღელვებს. მან მხოლოდ ხაშური შეისყიდა, ის, რაც მისთვის და მისი ბიზნესისთვის იყო ხელსაყრელი და აქედან გაქრა. გელაშვილს დაეძებენ, როგორც სულიკოს ქართული სიმღერიდან, მაგრამ აღარ არის, დღეს ის არ არსებობს ხაშურის მოსახლეობისთვის.
ასევე ჩინური კომპანიის შემოსვლის დღიდან, ლამის, ყველგან შინაური ცხოველების, კერძოდ ძაღლების დაკარგვა დაიწყო. ბევრი დღესაც ეძებს, თუმცა უშედეგოდ. ამ დროს ჩვენი მოძმე ჩინელი მეგობრები გემრიელად მიირთმევენ ჩვენს ძაღლებს. ასეთი შემთხვევები ბევრი იყო. 8 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარიდან მუშები დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ ძაღლი, რომელსაც ისინი ზრდიდნენ, ჩინელებმა დაუკლეს და ქვაბში ჰქონდათ უკვე სათუხთუხოდ.
დავრეკე 112-ში და პოლიციამ ისინი ფაქტზე დააკავა. იმედს ვიქონიებ, რომ ამ შემთხვევას რეაგირება მოყვება და ცხოველებთან ასეთი მოქცევისთვის ის პიროვნებები დაისჯებიან. ვინც ეს ყველაფერ მაცნობა, ის მუშები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მათ ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, ჩვენება რომ მისცეს პოლიციას. არაა გამორიცხული, სამსახურიდანაც გამოუშვან. ეს იმიტომ, რომ საკუთარი ძაღლი შეუჭამეს და ხმა ამოიღეს!
მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ ორგანოებს, ვისაც ევალებათ ჩინური კომპანიის ზედამხედველობა: დაიცვან ჩვენი მოქალაქეები ჩინური კომპანიის ასეთი ქმედებებისგან და მოსთხოვონ კომპანიას ის, რაც მას ვალდებულებებში უწერია. ისე ნუ გააკეთებენ, რომ თავზე დაგვენგრეს ეს გვირაბები და ეს ფული რაც იხარჯება ამ მშენებლობებზე, წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.
_ მუშების დაზღვევის საკითხი როგორ დგას?
_ რაც შეეხება დაზღვევას, ჩინელებს კბილის დაზღვევაც კი აქვთ, ქართველებს კი _ არაფერი. ამას წინათ ქვიშხეთის მცხოვრები ვალერი გოგალაძე მოყვა გვირაბში, ჩამოინგრა, ხარაჩოდან გადმოვარდა და ქუსლი დაემსხვრა. საავადმყოფოშიც კი არ წაიყვანეს დაზღვევაზე და ანაზღაურებაზე ხომ არაა უკვე საუბარი.
ასე რომ, ჩვენი მუშახელი გაუსაძლის მდგომარეობაშია და მიხედვა, კონტროლი სჭირდება ამ ორგანიზაციას.
თუ ვინმე დაინტერესდება და ნებას დამრთავს, მე პირადად მზად ვარ, მოლაპარაკებით ჩავერთო ამ პროცესებში და გავაკონტროლო ყველაფერი. რა თქმა უნდა, თუ დამიშვა ამ კომპანიამ თავის ობიექტებზე. ასე ფარულად როდემდე უნდა მოხდეს ყველაფერი? დროზე გავუკონტროლოთ მათ საქმიანობა და მუშახელს მივხედოთ.
ამასთან, ჩინელები, ძირითადად, მანქანებზე, ტექნიკაზე სხედან, მართვის მოწმობა არავის აქვს და მეტწილად მთვრალები არიან. ამ დროს მათ არავინ ამოწმებს. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ავარიაც გააკეთეს, მაგრამ პატრონი არავინაა, ჩვეულ სტილში მიჩქმალეს ყველაფერი.
ასაფეთქებელ ნივთიერებებს არ აქვს საცავი და არ ჰყავთ ლიცენზირებული სპეციალისტი. იქ რომ რამე მოხდეს და ამდენი ასაფეთქებელი მასალა აფეთქდეს, რეალური საშიშროება შეექმნება მუშებსა და მოსახლეობას.
გიორგი მეფარიძე