წყალს აქვს ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა. დადგენილია, რომ დაავადებების 80% დაკავშირებულია უხარისხო სასმელ წყალთან და წყალმომარაგების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევებთან. მონაცემები წყლით გადაცემული დაავადებების გავრცელების შესახებ მსოფლიოში ასეთია: მალარია _ 800 მილიონი, ტრაქომა _ 500 მილიონი, შისტოსტომოზი _ 200 მილიონი, გასტროენტერიტები _ 400 მილიონი ადამიანი. ამასთანავე, გასტროენტერიტებით ყოველწლიურად კვდება 4 მილიონი ბავშვი და 18 მილიონი მოზრდილი ადამიანი, მთლიანობაში, დაახლოებით, 2 მილიარდი ადამიანის, ანუ კაცობრიობის ნახევრის დაავადებები წყალთან არის დაკავშირებული.
წყლის ფაქტორით გადაცემული დაავადებები შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ძირითად ჯგუფად:
ბაქტერიული ბუნების ნაწლავური ინფექციები: ქოლერა, მუცლის ტიფი, პარატიფი A და B, დიზინტერია, სხვადასხვა ენტერიტი და ენტეროკოლიტი.
გარდა ამისა, წყალი უნდა იყოს ეპიდემიურად უსაფრთხო, ანუ არ უნდა შეიცავდეს პათოგენურ უმარტივესებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, ჭიის კვერცხებს.
ჩვენ გვაქვს ძალიან რბილი წყლები _ კახეთის რეგიონის წყლები მაღალი მინერალიზაციითაა 2-2,5 გრ/ლ-ზე, როდესაც დასაშვები არის 1000-1500 მგ/ლ და გვხვდება მომატებული სიხისტის წყლები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყალში სიხისტის განმსაზღვრელ ბიოლოგიურად აქტიური კალციუმისა და მაგნიუმის მარილების, როგორც ოპტიმალურ, ისე მინიმალურად აუცილებელ რაოდენობით შემცველობას. სადღეისოდ ქვეყანაში მოქმედი „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ ნორმირებულია კალციუმისა და მაგნიუმის მაქსიმალურად დასაშვები დონეები, ხოლო ამ ელემენტების ფიზიოლოგიური სრულფასოვნების ნორმები შეადგენს კალციუმისთვის 25-130 მგ/ლ-ს, ხოლო მაგნიუმისთვის _ 5-65 მგ/ლ-ს.
რეგიონებში წყლის კონტროლს აწარმოებს ნაწილობრივ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრები და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოები. სასმელი წყალი უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი. იგი შეუცვლელი საკვები პროდუქტია და ადამიანიც იმ კონკრეტულ წყალს მოიხმარს, რომელიც მას მიეწოდება.
წყალს მთელი რიგი მახასიათებლები აქვს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ისინი რამდენიმე ჯგუფად იყოფა: ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები. ორგანოლეპტიკურია ის მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აღიქვამს _ წყლის ფერი, სუნი, გემო, ტემპერატურა, სიმღვრივე, გამჭვირვალობა. ესენი, პირველ რიგში, გვამცნობენ, თუ რამდენად სანდოა მოხმარების თვალსაზრისით ესა თუ ის წყალი? ხომ არ განიცადა მან გარკვეული ცვლილებანი და სხვა? ამ მახასიათებლების შეცვლამ შესაძლოა, წყალმომარაგების წყარო საერთოდ გამოუსადეგარიც კი გახადოს.
ქიმიური ნივთიერებები:
შეუცვლელია წყლის გზით ორგანიზმში მოხვედრილი ჰიდროკარბონატების როლი ადამიანისთვის, რამეთუ ისინი მოქმედებენ კუჭის სეკრეციაზე და ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.
ერთია, როცა ინფექციური დაავადება ვითარდება წყლის მეშვეობით, იგი ყოველთვის მცირე დროში ვლინდება და მრავალ ადამიანსაც აავადებს, რაც შეეხება ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ არაინფექციურ დაავადებებს, იგი იმდენად ნელა ვითარდება, იმდენადაა დროში გაწელილი, რომ ინფექციურის დარად ადვილად აღმოსაჩენი და შესამჩნევი არ არის.
***
თელავში წყლის გადასახადი ერთ კუბზე 52 თეთრია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო 1 ტონა წყალს 52 თეთრად აწვდის შპს-ს, ხოლო წყალმომარაგების კომპანია _ მოსახლეობას. თუმცა სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით წყლის ღირებულება, 5 თეთრი, მხოლოდ მაშინ არის, თუ წყალი ვარგისია სასმელად, საუკეთესოა და მინერალიზებული. რაც შეეხება თბილისს, გარკვეულ უბნებში წყლის ტარიფი განახევრებულია, რადგან მიიჩნევა, რომ იქ ტექნიკურ წყალს, ანუ სასმელად უვარგისს აწვდიან...
თბილისს რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა, რა წყალს მოიხმარს თელავი?
მოსახლეობის 40%-ს 24 საათიდან მხოლოდ 1 საათით მიეწოდება წყალი, მეორე 40%-ს კი წყალი კვირაში ორჯერ აქვს გრაფიკით, დარჩენილი 20% წყალს ან ყიდულობს, ან ხელით ეზიდება ქალაქში არსებული ბუნებრივი წყაროებიდან.
ხელშეკრულების მიხედვით, ვისაც მრიცხველი უყენია, წყალი 24 საათის მანძილზე შეუფერხებლად უნდა მიეწოდებოდეს.
ასევე წყალმომარაგების კომპანია ვალდებულია, ვარგისი წყალი მიაწოდოს მომხმარებელს, თუმცა მომხმარებლის უფლება აქ უკვე ირღვევა.
საწყისი ეტაპისთვის წყალი როგორი სუფთაც არ უნდა იყოს, ონკანში მოსული უკვე დასალევად უვარგისია. 24 საათიდან მხოლოდ ერთი საათით მოსული წყალი მილებში დაგროვილ ბაქტერიებს, ჭუჭყს გზას ვერ აუვლის, ამიტომ ქალაქში ყველამ იცის, რომ ან გადადუღებული წყალი უნდა დალიოს, ან სასმელი წყალი უნდა იყიდოს. თუმცა დასალევად უვარგის ტექნიკურ წყალს მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანია მაინც 52 თეთრად უსაღებს, ნაცვლად 24 თეთრისა, ამას დამატებული გაუმართავი მრიცხველები, რომლებიც ჰაერს უფრო ატრიალებენ, ვიდრე წყალს. ჯამში, მოქალაქეები იღებენ არათუ მათ მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის გადასახდელ ქვითარს, არამედ ფულის გადახდა უწევთ მეორად, უხარისხო წყალსა და ჰაერით დატრიალებული მრიცხველის ნიშნულზე.
ჯერ კიდევ 2013 წელს კახეთის გუბერნატორმა პირადად მე ნიშნის მოგებით დოკუმენტები მაჩვენა, სადაც მითითებული იყო, რომ 3 მილიონზე მეტი დაიხარჯებოდა, რათა თელავს წყალი 24 საათის მანძილზე ჰქონოდა.
მართალია, ფული დაიხარჯა, თუმცა არც სათავე ნაგებობაში გაზრდილა წყლის დებეტი, არც სასმელი წყლის ხარისხი გამოცვლილა, არც წყლის რაოდენობა მომატებულა, პირიქით, მას მერე, ზამთარ-ზაფხულ, რატომღაც, როგორც ხსნიან, სულ გვალვაა.
რეალურად კი თვითმმართველობის წარმომადგენლების წინასაარჩევნო მთავარი დაპირება სწორედ წყალმომარაგების გამოსწორება იყო.
ახლა კი რა ხდება ბუნებრივ წყაროს წყლებთან დაკავშირებთ თელავში?
წყაროს წყლების შემოწმება თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ 2014 წლის თებერვალში გაიგზავნა ლაბორატორიებში შესამოწმებლად წყაროს წყლები, საიდანაც დადგინდა, რომ წყაროს წყლებიდან უვარგისი იყო ე. წ. კაკლის წყალი, ბატონის წყალი და ყადორის წყალი. ეს კი ის წყაროებია, რომელთაც ტურისტი ვერ აუვლის; ძირითადად სწორედ ამ წყალს მოიხმარს ქალაქის მოსახლეობის ის 20%, რომელსაც სახლში წყალი, მრავალი ათეული წელია, არ მოსვლია...
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში არსებულ წყაროს წყლებს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული შემოწმება და მათი ვარგისიანობა მოსახლეობისთვის უნდა იყოს ცნობილი, წყაროსთან უნდა იყოს განთავსებული აბრა, სადაც გარკვევით ეწერება, წყალი ტექნიკურია თუ სასმელი?..
2014 წლის თებერვლის შემდეგ უკვე ახალ თვითმმართველობას სურვილიც არ გასჩენია, წყალი ლაბორატორიულად შეემოწმებინა. წყაროებთან არანაირი საინფორმაციო ხასიათის განცხადება არ არის გამოკრული, საბოლოოდ კი რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიას არ ანაღვლებს, რა წყალს მოიხმარს მისი თანაქალაქელი, ან ტურისტი, რაც მთავარია, თვითონ `სნოს~ მიირთმევენ და `სანდორას~ ფორთოხლის წვენს...
ზედამხედველობის სამსახურში განმიმარტეს, რომ უკვე დიდი ხანია, იგეგმება წყლის ლაბორატორიული შემოწმება...
ის რომ არის, ანდაზა:
აცე, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო... აი, ასეა ჩვენი საქმე...
მაკა მოსიაშვილი