„თიბისი ბანკმა“ სტუმრებს განახლებული იპოთეკური ცენტრი წარუდგინა. კომფორტულ გარემოსთან ერთად, ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს უფრო ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია.
ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი. „თიბისი ბანკის“ იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და იპოთეკურ სესხზე მიიღოს საუკეთესო პირობები. მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა ცენტრის ვებგვერდიც. ამიერიდან, დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ; ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ, იპოთეკური ცენტრის მენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება. ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა.
ნინო მასურაშვილი _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე:
_ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ახალი და სასიამოვნო იერსახე მიიღო ჩვენმა იპოთეკურმა ცენტრმა. ეს ცენტრი გავხსენით შარშან, წლის ბოლოს და მთელი ეს პერიოდი ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ცენტრის თანამშრომლები ჩვენს პარტნიორებთან, კომპანიებთან, რომ მომხმარებლებისთვის, კლიენტებისთვის შეეთავაზებინათ ის, რაც უკვე დღეს ხელთ გვაქვს. საკმაოდ გავფართოვდით და 51 პროექტში წარმოვადგენთ 1500-მდე ბინას, შევქმენით ახალი გარემო, ინტერნეტში წარმოდგენილია ყველა ეს პირობები და ბინები, სადაც უკვე კლიენტებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო მომსახურების ნახვა. დიდ მადლობას ვუხდი თეონას, რომელიც ჩვენს იპოთეკურ ცენტრს უძღვება, ასევე ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც შესაძლებლობა მოგვცა, რომ კლიენტებს ამ სერვისით ესარგებლათ. „თიბისი ბანკის“ იპოთეკური ცენტრი არის ერთიანი სივრცე, რომელიც, ფაქტობრივად, უნიკალურია საქართველოში. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ქვეყანაში არსებულ მშენებარე ობიექტებზე, შეიძინოს ბინები და პარალელურად ისარგებლოს შესყიდვით. რადგანაც ამ შემთხვევაში 51 პროექტია წარმოდგენილი ამ სივრცეში, მომხმარებელს აქვს ფართო შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ამ ბინების სრულ არჩევანს, ასევე გაეცნოს სესხის პირობებს და ერთ ადგილას, ოფისიდან გაუსვლელად, მიიღოს მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაო. ცენტრი გახსნილია წლის დასაწყისიდან, თუმცა ამ მომენტისთვის შეიკრიბა მაქსიმალური პროექტების რაოდენობა. ბინები წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, გუდაურში, წყნეთში, მარნეულში, ქუთაისში. განახლება მუდმივად ხდება და ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის უკვე 100 სხვადასხვა პროექტი იქნება წარმოდგენილი.
თეონა ბრაგვაძე _ „თიბისი ბანკის“ იპოთეკური ცენტრის ხელმძღვანელი:
_ მადლობას მოგახსენებთ იპოთეკურ ცენტრში მობრძანებისთვის. ერთი წლის შემდეგ ახალი სივრცით და უფრო მეტი სამშენებლო პროექტით დაგიბრუნდით. თქვენთან თანამშრომლობის შედეგად იპოთეკურ ცენტრში უკვე წარმოდგენილია 51 სამშენებლო პროექტი. ცენტრის მომსახურება ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის და კლიენტებისათვის, რომ მიიღონ კომპლექსური მომსახურება ერთ სივრცეში, ისარგებლონ ექსკლუზიური შეთავაზებებით, შეარჩიონ და შეიძინონ უძრავი ქონება ბანკის რესურსით. დამეთანხმებით, რომ ბინის შეძენა საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზრუნავთ და ვფიქრობთ, რომ ცენტრი თქვენთან ერთად მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მომხმარებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში ბინების ყიდვა-გაყიდვის რაოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 5%-ით იზრდება. განსაკუთრებით ბოლო წლებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკვე ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებს, სამშენებლო მასალის ხარისხს, ენერგოეფექტურობას. სწორედ ამიტომ იპოთეკურ ცენტრში წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების მრავალფეროვნებით მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებლის შესაძლებლობებს, ინტერესებსა და შევთავაზოთ როგორც უძრავი ქონება, ასევე იპოთეკური სესხი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამოქმედდა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დეტალურად გაეცნოს მიმდინარე პროექტების დეტალებს, ასევე ამოქმედდა სატელეფონო კონსულტაციის სერვისიც და უშუალოდ მენეჯერის მხრიდან ხდება მომხმარებელთან კონსულტაცია, რომელმაც შეავსო ჩვენს გვერდზე პატარა განაცხადი. როგორც ხედავთ, სიახლე ძალიან ბევრი გვაქვს, დარწმუნებულნი ვართ, მხოლოდ მიმდინარე პროექტებით არ შემოიფარგლება ჩვენი თანამშრომლობა და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე უკვე ვთანამშრომლობთ 51 სამშენებლო პროექტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრში, დაახლოებით, 40 სამშენებლო კომპანიის პროექტია წარმოდგენილი. შესაძლებელია, ეს რაოდენობა მომავალში გაიზარდოს. მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სესხი გაიცეს როგორც დოლარში, ასევე ლარში.
ლიანა მოდებაძე _ კომპანია „მეტრადეველოპმენტის“ ხელმძღვანელი:
_ პირველ რიგში, ვულოცავ „თიბისი ბანკს“ იპოთეკური ცენტრის გახსნას. მართლაც მშვენიერი გარემოა როგორც კლიენტებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. მე წარმოვადგენ „მეტრადეველოპმენტს“. ეს არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებზე, მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ხარისხიანი და კარგი გარემო კლიენტებისთვის. „თიბისი ბანკთან“ ვთანამშრომლობთ უკვე ერთი წელია და კმაყოფილები ვართ ამ სერვისით. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ „თიბისი ბანკსაც“ და იმ კლიენტებსაც, რომლებიც ამ პროექტში მონაწილეობენ. ჩვენთვის ეს არის დამატებითი სერვისი კლიენტებისათვის, რადგან კლიენტი, რომელიც მოდის გაყიდვების ოფისში, უკავშირდება „თიბისი ბანკს“, ბანკი აკეთებს სრულ სერვისს იმისთვის, რომ კლიენტი უზრუნველყოფილი იყოს იპოთეკური სესხით და მაქსიმალურად ეხმარება კლიენტს ბინის შეძენაში. ეს სამმხრივი ურთიერთობაა და სამივე მხარისთვის მისაღებია. ამ ურთიერთობაში მონაწილეობს ბანკი, რომელიც იპოთეკურ სესხს აფორმებს, კლიენტი, რომელიც იძენს პროდუქტს და სამშენებლო კომპანია, რომელიც ყიდის თავის პროდუქტს.
ცნობისათვის: „თიბისი ბანკმა“ პირველი იპოთეკური სესხი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფინქციონირებს: ჭავჭავაძის #11-ში და იუსტიციის სახლში მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალი. ორივე ცენტრში თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.
თამარ ბატიაშვილი