„თიბისი ბანკისა“ და ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ მხარდაჭერით ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი მოთხრობის „გივიზე“ პრეზენტაცია გაიმართა. ცოცხალმა კლასიკოსმა მოთხრობა 13 ივნისს სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგობარს, გივი დვალს მიუძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში ზოოპარკში მუშაობდა. წიგნის 1000 ეგზემპლარი, რომელიც სპეციალურად 13 ივნისის მოხალისეებისთვის დაიბეჭდა, ავტორმა საჩუქრად პრეზენტაციის დროს გადასცა, ხოლო მოთხრობის ონლაინ ვერსიას ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ ყველა მსურველს აჩუქებს.
„გივიზე“ გურამ დოჩანაშვილმა 2005 წელს დაწერა, თუმცა მოთხრობა მწერლის არც ერთ კრებულში არ არის შესული. განათლებით ისტორიკოსი, გივი დვალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას 77 წლის ასაკში ემსხვერპლა, ზოოპარკში მაიმუნების მომვლელად მუშაობდა. გივის არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი არ ჰყავდა, ამიტომ მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი 20 წლის განმავლობაში ზოოპარკი იყო.
„უზომოდ განათლებული, სადა, უბრალო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელიც გარშემომყოფებს პრობლემას არ უქმნიდა“, _ ასე იხსენებენ გივი დვალს ზოოპარკის თანამშრომლები.
„გივიში რაღაც უჩვეულო და უცხოდაც კი წრფელი სიკეთე და სისადავე და ყოვლად უმანკო პატიოსნურად-სულისმიერ უბიწოება გივიში, დვალში, ძალიან იყო...“ _ წერს გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში.
გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „გივიზე“ ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა 10 ოქტომბრიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება ექსკლუზიურად ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ვებგვერდიდან საბა.ცომ.გე.
გურამ დოჩანაშვილი _ მწერალი:
_ ეს წიგნი დაიწერა 10 წლის წინათ, არ დამიწერია გულაჩუყებულზე. გივი საოცრად თბილი კაცი იყო და მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო კარდიოქირურგ ზვიად ბახუტაშვილს, რომელიც აქ ბრძანდება, მან გივის გულის ოპერაცია გაუკეთა, საოცრად მოუარეს. მათ იცოდნენ, რომ ახლობლები არ ჰყავდა, ამიტომ უფრო დიდხანს გააჩერეს საავადმყოფოში, დაასაჩუქრეს და ისე გამოუშვეს იქიდან. ეს წიგნი მაშინ არ ჰქონდათ წაკითხული, ისე შეუყვარდა ყველას. ასევე დიდი მადლობა გამომცემლობა „მერიდიანს“, რომელმაც ეს წიგნი საკუთარი სახსრებით დაბეჭდა და გადაეცემა იმ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს გაწმენდით სამუშაოებზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მამუკა ხაზარაძეს. ვიცი, არ ესიამოვნება, მაგრამ ის ბრძანდება ჭეშმარიტად ქრისტიანი სახარების მიხედვით, სადაც წერია, რომ არ უნდა იცოდეს მარცხენა ხელმა, რას აკეთებს მარჯვენაო და ხანდახან, 10-12 წლის შემდეგ რომ გამჟღავნდება მისი კეთილი საქციელი, ვატყობ, რომ ისიც არ სიამოვნებს. დღევანდელი დღეც არის მაგალითი იმისა, ის როგორი გულშემატკივარია ყოველგვარი სიკეთის. დიდი მადლობა ყველას.
რატი ამაღლობელი _ პოეტი:
_ ამ ადგილზე არაერთი თაობა მოსულა, გაზრდილა, მიუღია სიყვარული, სითბო და არც ერთი ადგილი, არც ერთი ამბავი არ ყოფილა კონკრეტული ადამიანის გარეშე და თითოეული მოვლენის უკან დგანან ადამიანები. იმ სითბოს, რასაც ზოოპარკი იძლეოდა, იმ გარემოს კონკრეტული ადამიანები ქმნიდნენ, რომელშიც არაერთი თაობა გაზრდილა და მნიშვნელოვანი განცდები მიუღია. ლიტერატურა ყოველთვის ვინმესთან თუ სადმე ახლოს დგას, არის ადამიანი. თუ რამე აინტერესებს ლიტერატურას ყველაზე მეტად, არის ადამიანი, მისი დაუტეველი სამყარო და ადამიანი იტევს ყველაფერს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი წერს ნაწარმოებს, მოთხრობას, რომელიც ეძღვნება კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ემსხვერპლა იმ სიყვარულს, რომელსაც სამყაროს, სიცოცხლის სიყვარული ჰქვია, სიცოცხლის გამოვლინების სიყვარული ჰქვია, ცხოველების სიყვარული ჰქვია. არ მიყვარს პათეტიკური სიტყვები, ძალიან ჩვეულებრივი ვიქნები და არაფერ ზედმეტს არ ვიტყვი, რომ სწორედ წიგნი „გივიზე“ უნდა დაეწერა ჩვენს ცოცხალ კლასიკოსს, გურამ დოჩანაშვილს და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ეს ამბავი აქცია წიგნად, აქცია ლიტერატურად, გადაარჩინა და შეინახა.
ზურაბ გურიელიძე _ თბილისის ზოოპარკის დირექტორი:
_ გივი ძალიან თბილი ადამიანი იყო. ადამიანებისა და ცხოველების მიმართაც დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება ძეგლია არა მარტო გივისთვის, არამედ ზოოპარკის დაღუპული ყველა თანამშრომლისთვის და ცხოველებისთვისაც კი.
მამუკა ხაზარაძე _ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი:
_ როდესაც 13 ივნისის ტრაგედია მოხდა და მისი სტუდენტობის მეგობარი გარდაიცვალა აქ, ზოოპარკში, ღამით, მას მერე ბატონმა გურამმა გადაწყვიტა, მისთვის მიეძღვნა წიგნი და წიგნს ასეც ჰქვია „გივიზე“. ბატონი გურამის სურვილი იყო, რომ ეს წიგნი ყოფილიყო საჩუქარი მოხალისეებისათვის და არა მარტო მათთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გულთან მიიტანა ეს ამბავი და უყვარს მისი შემოქმედება.
თამარ ბატიაშვილი