ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, ძირითადად, ორიენტირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე. კვლევის მეორე ნაწილი კი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4448 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (შIDA) აფინანსებს და ჩღჩჩ-საქართველო ატარებს.
კვლევის ერთ-ერთი საკითხი დასაქმებას ეხება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 34% მიიჩნევს თავს დასაქმებულად, 66% კი თავს უმუშევრად ასახელებს. კვლევის თანახმად, აღნიშნული 66%-დან, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 27% ფიქრობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 5% უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს, 33% თავს არააქტიურ სამუშაო ძალად მიიჩნევს.
კვლევა დედაქალაქის მერის საქმიანობასაც აფასებს.
NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ცუდად აფასებს. კითხვაზე, _ როგორ აფასებთ თბილისის მერ დავით ნარმანიას საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად _ 12%, საშუალოდ _ 44%, ცუდად _ 36%, არ ვიცი _ 7%.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ქართველი ექსპერტები ესაუბრნენ:
ნიკა ჩიტაძე:
_ სავსებით რეალურია, რომ მოსახლეობის 66% თავს მიიჩნევდეს დაუსაქმებლად, რადგან ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 45% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, არ მიიჩნევს საკუთარ თავს დასაქმებულად. ვისაც აქვს საკარმიდამო ნაკვეთი, ამუშავებს მიწას, დასაქმებულად სახელდება და ბუნებრივია, ამ ადამიანების განწყობაც. ამიტომ ეს რიცხვი სავსებით გასაგებია. როგორც ვიცი, 4200-მდე რესპონდენტია გამოკითხული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, სოფლებში და აქედან გამომდინარე, ის ადამიანები არ მიიჩნევენ თავს დასაქმებულად. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე არის, დაახლოებით, 15%. სტატისტიკა ამ შემთხვევაში ითვალისწინებს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკარმიდამო ნაკვეთი, დასაქმებულად ითვლებიან სოფლის მეურნეობის სფეროში. ეს უკვე საკამთო თემაა, ვისაც ნაკვეთი აქვს, უნდა ჩაითვალოს თუ არა დასაქმებულად, რადგან ბევრს იმ ნაკვეთზე ზამთრის სარჩო-საბადებელიც კი ვერ მოჰყავს. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ მთიან რეგიონებზე. საქართველო, სამწუხაროდ, მცირემიწიანი ქვეყანაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ სახნავ-სათესი მიწები არ აღემატება 15%-ს. როგორც აღვნიშნე, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 14-15%-ია დასაქმებული და მეორე მხრივ, ის პრობლემაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, არ აქვთ მაღალი ანაზღაურება. ამიტომ ამ მიმართულებითაც რთული მდგომარეობაა. მაგალითისთვის რომ შევადაროთ, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, შრომისუნარიანი მოსახლეობის 2-3%-ია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში.
რაც შეეხება დავით ნარმანიას რეიტინგს, ბუნებრივია, ეს დაბალი მაჩვენებელია და ლოგიკურიც არის, რადგან დედაქალაქში ვერ განხორციელდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნარმანიას მერობა არ დაეტყო სხვადასხვა სახის პროექტს. ასევე საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, ვგულისხმობ იმას, რომ 300 ერთეულამდე გაიზარდა მერიაში დასაქმებულთა რიცხვი, არ მგონია, ამ ადამიანებს რეალური კომპეტენცია ჰქონდეთ, უბრალოდ, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და დაასაქმეს. ვიცით, რომ მერიაში კონკურსის შედეგად არ შეირჩა ადამიანები. თუნდაც ცნობილია კალაძის ცოლისძმის საკითხი, მას არ აქვს აკრედიტებული სასწავლებლის დიპლომი, არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ ერთ-ერთ წამყვან სამსახურს უძღვება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბატონი ნარმანია არის მეტად სუსტი მენეჯერი და არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, რომ გაუძღვეს ქალაქში მიმდინარე პროცესებს.
ჩემი აზრით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს უნდა დავუჯეროთ. ვიცით, რომ მმართველი გუნდის დიდი უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს ამ ორგანიზაციის კვლევებს, მაგრამ ის კომპეტენტური ორგანიზაციაა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც 2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოქვეყნდა რეიტინგები. „ქართული ოცნების“ რეიტინგმა 62%-მდე აიწია, მაშინ გახსოვთ, რომ მმართველმა გუნდმა ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, კოსმოსური სიჩქარით მაღლა მიიწევს „ქართული ოცნების“ რეიტინგიო. როცა მათ აწყობდათ, ნდობას უცხადებდნენ კვლევების შედეგებს, თუმცა დღეს აღარ უცხადებენ ნდობას. კვლევების ჩატარების თვალსაზრისით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არის ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანიზაცია. გარდა ამისა, კვლევა არ ჩატარებულა ერთ კონკრეტულ ჯგუფში, 4200-მდე საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა, აქედან გამომდინარე, უნდა გავიზიაროთ ჩვენი თანამემამულეების, სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლების პოზიცია მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
პეტრე მამრაძე:
_ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები რომ სანდო იყო ყოველთვის, ეს მართლდება როგორც სხვა გამოკვლევებით, ისე საბოლოოდ დამდგარი შედეგებით. ამ შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეა ძირითადად ყურადღება გამახვილებული, თუმცა ჩვენ ისიც გვახსოვს, NDI-ის შედეგებით ინგა გრიგოლიას უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, იგივე გიორგი თარგამაძეს, რომელიც იყო ნათლია NDI-ის მაშინდელი ხელმძღვანელისა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გრეგორი მენჯაკი, ჩამოსული იყო და შეხლა-შემოხლა მოხდა, მენჯაკმა ინტერვიუც მისცა და თქვა, რომ, სამწუხაროდ, NDI „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების სამჭედლო ხდებაო. ამის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. საერთო ჯამში, ამ ორგანიზაციის საქმიანობას ვაფასებ დადებითად.
პირველ რიგში შევაფასებ იმას, რატომ არ გამიკვირდა დავით ნარმანიას რეიტინგი. ყველას გვახსოვს ქალაქში განწყობა ნარმანიას მიმართ, არ ელოდნენ ამ ადამიანის მერის კანდიდატურად დასახელებას. გვახსოვს, საყოველთაო აზრად იქცა, რომ ნარმანია ცარიელი ადგილია, იქ ჰყავს ქუმსიშვილი, ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც მისი მოადგილეა და ის წყვეტს ყველაფერს. ნარმანიას არ აქვს არც პატივისცემა, არც მისი კმაყოფილია ვინმე, როდესაც ხედავენ, რომ ეს არის შირმა და არა პიროვნება. თითქოს ბოლო პერიოდში ბევრი რაღაც კეთდება, მე დავდივარ ქალაქში და ვხედავ, რომ თითქოს რაღაცას აკეთებენ, თხრიან, მუშაობენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ადამიანები მხოლოდ ღიზიანდებიან, რომ ამით ხელი ეშლებათ, ანუ ზოგადი განწყობა ისეთია, რომ სხვა დროს რაც გაუხარდებოდათ, ის უკვე სწყინთ. დღეს გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით, ნარმანიას ცუდად ძალიან დიდი პროცენტი აფასებს და ეს მე არ მიკვირს.
რაც შეეხება დასაქმებას, აქ პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების ინფორმაციით, წელიწადში „ოცნებამ“ დაასაქმა 90 000 ადამიანი. გახსოვთ, ალბათ, მინისტრმა ქუმსიშვილმა განაცხადა, ვისაც კი ველაპარაკე, ყველა მეხვეწება, ამას რომ ამბობთ, ერთი მაინც გვაჩვენეთ ნაცნობი, ან ვინმე, რომ დაასაქმესო. სულ ცოტა, ხელისუფლებას უნდა გამოექვეყნებინა საწარმოები, ვინ არის, რა არის და საიდან მოვიდა ეს 90 000. ამას ხალხი ძალიან დიდი ეჭვით უყურებს და დაცინვად აღიქვამს. მეორე მხარე ის არის, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი, მაგალითად, ტაქსის მძღოლები, ზოგი ყოფილი იჟინერია, მასწავლებელია და ა. შ. ვისთანაც მისაუბრია, ყველა ამბობს, ახლა უმუშევარი ვარ, ტაქსზე ვზივარო, ასევეა მრავალი სხვაც. თვითდასაქმებას ბევრი ჩვენში არ უწოდებს დასაქმებას. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ არის ხალხი, რომელიც გახლავთ უმაღლესი განათლებით და მუშაობს მონტიორად, ან სანტექნიკოსად. მას კი აქვს შემოსავალი, მაგრამ რომ ჰკითხოთ, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა არის ძალიან დიდი პრობლემა და ოფიციალური მონაცემებით რომ 15%-ია, ამაზე გაცილებით დიდი რაოდენობაა სინამდვილეში.
თამარ ბატიაშვილი